სეზონის რჩეული მუსიკა

Tsa.Music

სექტემბერი 11, 2020

Tenderlonious - Quarantena

ლონდონელი მუსიკოსი, ფლეიტისტი, ლეიბლი 22a-ს დამფუძნებელი და ქალაქის ჯაზ სცენის ახალგაზრდობის მაცოცხლებელი Tenderlonious-მა ახალი ალბომი გამოუშვა, რომელიც კარანტინის პერიოდში შეიქმნა და სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებითაა ინსპირირებული. ალბომში ადვილად შეხვდებით როგორც ჯაზს, ასევე ელექტრონულ მუსიკას. ჰიპ-ჰოპსა და broken beat-ს.

Jörgen Kjellgren - Invincible Summer

ეს ალბომი სტოკჰოლმელ ემბიენთ მუსიკოსს ეკუთვნის, რომელიც საკუთარ ცოლს და ოჯახს მიუძღვნა. ალბომი იმ მოგონებებითაა ნაკარნახევი, რომელიც მუსიკოსმა ამ ზაფხულს, შვედეთსა და სამხრეთ ევროპაში მოგზაურობის პერიოდში შეაგროვა, თავად ალბომის სათაური კი ალბერტ კამიუს ეკუთვნის.

Nubya Garcia – Source

ახალგაზრდა ლონდონელი საქსაფონისტის სადებიუტო ალბომი, სადაც აქტიურად ჩანს ჯაზთან ერთად სხვადასხვა აფროამერიკული სტილის, მათ შორის დაბისა და რეგის გავლენაც. იგი დღეისთვის ლონდონის მუსიკალური სცენის ერთ-ერთ პერსპექტიულ სახედ მოიაზრება.

Shackleton & Zimpel – Primal Forms

ბრიტანული ელექტრონული მუსიკისა და შავბნელი დაბსტეპის ლეგიონის გენერალი, სემ შაქლეტონი ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად იყო. ამ ჯერადაც იგი პოლონელ საქსაფონისტთან ვიასლავ ზიმპელთან ერთად სამ გრძელ, სპირიტუალურობით დატვირთულ კომპოზიციას გვთავაზობს, სადაც ძირითადად ქაოტური, მოუხელთებელი თავისუფალი ჯაზის სული ტრიალებს, ალბომი როგორც მუსიკოსები აცხადებენ ძლიერი ინტროსპექტული პროცესისთვის არის განკუთვნილი. 

Nas's - King's Disease

უკვე 25 წელზე მეტია რაც ნასირ ჯონსი ამერიკული ჰიპ-ჰოპ სცენაზე შეუცვლელ, აქტიურ პერსონად რჩება. მისი ახალი ალბომიც ამის დასტურია. Hit-Boy-ს პროდიუსერობით შექმნილი King's Disease ბუმ ბეფის ეპოქაში გვაბრუნებს, აქვეა აფროამერიკული კომუნის სიყვარულითა და სიამაყით შექმნილი მომავალი ჰიტი, “Ultra Black”, კოლაბორაციები Anderson .Paak-თან და დიდი ხნის მეგობართან AZ-სთან.

Less Bells - Mourning Jewelry

ამერიკელი კომპოზიტორი და ვიოლინისტი ჯული კარპენტერი ახალ ალბომში, რომელიც ცნობილ Kranky Records-ზე გამოვიდა სულისშემძვრელ ემბიენთ მუსიკას გვთავაზობს, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვით მოგვრილი ემოციების ნაკადითაა შექმნილი. მწუხარებისგან ამოსული მსგავსი სილამაზე მუსიკაში ახალი სულაც არ არის, ამას კი კომპოზიტორის ინდივიდუალური სინემატიკური განწყობა და დახვეწილობის ზუსტი მიგნება ემატება და საბოლოო ჯამში აგვისტოს თვის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომს ვიღებთ.

The Microphones - Microphones in 2020

ამერიკული ალტერნატიული როკის მივიწყებული, თუმცა მაინც არ დასავიწყებელი პროექტი The Microphones ახალი ალბომით უბრუნდება სცენას, ეს კი პროექტის მთავარი როლის შემსრულებლის და იდეის ავტორის, ფილ ელვერუმის უეცარ დაბრუნებასთან არის დაკავშირებული, რომელმაც 17 წლის შემდეგ პროექტი ზარდახშიდან ამოიღო და გააცოცხლა. 44 წუთიან ალბომს თან ვიზუალური ვიდეო ფონიც მოაყოლა, რომელიც 800 მდე ფოტოსგან შედგება და თემატურად გასდევს ალბომის ლირიულ მხარეს.

