კულტურა

8 წუთი მზის ჩაქრობამდე

2017 წლის ივნისში ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა გვამცნო, რომ 100 წელიწადში დედამიწა ამოწურავს თავის რესურსს და კაცობრიობა განადგურდება. ვიდრე მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებიან პროგნოზებში, მსოფლიო კინემატოგრაფისტები, როგორც ეს რეჟისორებს შეეფერებათ, ცდილობენ, მაქსიმალურად მრავალფეროვნად ასახონ აპოკალიფსი - „არმაგედონი“, „დღე ხვალის შემდეგ“, „2012“...

ოქტომბერი 13, 2017

Hello Blog

2017 წლის ივნისში ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა გვამცნო, რომ 100 წელიწადში დედამიწა ამოწურავს თავის რესურსს და კაცობრიობა განადგურდება. ვიდრე მეცნიერები ერთმანეთს ეჯიბრებიან პროგნოზებში, მსოფლიო კინემატოგრაფისტები, როგორც ეს რეჟისორებს შეეფერებათ, ცდილობენ, მაქსიმალურად მრავალფეროვნად ასახონ აპოკალიფსი - „არმაგედონი“, „დღე ხვალის შემდეგ“, „2012“...

სამაგიეროდ, საქართველოში, რომლის ტერიტორიების 70%-მდე მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფება, აპოკალიფსი და ქვეყნის აღსასრული არასოდეს ყოფილა საინტერესო და აქტუალური თემა კინოში. აღარაფერს ვამბობ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრზე, რომელშიც აქამდე ეულად მიუყვებოდა თავის გზას 90-იან წლებში გადაღებული „სპირალი“... თუმცა, სულ მალე კინოთეატრებში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული პირველი ქართული, როგორც მას უწოდებენ, აპოკალიფტური ფილმი "8 წუთი" გამოჩნდება.

„8 წუთი“ ათო აბრამიშვილის და გიორგი გოგიჩაიშვილი(Sibler Films) სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც მზის უკანასკნელ წუთებზე მოგვითხრობს. 8 წუთი ის დროა, რომელიც მზის სხივს სჭირდება დედამიწამდე მოსაღწევად. ფილმმა მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა. მანამდე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში რუმინეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე მოხვდა, მოიპოვა საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმის ტიტული Sydney Indie Film Festival-ზე, ავსტრალიაში.

დღეს „8 წუთს“ სელექციის გარეშე ითხოვენ სხვადასხვა კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში. თიბისი ბანკის მხარდაჭერით ყველა მათგანზე მონაწილეობა რეალობად იქცა. მანჰეტენის ფესტივალზე მონაწილეობაც კი აძლევდა ფილმს „ოსკარზე“ გამგზავრების ლიცენზიას, თუმცა მანჰეტენზე გამარჯვების შემდეგ რეჟისორები კიდევ უფრო იმედიანად უყურებენ მომავალს.

- ასტროფიზიკოსების აზრით, არსებობს სამყაროს განადგურების რამდენიმე თეორია. დიდი აფეთქების, გამა-გამოსხივების, შავი ხვრელის, ასტეროიდების ცვენის, სხვა პლანეტასთან შეჯახების, მზის ჩაქრობისა და მაგნიტოსფეროს გაქრობის... ამ ჩამონათვალიდან მაინცდამაინც მზის ჩაქრობა რატომ აირჩიეთ?

დავით აბრამიშვილი: სცენარში და ფილმშიც „8 წუთი“ შეგნებულად არ გაგვიტარებია მეცნიერული ხაზი. მით უმეტეს, რომ მეცნიერული ფანტასტიკის ეკრანიზაცია სულ სხვა ბიუჯეტს და მასშტაბებს ითხოვს. მეტიც, ფილმის იდეა მხოლოდ ბერლინალესა და კანის კინობაზრობაზე ჩვენი მონაწილეობის შემდეგ გაჩნდა. საქართველოში ეროვნული კინოცენტრის კონკურსში სულ სხვა პროექტით - სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ინგა“ სცენარით გავიმარჯვეთ, რომელსაც სულ მალე გადავიღებთ. ამ ფილმისთვის კოპროდუქციის მოსაპოვებლად კინობაზრობებზე გავემგზავრეთ, სადაც წავაწყდით პრაგმატულ და სამართლიან მიდგომას - ვინაიდან ეს იყო ჩვენი სადებიუტო ფილმი, კინოპროდიუსერები გარკვეულ გარანტიებს ითხოვდნენ. ჩვენი პოტენციალის მეტი თვალსაჩინოებისთვის, რეალური პროდუქტის წარდგენაგვთხოვეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მოკლემეტრაჟიანი „8 წუთის“ გადაღება, რომელიც იქნებოდა აქტუალურ თემაზე, „შეუფერებლად“ დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ ეფექტური. რეალურად „8 წუთმა“ მოგვცა ბილეთი ფესტივალებზე და შეასრულა ჩვენი სავიზიტო ბარათის როლი კინოპროდიუსერებთან. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა გათვლილი ის, რომ „8 წუთი“ გააგრძელებდა დამოუკიდებელ ცხოვრებას და დღეს უკვე ინერციით მოხვდებოდა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე და, მით უმეტეს, გაიმარჯვებდა მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც „8 წუთი“ 1600-ზე მეტ ფილმს შორის გამოარჩიეს და 10 ფინალისტთა შორის გაიყვანეს.

- მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის კონკურსში ჭარბობდა სოციალურ-პოლიტიკური თემები, რომლის მიმართ უცხოენოვანი მაყურებელი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მითუმეტეს, რომ ფილმები ეხებოდა სირიას, მე-2 მსოფლიო ომს და სხვა აქტუალურ თემებს. „8 წუთი“ შეიძლება არც კი გამოჩენილიყო მათ ფონზე. იქ გამარჯვება მოულოდნელი იყო?

გიორგი გოგიჩაიშვილი: ამ ფესტივალს თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს, რომელიც შედგება კინომოყვარულებისა და პროფესიონალებისგან. მსგავსი კატეგორიის მაყურებელი ყოველთვის აფასებს ფილმს მისი ფორმის და შინაარსის, კრეატიული ხედვის მიხედვით. ფილმი ძალიან მოეწონათ უკრაინაში, რუსეთში, აშშ-ში, იტალიაში, არგენტინაში. რეალურად 100 ათასზე მეტი მაყურებელი აფასებდა ფილმს მსოფლიოს მასშტაბით 300-მდე კინოთეატრში, რომელშიც საკონკურსო ფილმებს უჩვენებდნენ. საკონკურსო ფილმების შეფასების ეს დემოკრატიული პრინციპი აზღვევდა ჩვენ ფილმს იმისგან, რომ ის არ გაიზიარებდა, მაგალითად, მუსიკალური კონკურსი „ევროვიზიაზე“ წარდგენილი სიმღერების ბედს და შეფასებაზე და შედეგზე არ მოახდენდა გავლენას პოლიტიკა. თითქმის 8 წელია არსებობს მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რამდენადაც მახსოვს, იქ არასოდეს მიუღიათ. „8 წუთს“ იქ გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

- ქართულ კინოში ბევრი უფრთხის თეატრის მსახიობებთან თანამშრომლობას. ამის გამო ხშირად არაპროფესიონალ მსახიობებზე აკეთებენ არჩევანს, რომლებიც, ზოგი მოსაზრებით, არ არიან დაშტამპულები და უფრო სპონტანურებიც კი არიან. თქვენ ვისზე გააკეთეთ არჩევანი?

გიორგი გოგიჩაიშვილი: პროფესიონალმა მსახიობმა იცის, როგორ ინერვიულოს... იცის, როგორ მოირგოს პერსონაჟის განცდები. პროფესიონალ მსახიობს უჩნდება კითხვები, რაც თანამშრომლობას უფრო პროდუქტიულს ხდის, რადგან მსახიობი უფრო სიღრმისეულად უდგება რეჟისორის მიერ მის წინაშე დასახულ ამოცანას. არაპროფესიონალები კი ხანდახან ბრმად მოგვყვებიან და ნაკლებად შემოაქვთ თავისი წვლილი სიუჟეტის განვითარებაში. მაგალითად, მსახიობი სლავა ნათენაძე (მამის როლის შემსრულებელი, მთავარი პერსონაჟი) გამოგვიტყდა იმაში, რომ საკვანძო სცენის გადაღებამდე მთელი ღამე ფიქრობდა იმაზე თუ როგორ და რა ინტონაციით უნდა წარმოეთქვა „აბრაკადაბრა“... ეს არის ფსონის დადების შედეგი - საქმისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო ორივე მხარე ვიგებთ.

- თითქმის ყველა აპოკალიპტურ ბლოქბასტერში მოქმედება ვითარდება მამა-შვილის ირგვლივ. ასეა ჰოლივუდის ფილმებში „არმაგედონი“, „დღე ხვალის შემდეგ“, „2012“ და სხვა. თქვენ ფილმში ვის ირგვლივ ვითარდება სიუჟეტი?

დავით აბრამიშვილი: აქცენტი აქაც მამა-შვილის ურთიერთობაზეა, მაგრამ ჰოლივუდის ბლოქბასტერებისგან განსხვავებით, „8 წუთში“ არ არიან გმირები. მამა არ არის კლასიკური გმირი. შვილისკენ მიმავალი გზა არ გადის გმირობაზე და სამყაროს გადარჩენაზე. როცა აცნობიერებ იმას, რომ სამყაროს უკვე ვერაფერი გადაარჩენს, ამ დროს ადამიანებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ირთვება. მაყურებელი ნახავს თუ როგორ ვლინდება ეს ინსტინქტი ცალკეულ ადამიანებში.

ავტორი: გიორგი კალატოზიშვილი

ბლოგში გამოყენებულია კადრები ფილმიდან