კულტურა

ჟანგბადის წყაროები ინტერიერში


სანამ ინტერიერში ჰაერის გაუმჯობესებას და მის გალამაზებას გადაწყვეტთ, მანამდე მნიშვნელოვანია მიიღოთ მცენარეებზე მეტი ინფორმაცია


Plant Shop ფაბრიკაში კი შესანიშნავი ადგილია ამის დასაწყებად. Plant Shop-ში გაეცნობით უამრავ ულამაზეს მცენარეს და რაც მთავარია, მიიღებთ მათზე ინფორმაციას. კონსულტანტი შეგარჩევინებთ მცენარეს თქვენი ინტერიერისთვის - იმის მიხედვით რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის - გარემოს გალამაზება თუ ჯანმრთელი ჰაერი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ორივე.



არსებობს მცენარეების მოვლის რამდენიმე ფუნდამენტური კანონი, რომლებსაც ახლა ჩამოვწერთ:



ტემპერატურა


ყველა ოთახის მცენარე ტროპიკული ან სუბტროპიკული სამყაროდანაა, რის გამოც მათ უყვართ ტენიანობა, სითბო და ვერ იტანენ ყინვას. ძირითადად მათთვის იდეალურია 15-25 გრადუსი.



მორწყვა


მათ მოსარწყავად იდეალურია წვიმის, ბოთლის ან დაყენებული წყლის გამოყენება. ქლორიანი წყალი მათთვის მავნებელია.


ჯანმრთელობა



თუკი მცენარე მოწყენილია ან ავად ყოფნის გამო გაუჩნდა რაიმე ვიზუალური დეფექტი, მას აუცილებლად სჭირდება ყურადღება. კომპეტენტური ადამიანის პოვნა შესაძლებელია Plant Shop-ში, სადაც კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ დაავადების დადგენაში და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში.

საკვები / დაცვა



მნიშვნელოვანია, გამოკვებოთ მცენარე სწორი რაოდენობის წყალში გახსნილი ვიტამინებით, აგრეთვე საჭიროა დაიცვათ ის პარაზიტების და სოკოს საწინააღმდეგო ფუნგიციდებით და ინსექტიციდებით, რომლებიც წყალში იხსნება და მიღებული სითხით ხდება მცენარის დანამვა.



ზოგადი მოპყრობა


ყველა მცენარე ცოცხალი ორგამიზმია და შესაბამისად რეაგირებს იმ გარემოზე და მოვლის ხარისხზე, როგორსაც სთავაზობენ. ამიტომ, თუკი გადაწყვეტთ იყოლიოთ ახალი ლამაზი მეგობარი, ყურადღებით გამოკითხეთ კონსულტანტი მისი მოვლის სირთულეზე და სპეციფიკაზე.  



აი საუკეთესოები სახლში ან ოფისში:



ჰოვეა


პალმისებრთა ოჯახის წევრი - ძალიან ამტანი მცენარეა. იდეალურად ეგუება სახლის და ოფისის პირობებს. ჩრდილოეთის მხარე უყვარს. ჰოვეა ოთახის პირობებში 3.5 მეტრამდე შეიძლება გაზარდოთ. დამატენიანებელი აპარატი ან ჩვეულებრივი დამნამავი ბოთლით დაატენიანეთ ფოთლები. მორწყვის ინტენსივობა ტენიანობის დონეზეა დამოკიდებული. ზამთარში უფრო იშვიათად ირწყვება, ვიდრე ზაფხულში. სანამ მორწყავთ, ჯობს, მიწა ხელით მოსინჯოთ და თუ ნახევარი სანტიმეტრი მშრალია, ესე იგი, მორწყვას ითხოვს. განათებას რაც შეეხება, ნაკლებ სინათლეშიც კარგად ცხოვრობს.  





დიფსისი


ნასას კვლევების საფუძველზე, დადგენილია, რომ დიფსისი ერთ-ერთია მსოფლიო მცენარეთა ათეულიდან, რომლებიც გამოყოფენ ყველაზე მეტ ჟანგბადს და ჰაერის გამწმენდ ფუნქციას ასრულებენ. წამოშობით მადაგასკარის დასავლეთ სანაპიროდანაა. თავის სამშობლოში გადაშენების პირასაა. 6-დან 8 მეტრამდე იზრდება. საშუალო განათების პირობებს საჭიროებს და არ შეიძლება მისი ორპირში მოთავსება. იდეალური ტემპერატურაა 17-დან 22 გრადუსამდე სითბო. გადარგვისას, ფესვებს თითქმის არ უნდა შეეხოთ, მარტივად შეიძლება მოიწყინოს, ფოთლები გაუყვითლდეს. მორწყვას 4-5 დღეში ერთხელ საჭიროებს. 





პაჰირა აკვატიკა


ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდანაა. ბრაზილიის ჯუნგლებში იზრდება. სახელიდანაც ჩანს, რომ წყალი უყვარს, შუქი მისთვის აუცილებელია. ეცადეთ, პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს. პაჰირა აკვატიკას ძალიან პატარა ფესვთა სისტემა აქვს. შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში გყავდეთ ძალიან პატარა ქოთანში. მალე იზრდება - 50 სანტიმეტრიდან შეიძლება 2-3 მეტრამდე გაზარდოთ. 





ზამიოკულგასი



ძალიან მარტივი მცენარეა მოსავლელად. ორ კვირაში ერთხელ მორწყვა საკმარისია. იტანს უსინათლო ადგილსაც, რეკომენდირებულია გყავდეთ გაფანტულ სინათლეში. მისი გამრავლება ძალიან ადვილია. ფოთოლი რომ მოაჭრათ, ცოტა ხნის განმავლობაში, ფოთლის ნახევარი მიწაში ამყოფოთ, დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს ფესვს და მისი დარგვა შეგეძლებათ. ზამიოკულგასი სწრაფად იზრდება.  





სპატიფილუმ იმპერატორი



სპატიფილუმიც ჰაერის გამწმენდი მცენარეა - ნასას იმ ათეულშია, რომლებიც ბევრ ჟანგბადს გამოყოფენ. საკმაოდ მარტივი მოსავლელია. კარგად განათებულ ადგილს საჭიროებს. დიდი ფოთლები რომ აქვს, ფოტოსინთეზიც ადვილად ხდება. იმპერატორი მაგალითად, 1-1.5 მ სიმაღლის იზრდება. არსებობს უფრო დაბალი და მაღალი ჯიშებიც. რეგულარული მორწყვა სჭირდება, მორწყვამდე ნიადაგის სიმშრალე ხელით უნდა მოსინჯოთ. მთელი წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ყვავის ხოლმე და დიდი თეთრი ყვავილები აქვს. 





ეპიპრემნუმი 



ეპიპრემნუმი ჩრდილოეთ ავსტრალიიდანაა. მისთვის იდეალური ტემპერატურა ინტერიერში 18 – 24 გრადუსია, მოსწონს გაფანტული შუქი. ზამთარში ნაკლები წყალი უნდა მიაწოდოთ. წმენდს ჰაერს, უზრუნველჰყოფს ფორმალდეჰიდის განდევნას ხალიჩებიდან და სხვა ტექსტილებიდან ჩვენს სახლებსა თუ ოფისებში.



 



წარმატებულ მებაღეობას გისურვებთ!


Hello Blog

ავტორი: ქეთევან მაღალაშვილი

ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი