კულტურა

#მეტიკინო | ყველაზე მოულოდნელი დასასრულის სცენები კინოში

რამდენი ფილმი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რომლის დასასრულს გაოგნებული დარჩენილხართ, იმდენად არ მოელოდით სიუჟეტის ისე დაგვირგვინებას, როგორც რეჟისორმა შემოგთავაზათ? დაწყებული კლასიკური ფილმით „ლუკ, მე მამაშენი ვარ“, თუ ბრედ პიტის სასოწარკვეთილი კივილით „რა დევს ყუთში?“, კინემატოგრაფი მრავლად ინახავს ეფექტურ და დასამახსოვრებელ მოულოდნელ დასასრულებს - ზოგი მათგანი შოკისმომგვრელია, ზოგი - მხიარული, ზოგიც იმდენად აბსურდული, რომ სწორედ ამით ქმნის მოულოდნელობის ეფექტს.

ოქტომბერი 14, 2017

Hello Blog

რამდენი ფილმი შეგიძლიათ ჩამოთვალოთ, რომლის დასასრულს გაოგნებული დარჩენილხართ, იმდენად არ მოელოდით სიუჟეტის ისე დაგვირგვინებას, როგორც რეჟისორმა შემოგთავაზათ? დაწყებული კლასიკური ფილმით „ლუკ, მე მამაშენი ვარ“, თუ ბრედ პიტის სასოწარკვეთილი კივილით „რა დევს ყუთში?“, კინემატოგრაფი მრავლად ინახავს ეფექტურ და დასამახსოვრებელ მოულოდნელ დასასრულებს - ზოგი მათგანი შოკისმომგვრელია, ზოგი - მხიარული, ზოგიც იმდენად აბსურდული, რომ სწორედ ამით ქმნის მოულოდნელობის ეფექტს.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ათ ყველაზე მოულოდნელ დასასრულს კინოში. სია ისეთი ფილმებით დავაკომპლექტეთ, რომლებიც ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ ფართო მასებში. რასაკვირველია ტექსტი "სპოილერებითაა" სავსე, ამიტომ შეგიძლიათ სტატია შეინახოთ, უყუროთ ჩამოთვლილ ნამუშევრებს და შემდეგ დაგვეთანხმოთ ან არ დაგვეთანხმოთ იმაში, თუ რამდენად იმსახურებდნენ ისინი ჩვენს სიაში მოხვედრას.

Spoorloos

 

ჰოლანდიური ტრილერი ახალგაზრდა გოგონას, სასკიას, გაუჩინარების შესახებ გვიყვება, რომლის გამტაცებელსაც მალევე გავეცნობით. გატაცებიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ გაურკვეველია, თუ რა ბედი ეწია სასკიას. მის შეყვარებულ რექსს არ ასვენებს მისტიკური გარემოების შეცნობის სურვილი. მალე რექსს გოგონას გამტაცებელი უკავშირდება და აქედან იწყება მთავარი ფსიქოლოგიური განტოლება. იმისთვის, რომ რექსმა გაიგოს, თუ რა მოუვიდა სასკიას, გამტაცებლის მითითებები უნდა შეასრულოს. რომანტიკულ პასაჟებს დამატებული ძლიერი გაურკვევლობა, საკმაოდ სანახაობრივს ხდის სურათს. ბოლოს გამტაცებელთან პირისპირ შეყრილი რექსი არჩევანის წინაშე დგება, ან მოკლას დამნაშავე, ან პოლიციას ჩააბაროს, ან მის წესებს დამორჩილდეს და შეიტყოს სასკიას ბედისწერა. რექსი ამ უკანასკნელ მოცემულობას თანხმდება, გამტაცებლის მიწოდებულ დამაძინებლებით სავსე ყავას სვამს და მიწაში ჩაფლულ კუბოში ეღვიძება. რექსი საკუთარ თავზე გამოცდის თუ რა დაემართა სასკიას. დამნაშავე დაუსჯელი რჩება, მაყურებელი - იმედგაცრუებული.

Invasion of the body snatchers (1978)

ფილიპ კაუფმანის ფილმში უცხოპლანეტური რასა ჩუმად ანაცვლებს ადამიანებს მათი კლონებით, რომლებიც დაცლილნი არიან ემოციებისგან. მთავარი პერსონაჟები მეთიუ და ელიზაბეტი ცდილობენ ამოხსნან მათ ირგვლივ არსბეული ადამიანების უცნაური ცვლილებები და საბოლოოდ კონსპირაციის ფუძესაც მიაკლევენ. დასასრულს სამსახურში მიმავალი მეთიუ ხედავს ბავშვების ჯგუფს, რომლებიც კლონირებისთვის მიყავთ, სამსახურში კლონირებული ელიზაბეტი ხვდება, რომელიც უცხოსავით უყურებს. ლანჩზე გამოსულს მას ნაცნობი ქალი, ნენსი ეძახის, რომელიც კლონირებას გადაურჩა. მის დანახვაზე მეთიუ მოულოდნელად პირს აღებს და არაამქვეყნიურ ხმას გამოსცემს, რითაც ვხვდებით, რომ ისიც კლონირებულია და მთელ ქალაქში მხოლოდ ნენსი დარჩა შეუცვლელი.

Enemy

დენი ვილნევის ”მტერი” ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც იდენტობის პოლიტიკებზე, ტოტალიტარიზმის ბუნებაზე, პირად ურთიერთობებზე, ისტორიის კვლავწარმოებაზე გვესაუბრება და ამას ძალიან საინტერესოდ აკეთებს. თუმცა მისი დასასრული ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და მოულოდნელი საფინალო კადრია კინოს ისტორიაში. ობობები მთელი ფილმის მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელთაც ისტორიის განვითარებასთან ერთად არაერთხელ ვხვდებით სხვადასხვა სიტუაციაში. დასკვნით სცენაში ჯეიკ ჯილენჰოლის მიერ განსახირებული მთავარი პერსონაჟი გააცნობიერებს, რომ თავისი ინსტინქტები და ვნებები ისევ დაძლევს და კვლავ განაგრძობს ცოლის მოტყუებას. მეუღლის ოთახში შესული ხედავს, რომ ქალი გიგანტურ ობობადაა გადაქცეული, რომელიც შეშინებული ეკვრის კედელს. სახეზე გვაქვს დაუვიწყარი მეტაფორა და შთამბეჭდავი დასასრული.

A Pure Formality

შეგვეძლო სიაში მარტივად შეგვეყვანა რომან პოლანსკის ფილმები, მაგალითად „როზმარის ბავშვი“, ძრწოლვის გამომწვევი დასასრულით, როდესაც იმის გვეშინია, რასაც რეჟისორი არც კი გვიჩვენებს, თუმცა გადავწყვიტეთ პოლანსკი სიაში მსახიობის ამპლუით მოხვედრილიყო. „წმინდა ფორმალობა“ ჯუზეპე ტორნატორეს ფილმია, რომელშიც ჟერარ დეპარდიეს პერსონაჟი ერთ სუსხიან საღამოს პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდება ისე, რომ მეხსიერებაში სერიოზული ჩავარდნები აქვს და არც რაიმე საიდენტიფიკაციო საბუთი აქვს თან. გამომძიებელი პოლანსკი ცდილობს გაავლოს კავშირის ხაზები ამავე დღეს მომხდარ მკვლელობასა და უეცრად გამოჩენილ გზა და გონებაარეულ დეპარდიეს გმირ ონოფს შორის. საბოლოოდ კი ირკვევა, რომ ონოფმა თავი მოიკლა, პოლიციის განყოფილება სინამდვილეში გარდაცვლილი ადამიანების სულების თვითგამორკვევის ადგილია.

Jacob’s Ladder

“იაკობის კიბე” ერთ-ერთი საუკეთესო ლავკრაფტისეული ფილმია, რომელიც ლავკრაფტის მიხედვით არ გადაღებულა. ტიტულოვანი გმირი ვიეტნამის ვეტერანია, რომელიც ომის აგონიას და შვილის გარდაცვალებას ცდილობს ერთბაშად გაუმკლავდეს, თუმცა მის ცნობიერ ლანდებისა და რეალობის გამიჯვნა სულ უფრო რთული საქმე ხდება. მას შემდეგ, რაც დიდი ინტერესით და ძრწოლვით იხილავთ იაკობის საზარელ ისტორიებს, სადაც მონსტრებით დაწყებული, შეუცნობელი შიშით დამთავრებული, ყველაფერი დაგამძიმებთ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაფერი პერსონაჟის სიკვდილისწინა ზმანებები იყო, მას არც ბრძოლის ველისგან დაუღწევია თავი და საშუალებაც არ ქონია, რომ გამოვლილი ტრაგიზმები დაევიწყებინა. ძირითადად, მსგავსი ფინალები, სადაც ვიგებთ, რომ ყველაფერი ან სიზმარი ან წარმოსახვის ნაწილი ყოფილა, იაფფასიანი სიუჟტური მანევრივით აღიქმება, თუმცა „იაკობის კიბე“ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია.

The Village

რეჟისორ ემ ნაით შამალანის მთავარი სავიზიტო ბარათი, სწორედ მოულოდნელი დასასრულებია. ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება ის სასოწარკვეთა, რომელიც „მეექვსე გრძნობის“ დასასრულს ვიგრძენით, როდესაც პირველად ბავშვობაში ვიხილეთ ის და გავიგეთ, რომ ბრიუს უილისი მოჩვენება ყოფილა. და მსგავსი დასამახსოვრებელი ფინალები ბევრია ინდოელი რეჟისორის კარიერაში, იქნება ეს „ნიშნები“ თუ „გაუტეხელი“, მაგრამ ჩვენს სიაში საპატიო ადგილს „სოფელი“ იკავებს, სადაც სიუჟეტი მეცხრამეტე საუკუნის მივარდნილ სოფელში ვითარდება. იქ მონსტრები ბინადრობენ და ტყეში შესვლა მოსახლეობას ეკრძალება. თუმცა ბოლოს აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში მოქმედება თანამედროვე ამერიკაში ვითარდება, უბრალოდ სოფლის მაცხოვრებლებს უხუცესები ტოტალიტარული კონტროლის ქვეშ ამყოფებენ და უმალავენ მოდერნულ სამყაროს. და ამის რეალიზაცია ერთდროულად ძალიან შემაშფოთებელი და შემდეგ უკვე სასაცილო ხდება. მხიარულების, დრამის და ჰორორის ელემენტების იდეალური ნაზავისთვის სწორედ „სოფელი“ არის ჩვენი საყვარელი მოულოდნელი დასასრულის მქონე ფილმი შამალანის ბიოგრაფიიდან.

Nowhere

ერთ-ერთი საუკეთესო კინოწვეულება, სადაც შეიძლება მოხვდეთ, 1997 წელს მოაწყო რეჟისორმა გრეგ არაკიმ ფილმში „არსად“, რომელიც 90-ანი წლების ამერიკული ახალგაზრდობის ყოველდღიურობას აღწერს. რეჟისორი ეხება ახალგაზრდების საკუთარ სექსუალობასთან თვითგამორკვევის, გაუცხოების, შიშების, ერთმანეთთან ემოციების გაცვლის საკითხებს და ამას აღწერს, როგორც თინეიჯერების კოლექტიურ ცნობიერში ფსიქოდელიურ მოგზაურობას. ფილმში უამრავი უცნაური რამ შეგხვდებათ, იქნება ეს სიკვდილი თუ სქესობრივი კავშირის სცენები, თუმცა ყველაზე დიდი უცნაურობა მაინც მისი ბოლო სცენაა. უცხოპლანეტელების შესახებ ფილმის გმირი მონტგომერი არაერთხელ საუბრობს და ყვება როგორ გაიტაცეს მათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი უცნაურობა ხდება ფილმში, მისი საუბარი არასოდესაა სერიოზული განსჯის საგანი. ბოლოს კი აღმოჩნდება, რომ მთელი ამ დროის მანძილზე მონტგომერი მართალს ამბობდა და მთავარ პერსონაჟ დარკის გვერდით მწოლარე უცებ ბრონქიტულ ხველებას დაიწყებს, შემდეგ შუაზე გასკდება, მისი ორგანიზმიდან გიგანტური ხოჭო გამოძვრებდა, დაგვემშვიდობება და ფანჯრიდან გადახტება. ამ დროს მთავარი პერსონაჟის და მაყურებლის ყბის იატაკისკენ ჩამოშვება ერთდროულად ხდება.

The Sting

ჯორჯ როი ჰილის სანიმუშო კრიმინალურ კომედიაში ისეთი ფინალის მომსწრეები ვხდებით, რომელიც თავისი მოულოდნელობით სიხარულს იწვევს. ელეგანტური აფერისტები პოლ ნიუმენი და რობერტ რედფორდი მსხვილი მიწისქვეშა ბანქოს მატჩის დროს კრიმინალი ბანკირის გაცურებას ცდილობენ, კომპლექსური გეგმა და მაქინაციები გაამართლებს, თუმცა საბოლოოდ ორივე მათგანი მოკვდება. თუმცა, ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ მათი სიკვდილიც თაღლითობის ნაწილი იყო და ისე, როგორც ფილმის ანტაგონისტი, მაყურებელიც ოსტატურად გააცურეს. მსგავსი სასიხარულო ტყუილები კი ყოველთვის მისაღებია და მისასალმებელია. 

The Cabinet of Dr. Caligari

გერმანული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, „ექიმი კალიარის კაბინეტი“ პირველი ფილმია კინოს ისტორიაში, სადაც ეგრეთ წოდებული „თვისთი“ იხილა აუდიტორიამ. ექიმი კალიარი თავის პაციენტ ჩეზარეს ჰიპნოზის საშუალებით ავალებს ადამიანების მკვლელობას. ეს საკმაოდ ძლიერი მეტაფორა შეიძლებოდა ყოფილიყო ფილმის გადაღების, 1920 წელს, თუ ექიმ კალიარის გერმანულ სახელმწიფოდ, ჩეზარეს კი მის მიერ ბრმად მართულ საზოგადოებად წავიკითხავდით. თუმცა ფილმის ბოლოს ირკვევა, რომ მთელი ისტორია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, პაციენტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ექიმი კალიარი კი - ფსიქიატრიულის დირექტორი. მსგავსი ნარატიული ბრუნი შემდეგ არაერთხელ გამეორებულა, თუნდაც ზემოთხსენებულ „იაკობის კიბეში“, თუმცა არასოდეს ისე შთამბეჭდავად, როგორც ეს „ექიმი კალიარის კაბინეტში“ ხდება.

Angel Heart

ერთ დროს მიკი რურკი ჯერ კიდევ ჰოლივუდის მოწინავე სილამაზე იყო, ალან პარკერი კი ფილმებს იღებდა. „ეინჯელის გული“ საოცრად მძიმე ატმოსფეროს მქონე ფსიქოლოგიური ტრილერია, სადაც რობერტ დენირო მოხარშული კვერცხის გაფრცქვნის ყველაზე იდუმალ მეთოდს გასწავლით. სიუჟეტი კერძო დეტექტივის, ჰარი ეინჯელის (რურკი) ირგვლივ ვითარდება, რომელსაც ლუის საიფერი (დენირო) გაუჩინარებული მომღერლის, ჯონი ფეივრიტის მოსაძებნად დაიქირავებს. ნუარის საუკეთესო ტრადიციებში გადაჭრილი მისტიური დეტექტიური ისტორიის ბოლოს ვიგებთ, რომ ლუის საიფრი, სინამდვილეში ლუციფერია, ჰარი ეინჯელი და ჯონი ფეივრიტი ერთიდაიგივე ადამიანია, რომელსაც სანამ მოკლავდა, საკუთარ შვილთან ქონდა რომანი. აი ამდენად ბევრი მოულოდნელი გარდატეხა დაგხვდებათ პარკერის ამ ბრწყინვალე სურათში.

ავტორი: DIGITAL CULTURE