კულტურა

საბას რჩეული წიგნები 2017

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“

ოქტომბერი 04, 2017

Hello Blog

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია“

"წიგნიერების ევოლუცია"  მკითხველის სამოთხეა, აქ ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც კი მწერლებსა და წიგნებსეხება: აქილევსისა და ჰექტორის დაპირისპირებიდან დაწყებული მწერლებისა და მათი სატრფოების ამბებით დამთავრებული -ციხეში საკითხავი, ნობელმიღებული და ვერმიღებული, სასიყვარულო და ანტიტოტალიტარული დიდი წიგნები, ლიტერატურა, რომელიც მარადიულია და მაინც უკვდავებას ეძებს, ისევე, როგორც გმირი გილგამეში.  

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა“

„ლიტერატურა და ლიტერატურა“ ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური თემებით აკინძული წიგნია.

* ლიტერატურა, როგორც "მართლის თქმა“ (წერილები: "ვერაგობა და/თუ სიყვარული“, "პოეტები“ "და“ "პოეზია“);

* პოეტიკის ფილოსოფია ("კონვენციის აპოლოგია“, "ცვალებადი რაკურსი“, "ტექსტის გაგების თანამედროვე პრობლემები“);

* ლიტერატურა და სინამდვილე ("კრიტიკული ინსპირაცია“, 'მთლიანობის ალბათობა“); * ჟანრის სოციოლოგია ("რომანი და სინამდვილე“);

* წერა, როგორც ბაძვა, წერის იდენტობა ("სპარსული ამბის“ ენიგმა“; "წერა-მწერელის წერითა“).

საუკეთესო პროზაული კრებული - რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“

ამ წიგნში ყველა მოთხრობა სიყვარულზეა - დამალულ და ხმამაღალ, დავიწყებულ და გახსენებულ, დაკარგულ და ნაპოვნ სიყვარულზე, რომელიც ერთ დღეს შეიძლება ზღვის კენჭებიანი ქილასავით შემთხვევით აღმოაჩინო ბედნიერი და მზიანი დღეების სახსოვრად... კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება.

საუკეთესო ქართული თარგმანი - უმბერტო ეკო, „ფუკოს ქანქარა“, ხათუნა ცხადაძის თარგმანი

„ფუკოს ქანქარა” ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც, რომანის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, აჯადოებს მკითხველს. ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…

საუკეთესო დებიუტი - ბექა ახალაია, „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“ (ჟიურის რჩეული)

ბექა ახალაიას წიგნი მათთვისაა, ვისაც ნამდვილი პოეზია ენატრება. ან, სულაც, აინტერესებს – როგორია ის, ნამდვილი, თვითმყოფადი, ერთადერთი(ც) სამყარო. მდგომარეობა, სადაც ადამიანი თავის თავს ყველაზე ძნელი და მიუდგომელი შეკითხვებით განიცდის. კომპოზიციური სრულყოფილებით აწყობილი ეს კრებული ერთი გაბმული, მთლიანი ლიტურგიკული (საკრალური) ტექსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლექსები კი სიმღერებს გვანან, რომლებიც სამყაროს ყველა სტიქიის, კოსმოსის ცხადი თუ ხილული წესრიგის ზღვარზე ამჟღავნებენ ადამიანურ ბედისწერას.

საუკეთესო დებიუტი - ზურა აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ (მკითხველის რჩეული )

წარმოიდგინეთ, რომ წიგნი ფურცლებისგან შეკრული და ყდით დამშვენებული ნივთი კი არა - ქალაქია, ზღვისპირა ან არა, წვიმიანი, მზიანი, ფერად სახურავებიანი თუ დაჟანგულ ანჯამებიანი. ასეთი ქალაქია ზურა აბაშიძის მოთხრობათა კრებული "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი". ქალაქს თავისი ადამიანები ჰყავს, ხშირად უბედური, იშვიათად ბედნიერი ოჯახები, შეყვარებული და მარადმომლოდინე წყვილები, ქუჩის ძაღლები და შუაღამის გოგოები, შვილები და დედები, შურიანი და გულღია, გულწრფელი და გულჩახუთული ადამიანები. ქალაქს თავისი სათამაშოების მაღაზია აქვს, ეკლესიაც, "ავადმყოფების სახლიც", ქალაქში მოძრაობენ ავტობუსები, რომელთაგან ერთ-ერთში, ფანჯარასთან ამ წიგნის ავტორი ზის, ქალაქის გარშემო მოგზაურობს და ქალაქის ამბებს ყვება...

საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია“

ცოცხალია პოეზია XXI საუკუნეში? შეუძლია ისევ აგვაღელვოს, გვაფიქროს, გული შეგვიკუმშოს? თუ ტექნოლოგიების ეპოქამ ადგილი არ დაუტოვა მას? ვახტანგ ჯავახაძის "ელეგია და სხვა" ის წიგნია, რომელიც პოეზიის ძალას ხელახლა გვაგრძნობინებს, პოეტის გულწრფელ დარდს გაგვაზიარებინებს და დაკარგულ ადამიანებს ტკივილამდე მოგვანატრებს...

საუკეთესო პიესა - ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც ცისარტყელის მიღმა“

"ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია... მერე რა, თუ ამ ადამიანებიდან ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა... ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგები, დახვეწილი (ასე კარგად დავიწყებული) რომანტიზმი და საიდუმლო, რითაც ჩვენს დროში მომხდარი ერთი შეხვედრის ამბავიც მარადიულ საკითხავთა მწკრივში დგება – ასეთია ლაშა თაბუკაშვილის პიესა სადღაც, ცისარტყელას მიღმა.

საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“

ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით... რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან.

საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში“ 

"გაზაფხული მოდის ღამეში" საინტერესო, ოსტატი ავტორის-ანდრო ბუაჩიძის ლექსების კრებულია. პოეტური ფორმა მრავალფეროვანია, კონვენციური თუ თავისუფალი ლექსები პოეტის კითხვებსა და პასუხებს, შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს აერთიანებს. მეხსიერებაში გამკრთალი ლანდები, პოეზია, როგორც მარადიული, განუწყვეტელი მდინარება :

"პასუხებია თვითონ ტალღები

ამ მარადიულ მდინარისა

ბნელ ხიდქვეშ რომ ედინებიან. "

საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე...“

სიტყვა საშიშია - მან შეიძლება ჩვეულებრივი, მორცხვი მოზარდი დამნაშავედ აქციოს. სიტყვა მშვენიერია - შეგიძლია ქალს, რომელსაც თმა უფრიალებს და ნავს, რომელიც ტალღებზე გარწევს, ერთი სახელი დაარქვა. სიტყვა ტვირთია-ისეთივე მძიმე, როგორც არგაჩენილი ბავშვის სხეულის ნაწილები, სიტყვა სიფრიფანაა და ძვირფასი, როგორც დაკუჭული ქაღალდის ნაწილი,სადაც დაბადების დღეს გილოცავენ... სიტყვა საუკეთესო საშენი მასალაა კარგი მწერლის ხელში, სწორედ სიტყვები ქმნიან საინტერესო პროზას, სწორედ ისეთს, როგორიცაა ლუკა ბაქანიძის მოთხრობების კრებული "სად ხარ ლაზარე".

შეიძინე ელექტრონული წიგნები ონლაინ გვერდზე www.saba.com.ge