კულტურა

#მეტიკინო | ფილმები საახალწლო განწყობისთვის

საახალწლოდ ფილმების ყურება ძირითადად განმეორებითი ხასიათისაა ხოლმე, რადგან ყველანი ერთიდაიგივე ფილმებს ვუყურებთ, ისევ ”მარტო სახლში”, ისევ ”ბედის ირონია”, ისევ ”კუჩხი ბედინერი” (თუ ტელევიზორს უყურებთ). სარეკომენდაციო სიებიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ძნელი ხდება ისეთი ფილმის არჩევა, რომელშიც საახალწლო განწყობაც დაგხვდება და თან ისეთი იქნება, რომელიც ყველა არხზე არ გადის წლის ამ მონაკვეთში. ამიტომ ჩვენ ვეცადეთ შეგვედგინა იმ ფილმების ათეული, რომელიც საახალწლო სულისკვეთებითაა სავსე, თუმცა ფართო მასებისთვის მაინცდამაინც ცნობილი არ გახლავთ.

დეკემბერი 30, 2017

Hello Blog

საახალწლოდ ფილმების ყურება ძირითადად განმეორებითი ხასიათისაა ხოლმე, რადგან ყველანი ერთიდაიგივე ფილმებს ვუყურებთ, ისევ ”მარტო სახლში”, ისევ ”ბედის ირონია”, ისევ ”კუჩხი ბედინერი” (თუ ტელევიზორს უყურებთ). სარეკომენდაციო სიებიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ძნელი ხდება ისეთი ფილმის არჩევა, რომელშიც საახალწლო განწყობაც დაგხვდება და თან ისეთი იქნება, რომელიც ყველა არხზე არ გადის წლის ამ მონაკვეთში. ამიტომ ჩვენ ვეცადეთ შეგვედგინა იმ ფილმების ათეული, რომელიც საახალწლო სულისკვეთებითაა სავსე, თუმცა ფართო მასებისთვის მაინცდამაინც ცნობილი არ გახლავთ.

 Rare Exports

ბოლო წლებია სულ უფრო ჭირს ისეთი ახალი ფილმების აღმოჩენა, რომლებიც რეალურად კარგი საახალწლო სეანსის გამოცდილებას მოგცემენ. ძირითადად, ახალი ფილმები მხოლოდ საშობაო განწყობებზეა აგებული და მიზნად ისახავს საახალწლო უქმე დღეებში რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიიყვანოს კინოთეატრში. თუმცა ეს ფინური ფილმი იშვიათი გამონაკლისია. “იშვიათი ექსპორტი“ ძალიან მხიარული, სასაცილო და, ამასთან, ბნელი ფენტეზია, სადაც სანტა კლაუსი რეალურად არსებობს, მაგრამ ის მხოლოდ ცუდი ბავშვების დასჯითაა დაკავებული. ამასთან, მისი დამხმარე ელფები მოხუცი ჭინკების არმიასავით გამოიყურება, ხოლო თავად სანტას იმდენად ბოროტი გამომეტყველება აქვს, სამუდამოდ დაგავიწყებთ პერსონაჟისადმი ზოგად კეთილგანწყობას.  

 

Miracle on 34th Street (1947)

„34-ე ქუჩის სასწაული“ იმდენადვე გათბობთ ემოციურად, როგორც ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი, ადამიანური და სენტიმენტალური ისტორია, რაც ახალი წლის ირგვლივ და სანტა კლაუსის თემაზე გადაღებულა. და, ამასთან, ძალიან საინტერესოდ ცემს პასუხს იმ კითხვაზე, არსებობს თუ არა საგნები სამყაროში, როდესაც სამართლებრივად ის არ დასტურდება, მაგრამ კოლექტიური რწმენა მისდამი ერთსულოვანი და პოზიტიური ხასიათისაა. 

