ლიტერატურა

რას ჰპირდება „საბა” მკითხველებს 2021 წელს

„საბა”

იანვარი 21, 2021

შენი საყვარელი წიგნებიდან, ზოგიერთი მარტივად იკითხებოდა, ზოგიც რთულად, ზოგიერთი საერთოდ დაგავიწყდა და მისგან მხოლოდ ის ემოცია გახსოვს, რაც დაგიტოვა, ზოგიერთი წიგნი წინასწარვე მოსაწყენი გგონია და არ კითხულობ, ზოგი კი რთულად გეჩვენება იმის გამო, რომ პრეტენზიული მკითხველების საყვარელი წიგნია.


ჩამოთვლა რომ არ გაგვიგრძელდეს, პირდაპირ სათქმელზე გადავალთ - თუ აქამდე “საბა” ერთგვარი მედიუმი იყო მკითხველებსა და წიგნებს შორის, 2021 წლიდან “საბა” გახდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ონლაინ-ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაც ვიქნებით და გზამკვლევიც. წიგნებსაც გირჩევთ და ისეთ თემებზეც გესაუბრებით, რომლებიც პირველ აბზაცში ჩამოვთვალეთ. 

სხვათაშორის, წიგნების რჩევისას და რეკომენდაციისას, მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეების ტექსტებს არ დავეყრდნობით. ამაში, არც მეტი, არც ნაკლები - ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება. რა და როგორ, ამას ახლავე გეტყვით, მანამდე კი მოკლედ შევეხოთ, თუ რა გვაკავშირებს ლიტერატურასთან.

ემოცია და აზროვნება

ლიტერატურასთან ორი მთავარი რამე გვაკავშირებს - ემოცია და აზროვნება. არსებობს წიგნები, რომლებზეც ბევრი გვიცინია, ან სულაც გვიტირია (ნოდარ დუმბაძის წიგნებზე ხომ ერთიც გვიქნია და მეორეც). მოკლედ, რომ ვთქვათ, ემოციების ზღვა მოუტანიათ და წაკითხვის შემდეგ ყველაზე მეტად, მათ მიერ დატოვებული ემოციები დაგვმახსოვრებია, თუმცა არსებობს წიგნებიც, რომლებიც აზროვნებას გვიცვლიან, გონებას მრავალი ახალი კონცეპტით გვიმდიდრებენ და იმაზე უფრო საინტერესო ადამიანებად გვაქცევენ, ვიდრე მათ წაკითხვამდე ვიყავით. სანახევროდ გაკეთებული საქმეების არ გვწამს - ხოდა, ჩვენი გეგმები პირველ ნაწილსაც შეეხება და მეორესაც.


აქამდე კი ვინახავდით საიდუმლოდ, მაგრამ ზედა აბზაცში უკვე გავამხილეთ, რომ მალე დაგვემატება ინოვაციური ფუნქციონალი, რომელიც ტექსტებს ემოციების საფუძველზე გააანალიზებს და მკითხველებს რეკომენდაციების სრულიად ახალ სისტემას შესთავაზებს. თუ, მაგალითად, რომელიმე წიგნი მოგეწონება, რეკომენდაციების ერთი სისტემა შემოგთავაზებს ისეთ წიგნებს, რომლებიც მსგავსი ემოციების მატარებელია.


ასევე, მკითხველებს გავუზიარებთ არაერთ საინტერესო თეორიას ლიტერატურაზე და ვუპასუხებთ იმ პოპულარულ კითხვებს, რომელიც ამ სფეროს ირგვლივ არსებობს. ასეთი კი, დაგვიჯერეთ, არც თუ ისე ცოტაა 😊

 

დღის სიტყვები და ციტატები

ჩვენმა მომხმარებლებმა უკვე იციან, რომ დავამატეთ ვიჯეტების ახალი ფუნქცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მკითხველებს ყოველდღიურად ვაცნობთ საინტერესო სიტყვებსა და ფრაზებს. დღის სიტყვების ფარგლებში ჩვენ გაგიზიარებთ ფარული შინაარსის, ან უბრალოდ ლამაზი კომპოზიციის მქონე სიტყვებს, დღის ციტატის ფარგლებში კი გაგაცნობთ ფრაზებს, რომლებიც ჩვენს წარმოდგენებს სხვადასხვა თემაზე კონცეპტუალად გაამდიდრებენ. ვიჯეტების ფუნქციას უფრო ვრცლად შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.


საბა პარტნიორებისთვის

ცხადია, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მკითხველებისთვის ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო გახდეს. თუმცა, არც ის გვავიწყდება, რომ მნიშვნელოვანია, ამ სერვისით სარგებლობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს.


საბა არაერთ უნივერსიტეტს, კომპანიასა თუ ორგანიზაციას სთავაზობს საკუთარ ბიბლიოთეკაზე ფასდაკლებით წვდომას. თუმცა, ცხადია, აქციები იქნება სხვა მომხმარებლებისთვისაც.

გვჯერა, რომ წიგნების კითხვა ბევრად სასიამოვნოცაა და შემეცნებითიც, როცა კარგად იცნობ ავტორს, მიმდინარეობას, კულტურულ თუ ისტორიულ კონტექსტს და ზოგადად, როცა კარგად იცნობ ლიტერატურას. ჰოდა, 6000-ზე მეტი წიგნი ჰო გვაქვს და გვაქვს და ლიტერატურული სამყაროს უკეთ გაცნობის საქმეშიც, ამიერიდან, შენ გვერდით გვიგულე!


ავტორი: „საბა”