მუსიკა | ცა

სევდალიზა, 16 ივნისს Tbilisi Open Air-ზე

16 ივნისს, ლისის “საოცრებათა ქვეყნის” მთავარ სცენაზე, Tbilisi Open Air წარმოგვიდგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ შემსრულებელს სევდა ალიზადეს, სასცენო სახელით - სევდალიზა. მისი მუსიკა ჰაეროვანი ვოკალისა და მძიმე ბასის კონტრასტია, ხოლო განწყობა - როგორც თავად ამბობს, სხვა სამყაროდან იმართება.

ივნისი 02, 2017

Hello Blog

16 ივნისს, ლისის “საოცრებათა ქვეყნის” მთავარ სცენაზე, Tbilisi Open Air წარმოგვიდგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ შემსრულებელს სევდა ალიზადეს, სასცენო სახელით - სევდალიზა. მისი მუსიკა ჰაეროვანი ვოკალისა და მძიმე ბასის კონტრასტია, ხოლო განწყობა - როგორც თავად ამბობს, სხვა სამყაროდან იმართება.

დაახლოებით, ნახევარი წლის წინ აღმომაჩენინა მეგობარმა. ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა სიმღერის პირველივე წამებიდან ექცევი შთაბეჭდილების ქვეშ. სევდას შემოქმედება, სპარსეთის ზღაპრებიდან მონაბერ ჰაერს ჰგავს, რომელიც გზად ქარიშხლად გადაიქცევა, მუსიკის ღია წყლებში მოემწყვდევა და იქიდან, ემოციების ტალღებად გადმოიღვრება. იმ დღესვე მოვუსმინე/ვუყურე ყველა სიმღერას, რამდენიმე ინტერვიუც ჩავიკითხე და ვეღარც ვხვდებოდი, რა უფრო მნუსხავდა - მისი მსჯელობა, სიმღერები, თუ ვიზუალი; ამ სამივე კომპონენტის ცვალებადი დინამიურობა, თუ მუდმივი მრავალფეროვნება.

სევდა ალიზადე თეირანში, პოეტებისა და მუსიკოსების ოჯახში დაბადებულა - შემდეგ ისე მოხდა, რომ ოჯახს სამშობლოს დატოვება და პოლიტიკური დევნილის სტატუსით ჰოლანდიაში გადასახლება მოუწია. უკვე 15 წლის ასაკში, დამოუკიდებლად ცხოვრობდა. საკუთარი ძალისხმევით საუნივერსიტეტო სტიპენდია და მაგისტრის წოდებაც მოუპოვებია, 4 ენასაც დაუფლებია და პარალელურად, ჰოლანდიის კალათბურთის ქალთა ეროვნულ ნაკრებში მე-13 ნომრადაც უთამაშია. 24 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ცხოვრება მთლიანად შეეცვალა და თავი შემოქმედებისთვის მიეძღვნა. ემიგრანტობამ, თავისუფლებისკენ სწრაფვამ, სპორტულმა დისციპლინამ, თუ უჩვეულო გარეგნობამ თავის წვლილი შეიტანა ახალი გზების გაკაფვაში და შედეგმაც არ დააყოვნა. ორიოდე წლის შემდეგ, ის მელომანების აკვიატებად იქცა.

at the RED BULL Music Academy

სანამ სევდალიზას დაიგულებ, ის ალბათ უკვე მორიგ მეტამორფოზას განიცდის. ამ დროის განმავლობაში (ჯერ 29 წლისაა), უკვე წარმოგვიდგა, როგორც მგრძნობიარე, სუსტი ქალი, რომელიც საკუთარი ძალებისა და ადგილის პოვნას ცდილობს [Merilin Monroe - 2015], როგორც - ორფეხა კენტავრი, რომელიც ადამიანებს ვუაერიზმში ამხელს [Human - 2016]; კასპიის ზღვის ქალთევზა, განწირული სხვათა განწირვისთვის [Sirens of the Caspian - 2014], სამგანზომილებიანი გამოსახულება [That Other Girl - 2015], საკუთარი ხელით შექმნილი სამყაროს მსხვერპლი რომ ხდება, ხან კი სულაც რამდენიმე პერსონაჟი ერთდროულად [The Valley - 2015; Amandine Insensible - 2017] - ფატალური, მოსიყვარულე, მზრუნველი, ბრძენი, გარყვნილი, სათნო, პროვოკატორი, მორჩილი, ფემინური, მასკულინური, დედა, შვილი. ქალის ნებისმიერი ვარიაცია სევდასთვის მისაღებია, როგორც მასალა საკუთარი იდენტობის შესასწავლად.

მის მუსიკას Portishead-ის და FKA Twig-ის შემოქმედებას ადარებენ - ჰაეროვანი, ალაგ-ალაგ გაბზარული ხმა, მინიმალისტურ ბიტებზე მორგებული მელოდიები, მგრძნობიარე და ელეგანტური, მაგრამ ამავე დროს, სწორხაზოვანი და ზოგჯერ, არც ისე მყუდრო, აგრესიული პულსირებით. თავად სევდალიზასთვის მუსიკა ერთი განზომილებაა, მხოლოდ ათასგვარი, ერთმანეთში გადახლართული გამოვლინებით.

ერთ-ერთი გამოვლინება არაჰუმანური პოლიტიკური კლიმატის საწინააღმდეგო პროტესტსაც ემსახურებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც დონალდ ტრამპმა 7 ქვეყნის (მათ შორის ირანის) მოქალაქეებს, აუკრძალა აშშ-ში შესვლა, სევდამ დაწერა, ჩაწერა და გამოუშვა „Bebin“ სულ რაღაც რამდენიმე დღეში. სიმღერა მთლიანად სპარსულია, ხოლო მისგან შემოსული თანხები „რასობრივი გადარჩევის მსხვერპლთა” დასახმარებლად გადაირიცხა.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სევდალიზამ ასეთ მოკლე დროში გამოაქვეყნა სიმღერა. როგორც წესი, ის რამდენიმე თვეს, ზოგჯერ კი წელსაც კი აცლის ნამუშევარს, სანამ ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენს. ამის უფლებას ისიც აძლევს, რომ არცერთ ლეიბლზე არ არის მიმაგრებული (გარდა საკუთარისა). სიმღერა, შეიძლება ერთ ამოსუნთქვაში დაიწეროს, მაგრამ სევდას მისი სრულყოფისთვის არც დრო ენანება და არც საკუთარი ძალები, რაშიც მისი დიდი ხნის მეგობარი, როტერდამელი პროდიუსერი Mucky [მაკი] ეხმარება.

26 აპრილს, სევდალიზამ, საკუთარ ლეიბლზე “Twisted Elegance”, გამოსცა პირველი ალბომი ISON. ამჟამად, ის სწორედ ამ ალბომს წარადგენს მსოფლიო გასტროლებზე, მათ შორის Tbilisi Open Air-ზეც. ალბომი სევდალიზას ბოლო 5 წლის განმავლობაში განცდილ ემოციებსა და ისტორიებს 16 სიმღერად აერთიანებს, როგორც თავად უწოდებს - 16 წარსულ ცხოვრებას. აქედან რამდენიმე, მსმენელისთვის უკვე კარგადაა ნაცნობი, მათ შორის - “Human” და “Amandine Insensible”.

მის შემოქმედებას, როგორც უშუალოდ მას, ყველა თავისებურად აღიქვამს. თავად წერს - “ის ვიქნები, ვინც შენ გინდა, რომ ვიყო”; თუმცა, ორი რამ აუცილებლად გაგვყვება მსმენელს ფესტივალიდან - შავ-გვრემანი “ქალთევზას” უჩვეულო ჟღერადობა და მის შესახებ კიდევ უფრო მეტის გაგების სურვილი.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი