კულტურა

პეტრე ოცხელი სახელოსნოში

არსებობენ ხელოვანები, რომლებიც მოვლენათა ჯაჭვში არიან ჩაბმულნი და ისტორიკოსებს შეუძლიათ ისინი დაინახონ ზოგად სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ სურათში.

ნოემბერი 28, 2017

Hello Blog

არსებობენ ხელოვანები, რომლებიც მოვლენათა ჯაჭვში არიან ჩაბმულნი და ისტორიკოსებს შეუძლიათ ისინი დაინახონ ზოგად სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ სურათში.

თუმცა არსებობს ბევრად რთული და ხანდახან ამოუცნობი შემთხვევებიც. როცა ერთი თვალის შევლებით აშკარაა, რომ ისტორია და, მასთან ერთად, მხატვრის ბიოგრაფია გავლენიანი არ არის იმ ხელოვნებაზე, რომელსაც ავტორი ქმნის. როცა ეს ხელოვნება თავისთავად სულ სხვა ამბავს გვიყვება და თავად ქმნის ავტორს. როცა არ მუშაობს ლოგიკური ანალიზი და რჩება მხოლოდ მის ხელოვნებაში აღმოჩენილი მოულოდნელობებით გაოცებული და კითხვის ნიშნებით. ასე ხდება პეტრე ოცხელის შემთხვევაში. 

ქართული მოდერნიზმი - ალბათ ის სიტყვათშეთანხმებაა, რომელსაც მეოცე საუკუნის სახელოვნებო მოვლენებს შორის ჩვენთვის ყველაზე დიდი ნოსტალგია, სიამაყე და იქნებ სევდაც ახლავს და ამას თავისი მკაფიო მიზეზები აქვს. რუსეთის იმპერიიდან გამოთავისუფლებული დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური ორიენტირის არჩევის ერთგვარი საილუსტრაციო აქტი გახლდათ სახელწმიფოს ხელშეწყობით ევროპაში ხელოვანების გაგზავნა.მათ დასავლურ კულტურასთან ყველაზე ახლო კავშირი გააბეს, ვიდრე ეს ოდესმე მანამდე მომხდარა.

მოდერნიზმმა იარსება მხოლოდ მცირე ერთობაში, მხოლოდ მცირე დროით. გაგრძელების გარეშე. ისე როგორც ქვეყანამ თავისუფლების, სუვერენიტეტის გარეშე, ოკუპანტთან ერთად. ამ ერთობის შემოქმედებით პროცესებში ევროპულობას ვხედავთ ხოლმე თემებში, გადაწყეტის ფორმებში, მეტ-ნაკლები თავისუფალი ძიების პროცესში და მუდმივად პარალელებს ვაკეთებთ, იმის გასარკვევად, თუ რომელი ევროპული ტენდენცია ან მოვლენა გახდა მიზეზი თუნდაც შალვა ქიქოძის მძაფრი, ფატალური, დინამიკური მხატვრობის; კაკაბაძის რაციონალურ-ანალიტიკური სერია-პროექტების, ან ლადო გუდიაშვილის ფანტაზიების შეთხზვის დროს.

მაგრამ რამ იქონია გავლენა პეტრე ოცხელზე, რომელიც ევროპაში არ გაუგზავნიათ? რა ნახა და როდის ოცხელმა? რამ გამოიწვია მისი ორიგინალური, ყველაზე თავისუფალი და ყველაზე მძაფრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე მხატვრის ფორმირებაზე საბჭოთა კავშირის ფარგლებში (1927-1937წწ.)? ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხები ჯერ არ გაგვიცია. არც შეგვისწავლია სათანადოდ.

პეტრე ოცხელი ჯერ ისევ ახალი თემაა. ისე როგორც ყველაფერი, რასაც საბჭოთა კავშირის რეპრესიებმა ტაბუ დაადო და ახლა ხელახლაა აღმოსაჩენი.

30 წლის პეტრე ოცხელი 1937 წელს დახვრიტეს, როგორც კონტრრევოლუციის მცდელობაში ეჭვმიტანილი. გამოძიების, მყარი არგუმენტების და მტკიცებულებების გარეშე. სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში თანამშრომლობდა ანალოგიური ბრალდების მქონე სხვა ხელოვანებთან.

ოცხელის ბიოგრაფიაში პოლიტიკური აქტივიზმი გამოვლენილი არ არის, მაგრამ ეს კომპონენტი აუცილებელი არ არის, დახვრეტის მიზეზის გასაგებად. საკმარისი მიზეზია მისი ხელოვნება, რომელიც უკვე 1930-იანი წლებიდან, სტალინის მიერ გამოცხადებული იდეოლოგიის და ხელოვნებისთვის უკვე მკაცრად განსაზღვრული ფუნქციის, თემების და ფორმების მოთხოვნებს საერთოდ არ სცნობს.

პეტრე ოცხელთან ახლოსაც არ მოდის ამ პერიოდში ერთადერთი მისაღები სახელოვნებო მეთოდი - სოციალისტური რეალიზმი. ოცხელის ხელოვნება ვერ დაემორჩილებოდა ვერც ერთ მეთოდსა და სტილს, რადგანაც თავად გააჩნდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მისი პირადი მეთოდიც, სტილიც და სახეც.

ოცხელის მხატვრობა ცალკე მოვლენაა, რომელსაც ვერ ვუძებნით საზღვარს ფანტაზიაში, ორიგინალობაში, ემოციურობაში, ანდა ხაზის, ტიპაჟის, სილუეტის და კომპოზიციური აგების ოსტატობაში. ყველაფერი თანაარსებობს ერთად. ოსტატობა, სიზუსტე და მოულოდნელი თავისუფლება მხატვრული ფორმების ძიებაში. პეტრე ოცხელზე ხშირად გაიგონებთ, რომ ის იყო გამორჩეული, თავისთავად გენიალური ნიჭის მქონე ავტორი. ასეც არის. მაგრამ შეუძლებელია არ დავინახოთ მის მხატვრობაში მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების მოდერნიზმის და რუსული ავანგარდის ფუნდამენტური ტენდენციების კვალი.  

ყოველი მისი მცირე ესკიზი მტკიცებულებაა იმისა, რომ ავტორი უაღრესად განათლებულია, ბევრი რამ აქვს ნანახი. გავარჯიშებულია მისი თვალიცა და შეგრძნებაც. მისი ნიჭიერება სწორედ ცოდნის და ინფორმაციის ინტერპრეტაციაში ვლინდება. ოცხელის მთავარი მიღწევა სწორედ ამაშია: ყოველი ავანგარდისტული სტილის თვისებებსა და ენას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარ ხედვას, ფანტაზიას ხორცი შეასხას. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მისი ავტორობით შემქნილი სუფთა კუბისტური, სტილი-მოდერნის ან მხოლოდ კონსტრუქტივისტული ნამუშევრები. ჩვენ გვაქვს ოცხელის ხელოვნება, როგორც ოცხელის სტილი, სადაც ჩამოთვლილი მიმართულებები ქმნიან სინთეზს, ახალი ჰარმონიისთვის.

ამბობენ, რომ განმსაზღვრელი უნდა გამხდარიყო ბავშვობის წლები მოსკოვში. შეძლებული ოჯახის ყურადღება შვილების განათლებისადმი. თეატრალურ წარმოდგენებზე ბავშვის დასწრება. რის შემდეგაც, თურმე, სახლში ხატავდა ნანახს და თავისებურ ინტერპრეტაციებს ახდენდა ჩანახატებში. ასევე გავლენიანი იქნებოდა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ მარჯანიშვილი და სტანისლავსკი. ჩვენ კი დავამატებთ, რომ გავლენიანი იყო დრო რომელშიც ცხოვრობდა. წინააღმდეგობები. მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები იყო ყველაზე დიდი კულტურული გარდატეხის დრო. ხმაურიანი ჭიდილის. როცა განსაკუთრებული ღირებულების ხდება ინდივიდის და ხელოვანის თავისუფლება და თეატრი ამ თავისუფლების ბოლო თავშესაფარი ხდება. მაშინაც კი, როცა დრამატურგიული ნაწარმოები იდეოლოგიას პასუხობს, ოცხელის სცენოგრაფია ქმნის შემოქმედების და აზროვნების თავისუფლების სივრცეს. შესაბამისად, მისი ნამუშევრები არასდროს ყოფილა მხოლოდ ამა თუ იმ დრამატურგიული ნაწარმოების ილუსტრაცია, მისი მხატვრობა იყო პარალელური ამბავი, ნიშნების, ხასიათის, ექსცენტრიზმის, ორიგინალობის გამოვლენის სცენა. სადაც ყველაფერი მოძრავია, ყველაფერს აქვს გამორჩეული ხასიათი, სულიერსაც და უსულოსაც. 

საბჭოთა კავშირში რეპრესიების და ტერორის რამდენიმე ტალღა არსებობდა. ხან კლასობრივი ნიშნით, ხან პოლიტიკური, ხან აბსოლუტურად ბუნდოვანი ნიშნით, ან სულაც უმიზეზოდ. როცა ძალაუფლება წარმოსადგენ მასშტაბს სცდება, ლოგიკა, ალბათ, ადგილს უთმობს მხოლოდ ვნებებს. მაგრამ 30-იანი წლების რეპრესიების დროს ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო გააზრებული. მკაფიოდ გამოვლინდა ვინ იყვნენ ახალშობილი სისტემის მტრები. ტოტალური ძალაუფლების მქონე ხელისუფლების მთავარ სამიზნეს მისი რიტორიკისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები წარმადგენდნენ. ისინი იყვნენ საფრთხე ხელისუფლებისთვის, რომელიც ძალაუფლებას იკრებდა საზოგადოების მორჩლებით. ვისაც ახასიათებდა თვისებები, რომელიც ხელს შეუშლიდა მორჩილებაში, ისინი უნდა გარიდებოდნენ მასებს. ვინც ვერ იქნებოდა მშვიდი წინასწარ დადგენილ საზღვრებსა და წესებში, აღარ უნდა ყოფილიყვნენ საერთოდ. 30-იან წლებში ფიზიკურად და მორალურად გაანადგურეს ის ხელოვანები და მეცნიერები, რომლებიც 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას თანაუგრძნობდნენ და ისინიც, რომლებსაც პოლიტიური პროცესები არ აინტერესებდათ, მაგრამ ერთგულნი დარჩნენ ერთადერთის - ხელოვნების და აზროვების მთავარი და აუცილებელი 

P.S. თიბისი ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ლაბორატორიაში პეტრე ოცხელის ესკიზების რესტავრაცია განხორციელდა. ესენია ესკიზები, რომლებიც არქივიდან ჯერ არასდროს გამოუტანიათ. თუმცა ეს არ არის ყველაზე საინტერესო. ამ ესკიზების უმეტესობა ისეთია, რომლებსაც მხატვარი ქმნიდა პერსონაჟზე ფიქრის დროს. ვიდრე საბოლოო სახეს დაინახავდა და შექმნიდა. ჩანახატები და სამუშაო ვერსიები - ძიების პროცესი.

ექსპოზიცია, რომელსაც თიბისი გალერეა 30 ნოემბრიდან შემოგვთავაზებს, დაგვანახვებს არა იმ ოცხელს, რომელსაც თეატრის მაყურებელი სცენაზე ხედავდა, არამედ ოცხელს სახელოსნოში, ან უბრალოდ, ფიქრის მდგომარეობაში.

ავტორი: სოფო კილასონია