მუსიკა | ცა

გიორგი კიკნაძე და მისი კვარტეტი "paysage"

წლების წინ, როცა 9 წლის ასაკში საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა, იქ, სახლში ფორტეპიანო არ ჰქონდა და ცოტა ხნით ამ საქმიანობას მოწყდა. თუმცა, როცა თბილისიდან ლიუბეკში ბებია აკითხავდა ხოლმე, ერთად დადიოდნენ ფორტეპიანოს გაკვეთილებზე. აქედან დარჩა კლავიშთან ურთიერთობის გამოცდილება. შემდეგ ბევრ სხვა ინსტრუმენტზე დაკვრაც ისწავლა. ახლა კონტრაბასისტი და კომპოზიტორია.


დღეიდან გიორგი კიკნაძე თავის კვარტეტთან -„ paysage“ - ერთად საქართველოში ჯაზ კონცერტების სერიას მართავს.


  • 10 ოქტომბერი - ქუთაისი, მესხიშვილის თეატრი
  • 12 ოქტომბერი - თელავი, თელავის თეატრი
  • 14 ოქტომბერი - თბილისი, კონსერვატორიის დიდი დარბაზი.


გიორგის მუსიკალური ბიოგრაფია ფაქტობრივად პერსონალურ ბიოგრაფიასთან ერთად იწყება - იმ დროიდან, როცა ძილის წინ მამა ბახს ან ჩარლი პარკერს ასმენინებდა. ბავშვობის და მუსიკის გახსენებისას პირველი მოგონება სწორედ საწოლ ოთახს და ამ ორი მუსიკოსის შემოქმედებას უკავშირდება, რაც დღემდე მნიშვნელოვან გამოცდილებად რჩება.


მართალია ამ მოგონებაში ორი მუსიკოსის შემოქმედება ისმის, თუმცა მესამე პერსონაჟი გიორგისთვოს არანაკლებ გავლენიანია, თუ მეტად არა. მამამისი კონსერვატორიის რექტორი და კომპოზიტორი რეზო კიკნაძეა.


გავლენები ყველასთვის ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტია, რომ მუსიკოსისთვის სხვა მუსიკოსებისგან ინსპირაცია გარდაუვალი და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარი განათლება დაფუძნებულია უკვე შექმნილზე. მუსიკოსი ცდილობს განავითაროს ის, რასაც სხვამ უკვე მიაღწია. რეზოს უზომო წილი აქვს შეტანილი ჩემს განვითარებაში და დღემდე პირველი „ინსტიტუციაა“. ახალ ნაწარმოებს რომ დავწერ პირველს რეზოს ვასმენინებ ხოლმე და ყოველთვის ყველაზე მეტად მისი აზრი მაინტერესებს.“

გიორგიმ ჰამბურგის მუსიკისა და დრამის უნივერსიტეტი დაამთავრა. ახლა ხელმძღვანელობს საკუთარ კვარტეტსა და ტრიოს. ასევე, ანა-ლენა შნაბელის და გაბრიელ კობურგერის ბენდების წევრია, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და უკრავს ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ტილ ბრონერი, გარი თომასი, ადამ ნუსბაუმი, ზივ რავიზი, ფლორიან ვებერი, კრისტიან ლილინგერი, ჯონ შროდერი, კლაუს სტოტერი, ფილიპ გროპერი და სხვა. სადებიუტო ალბომი ‘paysage’ თავის დიდი ხნის კოლეგებთან და მეგობრებთან, საქსოფონისტ ფრანკ დელესთან, პიანისტ ლუკას კლაპთან და დრამერ კონრად ულრიხთან ერთად ჩაწერა. ჩანაწერი სავსეა მიძღვნებით. ერთი მხრივ ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც კომპოზიტორს აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან კომპოზიტორი ალბან ბერგი, პისტოლიერო, უაილდ ბილ ჰიკოკი. მეორე მხრივ კი ჩანაწერი ეძღვნება ადამიანებს, რომლებიც გიორგის ორი სამშობლოდან, საქართველოდან და გერმანიიდან, სრულიად განსხვავებული ქვეყნებიდან არიან და რომელთაც გიორგი მეგობრებად და ოჯახის წევრებად მიიჩნევს. 

