მუსიკა | ცა

გია ყანჩელი - მეექვსე სიმფონია

"ეს არაა ტრადიციული ხერხებით შექმნილი ნაწარმოები... ეს სიმფონია პირველი ტაქტებიდანვე გიპყრობს..."

აპრილი 27, 2020

ავტორი: კახა თოლორდავა

ლაიფციგის გევანდჰაუსის ორკესტრს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. 1781 წლიდან დაწყებული, ეს ორკესტრი ლაიფციგში იმავე სახელწოდების დარბაზ/ებ/შია (მას სამჯერ მოუხდა ადგილმდებარეობის შეცვლა)  დამკვიდრებული და მთელი ამ ხნის განმავლობაში ორკესტრს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ხელმძღვანელები და დირიჟორები ედგნენ და უდგანან სათავეში, მათ შორის:  ფელიქს მენდელსონი, ფერდინანდ ჰილერი, კარლ რეინეკე, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კურტ მაზური, რიკარდო შაი და ანდრის ნელსონსი. კურტ მაზური (1927-2015) 26 წლის განმავლობაში დირიჟორობდა გევანდჰაუსის ორკესტრს (1970-1996) და როდესაც, 1981 წელს, ორკესტრი არსებობის 200 წლის აღსანიშნავად ემზადებოდა, სწორედ მაზურმა მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორებისთვის  შეეკვეთა ახალი ნაწარმოებები და ასე აღენიშნა ეს ღირშესანიშნავი თარიღი. 

იმ კომპოზიტორთა შორის, რომლებსაც მაზურის შეთავაზება დაეგზავნათ გია ყანჩელიც იყო. თავად კომპოზიტორის ვარაუდით, მაზურთან რეკომენდაცია მას ალფრედ შნიტკემ გაუწია. იმ დროისთვის ყანჩელის გვარი უკვე საკმაოდ კარგად იყო ცნობილი ლაიფციგელი მუსიკოსებისა და მუსიკის მოყვარულთათვის - მისი მეოთხე სიმფონია ჯერ კიდევ  1977 წელს შესრულდა იქ.  ვინაიდან იმ დროს მაზური ქალაქში არ იმყოფებოდა, შნიტკესთან საუბრის შემდეგ მან იმ საღამოს გაკეთებულ ჩანაწერს მოუსმინა და ასე ჩაეყარა საფუძველი ორი დიდი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და დირიჟორის,  მრავალწლიან მეგობრობას. 

კურტ მაზური

ფოტო: სებასტია უილნოუ

მოგვიანებით, მაზურის წინადადებითვე შეიქმნა „სევდა ნათელი,“ 2001 წელს კი, ყანჩელმა „ერგო“ მიუძღვნა მას...


„მაზური ნამდვილი რომანტიკოსია - იგონებდა ყანჩელი, - მძლავრი ემოციების მატარებელი ადამიანი, და ამავდროულად მკაცრი რაციონალისტიც. მისი მრავალწახნაგოვანი, მძლავრი ბუნება ღირსეულად ატარებს ეპოქების შამაკავშირებლის მძიმე ტვირთს. ურთიერთობაში ის არაჩვეულებრივად რბილი და ამავე დროს უკომპრომისოა. მის გარეგნობაშიც კი, საოცრად ეხამებიან ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები: მეზღვაურის გოლიათური აღნაგობა და მუსიკოსის საოცრად პლასტიკური, თბილის ხელები. მახსოვს, ერთხელ ნიუ-იორკში, „Farewell“-ის პრემიერაზე, კონცერტის მსვლელობის დროს, დარბაზში ჩახველების ხმა რომ გაისმა, მაზურმა ორტკესტრი გააჩერა, ნელა მიუტრიალდა დარბაზს, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა, სანამ სიჩუმე არ ჩამოწვა, მერე კი თავიდან დაიწყო ნაწარმოები... და, რა თქმა უნდა, დიდ დირიჟორთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაუვიწყარი შთაბეჭდილება: უნიკალური, 48 წამიანი სიჩუმე დარბაზში „სევდა ნათელის“ მსოფლიო პრემიერის შემდეგ. მიმაჩნია, რომ იმ ფასდაუდებელი გენერალური პაუზის ავტორი კურტ მაზური იყო!“ 

აი, მცირე ნაწილი იმ გამოხმაურებებისა, რაც მაზურის და გევანდჰაუსის ორკესტრის მიერ შესრულებულ მეექვსე სიმფონიის პრემიერას მოჰყვა ჯერ ლაიფციგში, მოგვიანებით კი უკვე სხვადასხვა შესრულებით ბერლინში, სოფიაში, ვარშავაში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში:


„ლაიფციგი უკვე დიდ ხანია არ დასწრებია პრემიერას, რომელსაც ისეთივე აპლოდისმენტებით შეხვდნენ, როგორც კლასიკურ ნაწარმოებს.., ...ეს არაა ტრადიციული ხერხებით შექმნილი ნაწარმოები... ეს სიმფონია პირველი ტაქტებიდანვე გიპყრობს...“  „მოხდა წარმოუდგენელი რამ! ყანჩელის მეექვსე სიმფონიის პირველი შესრულება იმდენად წარმატებული იყო, რომ შესვენებისას შეგეძლოთ ყური მოგეკრათ ასეთი წამოძახილებისთვის: „ამ წამსვე მოვუსმენდი კიდევ ერთხელ!“ „ნოვატორულია!“ და ა.შ.“  „მის მუსიკაში საოცრად ელასტიკურად ერთიანდება დრო, სივრცე და ენერგია.., მაგრამ ამ პარტიტურის ჭეშმარიტი ხიბლი ბგერის ფენომენის ისეთ სტიქიურ თამაშშია, რომელიც მსმენელში სულ ახალ-ახალი ბგერითი სიამოვნების წყურვილს იწვევს... მან უჩვეულოდ ორგანულად მოახერხა მუსიკაში, ისევე, როგორც ეს ცხოვრებაშია, საყოველთაოსა და ღრმად ინტიმურის ურღვევად დაკავშირება, სადაც უსაზღვროდ მდიდარი მუსიკალური მიკროკოსმი, მაკროკოსმის სიმბოლო ხდება.“ „ყანჩელი გაიძულებს უსმინო ყურადღებით და იფიქრო. ეს მუსიკა არ ცდილობს, რომ დაგიმორჩილოს, ან დაგიპყროს. ის სრულად ეძლევა მსმენელს... ის ზედმიწევნით ინდივიდუალურია და ამავდროულად თვინიერი. მას არ ანაღვლებს გარეგნული ბრწყინვალება, იმის მიუხედავადაც კი, რომ ყანჩელი შესანიშნავად ფლობს ინსტრუმენტირების ტექნიკას.“ „რადგან ეს მუსიკა გულს შეეხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გულიდან მოდის,“ „ესაა სიმფონია, რომელიც გიბრძანებს, რომ დადუმდე,“ „...ამ სიმფონიამ მეხსიერებიდან წაშალა ფესტივალზე („ვარშავის გაზაფხულზე“) მოსმენილი ნაწარმოების უმრავლესობა; უფრო მეტიც, მან სხვა მუსიკის მოსმენის სურვილიც კი მოუსპო მსმენელს...“ 

არსებობს მეექვსე სიმფონიის ორი რედაქცია - პირველი 1980 წელს შესრულდა თბილისში, ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით, მეორე რედაქცია კი ლაიფციგში, მაზურის დირიჟორობით. ამასთანავე, სიმფონიის ჩანაწერების დაძებნისას, ტყუილუბრალოდ გაირჯები, თუ ამ უკანასკნელის მიერ ჩანაწერილი დისკის ძებნას შეუდგები - მაზურისა და გევანდჰაუსის ორკესტრის მიერ შესრულებული სიმფონია დისკზე არ ჩაწერილა. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული, ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად ესადაგებოდა (როგორც ყოველთვის ჯანსუღ კახიძის შემთხვევაში) თავად კომპოზიტორის ხედვას და ალბათ სწორედ ამ ჩანაწერის მოსმენას ვურჩევდი მათ, ვინც პირველად უნდა მოიუსმინოს მეექვსე სიმფონიას. ყანჩელის სიმფონიებზე ამ ციკლის პირველ ტექსტში, მე აღვნიშნე, რომ მაქსიმალურად შევეცდებოდი მისი მუსიკის პირველი მოსმენისთვის აუცილებელი, ხელსაყრელი ვერბალური „ველის“ შექმნას მათთვის, ვინც მხოლოდ კომპოზიტორის კინოსა, თუ თეატრის მუსიკას იცნობს და სურვილი აქვს უფრო მეტი იცოდეს მის სიმფონიურ შემოქმედებაზე. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ შევახსენებ მათ იმას, რომ ყანჩელის (და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი კომპოზიტორის) სიმფონიური მუსიკის სმენას „გრძელ დისტანციებზე მოსიარულე“ მსმენელის ყურადღება და მოთმინება ესაჭიროება. 

ერთხელ, გივი ორჯონიკიძემ ყანჩელის სიმფონიური შემოქმედება მთაზე ასვლას შეადარა და ეს სწორი დაკვირვებაა, მაგრამ მსმენელმა ალბათ ისიც უნდა იცოდეს, რომ ყანჩელის შემთხვევაში „ერთი მთის უკან, მეორე იმართება, მერე მესამე“ ა.შ. და ალბათ ისიც, რომ „მთებში სეირნობა“ ყოველთვის უსაფრთხო არ არის. თუ „მთებში გასეირნების“ ალეგორიას მეექვსე სიმფონიას,  განსაკუთრებით კი ექსპოზიციას „მოვარგებთ,“ მაშინ შესაძლებელია, რომ ეს იყოს საკუთარი ძალების მოსინჯვა ხშირი შეჩერებებითა და სიჩუმეში ჩაყურადებით.  მეექვსე სიმფონიის პირველი ხუთი წუთი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საიდუმლოებით მოცული აკუსტიკური მოვლენაა ყანჩელის შემოქმედებაში. ეს საწყისი გარინდულობა და ყურისგდება ის მომენტია, როდესაც შენ, როგორც მსმენელს, უკვე გადაწყვეტილი გაქვს, რომ კიდევ უფრო შორს გინდა წახვიდე, ვინაიდან ასეთი სილამაზით მონუსხულს, სრულიად შეუძლებელია ეს რომ არ მოგინდეს, შეუძლებელია სურვილი არ გაგიჩნდეს გაიგო რაა ამ ზღვარს მიღმა და სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო და მომთხოვნი მოგზაურობაც. 

საერთოდ, ყანჩელთან ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე - საწყისი, მყიფე, სუსტი ბგერა, რომელიც სიმბოლურად უპირისპირდება ორკესტრს, რომელსაც სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული „აზრობრივი“ დატვირთვა აქვს. მეექვსეში ამ ფუნქციას ორი ალტის „ტემბრული რეფრენი“ იღებს თავის თავზე ( ცოცხლად შესრულებისას, კომპოზიტორის სურვილისამებრ, ორივე ინსტრუმენტის ხმა ორკესტრს მიღმა, კულისებიდან გაისმის), მაგრამ ორივე თითქოს „უარს ამბობს“ საკუთარ, ლამაზ, ალტისთვის დამახასიათებელ ბგერაზე, ლამის ჭიანურივით ჟღერს (ყანჩელს ეს ტექნიკური ელემენტიც მკაცრად ჰქონდა გათვლილი) და მათი დაკრული თემა რაღაცით  ქართული ფოლკლორული ნიმუშის უცნობ, თუ ბუნდოვნად ნაცნობ მოტივს მოგვაგონებს. მერე კი, უკვე თითქმის მესამე წუთზე, მუსიკაში ჩნდება სხვა ინსტრუმენტების (ფლეიტა, კლავესინი) მიერ ნაწყვეტ-ნაწყვეტად „წარმოთქმული,“ ყანჩელისეული გრძელი პაუზებით ერთმანეთისგან გამიჯნული, დაძაბული მოლოდინით და იდუმალებით სავსე მელოდიური ფრაზები, რომლებსაც ნელ-ნელა სრული ორკესტრის მიმართულებით მივყავართ, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს არ ვიცით. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თუ როგორ გაგრძელდება ამ პაუზების შემდეგ „თხრობა,“ იმდენად ძვალ-რბილში შემღწევად მომაჯადოებელია ეს ლამის „დეტექტიური“  ფიგურები, იმდენად მისტიკური, სიჩუმეში ჩასახული და სიჩუმიდან ამომავალი. ამ სიჩუმის, ამ პაუზების მნიშვნელობა კომპოზიტორისა და მისი მუსიკისთვის ჯანსუღ კახიძეზე კარგად ალბათ არც ერთმა სხვა დირიჟორმა არ იცოდა.  ამიტომაცაა მის მიერ შესრულებული მეექვსე სიმფონიის პაუზები ასეთი მრავლისმთქმელი და ასეთი მუსიკალური. „პაუზები არ უნდა წყვეტდნენ თხრობას - ამბობდა ყანჩელი, - პირიქით, ისინი უნდა აკავშირებდნენ... მათი დანიშნულება სწორედ ამაშია. თუ პაუზა მექანიკური არაა, ის მუდამ მუსიკის სასარგებლოდ მუშაობს... პაუზის დროს მუსიკა კი არ უნდა წყდებოდეს, არამედ თავად ეს პაუზა უნდა მოასწავებდეს მომდევნო მუსიკალურ ეპიზოდს.“  მეექვსე სიმფონიის სმენის დაწყებისას, მათ, ვინც ამ ნაწარმოების მეშვეობით პირველად უნდა შედგას ფეხი „ყანჩელის ტერიტორიაზე,“ ამის თუნდაც ზერელედ ცოდნა გამოსადეგი იქნება არა მარტო ამ სიმფონიის, არამედ მისი სხვა ნაწარმოებების სმენისასაც.  

