მუსიკა | ცა

პირველი ქართული ხმის სისტემა

“The only good system is a Soundsystem”


თავიდანვე ბოდიშს გიხდით გამოყენებული არაქართული ტერმინებისათვის . ყველა ვერ გადმოვაქართულე.



ბავშვობაში სიონში რომ იკრიბებოდნენ მეგობრები მუსიკის მოსასმენად, მაშინ ლევან ხურცილავას ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გავიდოდა წლები და ააწყობდა ხმის სისტემას, რომელსაც სიონს დაარქმევდა და ხმის სისტემის კულტურის გავრცელებას ჩაუყრიდა საფუძველს საქართველოში.

Sioni HiFi Soundsystem -ხელით აწყობილი Dub Roots Reggae Bass პირველი ხმის სისტემა საქართველოში. 

2018 წლის ნოემბრიდან საქართველო მსოფლიოს „Soundsystem“ რუკას დაემატა.

ეს ყველაფერი ლევან ხურცილავას ( Juno Q Beat ) და მისი მეგობრების დამსახურებით მოხდა.

ლევან ხურცილავა:

„ცრემლებამდე ემოცია განვიცადე როცა მე და ჩემი მეორე ნახევარი პირველად დავესწარით ChannelOne Soundsystem - ის მთლიან სესიას.


მაშინ მივხვდი, თუ რა მაკლდა მე და ყველა იმ მეგობარს, რომელიც თბილისში ბას მუსიკას უსმენდა და უკრავდა.

სესიის განმავლობაში რამდენიმე ტრეკი მოვისმინე ,რომლებიც კარგად ვიცოდი, მაგრამ ხელით აწყობილ სისტემაზე სულ სხვა ცხოველი დამხვდა: ეს ვიბრაციები და სიხშირეები, რომელიც მანამდე არასდროს მიგრძვნია ამ მასშტაბით, პოზიტიური მესიჯი, ასობით გაღიმებული ადამიანი. მთელი ღამე ამ ყველა ელემენტს ერთად ვიზიარებდით სხვადასხვა ერის, ფერის და რწმენის ადამიანები.


აქ იყვნენ რეგეი რუთს ჰედები, ჰიპ-ჰოპ და ბეის ჰედები, როკერები, პანკები და ყველა ერთად, ჩემთან ერთად, ზუსტად იგივეს განიცდიდა. პატარა სასწაულივით იყო ჩემთვის ეს საუნდსისტემ დანსი!


   დიდი გზა გავიარეთ საუნდსისტემაზე საუბრიდან ფურცელზე ჯღაპნამდე, სხვადასხვა მოგზაურობიდან ინჟინრებთან საათობით ლაპარაკამდე, რამოდენიმე ქრუს წევრთან აზრთა უთანხმოებიდან ახალი მეგობრების შეძენამდე.

 როგორც ვთქვით, ეს არ არის შეჯიბრი (თუმცა არსებობს Soundsystem Clash-ები, მაგრამ ამაზე სხვა დროს ). ეს არის მისია და ამ მისიაში ჩვენ გვერდში გვედგნენ და გვიდგანან მეგობრები! სიონის ოჯახი და ქრუ, ჩემი მეგობრები სხვადასხვა ქვეყანაში, ლაშა ჟორჟოლიანი და Fold ქრუ, სამორი ბალდე და NY ოჯახი, Sinai Sounsystem, Mungo’s HiFi Soundsystem, Real Roots Soundsystem & Nyahbinhidub Soundsystem და ბევრი სხვა.“

ტერმინი „Soundsystem“ არ მოიცავს მუსიკის მოსმენის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს. ის აღნიშნავს ერთ მთლიან ოჯახს/გუნდს, რომელშიც ყველა წევრს თავისი ფუნქცია აქვს.


Soundsystem - ის ფენომენი გაჩნდა იამაიკაზე, კინგსტონში, 40 იანი წლების მეორე ნახევარში.


იამაიკაზე, სადაც 20-იანი წლებიდან ჯაზი დუღდა და ამ კონცერტების უმრავლესობა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებისათვის ან ტურისტებისათვის. ღარიბ ხალხს არ შეეძლო ბილეთების ყიდვა და ამ ჯაზ კონცერტებზე დასწრება.

 სწორედ ამ დროს ჩაისახა მუსიკის შექმნის, მოსმენის და გავრცელების ალტერნატიული და ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალება. 


დაიწყეს ხის ყუთებისაგან შემდგარი უზარმაზარი ხმის სისტემების ხელით აწყობა.

ყველა ხმის სისტემა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და თავისი მიმდევრები ყავდა.


იამაიკური მუსიკა იცვლებოდა და ვითარდებოდა. 1968 წელს ჯგუფმა “Maytals” გამოუშვა ალბომი “Do the reggae”, რომელიც იყო ახალი ჟანრის „რეგეის“ დაბადების გამოცხადება.

ერთი შეხედვით მარტივი და პოზიტიური რეგეი მუსიკა , იამაიკის მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენისათვის პროტესტის გამოხატვის საშუალება გახდა.


მართალია თავიდან რეგეი იყო შიდა იამაიკური მოვლენა და ვერ ცდებოდა ქვეყნის ფარგლებს, მაგრამ მალე გამოჩნდა ვინმე რობერტ ნესტა მარლი - მთელს მსოფლიოში ცნობილი როგორც Bob Marley და მისი დამსახურებით რეგეი

შეუერთდა საერთაშორისო მუსიკალურ მიმართულებებს. 


იამაიკა გახდა საინტერესო მუსიკოსებისათვის მთელი მსოფლიოდან . ერიკ კლეპტონმა ჩაწერა ბობ მარლის სიმღერის I shot the sheriff - ის ქავერი.


ჯგუფები Sex pistols, The Clash და The Rolling Stones კინგსტონს შთაგონების საძიებლად სტუმრობდნენ და იქაურ სტუდიებში სიმღერებს წერდნენ.


70-იანი წლების დასაწყისში, Osbourne Ruddock a.k.a. King Tubby-მ მისი სახლის სტუდიაში იამაიკაზე, ექოსა და რევერბ ეფექტების გამოყენებით ჩაუყარა საფუძველი DUB ჟღერადობას/ჟანრს.

„DUB“ მუსიკალური ქვე ჟანრი რეგეი მუსიკიდან წარმოიშვა და დღემდე განვითარების მრავალფეროვან სტადიას გადის.



დავბრუნდეთ საქართველოში.


SIONI HIFI SOUNDSYSTEM - 5 განყოფილებიანი ხმის სისტემაა, რომელიც აწყობილია ხელით, რაც მას ანიჭებს თავის უნიკალურ ფორმას, ფერს, სიმძლავრეს და რაც მთავარია ჟღერადობას. 

ლევან ხურცილავა ( Juno Q Beat ) :

Sioni HiFi Soundsystem ოჯახის მისია არის განავითაროს Bass მუსიკა თავისი სუბ ჟანრებით Dub, Reggae, Deep Dubstep, Jungle, Drum & Bass. ამ ჟანრების გარდა გვერდში ვუდგავართ ქართულ ჰიპ-ჰოპ კულტურას, რადგანაც ამ მუსიკის ფესვები რეგეი მუსიკიდან მოდის.

"სწორედ ამ ჟანრების სიხშირული დიაპაზონის გათვალისწინებით არის აწყობილი ეს ხმის სისტემა: დაბალი სიხშირე, რომელიც არ გვესმის (30 – 60 ჰერცი), მაგრამ მთელი სხეულით ვგრძნობთ ამ ვიბრაციას.

Sioni HiFi Soundsystem-ის აწყობისას დაცული იყო იამაიკური და ბრიტანული საუნდსისტემ კულტურის და ინჟინერიის ყველა პარამეტრი. 

ვეცადეთ ხმის სისტემის შემადგენელი ნაწილების უმრავლესობა ხელით აწყობილი ყოფილიყო, ისეთი ზომის, ფორმის თუ ფუნქციის, როგორიც ჩვენ გვინდოდა, რამაც საბოლოო ჯამში სისტემის ხმის ხარისხზე, ჟღერადობაზე და ექსკლუზიურობაზე იმოქმედა. ლონდონში ჩატარებულმა სესიებმა გვაჩვენა რომ ამ ხმის სიტემის საბ სპიკერ ბოქსები და მათ მიერ წარმოქმნილი ვიბრაცია არაფრით ჩამოუვარდებოდა ყველაზე მძიმე წონიან ბრიტანულ საუნდსისტემებს. თუმცა ეს არ არის შეჯიბრი, ეს არის მისია რომელშიც ახლა უკვე საქართველოც ჩართულია."

"არ აქვს მნიშვნელობა სქესს, რასას, რელიგიას, არც იმას თუ რამდენი ფული გაქვს ჯიბეში, ჩვენთვის ყველა ერთია და ერთნაირად გვიყვარს!“

დანართი (ლექსიკონი) :


Sound System - ხმის სისტემა.

HiFi - High Fidelity - მაღალი ხარისხი. (ეს ტერმინი გამოიყენება მაღალი ხარისხის ხმის (ჟღერადობის) აღსანიშნავად).

crew - კოლექტივი

ავტორი: 21 century schizoid man