ცისფერი მთები

როგორ შევარჩიოთ სამთო-სათხილამურო ეკიპირება

"- კაი, რა უნდა მომივიდეს? ზედმეტი ტვირთია და თავიც რამხელა მიჩანს?!"

იანვარი 12, 2018

Hello Blog

"- კაი, რა უნდა მომივიდეს? ზედმეტი ტვირთია და თავიც რამხელა მიჩანს?!"

ასეთებიც ხდება!

 

კარგია, მაშინ საბედნიეროდ არ მეუხერხულა თავი ნორმალურზე ოდნავ დიდი გამომჩენოდა, სამაგიეროდ, ახლა მოგოგნებების გაზიარების საშუალება მაქვს.

ზამთრის სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია, მოყვარულმა და პროფესიონალმა მოთხილამურეებმა კი საკუთარი აღჭურვილობის განახლება დაიწყეს. ზოგადად, სათხილამურო სპორტი ერთ-ერთ ძვირადღირებულ სპორტად ითვლება, თუმცა აღჭურვილობის ფასები და აუცილებელი ეკიპირება ცვალებადია და მოთხილამურის დონის შესაბამისად იზრდება ან მცირდება.

აღჭურვილობის შერჩევისას, ყურადღება პირველ რიგში სრიალის დონეზე უნდა გავამახვილოთ. ეს არის გარკვეული საწყისი კრიტერიუმი, რისი განსაზღვრის შემდეგაც საქმე ბევრად იოლი ხდება.

ზამთრის აღჭურვილობის ტიპების, მოდელების და ბრენდების ჩამოთვლისას ადამიანს ორი ხელი არ ეყოფა, ამიტომ ეკიპირების შეძენა ყოველთვის მარტივდება, როდესაც მყიდველმა იცის, თუ რა ტიპის აქტივობისთვის უნდა მისი გამოყენება, ეს შეიძლება იყოს: სლალომი, გიგანტი, უბრალოდ სამოყვარულოდ სრიალი კურორტის მთელს არეალზე, სხვადასხვა ტიპის გაუკვალავ თოვლში სიამოვნების მიღება ან სულაც თავისუფალი სტილის დაუფლება.

ერთ-ერთი ხშირი შეცდომა, რომელსაც სამთო-მოყვარულები უშვებენ ადგილისთვის და აქტივობისთვის შეუსაბამო ეკიპირების არჩევაა. უნდა გვახსოვდეს - უფრო ძვირი არ ნიშნავს საუკეთესოს!

მიუხედავად აქტივობებს შორის სხვაობისა აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი რეკომენდირებულია ყველა ტიპის ზამთრის სპორტის მოყვარულისთვის. ასეთი საგნების ჩამონათვალი მოიცავს: ჩაფხუტს, ზურგის დამცავს, ზამთრის ტანსაცმლის მინიმალურ სარეკომენდაციო მონაცემებს (წყალგაუმტარობა, სითბოტევადობა, სუნთქვის უნარი), ორმაგ პოლარიზებულ ლინზიან სათვალეს უნივერსალური ან ამინდის შესაბამისი ლინზით. (არ არის აუცილებელი იყოს ტოპ მოდელი).

ძალიან კარგი, პრაქტიკული გამოყენება აქვს მრავალფუნქციურ ნიღაბს, იგი ანტიმიკრობული მასალისგან მზადდება და არა მარტო ნიღბის ან საყელოს ფუნქციას ასრულებს, არამედ შესაძლებელია ასევე მისი ქუდად ან შუბლის დამცავად გამოყენება. 

სრიალი საკმაოდ დიდ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს, რა დროსაც ადამიანის სხეულის ტემპერატურა ხშირად იცვლება. ქურთუკის და შარვლის გარდა, სპეციალური თერმო ტანსაცმელი დაეხმარება მის სხეულს ტემპერატურის რეგულირებაში და დაიცვას როგორც სიცივისგან, ასევე გადახურებისგან.

უხვნალექიან და შედარებით თბილ კურორტებზე დასვენების შემთხვევაში, უმჯობესია აღჭურვილობის არჩევისას წყალგამძლეობაზე გავაკეთოთ აქცენტი. როგორც წესი, წყალგამძლე ტანსაცმელი შედარებით უფრო ძვირიც არის, რადგან სპეციალური Gore-Tex ტექონოლოგიის გამოყენებით იქმნება, მაგრამ იმის წარმოდგენა უფრო უსიამოვნოა თუ როგორ ბრუნდებით გალუმპული სახლში და გახსენდებათ შენაძენზე გაკეთებული მცირე დანაზოგი. 

გაითვალისწინეთ, სწორი და კარგად მორგებული სათხილამურო ფეხსაცმლით სრიალი ზოგჯერ თხილამურის არჩევაზე უფრო მნიშვნელოვანიც არის. დღეისთვის “ბათინკების” ძალიან ბევრი და განსხვავებული ვარიანტი იყიდება. ფუნქციური განსხვავებების გარდა, ხშირია ტექნოლოგიური განსხვავებებიც.

Thermofit- ქეჩის მქონე ფეხსაცმლის მორგებისას რეკომენდირებულია თავდაპირველად ქეჩის გაცხელება, ხოლო სხვა შემთხვევებში მორგება ზოგჯერ ცოტა მოთმინებასაც მოითხოვს. სწორი ზომის “ბათინკი” ფეხს მჭიდროდ ეკვირს. ზომის შემოწმებისას აუცილებლად შეიკარით იგი და ფეხზე მდგომ პოზიციაში გამოსცადეთ. მცირე დისკომფორტი თავდაპირველად ბუნებრივია და არ უნდა გაგიკვირდეთ. არ დაინდოთ თქვენი “ბათინკი” სრიალისას, პირველი კვირა მაქსიმალურად ხშირად იხმარეთ, რომ თავად ფეხსაცმელიც საბოლოოდ შემოგეჩვიოთ.

საბოლოოდ, ეცადეთ მაქსიმალურად ყურადღებით შეარჩიოთ თქვენი მომავალი აღჭურვილობა. რეალურად, ეს ხომ ინვესტიციაა თქვენი დასვენებისთვის, თან ხშირად არც თუ ისე მცირე. არასწორი ეკიპირების წყალობით მარტივად შეიძლება ზამთრის არდადეგები უსიამოვნო მოგონებებადაც კი დაგვამახსოვრდეს...

ავტორი: გურო ვაშაყმაძე