მეექვსე სიმფონია ერთნაწილიანია, თუმცა სრულიად გამოკვეთილი ოთხი ფრაგმენტისგან (ან, სექციისგან) შედგება და თითოეულ ფრაგმენტს კვლავ და კვლავ პრელუდიის მედიტატიური, (შეიძლება ითქვას „ემბიენტურიც.“ ელექტრონული მუსიკის მოყვარულები მიმიხვდებიან) განწყობა განსაზღვრავს, რომელიც ერთდროულად ფუნდამენტურიცაა და ცვალებადიც: ფუნდამენტური იმიტომ, რომ მისი „ქროლვა“ იგრძნობა მაშინაც კი, როდესაც ის ორკესტრის (დასაწყისში „მორიდებული,“ შემდეგ კი სულ უფრო და უფრო აბობოქრებული) მძლავრ მარწუხებში ხვდება; ცვალებადი კი იმიტომ, რომ თითოეული ასეთი „შეტევის“ შემდეგ, ის თითქოს ცდილობს თავი მოუყაროს ყველაფერ იმას, რაც განადგურდა და აღარ არსებობს.  ის ცდილობს ბინა დაიდოს იქ, სადაც დაბინავება შეუძლებელია - სიცარიელეში, ან, თუ გნებავთ, „ნეგატიურ სივრცეში,“ რომელიც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, იმედის და ახალი სიცოცხლის გაჩენის ტერიტორიაა. შესაძლებელია სწორად ეს ტერიტორია იძლევა ნეგატიურის პოზიტიურად გარდაქმის შენსს (ყანჩელის მუსიკაში ეს მის ნებისმიერ ნაწარმოებში იგრძნობა) როგორც, მაგალითად, ე.წ. „ზონა“ ანდრეი ტარკოვსკის „სტალკერში,“ მარადცვალებადი ტერიტორია, რომელშიც სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი ხვდება. მათი ინტელექტუალური, თუ ემოციური სპექტრი რაციონალურს, ცინიკურსა და მიამიტს შორის მერყეობს და სწორად მათ შორის მიმოქცეული ენერგიაა ის  ველი, რაც ფილმის ბოლომდე (და მისი დასრულების შემდეგაც) მყარ ნიადაგზე მახვედრის საშუალებას არ აძლევს მაყურებელს. დაახლოებით იგივე შეგრძნება შეიძლება დარჩეს მსმენელსაც მეექვსე სიმფონიის პირველად (მეორედ, მესამედ, მეოთხედ...) მოსმენის შემდეგ, მაგრამ ამ მუსიკის კიდევ ერთი უცნაური თვისება ისაა, რომ მის მიერ შექმილი სივრციდან გამოსვლის შემდეგ გაათმაგებულია შენი გრძნობების სიმძაფრე და სოწრედ ამიტომაც გიჩნდება იმავე ტერიტორიაზე უკან დაბრუნების სურვილი იმ იმედით, რომ „ახალი სენსორული შესაძლებლობებით“ არღჭურვილს, შესაძლებელია უფრო მეტის „გამოტანის“ საშუალება მოგეცეს იქიდან.  ალფრედ შნიტკე, თანამედროვეობის კიდევ ერთი დიდ კომპოზიტორი, ლაიფციგის პრემიერისთვის განკუთვნილ ანოტაციაში ასე წერდა მეექვსე სიმფონიაზე: „...ორი ალტის ტემბრული რეფრენი კონტრასტული ეპიზოდების მთელ ჯაჭვს აერთიანებს. სიცოცხლის მთრთოლვარე, წყვეტილი სუნთქვა, დაძაბული ფიქრი, მოულოდნელი კრუნჩხვა, ტრაგიკული სამგლოვიარო სვლა, ამოუცნობი ბოროტი ძალის შემოტევები, ლირიკული გასხივოსნება, გააფთრებული ძალადობა, მორჩილების ამაყი სტოიციზმი - ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ნელ-ნელა იშლება (ზოგჯერ ერთდროულადაც...) და ჩვენ არ ვიცით სად და როდის მოხდა ეს მოვლენები, რომლებსაც საუკუნეები აშორებთ ერთმანეთს, და რომლებიც არ მოგვეცემა ამომწურავი სისრულით, უფრო წყვეტილი ფრაგმენტულობით (ისევე, როგორც მიედინება ცხოვრება). ჩვენ არ შეგვიძლია ამ სამყაროს რეალობას რომ არ ვენდოთ, რომელიც თავის მშვენიერი „უფორმობით“ იხსნება ჩვენთვის და ჩვენც გვსურს კიდევ ერთხელ შევაბიჯოთ მასში და გავიგოთ, თუ რას ვერ მივხვდით პირველ ჯერზე, ბოლომდე მოვუსმინოთ იმას, რასაც მაშინ ვერ მოვკარით ყური...“  

