თებერვალი 07, 2022
ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ასურეთში, ინდოეთსა და შუმერულ ცივილიზაციაში, მოგვიანებით კი - საბერძნეთსა და რომის იმპერიაში ბანკის ფუნქციებს ტაძრები ითავსებდნენ. ისინი გასცემდნენ სესხებს, ინახავდნენ „ანაბრებს“ და ცვლიდნენ ფულს. ტაძრები უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა და მოვაჭრეები მათ ფულს ანდობდნენ. საუკუნეების შემდეგ ჯერ სახელმწიფოზე დაქვემდებარებული, შემდეგ კი დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუტები ჩამოყალიბდნენ და ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყეს დაზოგილი ფულის ბანკებისთვის მინდობა.
თანამედროვე სამყაროში ფული უფრო და უფრო „ციფრულდება“ — რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, ნაღდი ფულის თან ტარება ან მუთაქაში შენახვა მით ნაკლებადაა საჭირო და სასურველი. ელექტრონული გადახდების ეპოქაში განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების დიდი ნაწილი გადასულია ონლაინგადახდებზე, შესაბამისად, ისინი აღარ ინახავენ ფულს სახლში, არამედ მას საბანკო ანგარიშებზე დებენ. ამას ორი მთავარი უპირატესობა აქვს – ფინანსური სარგებელი და უსაფრთხოება.
ჩვენ ამ ბლოგში „საზოგადოება და ბანკების“დამფუძნებელთან, გიორგი კეპულაძესთან ერთად, ფულის დაზოგვაზე მოგითხრობთ და ერთ-ერთ მთავარ საბანკო აქტივსა და პროდუქტზე — ანაბარზე გაგიზიარებთ რჩევებს.
ანაბრის ტიპები
ანაბარი ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ანაბარს სხვაგვარად დეპოზიტსაც უწოდებენ. მისი რამდენიმე სახეობა არსებობს — ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბარი.
გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ვადიანი ანაბარი ბანკში გარკვეული პერიოდით განთავსებული თანხაა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ფულს არც ვამატებთ და არც ვაკლებთ. სარგებლის მიღება კი ანაბრის გახსნისთანავე, დასრულების შემდეგ ან ყოველთვიურადაა შესაძლებელი. საპროცენტო განაკვეთები კი იმის მიხედვით განსხვავდება, როდის ვიღებთ სარგებელს. ამასთან, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალია, ვიდრე სხვა სახის დეპოზიტებზე. იგი, საშუალოდ, 3-დან 24 თვემდე ვადით იხსნება.
ზრდად, იგივე შეგროვებად ანაბარს, შესაძლოა თანხა ყოველთვიურად დავამატოთ.
„პირობითად, შეგვიძლია გავხსნათ იგი ახალი წლიდან, დავიწყოთ თუნდაც ასი ლარით, დავამატოთ თანხა ყოველთვიურად და შევაგროვოთ სასურველი ოდენობის ფული, მაგალითად, ზაფხულამდე, დასვენებისთვის. ამასთან, შეგვიძლია საგადახდო დავალება ჩავრთოთ ონლაინ ან მობაილბანკით და სასურველი თანხა ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრას, რომელიც შეგროვებად ანაბარს დაემატება“
— განმარტავს გიორგი.
მისი თქმით, ზრდადი ანაბრის შემთხვევაში, ბანკები ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობას და პერიოდულობასაც განსაზღვრავენ ხოლმე, საპროცენტო განაკვეთი კი მოცემულ ვადაში იმის მიხედვით განისაზღვრება, რა თანხა დაგროვდება ბოლოს.
„ამ ტიპის ანაბარს მიეკუთვნება, მაგალითად, საბავშვო ანაბარი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან პოპულარული და კარგი პროდუქტია. მისი მეშვეობით შეგვიძლია, პირობითად, შვილის სრულწლოვანებამდე ან კონკრეტულ თარიღამდე შევაგროვოთ თანხა და იგი სწავლისთვის ან სხვა საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ“,
— აღნიშნავს გიორგი.
მესამე ტიპი კი - მოთხოვნამდე, იგივე შემნახველი ანაბარია, რომელიც მიმდინარე ანგარიშის მსგავსი უვადო სახის დეპოზიტია. ასეთი ანაბრის შემთხვევაში თანხა გვიდევს ანგარიშზე, შესაძლებელია სასურველ დროს მისი ნაწილის გამოტანა, ხოლო ანაბარი და მასზე სარგებლის დარიცხვა გრძელდება. თანხის გატანის შემთხვევაში ვიხდით განაღდების გარკვეულ საკომისიოს, ზოგჯერ კი - გამოტანა უფასოა. შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია, ვიდრე სხვა ტიპის ანაბრებზე, რადგან ის მოქნილია და თანხის სასურველ დროს გამოტანის და შეტანის საშუალებას იძლევა.