Christmas Vacation  

საახალწლო ისტორიები მრავალგვარი გვინახავს, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა იმდენად სასაცილო, როგორიცაა „საშობაო არდადეგები“. მთავარი პერსონაჟები, გრიზვოლდების ოჯახი, ერთდროულად ახერხებენ იყვნენ ყველაზე მხიარულები და ოდიოზურები, მოგანდომონ მათთან ერთად დროის გატარება და თან გაფიქრებინონ, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს ვერ აიტანდით. თან გარდა იმისა, რომ ფილმის ყურებისას ძალიან ბევრს იცინებთ, საახალწლო დეკორაციების შექმნის მასტერკლასს იხილავთ ოჯახის უფროსისგან. უბრალოდ, მთავარია, თქვენც მასსავით ობსესიური არ გახდეთ და მეზობლებს არ გაუმწაროთ ცხოვრება.

Gremlins 

„გრემლინები“ თან საშინელებათა ფილმია, თან კომედია. ნუ, უფრო მეტად კომედია. აქ იხილავთ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ არსებას, რაც ამერიკულ კინოში შეუქმნიათ - გიზმოს. თუმცა იმასთან, რომ იდეალური შინაური ცხოველის გარეგნობა და თვისებები აქვს, თუ წყალი მოხვდა, გიზმო ბოროტ არსებებს ბადებს, რომლებიც ხალხის დატერორებით ირთობენ თავს. ჯო დანტეს ფილმი 80-ანების ამერიკული მეინსტრიმის საუკეთესო ტრადიციებშია გადაწყვეტილი და იდეალურ გასართობ სანახაობას წარმოადგენს, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში.

All That Heaven Allows 

დაგლას სირკის ფილმი ”ყველაფერი, რის ნებასაც ზეცა გვრთავს” ერთდროულად ბევრი რამაა: ეიზენჰაუერის პერიოდის ამერიკული საშუალო კლასის საზოგადოების კრიტიკა, სადაც სირკი, როგორც ფაშიზმის აღზევების შემსწრე, საგანგაშო ნიშნებს ამჩნევს ამერიკულ სოციუმს და ჩვენც გვიზიარებს ამ მღელვარებას. ტელევიზიის როლი, როგორც ადამიანური ურთიერთობების ჩამანაცვლებელი და ემოციების ტელევიზორში დამატყვევებელი – ამის შესახებ კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მეტაფორულ კადრში რეჟისორი წარმოაჩენს მთავარი როლის შემსრულებელ ჯინ უაიმენს ტელევიზორის ეკრანში არეკლილი შეშფოთებული სახით. ის არის აგრეთვე ანრი დევიდ თოროს ”უოლდენის” ერთგვარი ადაპტაცია, ბუნების წიაღში გადასვლის და თვითგამორკვევის, ადამიანური პოტენციალის გაღვივების წარმოჩენით და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქ ძალიან ემოციური და საამური ზამთრის სეზონი და ახალი წლის პერიოდია აღწერილი, მომენტებში ტრაგიკული, მაგრამ საბოლოოდ საკმაოდ ოპტიმისტური მელოდიით.

 

Fanny and Alexander 

ინგმარ ბერგმანის უკანასკნელი კინოფილმი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით ყველაზე განსხვავებულია, როგორც ვიზუალურად, ისე სიუჟეტურად და ქრონომეტრაჟითაც კი. ფილმი შობის დღესასწაულით იწყება, რომელსაც ეკდალების მდიდრულ სახლში ვხვდებით და ოჯახს ვეცნობით. ალბათ არასოდეს ყოფილა ანტიკვარული დეკორაციები ასეთი თვალისმომჭრელი და მიმზიდველი, როგორც ”ფანი და ალექსანდრეში”, საახალწლო განწყობა კი ერთბაშად ბავშვური და მიამიტური და თან ზრდასრული და ეგზისტენციალურია. ბერგმანი ფილმში შექსპირისეული ელემენტებს უხვად იყენებს და მის ყველაზე ზებუნებრივი თემებით სავსე სურათს ქმნის. საოცრად მეტყველი და მდიდრული ფერთა პალიტრა ფილმში შეგრძნებების ცალკეულ იმპულსებს იწვევს, დაწყებული კომფორტითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული სიმკაცრით, ძრწოლვითა თუ მაგიურობით.

As the Long Day Closes

ტერენს დევისის ფილმი ულამაზესი მედიტაციაა მარტოობაზე, კულტურულ თუ ოჯახურ კოროზიაზე, კინოს ჯადოსნურობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თემაზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვიზუალური ნარატივის შესაქმნელად რეჟისორი განათებას იყენებს და, მისი დახმარებით, მაქსიმალურად ცვლის განწყობას, კადრის სტრუქტურას თუ პერსონაჟებისა და გარემოს ემოციას. ”ხანგრძლივი დღის დასასრული” მოკლე საშობაო სეგმენტით წარმოგვიდგება, რომელიც ულამაზეს თეატრალურ წარმოდგენას გავს, რომელსაც ცოცხლად ათამაშებენ მაყურებლის თვალწინ. დაბალი კლასის ლივერუპლელი ოჯახის ყოველდღიურობის ტონალობა იმდენად ატმოსფერული და ემოციურად რეზონანსულია, რომ, მაგალითად, მარტივი სცენა, როდესაც მთავარი პერსონაჟი, 11 წლის ბადი, მოყინული ფანჯრიდან თოვლიან ეზოში იყურება, ეს იმაზე ამაღელვებელი საახალწლო განწყობის მომტანია, ვიდრე როკფელერის გაკაშკაშებული ნაძვის ხე ყველა ჰოლივუდურ საშობაო ფილმში. ფილმი მიუზიკლი არაა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი სცენა, რომელიც სიმღერის აკომპანიმენტით არ ვითარდება, რაც დამატებით ემოციურ განზომილებას მატებს სანახაობას. პლუს ამ ყველაფერს საოცრად პოეტური ოპერატორული ნამუშევარი და იდეალური მელანქოლური განწყობა, რომელიც სევდისა და სიხარულის ბალანსს ბრწყინვალედ ინარჩუნებს.

Meet Me in St. Louis 

”შემხვდი სენ ლუიში” წლის ყველა სეზონია წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც საახალწლო პერიოდია, როდესაც მთავარი გმირების ოჯახში მთავარი ვნებათაღელვა დატრიალდება და თოვლის კაცების განადგურების ყველაზე დრამატულ სცენას ჩაეყრება საფუძველი. ვინსენტ მინელის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დარიგებები და ჯუდი გარლანდის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, როგორც სამსახიობო, ისე მუსიკალური კუთხით. ფილმში ასევე ძალიან ამყოლი და დასამახსოვრებელი სიმღერებია, რომელთა მელოდიებიც აუცილებლად ჩაგრჩებათ გონებაში.

The Apartment 

არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მოგბეზრდათ, ბილი უაილდერის მეორე შედევრით შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ. ”ბინა” ჯერ კინგ ვიდორით, შემდეგ კი ორსონ უელსის მიერ შთაგონებული სცენით იწყება, რომელშიც მრავალი ერთფეროვანი კორპორატიული ოფისის მაგიდებს შორის სიცოცხლით სავსე ორგანიზმი, სისი ბაქსტერი გვხვდება და გვიყვება საკუთარი ყოფის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ფილმი, რომელიც ახალი წლის დამდეგს მიმდინარეობს, ამიტომ სადღესასწაულო განწყობაც საკმაოდ დაგხვდებათ შამპანურივით მომხიბვლელი თრობის გამომწვევი იუმორით და საჭირო სენტიმენტებით, რომელიც სიამოვნების რეცეპტორებზე ძლიერ გავლენას მოახდენს. აგრეთვე აქ იხილავთ ჯეკ ლემონის და შირლი მაკლეინის მომაჯადოებელ პერფორმანსებს და ისწავლით როგორ გადაწუროთ სპაგეტი ექსტრემალურ პირობებში.

It’s a Wonderful Life 

არ შეიძლება არსებობდეს საახალწლო სია (თუ ცუდ ფილმებს არ ეძღვნება), სადაც არ იქნება შესული ფრენკ კაპრას ჰუმანიზმის დღესასწაული ”ეს საოცარი ცხოვრება”. თუ არ გაქვთ ნანახი, დაივიწყეთ ზემოთ ჩამოთვლილი ცხრა ფილმი და ჯერ ამას უყურეთ. თუ ნანახი გაქვთ, გილოცავთ და თავადაც მიხვდებით რომ გადაიმეოროთ, ამიტომ შეხსენებაც არაფერში გჭირდებათ.

ავტორი : Digital Culture