ცისფერი მთები

საქართველოს მთის კურორტები

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

შესავალი ყველაფერს აქვს, ჩვენც გვექნება.

მოგეხსენებათ, რომ კახეთი არის დედამიწის ცენტრი, კერძოდ კი თელავი, საიდანაც იწყება ყველაფერი. ჭიპია. გული და ცენტრი მოგეხსენებათ ნამეტანი ცხელია ყოველთვის და თოვლი არა ჩერდება. ასე დაიჩაგრა სათხილამურო ამბავში კახეთი და ბოდიშის მოხდით, აქეთ ვეპატიჟები გუდაურში, ქვეყნიერების ზემო დასალიერზე. კიდეები ყოველთვის ცივია და თოვლიც ეკიდება. ასე გაგვიმართლა ჩრდილოელებს. 

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

ჩვენ ხომ გაგვიმართლა და მერე ყველაზე ბედნიერ ხალხად ოსლოელები (ოშლოს ეძახიან თვითონ თავიანთ ქალაქს) მიმაჩნია, რადგან ჩაჯდები იქ მეტროში და ბოლო გაჩერებაზე კურორტზე ამოდიხარ, გონდოლებთან. ეს ამბავი ჯონას ბენდიკსენმა მომიყვა, ფოტოგრაფმა, რომელიც დღეს მაგნუმის სააგენტოს დირექტორია. ჯერ მეგონა მეკაიფებოდა, მერე მივხვდი, რომ ტიპს იუმორის გრძნობა საერთოდ არ აქვს და ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ამას წინ კიდევ ერთი ნორვეგიელი ძმაკაციც მეუბნებოდა, რუნე ლინდბეკი, “ჩამო, ჩამო, ისეთ ბარებშიც წაგიყვან ლუდი სულ რაღაც 10 ევრო რომ ღირსო და თუ გინდა ივლისშიც გასრიალებო”. მოჩვენებითი ყოფილა ოშლოელების ბედნიერება, ეს 10 ევროიანი ლუდი რა უბედურებაა! მაგრად აბათილებს თოვლიანი მეტროს ბოლო სადგურს. 


გლდანში რომ ახმეტელის თეატრის იქით ეგრევე გონდოლა იყოს, როგორ გაასწორებდა იოკო.

ფოტო: ნიკა მჭედლიძემოთხილამურე: გურამ ვაშაყმაძე

ამ ერთიციდა ქვეყანაში ოთხი სრულფასოვანი სათხილამურო კურორტი გვაქვს. აზრზე ხართ, ეს რა მაგარი ამბავია? სულ ცოტა ხნის წინ ორი იყო, მაგრამ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ ძალიან მაგრად იმუშავა და თეთნულდი და გოძო (გოდერძს ვეძახით ასე მოფერებით) მიამატა. 

შემიძლია ახლა მცირე შედარებითი დახასიათება წარმოგიდგინოთ, დაახლოებით ისეთი, "ვეფხისტყაოსნის" ქალთა სახეებზე რომ გვაწერინებდნენ სკოლაში, ოღონდ იქ ერთი ოქროსავით ადამიანის სამ ბუნებაზე ვწერდით, აქ კი დამოუკიდებელ ადგილებზე.

ღუდა

ასე რატომ ერქვა არ ვიცი, არადა გუდაურიდან 30 კილომეტრში ვცხოვრობ ჩრდილოეთით. ქართლურ დიალექტზე ღადა-ღუდას ცუდ გზაზე ამბობენ, სავარაუდოდ, ძაან დალაგებული გზა არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე, თან სადაც სულ ქვა ცვივა, ან ნიაღვარია. ვფიქრობ, ღუდას ამიტომ ეძახდნენ. წითელი ტუფით ნაშენები ძველი ფოსტა რომაა ზემოთ, მხოლოდ მის გარშემო იყო რამდენიმე სახლი, მოხევეები და ოსები ცხოვრობდნენ და იმას ერქვა სოფელი. რუსების მოსვლასთან ერთად ღუდა გადაიქცა გუდად, მოგეხსენებათ ჩვენი მტერი ქვეყნის წარმომადგენლები ასო ღ-ს ნაკლებად წარმოთქვამენ. მერე კი გუდა გუდაურად გადაიქცა, წარმომავლობის ამსახველი სუფიქსის დამატებით. 

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

სათხილამურო კურორტი 1986 წელს გაიხსნა, თუმცა როგორც ადგილობრივები და სხვა გამოცდილი მოთხილამურეები ამბობენ, საძელესა და კუდების კალთებზე ბოლო 10 000 წელია ადგილობრივები ინტენსიურად სრიალებდნენ. ვეტერანი მოთხილამურისა და ადგილობრივი კოლორიტის, ბეჟანა კეზელის თქმით, გუდაურის როგორც კურორტის ამბავი ოდნავ ქვემოთ, სეთურებში დაიწყო, სადაც ბავშვებისთვის მოწყობილ პატარა ბუგელს ზაპოროჟეცის ძრავი ატრიალებდა.  


