მაისი 19, 2025
მაშინ, როცა სკოლის ზარი ბოლოჯერ დარეკავს, გახსოვდეს - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს
ცხოვრების ახალ ეტაპზე, ამ ძალიან საინტერესო მოგზაურობაში, არასოდეს დაივიწყო, რომ ერთი გზის დასასრული, ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია.
დღეს, იმ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სკოლის პირველი დღიდან იწყება. იწყება ძალიან ჩუმად, მაგრამ თან ძალიან ხმაურიანად, ძალიან დამოუკიდებლად და თან ყველაზე ბავშურად. მეტიც, დაიწყო მაშინ, პირველად, რომ წახვედი სკოლაში მარტო და გზად საკუთარ ნაბიჯებს ზედმიწევნით ზუსტად ითვლიდი. ან კიდევ მაშინ, სკოლის კიბის საფეხურებზე ზურგჩანთით გადახტომა შენი პირველი გამარჯვება რომ გეგონა. და იქნებ მაშინაც, ფერადი ფანქრების საგულდაგულოდ შეგროვებული კოლექციით, ამქვეყნად ყველაფრის დახატვა, რომ შესაძლებელი გეგონა.
მოგონებებმა, როცა დაიჯერე, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მოგიყვანა ბოლო ზარის დღემდე, რომელიც, ალბათ, ერთ დროს ძალიან შორსაც კი ჩანდა.
ეს ის დღეა, როცა სკოლის ზარი ბოლოჯერ დარეკავს, როცა მოგონებათა ფაზლი საბოლოოდ აეწყობა და გამთლიანდება. ეს წამი დიდებულია თავისი ემოციების კონტრასტით: სიხარულითა და მელანქოლიით, აღტაცებითა და ღელვით, სილაღითა და შფოთვით…
ბოლო ზარი პირველი დიდი მომენტია ცხოვრებაში, პირველი დიდი დამშვიდობება, როდესაც ცხოვრების აქამდე ყველაზე ნაცნობ კარს გამოიხურავ და გაიხსენებ ყოველ იმ მომენტს, რომელიც ამ კარის მიღმა დატოვე. ახლა, ახალ სამყაროში გადადიხარ, სადაც ბევრი კითხვის პასუხი ჯერ კიდევ მოსაძებნია, ყოველი კიბე ახლიდან ასავლელი და, როგორც ბავშვობაში, ზოგჯერ - გაბედულად გადასახტომიც. ამიტომ არის, რომ სკოლაში ბოლოჯერ მისულს, როდესაც გული გამალებით გიცემს, ძალიან ბუნებრივი შიში და სიახლეებით გამოწვეული დაბნეულობა გაგაცნობს თავს.
თუმცა, ამ დროს, აუცილებლად უნდა გაიხსენო, რომ სწორედ ახლა იწყება ცხოვრების ყველაზე დიდი ამბავი, რომელიც შენ უნდა შექმნა და შენვე გააგრძელო.
და ბოლოს, ცხოვრების ახალ ეტაპზე, ამ ძალიან საინტერესო მოგზაურობაში, არასოდეს დაივიწყო, რომ ერთი გზის დასასრული, ყოველთვის რაღაც ახალის დასაწყისია და საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელსაც შეგაძლებინებს, რადგან - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს.
ავტორი: ელენე გოგიაშვილი
ფოტო: ნატა ქანთარია