Urlich Konrad


„ჩემი ჯგუფის წევრები არიან მუსიკოსები, რომლებიც ჰამბურგში გავიცანი, რომლებთან ერთადაც ნაწილობრივ ვსწავლობდი. კონრადს (დრამერს) 15 წელია ვიცნობ და ამდენივე წელია ერთად ვუკრავთ. ფრანკი(საქსაფონისტი), ჩემი უფროსი მეგობარი, მამაჩემის თაობის მუსიკოსია. მისი ძალიან ინტუიციური, ემოციური და სპონტანური მიდგომა ძალიან უხდება ჩემს მუსიკას ."


Frank Delle

"ლუკასი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი და ადამიანია, საოცრად ღრმა და მგრძნობიარე. სხვადასხვა პროექტებისთვის თუ კლავიში ან ფორტეპიანო მჭირდება, ლუკასი პირველი არჩევანია. რაც შეეხება ამ გუნდთან მუშაობის პროცესს, სასწაული ის არის, რომ ჩემი კომპოზიცია მიბჯენილია იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ დაუკრავენ ამ კომპოზიციას მხოლოდ ლუკასი, ფრანკი და კონრადი. სამივე მუსიკოსს აქვს თავისუფლება, რომ აზრი გამოთქვას ჩემს დაწერილზე და იდეები შემომთავაზოს.“

ადგილმდებარეობის შეცვლას, გიორგისთვის, როგორც კომპოზიტორისთვის, ცვლილებები მოჰყვება მუსიკაშიც:


”ჩემი შემოქმედებისთვის საქართველოში ან გერმანიაში ყოფნის დროს იცვლება ინსპირაციის სახე, რომელიც ექვემდება აქაური ან იქაური ცხოვრების წესს, რითმს, მრწამს. ეს პრივილეგიაა. როცა ინსპირაციის რამდენიმე მოდელი არსებობს, ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობსს მუსიკოსს.”


შემოქმედებაში პრინციპები არ აქვს, გარდა ერთისა:


„შეიძლება პრინციპად ჩაითვალოს ის, რომ ჩემი შექმნილი, პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს იმისთვის, რომ გავასაჯაროვო და სხვებს მივცე შეფასების ნება.“


მისთვის მუსიკა არ ითარგმნება და მუსიკად რჩება:


„არაერთხელ მქონია სხვასთან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მუსიკას ვიზუალურად არ აღვიქვამ, არამედ ემოციურად. მაგალითად, როცა მალერის სიმფონიას ვუსმენ სურათი არ მაქვს თავში, უბრალოდ ვტკბები ჰანგებით.“


საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ რა სტადიაზეა თანამედროვე მუსიკა:


”ძალიან ამბივალენტური მდგომარეობაა. ერთი მხრივ, საგანგაშოდ მიმაჩნია, რომ მუსიკის ინდუსტრია ექვემდებარება არა ხელოვნებას და ინდივიდუალიზმს, არამედ მასობრივ დაკმაყოფილებას, მაგრამ ეს ახალი ფენომენი არ არის. ასე, რომ განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ. ალბათ, მოცარტის დროსაც ასე იყო. მეორე მხრივ, ყველა ამ ეტაპზე როცა კონსერვი და პროდუქტი წინა პლანზეა, უკანა პლანზე, აბსოლუტურად ყველა ჟანრში მაინც არსებობს სიღრმე, ინოვიაციურობა, რომელიც მასობრივობას უპირისპირდება და ეს კარგია.“


დაბოლოს:


„ჩემთვის მთელი ეს ტურნე დიდ რამეს ნიშნავს. ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი და მიხარია, რომ სამ სხვადასხვა ქალაქში ჩემს მუსიკას ქართველ მსმენელს გავუზიარებ.“


ბილეთები: TKT.ge