„რადგან ეს მუსიკა გულს შეეხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ის გულიდან მოდის,“ –  ჩემთვის უცნობი გერმანელი მუსიკის კრიტიკოსის ეს ფრაზა, რომელიც ზემოთ მოვიყვანე, ფრაზა, რომელსაც პათეტიკური ელფერი გადაჰკრავს და შესაძლებელია ბევრი გამოცდილი მუსიკის მოყვარულისთვის (განსაკუთრებით კი მუსიკოსისთვის) მიუღებელი იყოს, უცნაურად სისხლსავსე აქტუალუროობას ინარჩუნებს ყანჩელის მუსიკასთან, განსაკუთრებით კი მეექვსე სიმფონიასთან მიმართებაში. ამ მოვლენის ახსნას ბევრი ცდილობდა და ცდილობს, ცვალებადი წარმატებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ სხვანაირად ამ მუსიკის (და, ამ სიმფონიის) სმენა ალბათ შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით, მეექვსე სიმფონია შეიძლება ყველაზე „სწორი“ დასაწყისი იყოს ყანჩელის სიმფონიური მუსიკის გაცნობის მსურველთათვის, რადგან ამ ნაწარმოებში თავმოყრილია ყველაფერი ის, და იმ სახით, რაც შესაძლებელია (შესაძლებელია და არა ფაქტი!) გამოუცდელმა ყურმა ვერ აღიქვას წინა სიმფონიების შემთხვევაში. კომპოზიტორს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მეექვსე მისი უკანასკნელი სიმფონია იქნებოდა (მასზე მუშაობისას მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ კიდევ ერთის, ამჯერად უკვე უკანასკნელის, შექმნა მოუწევდა) და იმის მიუხედავად, რომ ყანჩელი, ყველაფერ დანარჩენთან ერთად, აქაც სივრცის, დროის, სიჩუმის და გამომხატველობითი სისადავის „პრობლემით“ იყო დაკავებული, მაინც, მეექვსე სიმფონია, საორკესტრო ქსოვილის სრულიად განსაცვიფრებელი დაძაბულობით, ცალკე სამყარო და ჩემი აზრით საუკეთესო კარია მის სიმფონიურ მუსიკაში პირველად შესაბიჯებლად. „ის ტრადიციონალისტი არასდროს ყოფილა - წერდა ყანჩელზე მუსიკისმცოდნე ლევ გინსბურგი, - ...ის ყოველთვის ხარბად ისრუტავდა ახალ კომპოზიტორულ ხერხებს, მაგრამ, ამავე დროს, ის არასდროს გამხდარა ამ ხერხების მონა და მეხოტბე. ამან, გარკვეულწილად, განაპირობა მისი მუსიკის ემოციურად მდიდარი და მაღალი სილამაზისკენ მიმართული ხასიათი იმ დროსაც კი, როდესაც ყველა გატაცებული იყო ნაძალადევად გათვლილი კონსტრუქციებით. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აზრით ყანჩელი პოსტმოდერნისტი იყო პოსტმოდერნიზმის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე...“