მუსიკა | ცა

ქართული მუსიკის დეკადა

ავტორი: მაშო სამადაშვილი

ამ ტექსტში შევეცდები რამდენიმე მელომანთან ერთად 2010-2020 წლების ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერები გავიხსენო. ეს ათეული (ისევე როგორც ყველაფერი სამყაროში) სუბიექტურია, არც ჭეშმარიტებაზე დებს თავს და არც ღრმა მუსიკალური ანალიზით არის გამყარებული, მაგრამ ვინაიდან 2010-იანი წლები საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი გარდატეხებით გამოირჩეოდა, მუსიკა კი ამ ცვლილებების განუყოფელი ნაწილია და მეტიც დროდადრო სხვადასხვა მოვლენის ჰიმნადაც იქცეოდა ხოლმე, ვიხსენებთ  10 წლის განმავლობაში შექმნილ 10 ყველაზე დასამახსოვრებელ კომპოზიციას. 


Flowerz in my brain, Kung Fu Junkie (2011)


2011 წელს „ტაბულა არტის“ დაარსება აღინიშნებოდა. ბოტანიკურ ბაღში წვეულებაზე ვიყავი და იქ პირველად მოვისმინე სიმღერა, რომელიც მას შემდეგ ჩემი playlist-ის განუყოფელი ნაწილია, ამ დღეს თავიდან აღმოვაჩინე ჯგუფი Kung Fu Junkie და პირველად მოვისმინე ათწლეულის სიყვარულის ახსნა - Flowerz in my brain.

ამ ვიდეოს ნახვისას შეუძლებელია ეიფორიული განწყობა არ შეგექმნას, მწვანე მინდორში მოცეკვავე ათობით ადამიანისგან იშვიათი სილაღე და სიმშვიდე იღვრება. ახლა როცა 8 წლის შემდეგ ვუყურებ, როგორ შეიცვალნენ ისინი, როგორ გაიყო მათი აზრები, როგორ აღმოჩნდნენ სხვადასხვა ბანაკებში, კიდევ უფრო აღმაფრთოვანებს ის ერთიანობა, მსმენელებს და უფრო მეტად მუსიკოსებსა და მსმენელებს შორის ამ ლაივზე რომ იყო, ჩემი დაკვირვებით ასეთი რამე თითქმის არ განმეორებულა.


მომდევნო წლიდან საქართველოში დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები მოხდა და ცხადია ეს მუსიკაზეც აისახა. 


სისტემა უნდა დაინგრეს (2012)


2012 წლის შემოდგომაზე ქართველი არტისტები სპონტანურად გაერთიანდნენ და დიდი საპროტესტო გამოსვლებიდან ორიოდე დღის შემდეგ youtube-ზე აიტვირთა ვიდეო „სისტემა უნდა დაინგრეს“, ეს კომპოზიცია იმ დღესვე მოედო მთელ ქვეყანას, მალევე იქცა საპროტესტო მანიფესტად და უსამართლობისადმი ბრძოლის ჰიმნად, დღეს ვიდეოს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.


ეკო&Vinda Folio „რაც მამას უნდა“ (2014)


2014 წელს ჩვენ პირველად მოვისმინეთ, ალბათ ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია - „რაც მამას უნდა“, ის არამხოლოდ ამ მუსიკალური დუოს ყველაზე პოპულარულ სიმღერად და მათი ლაივების განუყოფელ ნაწილად იქცა, არამედ მთელი ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ მოვლენადაც. ჟურნალისტი ნინო კვირიკაშვილი კლიპის პრემიერას ასე იხსენებს:


„ამ კლიპის ერთ-ერთი პირველი ჩვენება GDS -ის შუადღის გადაცემაში მოხდა, როცა ამ გადაცემის პროდიუსერი ვიყავი. მახსოვს თავად მუსიკოსები - ეკო და ვინდაც გაოცებულები იყვნენ იმ უზარმაზარი ინტერესით, რომელიც მან გამოიწვია.


მუხტმა, რომელიც ამ სიმღერიდან მოდიოდა მსმენლი ორად გაყო - ნაწილი აღფრთოვანდა, ნაწილი გაბრაზდა. სხგვაგვარად ალბათ წარმოუდგენელი იყო - პატრიარქალურ სოციუმში მამის კულტის დანგრევის მუსიკალური მცდელობა. ასე რომ, ეკოს და ვინდას ეს „ სილა“ საზოგადოებისთვის სწორედაც რომ ზუსტი და დროული აღმოჩნდა. მესიჯმა იმუშავა! ის კონკრეტული, კარგად შესისხლხორცებული „ძველის“ უარყოფას და „ახლის“ დამკვიდრებას ემსახურება.“


ერეკლე დეისაძის და Vinda Folio-ს გარეშე ალბათ ამ ათწლეულის შეფასება შეუძლებელი იქნებოდა და ამ აზრს რედაქტორი ლევან ძნელაძეც იზიარებს:


„ერეკლე დეისაძემ ათწლეული „საიდუმლო სირობით“ დაიწყო და „თერაპიით“ დაამთავრა. თანაც მან და Vinda Folio-მ მოახერხეს და სრულად ქართულენოვანი ალბომი ფრანგულ ლეიბლზე გამოსცეს და მისხალი ქართული ენის არმცოდნე აუდიტორიას შეაყვარეს. როდესაც გამორჩეულ კომპოზიციაზე ვფიქრობდი, საბოლოო ჯამში ის ავარჩიე, რომელიც განსაკუთრებულად ნამდვილად არ მიყვარს. ჩემი აზრით ერეკლეს და თემოს ამაზე უკეთესი მუსიკაც აქვთ დაწერილი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, 2010-იანი წლების ყველაზე დასამახსოვრებელ სიმღერად ლოკალურ სცენაზე მაინც „რაც მამას უნდა“ დარჩება. ტრეკი, რომელსაც აქვს კონკრეტული სათქმელი, უნიკალურად ქართული კონტექსტი და პროვოკაციული ფორმა.“


Green Room & დათო ლომიძე, Lost (2014)


2014 წელსვე გამოვიდა ალბათ მოგზაურების საუკეთესო საუნდტრეკი Lost, ამ სიმღერას 600, 000-მდე ადამიანმა მოუსმინა, კლიპი კატმანდუშია გადაღებული და მისი ჩართვისთანავე მხოლოდ ერთი აზრი მოგდის თავში - ჩაწერო ეს სიმღერა მანქანის playlist-ში, მოიკიდო ზურგჩანთა და გზას გაუდგე. 


ერეკლე დეისაძე, „შენი ფანჯრიდან“ (2014)


ერეკლე დეისაძის „შენი ფანჯრიდან“ არაერთი მსმენელისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სასიყვარულო სიმღერაა, რომელიც ბოლო ათწლეულში (და არამხოლოდ) დაწერილა, ალბათ ეპისტოლარული ჟანრი ისევ აქტუალური რომ იყოს, ყველა რომანტიკული წერილი ასე დაიწყებოდა:


„მე მოგიტან სიყვარულს, სანამ სიზმრებს დააღწევ თავს

შენი ოთახის ფანჯრიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს.“


პანდა, „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა“ (2017)


2017 წელს ჩვენ ვნახეთ ვიდეო, რომლის შემქმნელებზეც დიდხანს არაფერი ვიცოდით და ალბათ, სჯობდა არც არაფერი გაგვეგო. „პანდას“ პირველი კლიპი „ჩამოვკრავდი მარა ნათლისღებაა“, სოციალური საკითხებზე მოსწრებული ხუმრობების წყალობით არათუ ძალიან პოპულარული გახდა, როგორც კომპოზიცია, არამედ მისი თითქმის ყველა ფრაზა ამ სიმღერიდან საზოგადოებისთვის ყოველდღიური ხუმრობების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა „პანდას“ ისტორია სევდიანად გაგრძელდა და მათ ახლა ადამიანების ნაცვლად უკვე ტროლები უსმენენ. 


Birja Mafia - Tsl Shavi Zeda (2017)


Birja Mafia სიმღერა Tsl Shavi Zeda გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ქვეშ და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც, მისი შემსრულებლები Young Mic და Kay-G დააკავეს, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ვიდეოში გაშარჟებულ პოლიციელის ატრიბუტიკას უკავშირდებოდა, კლიპის გარშემო ხმაური დიდხანს არ შეწყვეტილა, საზოგადოებამ საპროტესტო აქციებიც კი მოაწყო, მუსიკოსები მალევე გაათავისუფლეს, ვიდეოს კი დღეისთვის რეკორდული - 8 მილიონამდე ნახვა აქვს.


სტეფანე, დამიბრუნდი (2017)


2017 წელს ქართულ მუსიკალურ სცენას დაუბრუნდა 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკოსი - სტეფანე, რომელმაც გარდა იმისა, რომ ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები გააკეთა, ჩაწერა ახალი სიმღერა „დამიბრუნდი“, რომელიც მუსიკოსის დიდ სცენაზე დაბრუნების სიმბოლოდ იქცა და მსმენელების დიდი სიყვარული დაიმსახურა, კონცერტებზე გამეორებით ყველაზე ხშირად სწორედ ეს კომპოზიცია სრულდება ხოლმე. 


Hatsvali, გამოდი (2017)


ანსამბლ „რეროს“ 1980-იანი წლების ჰიტი 2017 წელს თავიდან დაიბადა. Hatsvali-ს „გამოდი“ ამ კარგად კარგად ნაცნობი მაგრამ მივიწყებული სიმღერის ახალი გააზრებაა, მარკეტერი კოკა ქამუშაძე ამ მოვლენას ასე აფასებს:


 „თუ იმას, რაც ძალიან კარგად იცი, თანამედროვე ელემენტებს დაუმატებ, შეიძლება რაღაც სრულიად უნიკალური მიიღო და თუ ბოლო ათწლეულს თვალს გადავავლებთ, იმ შინაარსით და კონცეფციით დახუნძლული ტრეკების ფონზე, რომლებსაც სოციალური კონტექსტი განაპირობებდა, ამ სიმღერამ ნამდვილად შემოიტანა მხიარულება და ხალისი. „გამოდი“ შენახული განძივით არის და მაგარია რომ იმაზე ვცეკვავთ, რაზეც ჩვენი მშობლები.“


Kayakata, Polo Palace (2019) 


ალბათ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით რომ ეს ათწლეული დიდი მუსიკალური მოვლენით დასრულდა - Kayakata-ს ახალი ალბომი და მის „ჰაილაითად“ ქცეული Polo Palace არის სიმღერა, რომელიც აგვისტოდან დეკემბრამდე განუწყვეტლივ ისმის კაფეებიდან, მანქანებიდან, სახლებიდან, საკონცერტო დარბაზებიდან, მობილურებიდან და ლეპტოპებიდან. ამ სიმღერას უკლებლივ და შეუცდომლად (რაც საკმაოდ რთულია) მღერიან მსმენელები.


მაინც რით არის ის ასეთი უნიკალური? პრომოუტერი დავით ცინცაძე ასე გვეუბნება:


„არანჟირებით, ბითით, ტექსტით და ემოციური კონტენტით, ყველაფერი „ვიში“ კლასია და მოსმენის მერე კიდევ მოსმენის „ლომკას“ გიტოვებს, როგორც ყველა მაგარი ტრეკი.“


გაივლის დრო და 2019 წლის სექტემბერში გავიხსენებ, როგორ მოვუსმინე პირველად Flowerz in my brain-ს, იმიტომ რომ Kayakata-ს ლაივზე 8 წლის შემდეგ გამიმეორდა ის ეიფორია, რომელსაც მხოლოდ მსმენელის და მუსიკოსების სრული და ჰარმონიული ერთიანობა გიქმნის. "


ამ ათწლეულის მუსიკაზე ფიქრი შეუძლებელია გრინჩის გარეშე - ბიჭის, რომელიც მაშინაც და ახლაც ქართული მუსიკის შეუცვლელი შთაგონებაა და აუცილებლად დარჩება ყველა სიმღერაში, რომელსაც მისი მეგობრები და სხვა მუსიკოსები ქმნიან. სამუდამოდ.


ყველაფერს რაც ჩამოვთვალეთ, მიყოლებით რომ მოუსმინო, შეიძლება ითქვას, რომ ის, რის გარშემოც ქართველი მუსიკოსები ერთიანდებიან, არის:


პროტესტი და სიყვარული

თუმცა, როგორც Polo Palace-ში Kayakata გვეუბნება:


Everything is Love.


დაე, შემდეგი ათწლეული მისი იყოს.