კულტურა

თორნიკე მარგველაშვილის დრონი ელექტრონულად

თორნიკე მარგველაშვილი 15 წლის იყო, როდესაც გიტარაზე დაკვრა დაიწყო - „აირონ მეიდენის“ ხათრით (ბრიტანული ჰევი მეტალის გიგანტების სიყვარული დღემდე მოყვება).

ოქტომბერი 06, 2017

Hello Blog

თორნიკე მარგველაშვილი 15 წლის იყო, როდესაც გიტარაზე დაკვრა დაიწყო - „აირონ მეიდენის“ ხათრით (ბრიტანული ჰევი მეტალის გიგანტების სიყვარული დღემდე მოყვება).

შემდეგ, ნელ-ნელა სხვა ინსტრუმენტებიც აიღო ხელში. პირველად სცენაზე „პორნოპოეზიასთან“ ერთად გამოჩნდა - ჯერ როგორც გიტარისტი, შემდეგ კი როგორც სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. შემდეგ „სალიოში“ უკრავდა ბასზე.  

ორი წლის წინ კი დანიაში წავიდა, სასწავლებლად, Royal Academy of Music (მუსიკის სამეფო აკადემიაში) და სექტემბრის ბოლოს დრონ/ემბიენთ/ნოის/ ექსპერიმენტული  ალბომი გამოსცა Mess_montage-ის სახელით.

ელექტრონულ მუსიკას და აუდიო სინთეზს ის დღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში და CES-ში (კრეატიული განათლების სტუდიაში) ასწავლის.

„თავი საინტერესო ფორმით გაგვაცნო. დანიაში სწავლის მეორე წელს, დაფინანსებას რომ ეძებდა, ჩვენ მოგვმართა - საკუთარ თავზე ვიდეო გადაიღო, სადაც თავის ინსპირაციაზე და მიზნებზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, მივეცით შანსი, სწავლა გაეგრძელებინა. ვიცოდით, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა,“- ამბობს თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მენეჯერი, თეო ლეჟავა.

ნიკო ნერგაძე: ისე გამოდის რომ შენი მუსიკალური ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, არა? ერთი, რასაც დანიაში წასვლამდე აკეთებდი და მეორე, რასაც ახლა საქმიანობ.

თორნიკე მარგველაშვილი: ასე გამოვიდა. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ბოლომდე მინდოდა მუსიკის კეთების პროცესში ვყოფილიყავი ჩართული. მაშინ ჩემი საოფისე სამსახურიდანაც წამოვედი და ჩემთვის „პორნოპოეზიაც“ და „სალიოც“დამთავრდა. იდეაში, ყველაფრის გარეშე დავრჩი, მაგრამ შემდეგ ჯერ კონსერვატორიაში ჩავაბარე, მერე დანიაში წავედი სასწავლებლად... უფრო აკადემიური კუთხით წავედი და შემდეგ ეს მუსიკაც, რასაც ახლა ვაკეთებ, ბუნებრივად მოვიდა.

ნიკო ნერგაძე: ანუ, როგორ მოხდა - დრონი ისწავლე და დაინტერესდი, თუ ისედაც მისკენ მიდიოდი და ლექციების მერე მიხვდი, რომ ეს „ის“ იყო?

თორნიკე მარგველაშვილი: კონკრეტულად დრონის კეთება არ მისწავლია, მაგრამ მაინც გარკვეული მიქსი გამოვიდა მიღებული ინფორმაციის  ჩემებური, შემოქმედებითი გადამუშავების შედეგად. დანიაში რომ წავედი, პირველად იქ მოვისმინე ასეთი ნელი და გრძელი მუსიკა. ალბომზე მუშაობისას ეს შეგნებულად არ გამიკეთებია - თავიდან ტრეკებს რომ ვწერდი, მეგონა, რომ არ იყო დამთავრებული, თუმცა ხელს აღარ ვკიდებდი. მერე ცოტა ხანს შევეშვი და, როდესაც უკვე შორიდან შევხედე, მივხვდი, რომ რაღაც ფორმატში იჯდა, ოღონდ ისეთში, რომელსაც მე თავად არ ვიყავი ჯერ მიჩვეული. 

ნიკო ნერგაძე: ეს მუსიკა თავიდან ცოტა რთული, დასამუღამებელია, არა? არც რიტმი აქვს, არც მელოდია, არც ნაცნობი სტრუქტურა... 

თორნიკე მარგველაშვილი: მე მგონი ეს მუსიკა ვისაც მოწონს, აფასებს, რომ ის ძალიან ღიაა - რასაც ჩადებ, იმას ამოიღებ. ჩემთვის მაინც ატმოსფეროზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ეს მუსიკა ცოტათი ტემპის შენელებას მოითხოვს. დანიაში ერთხელ სემინარი გვქონდა ელიან რადიგის - დრონ ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერის შემოქმედებაზე. ჩემი აზრით, ძალიან გასაგებად მოგვაწოდეს ამ მუსიკის ერთ-ერთო არსი - რომ არის დროის განსაზღვრული მონაკვეთი, როდესაც ადამიანი ნელდები. ცხოვრების ტემპს ანელებ და დროის აღქმაც მთლიანად გეცვლება. ამის მერე მივხვდი, რომ მაგალითად, ერთსაათიანი ტრეკი დიდი არ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი რომ ამ მუსიკის  არსის აღქმა  სუბიექტურია.

ნიკო ნერგაძე: როგორც ჩანს, დანიაში სწავლამ ბევრი მოგცა. რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა - ლექციებმა თუ იქაურმა ატმოსფერომ თუ კიდევ რამემ?

თორნიკე მარგველაშვილი: იქ სწავლამ მართლა ბევრი რამ მომცა, მაგრამ ძალიან მიჭირს ხოლმე იმის ახსნა, თუ კონკრეტულად რა და როგორ მოხდა. როდესაც იქ ჩავედი, მეგობრები მეკითხებოდნენ ხოლმე, აბა - რა ისწავლეო და ვერასოდეს ვაყალიბებდი კონკრეტულ პასუხს იმ ფორმით, როგორის მოლოდინიც მათ ჰქონდათ. არადა, ყოველ კვირას მქონდა - „აი, თურმე რა ყოფილას“ მომენტი. არის რაღაცეები, რაზეც სულ ფიქრობ და არ იცი, როგორი ფორმა მისცე. მერე კი იქ დაინახავ ვიღაცის მიდგომას და უცებ თავში ყველაფერი გილაგდება. ამას ისიც აკეთებს, რომ იქ მუსიკისადმი ძალიან თავისუფალი მიდგომაა და არავინ გაიძულებს, რომ რამე ჩარჩოში ჩაჯდე და რამე კონკრეტული აკეთო. რა თქმა უნდა, არის საგნები, რაც აუცილებლად უნდა ისწავლო - ვთქვათ, აკუსტიკა - მაგრამ მაგის მიღმა სრული თავისუფლება გაქვს. ზოგი ტექნოს აკეთებს, ზოგი ინსტალაციებს, ზოგი პოპს. ეს ძალიან გეხმარება, რომ საკუთარი თავი იპოვო მუსიკაში და გაიგო, რისი კეთება გინდა. 

ნიკო ნერგაძე: მუსიკა, რომელსაც აკეთებ დასავლეთშიც ცოტა ნიშურად ითვლება. გიფიქრია იმაზე, თუ ვინ არის შენი მსმენელი, ვისთვის აკეთებ? თუ მთავარი მაინც კეთების პროცესია?

თორნიკე მარგველაშვილი: იცი, არა მაქვს მაინცდამაინც ჩამოყალიბებული, თუ ვინ უნდა იყოს მსმენელი - რომ აი ასეთი ტიპია და ასეთი არ არის. არც ის მგონია, რომ რადგან სპეციფიკური მუსიკაა, არ შეიძლება რომ მასობრივი იყოს ან პოპულარული არ იყოს. ვინ მოისმენს არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მსმენელი ეყოლება.

ინტერვიუ: ნიკო ნერგაძე

ფოტოები: სერა ძნელაძე