Marcos Valle, Ali Shaheed Muhammad and Adrian Younge - Marcos Valle JID003

Jazz is Dead ადრიან იანგისა და A Tribe Called Quest-ის პროდიუსერის, ალი შაჰიდ მუჰამედის შარშან დაფუძნებული ლეიბლია, სადაც ისინი ჯაზ მუსიკის წარსულს, თანამედროვე მსმენელისთვის აცოცხლებენ. პროექტის ფარგლებში გამოვიდა უკვე ალბომები Roy Ayers-ისა და ბრაზილიური Azymuth-ის მონაწილეობით. ამჯერად პროდიუსერები ისევ სამხრეთ ამერიკაში ჩარჩნენე და რიოს გიგანტი, მარკოს ვალე ჩართეს საქმეში. ალბომი ვალესთვის დამახასიათებელი მღერის სტილითა და ვოკალიზით გარეჯერებული მელოდიური ტალღებისგან შედგება, რომელზეც გაცურვა და სერფინგი თქვენთვის მოგვინდია.

Vex Ruffin - LiteAce Frequency

Vex Ruffin კალიფორნიული Stones Throw ლეიბლის ოჯახის წევრია აგერ უკვე 10 წელია. როდესაც იგი ბავშვობაში ფილიპინებში გადავიდა საცხოვრებლად, ადგილობრივებისთვის Toyota LiteAce ერთ-ერთი პოპულარული ავტომობილი იყო. ახალი სწორედ ბავშვების მოგონებებს და ამ გამორჩეულ მანქანით მოგზაურობას ეძღვნება. ალბომის მუსიკალურ მხარეს მუსიკოსი ჰიპ-ჰოპით, ფანკითა და ფსიქოდელიით კვებავს. LiteAce Frequency - ეს არის ის სიხშირე რომელიც სწორი გზით წაგიყვანს ცხოვრებაში - პოზიტიური სიხშირე, სავსე სილაღითა და ნათელი დღეებით. 

Jaga Jazzist – Pyramid

ნორვეგიული ბენდი Jaga Jazzist პირველად Ninja Tune-ის კატალოგიდან გავიცანი. 90/00-ის საზღვრებზე ისინი ეგზომ საინტერესო მუსიკალურ სამკუთხეს ქმნიდნენ ჯაზის, ელექტრონიკისა და ფიუჟენის მისადგომებთან. ახალ ალბომში კი ამ სიას ფსიქოდელია და პოსტ-როკი ემატება, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ 4 კომპოზიციისგან შედგება, მათი ხანგრძლივობა საშუალებას გვაძლევს რომ დაკვირვებით მოვუსმინოთ ჯგუფის მუსიკალურ ტრანსფორმაციას.

The Killers — Imploding the Mirage

ბრენდონ ფლაუერსის მეთაურობით The Killers აგრძელებს ჩვენი გულებში დასადგურებას. იმ დეკადაში სადაც მსგავსი მასშტაბის როკ ჰიმნები იშვიათად იქმნება, ალბომის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება. “Sometimes it takes a little courage and doubt/To push your boundaries out beyond your imaginings.”

The Gaslamp Killer - Heart Math

4 წლიანი პაუზის შემდეგ, ლოს ანჯელესის finest Gaslamp Killer ახალი ალბომით ბრუნდება. ცნობილი ინსტრუმენტალური ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი და DJ-ისთვის ეს პერიოდი საკუთარი თავის პოვნისთვის აუცილებელი აღმოჩნდა, ამაში კი მას რა თქმა უნდა მუსიკა დაეხმარა. ახალი ალბომიც კათარზისის მაგვარია - მუსიკოსისათვის დამახასიათებელი შედარებით ქაოტური და ბნელი რიტმები, ხშირად მოწვეული მუსიკოსების ინსტრუმენტალური პასაჟებითაა დაბალანსებული, საბოლოოდ კი თავისამხდელი ფსიქოლედიური ვოიაჟი იკვეთება.

Kelly Lee Owens - Inner Song

ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი კელი ლი ოუენსს ხშირად ტექნო-პოპის პრინცესად მოიხსენიებენ. ახალ ალბომში ის ის სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის. 10 კომპოზიციისგან შემდგარ რელიზში იგი ცხოვრების ყველაზე რთულ 3 წელს აჯამებს და შავბნელი ადგილებიდან გვესაუბრება, საიდანაც თავის დაღწევა სამყაროს მარტივი სილამაზის აღქმნიდან იწყება. ალბომის ერთ-ერთ კომპოზიციაზე კი მას სტუმრად ლეგენდარული The Velvet Underground-ის ჯონ კეილი ჰყავს მოწვეული.

Christian Scott aTunde Adjuah - Axiom

გრემიზე ნომინირებული მესაყვირის, კრისტიან სკოტის ახალ ალბომი, მისი კონცერტის ჩანაწერია, რომელიც ამავე წლის მარტში, პანდემიამდე ნიუ იორკის Blue Note ჯაზ კლუბში ჩაიწერა. ალბომი აგრძელებს მუსიკოსის აფროფუტურისტულ გზას, სადაც იმპროვიზაცია დომინირებს. „დიდი განსხვავებაა მოსმენასა და გაგონებას შორის, ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ბენდის მუსიკა მოგასმენინოთ და თვითრეფლექსიის მორევში გადავაგდოთ თქვენი ცნობიერება“- აცხადებს მუსიკოსი.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი