ილია სპანდერაშვილი, 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი

ტრადიციულად, ჩვენში შვიდიანი მამუკა გორგოძესთან და თამაშის მისეულ ძალისმიერ სტილთან ასოცირდება, თუმცა მოედანზე სპანდერაშვილი ძნელია შეადარო გორგოძეს.  

ივნისი 15, 2017

Hello Blog

ტრადიციულად, ჩვენში შვიდიანი მამუკა გორგოძესთან და თამაშის მისეულ ძალისმიერ სტილთან ასოცირდება, თუმცა მოედანზე სპანდერაშვილი ძნელია შეადარო გორგოძეს.  

ილია სპანდერაშვილის სტილს ყველაზე მეტად მაღალი ინტელექტი და რაქში თამაშის უპირატესობა გამოარჩევს. ეს უნარები სპანდერაშვილს ალბათ ყველაზე მეტად ახასიათებს. არგენტინასთან მატჩში მან 4 ჯერ ამოაცალა მეტოქეს რაქიდან ბურთი, რაც იშვიათად თუ გვინახავს ქართველის მორაგბის მხრიდან. მისი თამაში ბევრად უფრო გამოცდილი მორგაბის თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს. მშვიდი და გაწონსაწორებულია - ძნელია, რაიმე ტიპის პროვოკაციაზე წამოაგო - ის ნამდვილი კაპიტანია.

- წარმატების მიღწევაში რა გეხმარება?

შრომა, რადგან არათუ სპორტში, ცხოვრებაშიც რთულია წარმატების მიღწევა შრომის გარეშე. წარმატება ასე უბრალოდ, თავისით არ მოდის. ნებისმიერ მიზანს შრომა სჭირდება. მით უფრო ჩემს ასაკში.

- რა შეიძლება შეცვალოს სამომავლოდ საქართველოში გამართულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა?

მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები, ასე უწოდებენ ამ ჩემპიონატს და მართლაც რაგბის სამყაროს მთელი ყურადღება სწორედ მომავლი ტალანტებისკენაა მიპყრობილი. ეს ჩემპიონატი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ მომავალ კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა. მთავარია შრომა. ასეთი დონის ტურნირზე სკაუტები და სელექციონერები ყოველთვის მრავლად არიან, მთავარია თავი გამოიჩინო და ყურადღების მიღმა ნამდვიალდ არ დარჩები. ჩვენს თამაშებს „world rugby” -ი ძალიან აქტიურად აშუქებს საკუთარ სოციალურ თუ ვებ გვერდზე. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც გვაკვირდებიან.

- როდის დაიწყე რაგბის თამაში?

სკოლაში იყო რაგბის კლუბი, აი, როგორც ცეკვის და სიმღერის წრეებია ხოლმე. კლასში ბევრი ბიჭი ვიყავით და გადავწყვიტეთ, ყველა ერთად შევსულიყავით. მაშინ 10 წლის ვიყავი, თუმცა პროფესიულ დონეზე პირველად 16 წლის ასაკში ვითამაშე. ეს კლუბი იყო „არმია“ და დღემდე ამ გუნდის ღირსებას ვიცავ.

- როგორ შეაფასებდი განვლილ მატჩებს?

საფრანგეთთან არ მითამაშია, მწვრთნელებმა დასვენება გადაწყვიტეს. შეიძლება მაყურებელი სხვანაირად ფიქრობს და ხედავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არგენტინასთან არამარტო ქულის მიღება, არმედ მოგება შეგვეძლო. ბიჭებმა იომეს, თუმცა ახლა, როცა ვაფასებ, ალბათ გამოცდილება და კლასი დაგვაკლდა. ძალიან ბევრი ბოჭვა გაფუჭდა, დაცვის ხაზი მწყობრად ვერ იდგა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ არა შეცდომები, იმ თამაშს აუცილებალდ მოვიგებდით. გადახედეთ მატჩის შემდგომ სტატისტიკას, ბურთის ფლობა, დერეფანი....ყველა კომპონენტში ჩვენი უპირატესობა იყო, თუმცა კიდევ ვიმეორებ - შეცდომებმა არ მოგვცა საშუალება, მატჩის შედეგი სხვანაირი ყოფილიყო.

გამოუცდელები იმის გამო ვართ, რომ მეტოქეებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგალითად არგენტინა, ზე რაგბში მიიღეს და ამ ბიჭებიდან ბევრს ზე რაგბის გამოცდილება აქვს. თუ, მაგალითად, ეროვნულ ნაკრებს უწევს თუნდაც რუსეთთან, გერმანიასთან, რუმინეთთან თამაში ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ჩვენ ყველას არ გვაქვს ნაკრებებთან თამაშის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოდან მსოფლიომდე გვიწევს შიდა ჩემპიონატში გაზრდა. ამ ბიჭების უმეტესობას სანაკრებო გამოცდილების მიღება თავიდანვე არგენტინასთან მოუწიათ და, რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც.

