მუსიკა | ცა

ANATHEMA, 16 ივნისს Tbilisi Open Air-ზე

“როცა საქმე ისეთ მუსიკას ეხება, რომელიც მართლა შეგიძლია შეიგრძნო, Anathema, მსფოლიოს სხვა ჯგუფებს რამდენიმე ქუჩით უსწრებს წინ” - KERRANG

მაისი 30, 2017

Hello Blog

“როცა საქმე ისეთ მუსიკას ეხება, რომელიც მართლა შეგიძლია შეიგრძნო, Anathema, მსფოლიოს სხვა ჯგუფებს რამდენიმე ქუჩით უსწრებს წინ” - KERRANG

Anathema -ს მელოდიური მძიმე მუსიკის პიონერადაც იცნობენ. მრავალი წელია, დიდი ბრიტანეთის როკ/მეტალ მიმდინარეობის წამყვან რიგებში დგას და ამ დროის მანძილზე, ანდერგრაუნდიდან მეინსტრიმამდე, არაერთ მუსიკალურ სტილში აწრთობდა საკუთარ ჟღერადობას. ჯგუფის წევრები დღემდე გაბედულად იკვლევენ მუსიკის ახალ ტერიტორიებსა და გრძნობების ჟღერადობაში გადმოთარგმნის ახალ გზებს.

დუმ/მეტალის ელემენტების უმეტესობა უკან ჩამოიტოვა და თანდათან პროგრესული როკის პლათფორმაზე შედგა, რაც განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში გამოიკვეთა.

ჯგუფი 1990 წელს, ლივერპულში დაიბადა. მათი მუსიკალური ხედვა უწყვეტად ვითარდებოდა, თუმცა ყოველთვის საწყისი მიზნის ერთგული რჩებოდნენ - შეექმნათ შინაარსიანი, მგრძნობიარე და გულახდილი მუსიკა. ყოველ ახალ ალბომთან ერთად, არღვევდნენ საზღვრებს და ქმნიდნენ უფრო მეტად კომპლექსურ და ემოციურ ატმოსფერულ ჟღერადობას.

ჯგუფის შემადგენლობა, ფაქტიურად, ორი ოჯახის ტანდემს წარმოადგენს. ესენი არიან, ძმები ვინსნეტ, დანი, ჯეიმი კავანები და მათი ბავშვობის მეგობრები, და-ძმა - ჯონ და ლიი დუგლასები. ლაინ-აფს ასრულებს პორტუგალიელი დანიელ კარდოსო, დასარტყამებზე.

გასულ ზამთარს, დაიწყეს ახალი, რიგით მე-11 ალბომის - The Optimist - ჩაწერა, რომლის გამოშვებაც 9 ივნისისთვის იგეგმება. ალბომი 2001 წლის გამოცემის - A Fine Day To Exit - კონცეფციას მიყვება. სწორედ ამ გამოცემის ყდაზე გამოსახული პერსონაჟი იქცა “ოპტიმისტის” შთაგონებად. როგორც ვინსენტი ამბობს, არავინ იცის რა დაემართა ამ ადამიანს, ახალი ცხოვრება დაიწყო, თუ შეეგუა ბედს... ახალი ალბომი სწორედ მისი ისტორიის მოყოლის/გაგრძელების მცდელობა იქნება. გამოცემის დასაანონსებლად, ბენდმა უკვე გამოაქვეყნა ერთ-ერთი კომპოზიცია Springfield.

Anathema -ს ყველა სიმღერას, თითქოს, საერთო სტრუქტურა აქვს - ფონად მარტივი, ექსპრესიული მელოდიური ხაზი, რომელიც უწყვეტად მეორდება; თანდათან იმატებს ჟღერადობის ახალ-ახალ ფენას, ჯერ კლავიშებით, შემდეგ ბასით, სინთეზატორით, დასარტყამებით... შემოდის ვოკალი და გიტარის კულმინაცია... ხმა უფრო და უფრო მძიმდება და დასასრულისკენ, უბრუნდება დასაწყისს...

ახალი კომპოზიციაც არაა გამონაკლისი. თბილისი ოფენ ეარის პირველ დღეს, Anathema -ს თაყვანისმცემლები The Optimist -ის სხვა “ისტორიებსაც” მოისმენენ და თავად განსჯიან.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო © “Anathema”