ტექნოლოგია

როგორ ვებრძოლოთ პროკრასტინაციას?!

რჩევები ეფექტიანად მუშაობისთვის

მარტი 05, 2020

რამდენიმე კვირაა ამ ტექსტის აკრეფა მინდა, მაგრამ ვერაფრით მოვუყარე თავი. ძირითადი ნაწილები მოფიქრებული მქონდა, თუმცა გამიზნულად დროის დათმობა და აზრების თავმოყრა მაინც გამიჭირდა. მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას, ჩემი აზრით საკმაოდ გაგიმარტივებთ ცხოვრებას და პროდუქტიულად მუშაობას. 


ჩემი პროფესიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანი უამრავ მიზეზს პოულობს, რომ სხვა რამ გააკეთოს, ბოლო წამამდე მიჰყავს საქმე, აჭიანურებს, თითქოს უფრო მნიშვნელოვანი თემით ჩაანაცვლებს გასაკეთებელს. 


ამას ქვია პროკრასტინაცია, როდესაც ამაში გამოიჭერ საკუთარ თავს ეგ უკვე კარგის ნიშანია. ქართულად, მოდი, ცრუაქტივობა, ცრუქმედება ვუწოდოთ.


ცრუაქტივობის კიდევ ერთი მანიშნებელია, როდესაც ვიწყებთ დასაზარებელი საქმის კეთებას, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ, რადგან მაქსიმალურად ვწელავთ, მომიზეზებით კი ვაბრალებთ ხან ხარისხის გაუმჯობესებას, ხან რაღაც გვერდით ეფექტებს, ხანაც კი საერთოდ მუშაობის დროს სოციალურ ქსელებს ვიყენებთ და მოვალეობას გავურბივართ - ეს ყველაფერი პროკრასტინაციაა.


მიზეზი:




პირადად ჩემს შემთხვევაში ეს ამბავი სათავეს იღებს ბავშვობიდან. ბავშვობიდან ყოველთვის შთამაგონებდნენ რომ “ნიჭიერი ბავშვია ძალიან”, “რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერს აკეთებს”, “არ სჭირდება ბევრი შრომა, წამებში გამოსდის ყველაფერი”.


ძალიან მომწონდა და ახლაც მომწონს ასეთ რამეს რომ მეუბნებიან, მაგრამ ამან ხელი შეუწყო იმას, რომ რეალურად გავზარმაცდი და ეს სწორედ იმ მომენტში მოხდა, როდესაც მჭირდებოდა ბევრი მუშაობა, რომელიც შემდგომ ზრდასრული ასაკისთვის ჩამომიყალიბებდა საჭირო უნარ-ჩვევებს პრობლემების გადასაჭრელად.


კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ყოველთვის თავს ვანებებდი საქმეს, როდესაც დამაკმაყოფილებელ დონემდე მივიყვანდი ან საერთოდ არ ვაკეთებდი ბოლო წამამდე და ახლა ზრდასრულობაში ვცდილობ ამის გამოსწორებას.


ვხვდები, რომ ე.წ hard-work საჭიროა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ტექნიკა მომგებიანია. 

რა თქმა უნდა, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ რაღაცას უშედეგოდ უნდა დავახარჯოთ დიდი დრო, უბრალოდ ხანდახან უფრო მეტი ძალისხმევაა ჩასადები იმ საქმეში, რასაც ხელს მოვკიდებთ.


ჩემი დაკვირვებით, პროკრასტინაციას ძირითადად მაშინ ვიწყებთ, როდესაც რაღაც არ მოგვწონს ან არ ვეთანხმებით. 


მაგალითად, თუ სქრამ ან ეჯაილ მეთოდოლოგიებით მუშაობთ, თქვენთვის სპრინტები ახალი არ იქნება. ჩემს შემთხვევაში, თუ ახალ სპრინტში ისეთი დავალებებია, რომლებიც საკმარისად გამომწვევი არ არის ჩემთვის ან არ ვეთანხმები მათ დაგეგმვას ან სხვა, მანდ ვიწყებ უკვე შენელებას.


ამ შემთხვევაში შეგვიძლია პროექტის მიმდინარეობაში მცირე გასართობები შემოვიტანოთ, რაც უფრო მეტ ჩართულობას და გამოწვევებს მოგვიტანს. მაგალითად, ახლებური გზით ვცადოთ მივუდგეთ ამოცანას ან პრაქტიკაში გამოვიყენოთ აქამდე ნაკითხ-ნასწავლი, რაც აქამდე მხოლოდ ფურცლიდან ვიცოდით, თუმცა ამას სჭირდება კონტროლი. ძალიან წვრილი ძაფი გადის, სადაც ფეხი არ უნდა დაგვიცდეს, თორემ დავიწყებთ ცრუ აქტივობას.

გამოსავალი

თუკი საქმე ეხება პროექტს, რომელიც შენს ხელში არ არის, საუკეთესო ვარიანტია მენეჯერთან მისვლა და გასაუბრება, სადაც მოყვები რა არის შესაცვლელი, რა იწვევს უკმაყოფილებას და რა შეიძლება, რომ რეალურად შეიცვალოს. კომუნიკაცია ძალიან დაგეხმარება ყველაფერში. 


მთავარია სინდისთან გარიგებაში არ შეხვიდე და შესრულებული საქმის ხარისხი არ დააყენო კითხვის ნიშნის ქვეშ.


დაუსვი საკუთარ თავს კითხვა არ მოგწონს მაგრამ, რატომ აკეთებ რასაც აკეთებ, რა არის გრძელ ვადიან პერსპექტივაში ის რისკენაც მიიწევ?

ამის მერე ჰკითხე საკუთარ თავს -  რა არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, რა ნაბიჯების გავლა?


თუ რასაც აკეთებ ახლა, მიუხედავად იმისა მოგწონს თუ არა, არის დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი, აუცილებლად უნდა გააკეთო და რაც მალე გააკეთებ უკეთესია. მთავარია იფიქრო იმ შედეგზე, რაც ამას მოყვება მასშტაბურად და არა მხოლოდ დღის ბოლოს. 


ამ გზაზე არის ბევრი აღტაცების და დაცემის მომენტი, როდესაც ძალიან მოგვწონს ყველაფერი და როდესაც საერთოდ არ გვინდა გავეკაროთ. დღეს ის დღეა როდესაც არ გვინდა არაფრის გაკეთება, არ მოგვწონს მაგრამ უნდა გავაკეთოთ! შემოვლითი გზა არ არსებობს თუ გვინდა საბოლოო შედეგის მიღწევა.


პროცესის დაწყებაა მთავარი, შემდეგ უკვე ტემპში შედიხარ და მთლიანად იმ განწყობით ხარ, რომ მალე დაასრულო, თუმცა არა ხარისხის ფასად.


დისციპლინა პროკრასტინაციის დასაძლევად:


არის რამდენიმე მაგალითი, რომელიც ჩემს თავს მე თვითონ მოვუფიქრე და პროდუქტიულობა გავზარდე, ასევე დაიკლო ცრუაქტივობამ. იდეაში ყველამ საკუთარ თავს უნდა დაუწყოს გამოკვლევა და იპოვოს ხელმოსაჭიდი, არ არსებობს 1 ფორმულა რომელიც ყველაფერს ერგება. მთავარია დისციპლინა და საკუთარი თავის მუდმივი ვარჯიში.


მოდი, ჩამოვთვლი რამოდენიმეს: 


პომიდორის ტექნიკა — ერთ-ერთი ყველაზე გაცვეთილი ტერმინი და ტექნიკა თუმცა მართლაც მუშაობს. გაჩვევს დისციპლინას, დისციპლინა კი არის ყველაფრის საფუძველი. თუ ვინმემ არ იცის ამის შესახებ არსებობს შესანიშნავი ვიკი გვერდი. რეალურად 25 წუთი ძალიან სწრაფად გადის მუშაობის დროს, ბონუსად კი ვიღებთ ეფექტურად შესრულებულ სამუშაოს. თავიდან დაიწყებ ზოზინით, დაგეზარება, გადაუხვევ რამოდენიმეჯერ შესრულებისგან მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთო!

საკუთარი თავის ლიმიტირება - ეს ექსპერიმენტი ჩემს თავს მოვწუყვე და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ წარმატებით. მაგალითად, პროექტზე რომელზეც მიწევდა მუშაობა ხშირად მჭირდებოდა რაღაცების დატესტვა ტელეფონზე. პროკრასტინაციის შედეგად, პატარა ცვლილებებსაც კი მაშინვე ტელეფონზე ვტესტავდი და ვხარჯავდი დიდ დროს ამაში. ახალი სტრატეგიით გავაკეთე ასე: თითოეული სატესტო გაშვება ვერსიას 1 რიცხვით ზემოთ სწევდა. ამიტომაც ავტომატურად შევამცირე ყველა პატარა დეტალზე ტესტზე დაკვირვება, რადგანაც ბუნებრივად არ მინდოდა ეს რიცხვი ზემოთ ასულიყო და დამენახა რომ უაზროდ, ფუჭად ვმოქმედებ. საბოლოოდ უფრო მეტ ცვლილებას ვაგროვებ, უფრო პროდუქტიულად ვტესტავ და უკეთეს რიტმში ვზივარ.


რომ შევაჯამო, მთავარია, რომ საკუთარ თავს არ დანებდე, პირიქით უნდა შეგრცხვეს რომ რამე დაუთმო. დისციპლინაზე ვარჯიში ავტომატურად გამოისყიდის სხვა პრობლემებს რომელიც სიზარმაცესთან გვაქვს.



ავტორი:

ტატო კუტალია 

ანდროიდ დეველოპერი