თაობა

სალომე ჯოხაძის სოლო გამოფენა

სექტემბერი 27, 2022

დიდი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ და ორთვიანი ბოდიალის შემდეგ, ჩამოსვლის მეორე დღესვე მონატრებულ ქალაქში, ამაღლების ქუჩაზე გადავწყვიტე ,,გალერეა 4710”-ში გამოფენაზე წასვლა.

სანამ სალომე ჯოხაძის პოლიმედიუმურ სოლო გამოფენაზე აღმოვჩნდებოდი, უკვე მისი სახელწოდებით ვიყავი მოხიბლული: „იმედია სწორად ვსუნთქავ“. ასეთი ინტიმური წინადადება, რომელშიც იმედი და შიში ერთდროულად იკითხება, ჩემთვის ძალიან სენსიტიური აღმოჩნდა, შემაჟრიალა და ცხოვრების მინიმუმ ბოლო პერიოდს გადავავლე თვალი. მეც ხშირად ვიიმედებ თავს, რომ მგონი სწორად ვცხოვრობ, თითქოს ჩემს თავს ვენდობი, მაგრამ “სწორია-არასწორიას” დიქოტომიამ დამღალა.

სალომე ჯოხაძის სამყაროს მანამდეც ვიცნობდი და მისი სკრუპულოზური, მულტიპლიკაციური, ფანტასმაგორიული პერსონაჟები, დამწვარი ქაღალდების იმიტაციები, ანიმეური გამოსახულებები, გამჭვირვალე პლასტიკზე ამოქარგული ყვავილები, პეპლები, ტორტები, წვეტებიანი კერამიკული ინსტლაციები, ქართული სატირული სუფრები, ნაივური ყაჯარული პორტრეტი, დინამიური, მრავალფეროვანი თემებით გაჯერებული შრომატევადი ნამუშევრები ყოველთვის მომწონდა, მის ხელწერას ვამჩნევდი და ეს ინდივიდუალიზმი მიხაროდა, შესაბამისად ექსპოზიცია ძალიან მაინტერესებდა.


საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია კოლაჟები, კერამიკის და რკინის კონსტრუქციის ობიექტები, გრაფიკა, ნაქარგები, რაც თავისთავად უკვე უნიკალურობას, ცნობისმოყვარეობას და მრავალფეროვნებას განაპირობებს. ყველა ნამუშევარი თითქოს თვითმყოფადია, თუმცა მათში განმეორებადი ფიგურები, ფორმები, ტექნიკა და სიმბოლები პატარა მჭიდროდ დაკავშირებულ სამყაროს ქმნის, რასაც არტისტის ამჟამინდელ განცდებსა და აღმოჩენებთან მივყავართ.


ჩემთვის შთამბეჭდავ ორ ნამუშევარს გამოვარჩევ:


პირველი, დიდი ზომის, მთელ კედელზე გამოფენილი კოლაჟია სახელად „Stop crying on your birthday / მორჩი შენს დაბადების დღეზე ტირილს, რომელზეც ერთმნიშვნელოვნად საყვარელი, ინდივიდუალური და ადამიანური გამომეტყველებების მქონე მულტიპლიკაციური ქმნილებებია წარმოდგენილი. კომპოზიციის ცენტრალური ფიგურა საჩუქრებით დატვირთული სტუმრებით გარშემორტყმული ოდნავ სევდიანი დიდი ზომის, რბილი და ბავშვური იუბილარია. ტორტებთან გამოსახულ იუბილარს, ამდენი საყვარელსახიანი, ქერცლოვანი და ფერადსაფარველიანი მკაფიოდ გამოხატული სახასიათო დეტალით შეკაზმული სტუმრის დანახვა აშინებს და თან ამ შიშის და დისკომფორტის რცხვენია. ალბათ გამოფენის სახელწოდებაც ამ დისკომფორტითაა გამოწვეული, რომელიც “უდარდელ ბავშვობასთან” გამომშვიდობებას, წლების მატებასა და რთულად მისაღებ საპასუხისმგებლო გამოწვევებთან შეჯახებასთანაა კავშირში.

მეორეა „Leaving home / სახლიდან წასვლა“, რომელიც წარმოადგენს რკინის კონსტრუქციაზე აგებულ ხის, თიხის და აკრილის საღებავების ობიექტს. ეს არის თეთრი ფერის ორი სახლი, გარეთა და შიგნითა მხარეები დაფარულია წვეტებიანი გარსით, ერთ-ერთი შიგნიდან თეთრია და კბილებია ინტერიერში, მეორე კი შავია და მასში ვერტიკალურად მდგარი თეთრი მახვილია წარმოდგენილი. ობიექტის უკანა ფასადზე კი გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი, პეპლებით, მცენარეებით, შავი და თეთრი კურდღლით. ვფიქრობ, მეტაფორულად ეს ნამუშევარი გულისხმობს კომფორტზონის საზიანო გავლენას გარდამტეხ პერიოდში მყოფ პიროვნებაზე, ამავდროულად ნამუშევარი გვიყვება ამ მიჩვეული გარემოს დატოვების შედეგად გამოწვეულ შფოთსა და სირთულეებზე. უკანა ფასადის ნახატი კი ადამიანის მეტამორფოზულ ბუნებაზე მიგვითითებს, მართალია მწერებივით და ბაყაყებივით ფიზიკურად შესამჩნევი არ არის ადამიანური მეტამორფოზა, თუმცა ჩვენც ერთმნიშვნელოვნად გავდივართ ასეთ ფაზებს.

ერთი შეხედვით, სევდიანი ლურჯელფერგადაკრული ექსპოზიცია სალომეს გარდამტეხი პერიოდის სირთულეებით და თავგადასავლებით სავსე, საშიშ და ეკლებიან სამყაროს გვანახებს, სადაც იმედიანად, ყოველ ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე წვეტებიანი მახვილით შეიარაღებული არტისტი, როგორც თანამედროვე მულტფილმის ნაივური, მაგრამ მამაცი პერსონაჟი, მზადაა გაუმკლავდეს ყველა ბარიერს და მერე რა, რომ სარძევე კბილები სახლში ბალიშის ქვეშ დატოვა, სამაგიეროდ სიბრძნის კბილები გამოჩნდა, თან ოთხი და მათთან შეხებაც ცალკე ტკივილისმომგვრელია.


გამოფენაზე ს. ჯოხაძის მიერ ხაზგასმული სირთულეები და მათთან გამკლავების ან თანარსებობისთვის საჭირო მეთოდების ძიება აქტუალური და მუდმივად პრობლემატურია. არტისტის გამოყენებული სიმბოლოები: კბილები, მახვილები, წვეტიანი ზედაპირები, პეპლები, ცრემლები ყველა ჩვენგანის ზრდის დაუსრულებელი პროცესის განუყოფელი ნაწილია და ტორტზე დამატებული ახალი სანთელი კი, წვეტიანი და ძლიერი გამოცდილებით სავსე მახვილი.

მგონი, ბუნებრივია, რომ მსგავსი შეგრძნებების ქონის გამო სალომესთან ლაპარაკი და ორი-სამი კითხვის დასმა მომინდა. 


წინა ნამუშევრებშიც ხშირად გვხვდება ეკლები, წვეტები, თანაც ბებიასთან კოლაბორაციაში, დავინტერესდი რატომ ბებია და რატომ წვეტები და მსგავსი მასალები?


ეს კოლაბორაცია ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ გავაკეთე, ორი თვის თავზე და იდეა ის იყო, რომ ხატვა მისგან ვისწავლე და ყველაფერი, რაც გამიკეთებია მისგან მოდის და ამ კოლაბორაციით მინდოდა უდიდესი მადლიერება გამომეხატა მისი ნამუშევრების ჩემ მიერ შექმნილი გულის ჩარჩოში ჩასმით. ინსტალაციას ერქვა “თან გატარებ” და მეც თიხის გულით ვატარებდი მას.


ქერცლოვანი გარსით დაფარულ პერსონაჟებზე რას გვეტყვი, მალავენ რამეს? 


არა, ძალიან შემთხვევით გაჩენილი პერსონაჟებია, რომლებსაც back story ჩემთვის არ აქვთ, უბრალოდ უფრო სივრცული მინდოდა გამხდარიყო ჩემი გრაფიკული ნამუშევარი და ეს ფორმა მოვიფიქრე.”


ახალ მასალებთან მუშაობას თუ გეგმავ? 


ახლა დავიწყე მაგისტრატურა ბაზელში, შვეიცარიაში, სადაც ყველა მასალაზე მიმიწვდება ხელი. ვფიქრობ, ბევრი ახალი მასალა შეემატება ჩემს პრაქტიკას.


რას ნიშნავს შენთვის გამოფენაზე დასმული პრობლემბი და რამე რჩევა თუ გაქვს სხვებისთვის ცხოვრების ასეთ ეტაპზე? 


შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებს რაღაც მომენტიდან უქრებათ შიში, საკუთარ თავზე დაყრდნობა შფოთვის მაგივრად სიმშვიდეს გვრით, მაგრამ შესაძლებელია, მომენტი ჩემთვის პირადად არასდროს დადგეს და სწორად ამ მოზარდული შემართებით მომიწიოს სამყაროსთან თანაარსებობა, რაც, ჩემი აზრით ნორმალურია, განსაკუთრებით კი ჩემი თაობის ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან გვიან თმობენ ბავშვურობას. მოკლედ, შფოთვებთან თანაარსებობას და მათ საკეთილდღეოდ გამოყენებას ვცდილობ და სხვებსაც ალბათ იმავეს ვურჩევდი.

ძალიან სასიამოვნოა თანამოაზრეების აღმოჩენა და მარტო არდარჩენა განსაკუთრებით კი - რთულ პეროდებში. სალომეს ნამუშევრებზე დაკვირვებამ მაგრძნობინა, რომ კიდევ ერთი ახალი ინტროსპექტიული თანამოაზრე გამიჩნდა სადღაც აქვე, თბილისში.

ავტორი: ქეთი ბზიკაძე