რაც შეეხება აფრიკასთან მატჩს, ვფიქრობ ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. ტრადიციულად, რაშიც ძლიერები ვართ, სწორედ იმ კომპონენტებში გვაჯობეს. სტატიურ ორთაბრძოლებში, შერკინებაში. არ გამოვრციხავ, რომ იყო დაღლილობის ფაქტორიც. არგენტინის მეორე თამაშს რომ ვუყურე, ისინიც გადაღლილები ჩანდენ ფრანგებთან. ორივემ იმდენი ენერგია შევალიეთ პირველ მატჩს, რომ ეტყობა მეორე თამაშში ვეღარ დავდექით ისე, როგორც საჭირო იყო. დიდი გავლენა იქონია აფრიკასთან ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც, შერკიენბაში რომ მოგვაწვნენ ბიჭები, გატყდნენ. როგორია, როცა იცი რომ ამ კომპონენტში ყველას ჩაგრავ და ამ დროს მოწინააღმდეგე გაწვება! ამას დაემატა მსაჯის გადაწყვეტილება. ასპროცენტიანი ლელო არ ჩამითვალეს და ბოლოს, თითქოს ყველაფერი ეს არ გვეყოფოდა ყვითელი ბარათი მივიღეთ. მოკლედ ეს არ იყო ჩვენი დღე.

- რას ნიშნავს შენთვის შვიდიანი, რა პასუხსიმგებლობაა ეს შენთვის?

რაც თამაში დავიწყე, სკოლიდან დღემდე, მესამე ხაზში ვდაგვარ. არა მარტო პროფესიულად, სიმბოლურადაც დატვირთვა აქვს ამ ციფრს ჩემთვის. როცა ციფრებს ვხედავ, ინსტიქტურად მათში უპირველესად შვიდიანს გამოვარჩევ, ეს ციფრი თითქოს შემიყვარდა. მოედანზე როცა ამ ნომრით ვარ, არა მხოლოდ როგორც კაპიტანი, არამედ როგორც შვიდიანი, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ესაა პოზიცია, სადაც კარიერის ბოლომდე სწავლობ, ანუ განვითარების საშუალება გაქვს.

 - ილია სპანდერაშვილისთვის საყვარელი შვიდი ნომერი რომელია?

რიჩი მაკქოუ, ჩემ ხასიათთან და სათამაშო სტილთან უფრო მეტად მაკქოუს თამაში მოდის. ჩემი შვიდიანის აღქმა მშვიდია და გონებიდან მოდის, ანუ ვცდილობ ჩემს პოზიციას უფრო მეტი დატვირთვა მივცე. იგივე პოზიციურ თამაშში, ფინტი, რაქში ჩასვლა, სიმშვიდე... ერთი სიტყვით, ბევრი კომპონენტია რატომც რიჩი მაკქოუს ვარჩევ.  

- რით გასხვავდება ამ ფორმაციის ნაკრები წინა თაობის გუნდისგან, ანუ რას უნდა ველოდოთ გულშემატკივრები ახალს?

გაცილებით მეტად ვცდილობთ, ხელით ვითამაშოთ. მთავარი ის კი არაა, რა გვინდა, არამედ ის, თუ როგორ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. ტექნიკური წუნი სულ უფრო მეტად იხვეწება, ხელიდან გადავარდნილ ბურთს ვგულისხმობ. გაიხსენეთ არგენტინასთან თამაშის ბოლო წუთები. როცა თამაშის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ბიჭები მაინც ხარისხზე ფიქრობდნენ და ბურთი ხელდახელ მოჰქონდათ. ეს მაშინ, როცა მაგალითად წინა ფორმაციის ნაკრებს ამ დროს ბურთი ფეხით ამოჰქონდა და ზურგში ურტყამდა მეტოქეს. ეს პროგრესი მწვრთნელთა შტაბის დამსახურებაა. ასე თამაშობენ დიდი გუნდები და ასეთ თამაშს უნდა ელოდოს მომავალში გულშემატკივარი ჩვენგან. კიდევ უფრო დაიხვეწა რაქში თამაში. პირველივე ჩასვლაზე დროლად იწმინდება. ეს კომპონენტი რაგბში უმთავრესია. თუ გვინდა ახალ სისწრაფეებზე გადავიდეთ, დაუწერელი წესია, რომ თუკი ბურთი რაქში შეგინელდა, მერე შეტევაც ძველ ტემპში ვეღარ გაგრძელდება და იძულებული ხარ მორკინალებს დარტყმებით გააგრძელებინო. რაგბის სისწრაფე კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გამოვა რაქიდან ბურთი.

- როგორ ფიქრობ კონკრეტულად რა გაქვს ყველაზე მეტად დასახვეწი?

რთულია, ასე კონკრეტულად გიპასუხოთ. სპორტსმენი კარიერის მანძლზე სულ უნდა ცდილობდეს საკუთარი თავის გაზრდას და უნდა ისწრაფვოდეს ინდივიდუალიზმისკენ. ეს პროცესი ცხოვრებას ჰგავს, როცა ცოდნა არასდროსაა საკმარისი. აი, მაგალითად, ყოველი წიგნის წაკითვისას ახალს ეცნობი, სწავლობ სამყაროს და სხვანაირად აკვირდები, ასეა სპორტშიც. ყოველი მატჩის შემდეგ ახალი დასკვნები გამოგაქვს და საკუთარი გამოცდილებით იზრდები. არ არსებობს ერთი კონკრეტული კულმინაციური წერტილი, ეს გუნდური სპორტია. აქ განვითარება ყოველდღიურად გრძელდება.

ავტორი: დათო აბრამიშვილი