საკალათბურთო ფესტივალი ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად

იცით, რას ნიშნავს პატარა კალათბურთელისთვის ენბიეის ცოცხალი მოთამაშის ახლოდან ხილვა? დაახლოებით იგივეა, რომ ბავშვობაში სანტა კლაუსი გამოგეცხადოს, შეგაქოს და მონდომება მოგიწონოს. როცა 10 ან 12 წლის კალათბურთელი ხარ და შენს თამაშს ენბიეის მოთამაშე უყურებს, შემდეგ კი საყვარელი გუნდის ფორმას გჩუქნის, ამ დროს ძალიან დიდი აღმაფრენა გეუფლება, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს შენი ბედი, ან მთელი ცხოვრების განმავლობაში სასიამოვნო მომენტად გაგყვეს. ბავშვობის ემოცია ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანისთვის, რაც დიდწილად ხდება ხოლმე მისი კარიერის და გონების განვითარების მიმართულების მიმცემი. 

ასეთი ტკბილი ამბავი აჩუქა ქართველ კალათბურთელ ბავშვებს ჯუნიორ ენბიეიმ 20 ივნისს ევროპის მოედანზე, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულმა 77-მა გუნდმა მოიყარა თავი. საგამოფენო შეკრება-ტურნირს კი ლეგენდებიდან გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი, ვლადიმერ ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი ესწრებოდნენ. ტურნირის საუკეთესო მონაწილეები ევროპის ჯუნიორ ენბიეის ნაკრების შესარჩევ შეკრებაზე გაემგზავრებიან, წარმატებით თავის გამოჩენის შემთხვევაში კი, ამერიკაში წავლენ ევროპის ნაკრებთან ერთად მთავარ ტურნირზე.

"პანდემიის და 40 გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, ზეიმი შედგა. ჯუნიორ ენბიეი უკვე მეოთხედ ჩავატარეთ და თითქმის 80 გუნდი მოვაგროვეთ, რაც ცოტათი ნაკლებია 2019 წლის მონაწილეების რიცხვთან შედარებით, თუმცა კორონავირუსის პირობებში ვთვლით რომ კარგი შედეგია. 


რა არის ჯუნიორ ენბიეი - ესაა საკალათბურთო ფესტივალი, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტ ბავშვს გააცნოს და შეაყვაროს კალათბურთი, მისცეს მოტივაცია და სტიმული, რომ იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით. ჯუნიორ ენბიეის წყალობით გამოჩნდა უამრავი ადგილი საქართველოში, სადაც თურმე კალათბურთს თამაშობენ, ფედერაციამ კი მათზე არაფერი იცოდა. ჩვენ სტიმულს ვაძლევთ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებს სპორტული ინფრასტრუქტურა მოუწყონ და გაუმართონ, როგორც იცით რეგიონებში კალათბურთის მოედნები თითქმის არ არის, ან ცუდ მდგომარეობაშია.”


გიორგი ზამბახიძე

სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი

ქართული საორგანიზაციო გუნდი უკვე სამჯერ გახდა საუკეთესო ჯუნიორ ენბიეის ორგანიზატორთა შორის. ისინი მუდმივად არიან წარმოდგენილები ფიბას და ენბიეის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე მენტორის როლში და სხვა ქვეყნებისთვის ლობისტობასაც კი თავობენ: მაგალითად, აზერბაიჯანი ქართული მხარის რეკომენდაციით, გახდა ჯუნიორ ენბიეის მასპინძელი. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ჯუნიორ ენბიეის ქართულმა საორგანიზაციო კომიტეტმა 5 წლის განმავლობაში მიაღწია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორიოდე წელში მონაწილე გუნდების რაოდენობა 200-მდე უნდა გაიზარდოს.

“ჩვენი მიზანია, რომ საქართველო გახდეს კალათბურთის რეგიონალური ცენტრი. ჩვენმა საორგანიზაციო გუნდმა კი, ჯუნიორ ენბიეის მთავარი ორგანიზატორის სტატუსი მიიღოს ამიერკავკასიაში. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ მეზობელ ქვეყნებთან და რაც შეიძლება მეტ იმედისმომცემ კალათბურთელს დავაკვირდეთ. 


ჯუნიორ ენბიეი არის პირელი საფეხური იმ დიდი მიზნისკენ, რისკენაც ჩვენ დავიწყეთ სვლა და მუშაობა: მას უნდა მიებას სასკოლო კალათბურთის განვითარება, რეგიონალური პირველობების ჩატარება და ნიჭიერი მოთამაშეების სელექცია. სასკოლო სპორტის განვითარება საშუალებას მოგვცემს, რომ მასზე დავაშენოთ საუნივერსიტეტო სპორტი და ორგანიზება გავუკეთოთ სტუდენტურ ტურნირებს, ეს კი იმის წინაპირობა იქნება, რომ ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის “ა ლიგა” და “უმაღლესი ლიგა” უფრო მეტ მოთამაშეს მიიღებს, ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჩემპიონატი გაიზრდება, ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია მოიმატებს და შესაბამისად ეროვნული ნაკრების დონე გაიზრდება. თაობათა ცვლის რთულ პროცესსაც უპრობლემოდ გავუმკლავდებით.”


გიორგი ზამბახიძე

სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი

სისტემა, რომლის დანერგვაზეც კალათბურთის ფედერაცია მუშაობს, აშშ-ში მოიფიქრეს და განათლების სისტემასთან გააერთიანეს. სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის გამართული მუშაობითაა გამოწვეული ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდები ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა, ჩამოყალიბებულ სპორტსმენს იღებს. მათ მიერ ნაჩვენები შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ სისტემას ნაკლი არ გააჩნია და თამამად შეიძლება ქართულ განათლების სისტემაში ინტეგრირება.

“ძლიერი ჩემპიონატის გარეშე შეუძლებელია ძლიერი ნაკრები გყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ფაჩულია, შერმადინი, ბითაძე, შენგელია. ამ ადამიანებმა თავიანთი ნიჭის და მონდომების ხარჯზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. თუმცა, მუდამ გამართლების იმედზე ვერ ვიქნებით, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გაზრდის კარგ მოთამაშეებს. ჯუნიორ ენბიეი - სასკოლო ლიგა - საუნივერსიტეტო ლიგა - განვითარების ლიგა - ა ლიგა - სუპერ ლიგა - ესაა ის გრძელი და რთული გზა, რაც ჩვენს კალათბურთს ბევრ ახალ სპორტსმენს შემატებს. ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და ნაკრების წარმატებაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ვამჯობინეთ, რომ კონცენტრაცია საქმეზე გაგვეკეთებინა და არა რეკლამაზე, ვფიქრობ სწორადაც მოვიქეცით.”


გიორგი ზამბახიძე

სუპერლიგის და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორი


ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი