მუსიკა | ცა

"ლენინგრადი" , 17 ივნისს Tbilisi Open Air 2017-ზე

არიქა! “ლენინგრადი” 20 წლისაა! საიუბილეო გასტროლები მარტში დაიწყო და სულ მალე - 17 ივნისს, Tbilisi Open air-ზეც დაატრიალებენ ერთ ამბავს!

ივნისი 06, 2017

Hello Blog

არიქა! “ლენინგრადი” 20 წლისაა! საიუბილეო გასტროლები მარტში დაიწყო და სულ მალე - 17 ივნისს, Tbilisi Open air-ზეც დაატრიალებენ ერთ ამბავს!

ლენინგრადი” 1997 წელს, სანქტ-პეტერბურგში ჩამოყალიბდა. დაჯგუფებას (“Групировка” - ასე ურჩევნიათ), არანორმატიული ლექსიკით გაჯერებული სიმღერების გამო, თავიდანვე სკანდალური რეპუტაცია მოყვება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საკმაოდ მდიდარი დისკოგრაფიისა (უკვე 18 ალბომი) და საყოველთაო აღიარების მოპოვებაში. ასრულებენ ხან შანსონს, ხან სკას [რეგის წინამორბედი], სკა-პანკს, როკს, თუ ფოლკს და ყოველთვის ისეთი გადარეული, არქაული დრაივით, რომ ან თავს შეგაყვარებენ და ფერხულში ჩაგრთავენ, ან... უბრალოდ, გაცლას ამჯობინებ.

ფოტო © Valentin Monastirski

საინტერესო დროს გამოჩნდნენ ასპარეზზე. იმ დროს, თითქოს არც არავის ცხელოდა ადგილობრივი როკ-მუსიკისთვის. პოსტ-საბჭოურ სივრცეში, ისედაც საკმარისი როკი შემოედინებოდა ანგლო-ფრანკო-გერმანიკული სივრცეებიდან. თუმცა, შნუროვის (სერგეი შნუროვი - ჯგუფის უსტაბაში, ვოკალი, გიტარა) კლუბურმა არტ-პროექტმა იმდენად გაამართლა, რომ რამდენიმე წელიწადში “ლენინგრადი” ამ ვეებერთელა ქვეყნის მუსიკალური ბაზრის ერთ-ერთ მთავარ (თუ უმთავრესად არა) მოთამაშედ იქცა. თვითონ “შნურ”-ს დღემდე უკვირს, რა ლოგიკით მიაღწიეს ასეთ სიმაღლეებს! ისიც აღარ ახსოვს, “წლის მამაკაცად” მერამდენედ დაასახელეს! ფაქტია, რაც უფრო იზრდება ჯგუფის სტაჟი, მით უფრო იზრდება მათზე მოთხოვნილება, თან, იმდენსაც ახერხებენ, რომ ყოველი ახალი სიმღერა, ძველ ჰიტებზე მეტად პოპულარული ხდება; ყოველი ახალი ვიდეო კი დადებისთანავე ლამის ვირუსულად იქცევა.

არაერთხელ მოუწიათ ფორმის, შემადგენლობის, გავლენის სფეროების, შესრულებისა, თუ ჩაცმის სტილის გადახალისება, სანამ “ლენინგრადი”, როგორც ფენომენი, ისეთ უნივერსალურ გართობის საშუალებად ჩამოყალიბდებოდა, რომელსაც ფაქტიურად მსმენელის ნებისმიერი “მოთხოვნის” მიწოდება შეუძლია. იყო დრო, საერთოდაც აკრძალეს მათი გამოსვლები, თურმე, მოსკოვის მერს არ ეპიტნავებოდა კულტურის ასეთი სახით პროპაგანდირება. ორი წლის განმავლობაში, საერთოდაც არ არსებობდნენ. 2008-2010 წლებში, შნუროვი ახალ ჯგუფს, “რუბლ”-ს ხელმძღვანელობდა.

“2010 წელს, ერთის მხრივ, ჰიპსტერული მუსიკის უგმირო ტალღა ღელავდა, მეორეს მხრივ - ჰაერში სულისშემხუთავი შანსონი ეკიდა. ცოტა მოგვიანებით, წარმოიქმნა საეჭვო დიქოტომია (გაორება): შანსონის რუსეთი აიფონის რუსეთის წინააღმდეგ, და საჭირო გახდა ისეთი ადამიანის გამოჩენა, რომელიც მსგავს დიქოტომიას გაანეიტრალებდა... შნუროვის გარდა, ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებდა. „ლენინგრადი“ ისევე უეცრად დაბრუნდა, როგორ უეცრადაც გაქრა. შნუროვი ამტკიცებდა, რომ მისი დაბრუნების საიდუმლო წმინდა წყლის კომერცია იყო... აბსოლუტურად მკაფიოდ ჩამოყალიბდა და უკვე ხორციელდება გეგმა - „შნუროვი-2020“ - უპრინციპო, მაგრამ სამართლიანი გამდიდრება; იმიტომ რომ ჩვენ გარშემო შოუ ისედაც ყელამდეა, იმ დროს, როცა ბიზნესი საერთოდ არ არსებობს. „ლენინგრადმა“ კი მოახერხა ორივე გაგების - შოუს და ბიზნესის გაერთიანება!.. თან, ხომ ამბობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სრული „ზასტოია“, ესეიგი მუსიკაც შესაბამისი უნდა იყოს.” - ამონარიდები საიუბილეოდ გამოცემული წიგნიდან “ლენინგრადი - არაჩვეულებრივი და მართალი ისტორია” მაქსიმ სემელიაკის ავტორობით.

დღეისათვის, სერგეი შნუროვი 18 კაციან ბენდს ხელმძღვანელობს. მათ შორისაა, ორი ახალი ბეკ-ვოკალისტიც, რომელთაგან ერთი ჩვენებურიც გახლავთ - ფლორიდა ჭანტურია. შნურს მისი შესრულებული “Сумка” განსაკუთრებულად მოსწონს!

“ლენინგრად”-ელებმა, თითქოს, დღესასწაულობის განცდის პრივატიზება მოახდინეს. ეს მათი საფირმო ნიშანია, ხოლო აქტივი კი - ოდესღაც მორჯულებული და დღემდე შენარჩუნებული განწყობაა. შნუროვი ამ განწყობას “ესქატოლოგიურ აღტაცებას” [ესქატოლოგია - მოძღვრება საბოლოო დღეზე] უწოდებს, რასაც ასე ხსნის: “ლენინგრადი ერთგვარ ფუნქციას ასრულებს - იღებს რუსული უსასრულო უკმაყოფილების, რაღაცნაირი თვით-გვემის ენერგიას, გადაჰყავს დადებით ველში და გამოიმუშავებს ესქატოლოგიურ აღტაცებას... რაც იგივეა, რომ წარმოიდგინო ბირთვული სოკო, შენ წინ რომ იშლება და იმის მაგივრად, რომ შეგეშინდეს, ამ სანახაობას, თავისი განცდების სიმძაფრითა და მოქმედების ამპლიტუდით, არც მეტი, არც ნაკლები, აღტაცებაში მოჰყავხარ!”

მაშ ასე, ლენინგრადი 20 წლისაა! პეტერბურგის ბანდიტურ ცენტრიფუგაში წარმოქმნილი ჯგუფი, რომელიც თავიდან, თავის “ესქატოლოგიურ აღტაცებას”, ადგილობრივი ბოჰემის გასართობად, ისტორიული მოვლენების მიღმა აღნიშნავდა, ახლა უკვე ამ ისტორიის ლამის მომართვაშიც იღებს მონაწილეობას - სკაბრეზულად, ხატოვნად, “ვირუსულად”, შემოქმედებითად, თუ მოყვარეს რომ პირში უნდა უძრახო, აი, იმ პრინციპით. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრის ერთობლიობა მკვეთრად ამცირებს შემსრულებელსა და მსმენელ/მნახველს შორის დისტანციას და ამ ფენომენს, უკვე ლისის “საოცრებათა ქვეყნაში” კიდევ ერთხელ დავაკვირდებით.

პ.ს. სადღაც ამოვიკითხე, “ლენინგრადი” არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ბალღებისთვისო და რას იტყვით?

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი