ედუფინი

როგორ დავიცვათ ჩვენი ფინანსები და პირადი ინფორმაცია

ივლისი 19, 2023

ორი ათწლეულის წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა. ალბათ დაუჯერებელიც იქნებოდა ვინმეს ეთქვა, რომ, მაგალითად, ტელეფონში გვექნებოდა ციფრული ბანკი, არა მხოლოდ მთელი თავისი სერვისებით, არამედ თამაშისა და სოლიდური თანხების მოგების შესაძლებლობით.


დღეს კი ყველანი ვთანხმდებით, რომ რა სფეროშიც უნდა მოღვაწეობდეთ, დიჯიტალური ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ინტეგრირებულია ჩვენი საქმიანობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაში: გვეხმარება ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში, სწავლაში, გვიადვილებს ჩვენი იდეებისთვის ხორცის შესხმას, გვიმარტივებს სამუშაო პროცესს და ასე შემდეგ, უკვე თქვენთვის მომინდია ჩამონათვალის გაგრძელება.


მიუხედავად ციფრული სამყაროს ბევრი სიკეთისა, ბლოგში გიამბობთ, რა საფრთხეებს გვიქმნის ციფრული ტექნოლოგიები, უფრო სწორად კი ჩვენი უყურადღებობითა და მათი არასწორი გამოყენებით რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.


ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იხვეწება კიბერთაღლითობის სქემებიც. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ხშირად გაიგებთ ფრაზას „ფიშინგის მსხვერპლი“, „ფიშინგით დაზარალებული“ და ა.შ. თითქოს ყველამ ვიცით, რომ პირადი ინფორმაცია არავის უნდა გავუზიაროთ, მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ თაღლითები მაინც ახერხებენ ჩვენს შეცდომაში შეყვანას, რასაც ფიშინგის მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს.

რა არის ფიშინგი და რა საფრთხეს გვიქმნის?

ფიშინგი კიბერთაღლითური სქემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება ყალბი ვებგვერდების, ელექტრონული ფოსტის, სმს შეტყობინების, თანხის მისაღებად მიღებული ცრუ ანგარიშის, ფასდაკლებისა თუ მაცდური გათამაშების აქციის სახით.


ყალბ გვერდებზე ჩვენი პირადი და საბანკო ინფორმაციის შეყვანით თაღლითებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ანგარიშიდან ჩვენი თანხის მთლიანად მოპარვა. გარდა თანხის დაკარგვის საფრთხისა, თაღლითების მხრიდან შესაძლოა, შანტაჟის და დაშინების მსხვერპლიც კი გავხდეთ. ფიქსირდება ისეთი ფაქტებიც, როდესაც თაღლითები ჩვენს პირად მონაცემებს შავ ბაზრებზე ყიდიან, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩენი დაზარალების რისკს.


ფიშინგი დღეს მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. რისკები მსგავსია მაშინაც კი, თუ გავრცელების მედიუმი განსხვავებულია. რაც არ უნდა „მრავალფეროვანი“ ან განსხვავებული მიდგომა ჰქონდეთ თაღლითების, მათი საბოლოო მიზანი ერთია - მოიპოვონ ჩვენი ფინანსური და პირადი ინფორმაცია.

რა არის პირადი და ფინანსური ინფორმაცია?


  • პირადი ნომერი
  • საბანკო ანგარიში
  • ბარათის ნომერი
  • ბარათის მოქმედების ვადა
  • CVV2 კოდი
  • პინ-კოდი
  • ციფრული ბანკის მომხმარებელის სახელი/პაროლი
  • ელექტრონული ფოსტის პაროლი
  • IP მისამართი
  • პირის სამედიცინო ინფორმაცია და სხვა.

აქვე გაგვიჩნდება კითხვა - კი მაგრამ, ეს ინფორმაცია ხომ შეგვყავს და დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება გამოვიყენოთ ონლაინ ვაჭრობის დროს?! დიახ, დღეს ონლაინ ვაჭრობა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ხშირად პირადი ინფორმაციის შეყვანით ვადასტურებთ შესყიდვას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ყიდვის დროს ჩვენ კიბერთავდამსხმელების მიზანში ვართ.


სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ონლაინ ვაჭრობისთვის ცალკე ბარათი ვიქონიოთ რომელიც არ იქნება სახელფასო ანგარიშზე მიბმული. აღნიშნულ ბარათზე ზუსტად ის თანხა დავრიცხოთ ხოლმე, რაც ნივთის შესაძენად გვჭირდება. ასევე, მეტი დაცულობისთვის, კარგია თუ დააზღვევთ საბანკო ბარათს.

ყოველთვის, როდესაც ონლაინ შეგყავს პირადი ინფორმაცია, გაითვალისწინე:


  • შეცდომისგან თავის დასაცავად, უმჯობესია ხელით სრულად შეიყვანო იმ კომპანიის გვერდის მისამართი, რომელსაც ვიყენებთ გადარიცხვების ან ონლაინ ვაჭრობის დროს.
  • სრულად ნუ ენდობი საძიებო სისტემას და ყურადღება მიაქციე მისამართის ველში რამდენად სწორედაა მითითებული კომპანიის გვერდი. 
  • დააკვირდი რამდენად ავთენტურად გამოიყურება გვერდი.
  • არ გაუზიარო, ბანკიდან მობილურზე მოსული, სმს კოდი სხვა ადამიანს.
  • ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დარეკე ბანკის/კომპანიის ცხელ ხაზზე ან მიწერე მათ ოფიციალურ სოციალურ ქსელში.

ბანკები და სხვადასხვა კომპანიები პერიოდულად გვიგზავნიან გამაფრთხილებელ შეტყობინებებს შესაძლო თაღლითობის შესახებ - სმსებს, გზავნილებს ციფრულ ბანკში, ელ. ფოსტაზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ და წაუკითხავადაც კი ვეთანხმებით ან ვშლით მათ. 

და თუ მაინც შენი საბანკო მონაცემები საეჭვო გვერდზე შეიყვანე, მაშინვე:


  • დაბლოკე ბარათი ციფრული ბანკიდან
  • დაუკავშირდი შენს ბანკს
  • დარეკე ცხელ ხაზზე ან მიწერე სოციალურ ქსელში
  • შეცვალე შენი ციფრული ბანკის პაროლი

კიბერთაღლითებისგან დაცვის საუკეთესო იარაღი კიბერუსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიღება, ცნობიერების ამაღლება და ჩვენი ყურადღებიანი ქმედებაა.


მეტი დაცულობისთვის გაუზიარე ეს ინფორმაცია შენს ახლობლებსა და მეგობრებს.

ავტორი: ანა ვერულაშვილი