ლიტერატურა

სად არიან ქალები, ქალები სად არიან?

„საბა“

მარტი 15, 2019

ქართული ლიტერატურა ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან ქალ ავტორს იცნობს, ზოგიც მიივიწყა, ზოგიც დამალა, ზოგიც უბრალოდ არც არასდროს გახსენებია.მიზეზებზე სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს რვა მარტია, ქალთა საერთაშორისო დღე, ამ წერილში ვეცდებით რამდენიმე ცნობილი ან ნაკლებადცნობილი ქალი ავტორი გავიხსენოთ და გავცეთ პასუხი კითხვას, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე: „აბა, სად არიან ქალები ქართულ ლიტერატურაში?“

1. ბორენა დედოფალი

რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი, ჰრქუი რაჲ გაბრიელს: „ვარ უფლისა მჴევალი“,მაშინ ისტუმრე ქუეყნად მოუვალი, –დაემჴო ძალი, პირველვე სისხლდამთრვალი;ქალწულო, მიჴსენ ბორენა ჭირმრავალი!.. ეს იამბიკო მეთერთმეტე საუკუნის ავტორს – ბაგრატ მეოთხის მეუღლეს, ოვსთა მეფის ასულს, ბორენას ეკუთვნის. ეს პოეტური ტექსტი რითმიანი პოეზიის ერთ-ერთი პირველი ჩამოყალიბებული ნიმუშია, კორნელი კეკელიძის მტკიცებით, ლექსში რითმა ხალხური პოეზიის გავლენის შედეგია. ლექსის დახვეწილი მხატვრული ფორმა გვავარაუდებინებს, რომ საქმე გვაქვს გამოცდილ პოეტთან, რომლის სხვა პოეტურმა ტექსტებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

2. მანანა

მანანა ზედგინიძე მეთვრამეტე საუკუნის პოეტი და კალიგრაფია, რომლის ცნობილი ლექსი – „მანანასა და ციების გაბაასება“ ხალხურმა პოეზიამ შემოგვინახა. პოეტის გარდა, მანანა კალიგრაფიც იყო, მან ორჯერ გადაწერა „ვეფხისტყაოსანი“, ერთხელ საერო ცხოვრებაში, მეორედ კი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ. მისი პირველი ხელნაწერი მრავალი თვალსაზრისით არის საინტერესო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინაწერები, სადაც მანანა თავის მოსაზრებებს აყალიბებს რუსთველის პოემასთან დაკავშირებით, საკუთარ ცხოვრებისეულ დეტალებს ააშკარავებს საინტერესო პოეტური ფორმით. 

 

3. ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. გარდა მრავალმხრივი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა, საინტერესოა მისი დამოკიდებულება ქართულ ენასთან, როგორც კულტურულ მოვლენასთან, მისი მნიშვნელობის გააზრება და საკამათო, თუმცა უაღრესად საინტერესო მოსაზრებები ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით.იგი პუბლიცისტურ წერილებს წერდა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ქალთა განათლებასა და ქალთა უფლებებზე, აქტუალურ ლიტერატურულ თემებზე, საკუთარი პოზიციის დასაცავად ყოველთვის ერთვებოდა პოლემიკაში, რაც მთავარია, ყოველთვის ჰქონდა საკუთარი პოზიცია – 13 წლის ასაკში გათხოვილი ქალისათვის ეს ყველაფერი ცოტა რთული უნდა იყოს.

4. ელენე დარიანი

დისკუსია ელენე დარიანის ციკლის ლექსების შესახებ დიდი ხანია არ წყდება, ვინ იყო ამ ლექსების ავტორი, პაოლო იაშვილი თუ სხვა, მის ჩრდილს მიღმა დამალული პოეტი – ელენე ბაქრაძე, რომელიც თავის მოგონებაში წერს: „ლექსები ელენე დარიანის ფსევდონიმით ყველა ჩემია. როდესაც შალვა დემეტრაძე პაოლოს კრებულს ადგენდა, ამის შესახებ მოვახსენე. მან მიპასუხა, რადგან ერთობლივი ლიტერატურული მოღვაწეობაა, შესაძლებელია, მის კრებულში შევიდესო”.ელენე ბაქრაძე ცისფერყანწელების ორდენის წევრი, მათი მესაიდუმლე და მეგობარი, მეტიც – ნათლია იყო. როგორც მისი მონათხრობიდან ვიგებთ, სწორედ მას ეკუთვნოდა იდეა ჟურნალის სახელწოდებისა – „ცისფერი ყანწები”:დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის ლექსების კრებულში გამოქვეყნდა. ლიტერატურულმა საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. არ ვიცი, თქვენ რომელი მოსაზრებისა გჯერათ - პაოლოს ავტორობის თუ მის ჩრდილქვეშ, სხვა, ქალი ავტორის არსებობის, მაგრამ ეს ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იდუმალი ამბავია.

5. ნინო თარიშვილი

ეს ლექსი გახსოვთ? ჩემს ტოლებს ვიცი, რომ მზითვადარ მომცემენ ვეფხისტყაოსანს, არც წასაღებად დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს, არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად, არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე. ცაში ოთახი განათდება იაპონურად…ქართული პოეზიის მრავალ ანთოლოგიაში შეგხვედრიათ ალბათ, სოციალურ ქსელში კი მრავალ ლიტერატურულ გვერდზე ნახავთ - ძირითადად, უავტოროდ. ამ ლექსის ავტორი ნინო თარიშვილია, სამწუხაროა, რომ დრომ, საბჭოთა კულტურის თავიისებურებამ თუ ზოგადად, გაბედული და ცოტა ეპატაჟური ქალებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებამ, მკითხველისათვის თითქმის უცნობად დატოვა ეს შესანიშნავი პოეტი, ძალიან განათლებული და კულტურული პიროვონება, ვინც დასავლეთ ევროპისა თუ ძველბერძნული ლიტერატურის გარდა, პედაგოგიურ და ბავშვთა ფსიქოლოგიაზეც კითხულობდა ლექციებს და ნარკვევებს წერდა, მისი პოეტური ენა და მხატვრული ოსტატობა ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა (თუ არ აღმატებოდა) მისი მრავალი თანამედროვე პოეტის პოეტურ ხმას.

 

6. ქეთი ნიჟარაძე

1987 წელს მწერლისა და მთარგმნელის, ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“ გამოქვეყნდა, პროტესტით, გულწრფელობით, ტრაგიზმით აღსავსე წიგნი. ქალის პოზიციით, ქალის თვალით აღქმული სიმართლე, პროტესტი, ქალის პერსპექტივა, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას. 2000 წელს მწერალმა ქალმა თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა..მისი ნაწარმოებები უკვე ახალ, ოცდამეერთე საუკუნის მკითხველს ელიან.

ავტორი: „საბა"