კულტურა

#მეტიკინო | ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკალური სცენები კინოში

დღევანდელი ჩვენი სია დაკომპლექტებული იქნება ისეთი ფილმებით, რომლებიც ჟანრულად მიუზიკლს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ საინტერესო და დასამახსოვრებელ მუსიკალურ სცენებს შეიცავენ. ამასთან, ჩვენი შერჩევითი კრიტერიუმი ითვალისწინებდა არა უბრალოდ საუნდტრეკებს, რომლებიც კონკრეტული სცენების გასაფორმებლად გამოიყენება, არამედ ისეთ ეპიზოდებს, როდესაც მუსიკა მაყურებელთან ერთად, ფილმის პერსონაჟბისთვისაც გაისმის.

ნოემბერი 11, 2017

Hello Blog

დღევანდელი ჩვენი სია დაკომპლექტებული იქნება ისეთი ფილმებით, რომლებიც ჟანრულად მიუზიკლს არ მიეკუთვნებიან, მაგრამ საინტერესო და დასამახსოვრებელ მუსიკალურ სცენებს შეიცავენ. ამასთან, ჩვენი შერჩევითი კრიტერიუმი ითვალისწინებდა არა უბრალოდ საუნდტრეკებს, რომლებიც კონკრეტული სცენების გასაფორმებლად გამოიყენება, არამედ ისეთ ეპიზოდებს, როდესაც მუსიკა მაყურებელთან ერთად, ფილმის პერსონაჟბისთვისაც გაისმის.

Risky Business

ფილმი, რომელმაც ტომ კრუზის ვარსკვლავური კარიერა მოქმედებაში მოიყვანა, „სარისკო ბიზნესი“ გარდა ახალგაზრდა კრუზის შარმისა და ქარიზმისა, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მუსიკალურ ეპიზოდს ინახავს. ტომ კრუზის პერსონაჟი ჯოელი თინეიჯერია, რომელსაც მშობლებიც ფეშენებელურ ვილაში მარტო დატოვებენ. ჯოელი მარტოობის პერიოდში სერიოზულ ხათაბალაში გაეხვევა, რომლის წყალობითაც, ზრდასრულობის პასუხისმგებლობებს გაითავისებს და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გააზრებამდე მივა, მაგრამ მანამდე, როგორც ყველა მარტო დარჩენილი თინეიჯერი, როდესაც სახლს საკუთარ განკარგულებაში დაიგულებს, ისე დაიწყებს მოქცევას, როგორც ახლადშეძენილი თავისუფლება უკარნახებს: კოკა -ოლით გააზავებს მამის ვისკის, ბოლო ხმაზე ჩართავს ბობ სიგერის Old Time Rock n Roll-ს და საცვლების და ვარდისფერი პერანგის ამარა ისე დაიწყებს ცეკვას, როგორც მაშინ ვცეკვავთ ხოლმე, როდესაც არავინ გვიყურებს. შედეგად კი ვიღებთ ამერიკული პოპ კულტურის ერთ-ერთ ხატმწერ სცენას.

Say Anything

კამერონ კროუს ფილმები გარდა იმისა, რომ მუდამ საჭირო, სწორი და მნიშვნელოვანი სენტიმენტებითაა გაჯერებული,  ყოველთვის სავსეა მათთან იდეალურად შეხამებული სიმღერებით. Say Anything-ში გულგატეხილი ჯონ კიუსაკი ლოიდ დობლერის როლში, თავის რომანტიკულ ინტერესს, დაიანს, დაშორების შემდეგ სახლთან მიაკითხავს „ბუმბოქსით“, თავს ზევით აღმართავს და პიტერ გებრიელის In Your Eyes ჩართავს. მეტარომანტიკული ჟესტი 80-ანების ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ემოციური სცენაა.

A Clockwork Orange

ენტონი ბერჯისის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაში, სტენლი კუბრიკმა არაერთი სიუჟეტური ცვლილება მოახდინა და სტილისტურად გაცილებით გაამდიდრა ნაწარმოები. ერთ-ერთი ასეთი გაუმჯობესებული ეპიზოდი მაშინ გვხვდება, როდესაც მთავარი პერსონაჟი ალექსი და მისი ბანდა, მორიგ რეციდივზე, მდიდარი ცოლ-ქმრის სახლში შეცვივდებიან და ბრუტალური ძალადობის აქტს ანხორციელებენ. შუა პროცესში კი ალექსი, რომელიც სიხარულს პოულობს თავის ძალადობრივ ქმედებებში, იწყებს ბედნიერების გამომხატველი ყველაზე მძაფრი კინო-კომპოზიციის, Singin’ in the Rain-ის ღიღინს. მიმდინარე მოქმედების ფონზე სიმღერას საოცრად პერვერსიული და შემაძრწუნებელი კონტექსტი შემოაქვს.

Reservoir Dogs

კვენტინ ტარანტინოს იდეალური სტილის შეგრძნების პარალელურად, მუსიკალური მგრძნობელობას საოცრად მაღალი აქვს. ყველა მის ფილმში, მინიმუმ ერთი დასამახსოვრებელი მუსიკალური ეპიზოდი მაინც შეგხვდებათ, იქნება ეს მია უოლესის სახლში ჩართული Girl, You’ll Be a Woman Soon, შოშანას შურისძიების სამზადისი დევიდ ბოუის თანხლებით, ჯეკი ბრაუნის „ინტრო“ აეროპორტში ბობი ვომაკის თანხლებით თუ სხვა. თუმცა ჩვენ სიაში სხვას ვერაფერს ჩავსვამდით თუ არა „ცოფიან ძაღლებში“ მაიკლ მედსენის პერსონაჟის, მისტერ ბლონდის ვიზავის დატყვევებულ პოლიციელთან. ბლონდი ჯგუფ Stealers Wheel-ის სიმღერას, Stuck in the Middle With You ჩართავს, ზანტი მოძრაობებით აყოლებს მელოდიას სხეულს, ხელში სამართებელს მოიმარჯვებს და პოლიციელის წამებისთვის უდიდესი სიამოვნებით ემზადება. შინაარსით ეს სცენა ძალიან წააგავს ზემოთ ნახსენებ „მექანიკურ ფორთოხალს“, თუმცა ტარანტინო სწორედ იმისთვის გვიყვარს, რომ სხვებისგან სესხების და თავის ორგანულ პროდუქტად გარდაქმნის საოცარი ნიჭი გააჩნია. თუმცა თუ კუბრიკი ბოლომდე გვიჩვენებს ძალადობის საშინელებას, ტარანტინო მორცხვად აშორებს უშუალო აქტის დროს კამერას პერსონაჟებს და გვაიძულებს თავად წარმოვიდგინოთ თუ როგორ აჭრის ყურს ბლონდი საცოდავ პოლიციელს.

Cool Hand Luke

სტიუარტ როზენბერგის კლასიკა მედიტირებს ძალაუფლების ინსტიტუტებზე, პენიტენციალური სისტემის გაუმართაობაზე, მჩაგვრელთა და ჩაგრულთა დიქოტომიებზე, განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფებს შორის არსებულ მისკომუნიკაციებზე და მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. ერთ-ერთ სცენაში, მთავარ პერსონაჟს, პატიმრობაში მყოფ ლუკს, შეატყობინებენ, რომ დედა გარდაეცვალა. ლუკი ჩუმად გაემართება საკუთარი საწოლისკენ, ბანჯოს აიღებს და ამერიკული ფოლკლორული კომპოზიციის, Plastic Jesus-ის შესრულებას დაიწყებს. ლუკის როლში მყოფი პოლ ნიუმანი ამ სცენაში საუკთარი კარიერის საუკეთესო პერფორმანსს აფიქსირებს და დრამატული სამსახიობო უნარების გრანდიოზულ დემონსტრაციას ახდენს. ბანჯოზე გაუმართავად დაკრული მელოდია, ტექსტის შინაარსი, რომელიც რელიგიური სიმბოლოების და რწმენის ბუნებაზე კომენტირებს და ნიუმანის ემოციური ხმის ტემბრი და მიმიკები მთლიანობაში დაუვიწყარი ეპიზოდის კონსტრუირებას ახდენენ.

Magnolia

პოლ ტომას ანდერსონი თანამედროვე ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიადი წარმომადგენელია. მის ფილმებში უხვადაა დასამახსოვრებელი და საინტერესო მუსიკალური მომენტები, იქნება ეს Punch Drunk Love-ის რომანტიკული პასაჟები, რომელსაც „მეზღვაური პაპაის“ მთავარი კომპოზიციის სახექმნილი ვერსია ამშვენებს თუ „ბუგის ღამეების“ ისტერიული სცენა ნარკორეალიზატორთან, სადაც რიკ სპრინგსტინის ჰიტი Jessie’s Girl საოცარ ეკლექტიკას ძენს ეპიზოდს, მაგრამ ჩვენ სიაში ვერავის დაუთმობს პირველობას „მაგნოლია“ გენიალური ეპიზოდით, როდესაც მთელი სამსახიობო ანსამბლი მოულოდნელად ეიმი მენის მელანქოლურ სიმღერას, Wise Up-ს მღერის. ტექსტით თუ მელოდიით, კომპოზიცია იდეალურად ეხამება ფილმის ატმოსფეროს და ყველაზე ემოციურ და დასამახსოვრებელ სცენას ქმნის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უკანასკნელ შედევრში.

Shaun of the Dead

ყველაზე მხიარული და სასაცილო მუსიკალური სცენა ჩვენს სიაში ბრიტანული წარმოებისაა. ვიზუალური კომედიის დიდოსტატი, ედგარ რაიტი, ზომბი აპოკალიფსის კომედიურ ვერსიაში გამომგონებლური და სახალისო რაკურსებით უდგება სამომხმარებლო საზოგადოების კრიტიკას. ასეულობით ზომბით გარშემორტყმულ ბარ ვინჩესტერში გამომწყვდეული მთავარი პერსონაჟები ვეღარ მოახერხებენ ბარიკადების გამაგრებას შიგნით შეჭრილი არსებების ლიკვიდაციას ყველა შესაძლო რესურსით ცდილობენ, რაც ამ შემთხვევაში ბილიარდის კიით შემოიფარგლება. მოულოდნელად პატეფონი ჩაიერთვება და Queen-ის ელექტრულ Don’t Stop Me Now-ს დაკვრას დაიწყებს. ენერგიული მუსიკის ფონზე და მასთან სინქრონულად იწყებენ ჩვენი მთავარი გმირები ზომბებთან გამკლავებას და მათდამი მოქნეული ყოველი დარტყმა იდეალურ უნისონში ჯდება მუსიკასთან, რაც საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კომედიურ სცენას ქმნის.

Before Sunset

რიჩარდ ლინკლეიტერი ფილმის ნარატივში დროის კონცეპტთან ექსპერიმენტირებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული რეჟისორია. მისი Before ტრილოგია კი უპირობოდ საუკეთესო რომანტიკული ტრილოგიაა კინემატოგრაფში. მეორე სერიაში მთავარი პერსონაჟბი ჯესი და სელინი პირველი ფილმის მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და რასაკვირველია ძველი გრძნობები და გამოუთქმელი ემოციები ნელ-ნელა დაიწყებს პულსირებას და ქრონომეტრაჟის სვლასთან ერთად სულ უფრო ფეთქებად ხასიათს იძენს. დასასრულს, მორიგი გამომშვიდობების მოლოდინში, სელინი ჯესის მასზე დაწერილ სიმღერას უმღერის, აკუსტიკურ გიტარაზე, ხავერდოვანი ხმით, ინგლისურად, ფრანგული აქცენტით და ამ მომენტში ჯესი ხვდება, რომ სამუდამოდ მასთან უნდა დარჩეს. იტენ ჰოკის პერფორმანსის ნაივურობა, სახის გამომეტყველებით და თითზე საქორწინო ბეჭედთან თამაშით ზედმიწევნით ასახავს მის ემოციურ მდგომარეობას და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მთელი გულით გულშემატკივრობ, რომ მთავარმა გმირმა ოჯახი მიატოვოს და განუხორციელებელ ურთიერთობაში ინვესტირება მოახდინოს.

Blue Velvet

დევიდ ლინჩმა გარდა იმისა თუ როგორ აგვიბნიოს გონება და გვამოგზაუროს არაცნობიერის ლაბირინთებში, ზედმიწევნით კარგად იცის პოპ კულტურის ისტორია და მნიშვნელობა. პოპ მუსიკის გამოყენება ერთი შეხედვით სიუჟეტურად უადგილო მონაკვეთებში მისთვის ჩვეული აქტივობაა, იქნება ეს „დაკარგული გზატკეცილი“, „გულით ველურნი“ თუ „თავსაშლელა“. მაგრამ ჩვენი აზრით საუკეთესო სინთეზი პოპ მუსიკასა და „ლინჩისეულ“ სანახაობას შორის, „ლურჯ ხავერდში“ ფიქსირდება, სადაც ფსიქოპათი კრიმინალების ხელში ჩავარდნილი მთავარი პერსონაჟები დოროთი და ჯეფრი, მთავარი ფსიქოპათის, ფრენკის მიერ გათამაშებულ მუსიკალურ ნომერს იხილავენ. ფრენკი მაგნიტოფონზე როი ორბინსონის ალბათ საუკეთესო სიმღერას, In Dreams ჩართავს, მისი ლაქია ბენი კი ტექსტს პირს აყოლებს. და ეს ერთ-ერთი ყველაზე გროტესკული „სახლის წვეულების“ აღწერაა, რაც ოდესმე გინახავთ.

Back to the Future

სათავგადასავლო ჟანრის სანიმუშო წარმომადგენელი, „უკან მომავალში“ სავსეა დასამახსოვრებელი მუსიკალური სცენებით. ვიცით ახლა რასაც ფიქრობთ, რასაკვირველია Johnny B Good გაგახსენდათ, როდესაც ჩაკ ბერის მომავლიდან წარსულში მოხვედრილი მარტი მაკფლაი „აჩუქებს“ საკუთარ ჰიტს, მაგრამ არა, ჩვენი გულები სხვა სცენას ეკუთვნის. იმისთვის, რომ მარტი მაკფლაი სიცოცხლეში დარჩეს, აუცილებელია, რომ მის მშობლებს ერთმანეთი შეუყვარდეთ, ეს კი სკოლის ბანკეტზე უნდა მოხდეს, რომანტიკული მუსიკის ფონზე. მარტი ბენდთან ერთად ასრულებს იდეალურ სასიყვარულო კომპოზიციას Earth Angel, რომლის ფონზეც ჯორჯ მაკფლაი გამბედაობას მოიკრებს და თავის ბედისწერის, ლორეინის მოსაპოვებლად ქმედით ნაბიჯს გადადგავს. მარტი აღარ წაიშლება ეგზისტენციიდან, ჯორჯი და ლორეინი საბოლოოდ დააფუძნებენ საკუთარ სიყვარულს, Earth Angel კი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკულ კინოკომპოზიციად დარეგისტრირდება მაყურებლის გონებაში.

ავტორი: Digital Culture