კურორტზე 7 საბაგირო დგას, ტრასების საერთო სიგრძე კი 57 კილომეტრია. მათი სირთულე სხვადასხვა საფეხურისაა, გუდაურში სრიალით სიამოვნებას მიიღებს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მოთხილამურე ან სნოუბორდერი, არ აქვს მნიშვნელობა გაკვალულში სრიალებს თუ ფრირაიდის მოყვარულია. 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

კურორტი გუდაური იწყება ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, მისი ყველაზე მაღალი წერტილია მთა საძელე - 3279 მეტრი. 


საბაგიროების უმეტესობა ღია, სამ და ოთხადგილიანი ლიფტებისგან შედგება, მხოლოდ “გონდოლაა” კომფორტული კაბინებით აღჭურვილი და ახალი გუდაურიდან მთა საძელეს მისადგომამდე აგიყვანთ. 

ფოტო: ნიკა მჭედლიძე მოთხილამურე: გურამ ვაშაყმაძე

ფრირაიდისთვის და სკიტურისთვის აქაურობა სამოთხეა, პარაგლაიდინგითაც შეგიძლიათ გაერთოთ, თუ კოჭი და მუხლი მაგარი გაქვთ. მარტო ნუ ივლით საზვავეებისკენ და თუ მაინცდამაინც მესნერი გაიღვიძებს თქვენში, ჯიპიესი და რაციაც იქონიეთ. გიდობის და სრიალის სიყვარულში რეკომენდაციას ვუწევ Gudauri Freeride Tours


გუდაური იდეალურია საშუალო ასაკის ბავშვების საწვრთნელ შეკრებაზე გასაშვებად, ამ შემთხვევაში მშობლებსაც მიზეზი აქვთ ხოლმე რომ ხშირ-ხშირად აუარონ მოსანახულებლად და თან სასრიალოდ. თუ ბავშვი უკან აღარ გამოგყვათ, შეგიძლიათ სოფელ მლეთის ან ქვეშეთის სკოლაში გადაიყვანოთ და საცხოვრებლად მთაში დატოვოთ. 

ბაკურიანი

ამ კურორტის ხსენებაზე ჯერ მფრინავი კობა წაქაძე მახსენდება, მერე ცხენზე ამხედრებული ჩემი მწვრთნელი - ნიკო ჩერქეზიშვილი, რომელიც კალათბურთელ “მართვეებს” კალცევოიზე სარბენად გაგვაგდებდა და თვითონ უკან მოგვყვებოდა, რომ მანძილი არ მოგვეტეხა. საშინელება იყო იმის ყურება, როგორ სრიალებდა ყველა სხვა და ჩვენ კი ვერა. ერთადერთი, ბედნიერებას იმის ყურება გვანიჭებდა, ნიკოს როგორ უჭირდა სიარული ცხენის ჭენების მერე (ჩერქეზ მაპატიე). შესაბამისად ბაკურიანი ნაკლებად მიყვარს. 


ეს კურორტი ყველაზე ძველია საქართველოში - 1935 წელს გაიხსნა და უამრავი ჩემპიონი გაზარდა. უფროსი კობა წაქაძე რად ღირს მარტო, რომელმაც მსოფლიოს ტრამპლინიდან მხტომელებს დღვანდელი არწივისებური სტილი აჩუქა. 

ფოტო: მიშა ომიაძე

“დღეს ბაკურიანი ოთხსეზონური, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საკურორტო დასახლებაა. კოხტის მიტარბისა და დიდველის სასრიალო გზების საერთო სიგრძე 29.1 კმ.-ს შეადგენს. ბაკურიანში 23 სხვადასხვა სირთულის გზა, 8 საბაგირო და ერთი ფუნიკულიორი ფუნქციონირებს ყველა ტიპის მოთხილამურეთათვის, დამწყებიდან ვეტერანამდე. ფერდობების 11%-ს გააჩნია ხელოვნური თოვლით უზრუნველყოფა, რაც კურორტის სასრიალო გზების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას განაპირობებს. ასევე, კურორტი ბაკურიანი ცნობილია უნიკალური ბოტანიკური ბაღით, რომელიც 1910 წელს დაარსდა და მაღალმთიანი კავკასიის ალპურ მცენარეთა სრულ უმრავლესობას წარმოადგენს.” - ამბობს მთის კურორტების განვითარების ვებ გვერდი და არანაირი უფლება არ მაქვს რომ არ დავიჯერო. 

ადით, აიყვანეთ ბავშვები და დამიჯერეთ, ტელეფონი ხელში აგიკანკალდებათ გადაღებისას და დადნებით სიყვარულით პირველად ოცდახუთიანებიდან მარტო რომ ჩამოსრიალდება.

გოდერძი 

გოდერძიზე რა თქმა უნდა გოდერძი შარაშია მახსენდება, ოღონდ ამას მხოლოდ ვერბალური საფუძველი აქვს, ლოგიკის ძებნას ნუ დაიწყებთ.


აქაურობა ზამთარში პირველად რომ ვნახე, სილამაზისგან ლამის ენა ჩამივარდა. ორი მეტრი ფაფუკი თოვლი, მეჩხერად ამოშვერილი ხის მესერი, ხისავე სახლები - ალაგ-ალაგ შეფენილი, ბევრი ფუმფულა ნაძვები და ჰაერი, რომელსაც ლამის ხელით ეხები. და ეს ყველაფერი სუბტროპიკებში, სადაც გოდერძიდან სამი საათის სავალში 20 გრადუსამდეა ტემპერატურა და ზღვაში ტოპაობა იანვარშიც შეგიძლია, ისე რომ არც შეგცივდება.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი

გოდერძი ჯერ განვითარების პირველ საფეხურზეა, სულ ორი საბაგირო ხაზია და სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრამდე გამოდის. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანია ამბობს, გოდერძის შენება აქტიურად გაგრძელდება. აქ მდებარე სასტუმროები და კოტეჯები ამჯერად ას კაცამდე იტევს, გასტრონომიის ამბავიც ცოტა არ იყოს და ჭირს.

გოდერძიზე თოვლი საკმაოდ დიდ ხანს რჩება და ერთი ჩემი ნაცნობის თქმის არ იყოს, შესანიშნავი საფუძველია იმისთვის რომ აჭარლები წყლის სტიქიას ამ სახით მაინც დაუმეგობრდნენ, რადგან ზღვა მაინცადამაინც ვერ შეიყვარეს. 

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

თეთნულდი

უნდა ვაღიარო, რომ თეთნულდზე არ მისრიალია. სვანეთში ჩემი სრიალი ჰაწვალით შემოიფარგლა, სადაც ძალიან მაგარი გაუკვალავია, მაგრამ მაინც შეწყვეტილი სერენადასავით მოკლეა გაუმაძღარი მოსრიალესათვის. 

ფოტო: მიხეილ გოგიჩაიშვილი

ო, როგორ ველოდები თეთნულდზე წასვლას! 30 კილომეტრი ტრასის ყველა სანტიმეტრი უნდა მოვილოცო, ნაძვებს მოვეფერო, მულახში კოშკებს კუთხეები უნდა დავუკოცნო, კუბდარით გამოვსკდე და რახი არ უნდა დავლიო! ერთი სული მაქვს გავიჩინო ჩემი საყვარელი მონაკვეთები, საყვარელი ასახტომი ქვები, ხეები, დღის პერიოდები განათების მიხედვით და ისე შევიყვარო იქაურობა, როგორც გუდაური მიყვარს და მაბოდებს ხოლმე. ესაა ჩემი გეგმა და დიდი ვარაუდით ორი კვირით მაინც გადავიკარგები სვანეთში ჩემი ცხოვრების უახლოეს მომავალში. 

კურორტი თეთნულდი მალე აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი იქნება, რასაც მერე დიდი სიამოვნებით შევახარბებ ჩემს სომეხ მეგობრებს. როგორც მოგეხსენებათ ურბანული ლეგენდების მიხედვით ჯერჯერობით ყველაფერი ყველაზე დიდი სომხეთში მდებარეობს და ამ ფაქტს მეც დიდი სიხარულით ვიღებ და თანაც ვავრცელებ.

ფოტო: ვასილი უტკინი

დასკვნა

თუ ამ ყველაფერს კითხულობ და სრიალი არ იცი, ან თოვლი გძულს და მაგიტომ არ მიდიხარ სასრიალოდ, მოდი და უბრალოდ სცადე, ერთხელ ამოდი, და მერე თავიდან მოიფიქრე. ისევ ჩემი ცხოვრებისეული მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ მოვინდომე წყალში გაზავებული პასტისიც კი დავამუღამე ნაბახუსევზე, გრენობლში, ზუსტად მაშინ როცა სიტუაციას დასჭირდა. არც თქვენ გაგიჭირდებათ. 

ცხოვრება სრიალის გარეშე არის იგივე, რაც ცხოვრება ჩაქაფულის გარეშე, ისე რომ თან ვეგეტარიანელი არ იყო.

დაფიქრდი.


#ამოდი.