ედუფინი

ნული მეტია ერთზე

ოქტომბერი 03, 2019

მოდი, ასეთი სიტუაცია აღვწეროთ - ვთქვათ, ინგლისური კარგად იცი და ნათესავმა 10 გვერდის თარგმნა გთხოვა - ჩემო კარგო, მჭირდება და შენს იქით გზა არა მაქვსო. რამდენად შეძლებ უარის თქმას, რაგინდ დაკავებული იყო და არაფრის თარგმნის თავი არ გქონდეს? გაჭირდება, არა? სავარაუდოდ ძალიან დაგეზარება, მაგრამ, სავარაუდოდ, მაგ საქმის გაკეთება მაინც მოგიწევს.


მაგრამ, ახლა დავუშვათ, რომ იმავე ნათესავმა იმ 10 გვერდის თარგმნაში ცოტა ფული შემოგთავაზა - გითხრა, მაგ საქმეში 4 ლარს გადაგიხდიო. იმის მიუხედავად, რომ უფასოდ გასაკეთებლად მზად იყავი და ზედმეტი 4 ლარიც ალბათ არავის აწყენს, გაცილებით დიდი შანსია, რომ უარი უთხრა, არა?

კი, მაგრამ რატომ? რა შეცვალა იმ ოთხმა ლარმა?

„უფასოს“ ძალა არაერთ მკვლევარს შეუსწავლია. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც, ამავე დროს, საინტერესოდ და სახალისოდაც წერს, ამერიკელი ეკონომისტი დენ ერიელია, რომელიც თავის რამდენიმე წიგნში ამტკიცებს, რომ როდესაც საქმე „უფასოს“ შეეხება, ეკონომიკის რაციონალური თეორიები ხშირად აღარ მუშაობს და საქმეში სხვა ძალებიც ერთვება ხოლმე.

აი, ვთქვათ, ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა - თავისი უნივერსიტეტის ეზოში დადგა სტენდი, სადაც ერთი და იგივე ტკბილეული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფასად იყიდებოდა. ზოგჯერ კანფეტი 1 ცენტი ღირდა, ზოგჯერ კი - უფასო იყო. შემდეგ მკვლევარმა ერთმანეთს შეადარა, თუ რამდენი სტუდენტი გაჩერდა ჯიხურთან და რამდენი კანფეტი აიღო თითოეულმა.

პირველ შეკითხვაზე პასუხი არავისთვის იქნებოდა გასაკვირი - როდესაც კანფეტი უფასო იყო, სტენდთან ოთხჯერ მეტი სტუდენტი მივიდა ვიდრე მაშინ, როდესაც ის 1 ცენტი ღირდა. აი, მეორე კითხვაზე პასუხი კი ეკონომიკურ ლოგიკაში არ ჯდებოდა - როდესაც კანფეტი 1 ცენტი ღირდა, თითო სტუდენტი 3-5 ცალს იღებდა ხოლმე. წესით, უფასო კანფეტები სულ მთლად უნდა დაეტაცებინათ, არა? შენი რა მიდის, არაფერი ღირს - აიღე, რამდენიც გინდა!


მაგრამ, არა! როდესაც ტკბილეული უფასო იყო, ერთ კანფეტზე მეტი თითქმის არავის აუღია. მიუხედავად იმისა, რომ არც მაქსიმალური ზღვარი დაუწესებია არავის და არც უთხოვნია, სხვასაც დაუტოვეო. არ იყო თხოვნა საჭირო - სტუდენტებმა თავად გადაწყვიტეს, სხვებზე ეზრუნათ და ტკბილეული მათთვისაც დაეტოვებინათ.

საქმე იმაშია, რომ თუნდაც ერთი თეთრის დამატებას ან გამოკლებას შეუძლია პრინციპულად შეცვალოს ურთიერთობის ფორმა. როდესაც ფულს ვიხდით, რაგინდ ცოტას, ამ ტრანზაქციას ადამიანები საბაზრო ურთიერთობების ნორმების პრიზმიდან ვუყურებთ. ხოლო, როდესაც რაიმეს უფასოდ ვიღებთ ან გავცემთ, მაშინ უკვე სოციალური ნორმები ამოქმედდება.

ამიტომაც აიღეს სტუდენტებმა თითო უფასო კანფეტი. როდესაც საქმე სოციალურ ნორმებს შეეხება, ადამიანებს ზრდილობა და სხვისი ინტერესების გათვალისწინება მოგვეთხოვება - ფიქრობ, მე რომ ბევრი ავიღო, ხარბი გამოვჩნდები და, ისედაც, სხვასაც ხომ უნდა დარჩესო.

აი, ფულს როცა იხდი, სულ სხვა საქმეა. ამ შემთხვევაში ზრდილობა და სხვაზე ფიქრი აღარ მოგეთხოვება - ეს პროდუქტი ამდენი ღირს, რამდენსაც მინდა, იმდენს ვიყიდი და აი, არც კი ვიფიქრებ, ვინმეს რამე დარჩება თუ არა!


ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს დასაწყისში მოყვანილ მაგალითში. როდესაც ნათესავი თარგმნას გთხოვს და სანაცვლოდ მადლობის მეტს არაფერს გთავაზობს (ისე, ჩვენში დარჩეს და, ზოგჯერ, ეგეც კი უჭირთ ხოლმე!), უარის თქმა ლამის შეუძლებელია - შენც ცუდად იგრძნობ თავს და მშობლებიც (სამართლიანად) გაგლანძღავენ - გაგეკეთებინა, რასაც გთხოვდა, რატომ აალაპარაკე ჩვენზე მთელი ნათესაობაო.

ხოლო, თუ თარგმანში 4 ლარი შემოგთავაზეს, ესე იგი სოციალური ნორმებიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადავერთეთ. ამ დროს უკვე შეგიძლია აწონ-დაწონო - რამდენად დაკავებული ხარ, რამდენად გიღირს ამ ფასად მუშაობა, რამდენად გეზარება იმ ოხერი ტექსტის თარგმნა... უკვე შეგიძლია უთხრა - ვაი, დიდი ბოდიში, აი, სიამოვნებით, მაგრამ ვერაფრით... მშობლებსაც აქეთ შეუტევ - 4 ლარი შემომთავაზა! 4 ლარი! იცი, სინამდვილეში 10 გვერდის თარგმნა რა ღირს?

ეს, ცხადია, გამოგონილი მაგალითია, მაგრამ მკვლევარებს უამრავი რეალური ამბავი მოჰყავთ, სადაც სოციალური და საბაზრო ნორმების აღრევამ არასასურველი შედეგი გამოიღო.

ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი ასეთი ამბავი ისრაელის საბავშვო ბაღში მოხდა. ამ ბაღში პრობლემა ჰქონდათ - მშობლები მუდმივად აგვიანებდნენ ბავშვების წაყვანას. ვთქვათ, ხუთის ნაცვლად, ექვსის ათ წუთზე მოდიოდნენ ხოლმე. ეს კი მასწავლებლებსაც აფერხებდა, დამლაგებლებსაც და ყველასაც. ბაღის დირექტორმაც გადაწყვიტა, დაგვიანებული მშობლებისთვის ჯარიმა დაეწესებინა. რამდენად შეამცირა ჯარიმამ დაგვიანებები?

სწორია! კი არ შეამცირა, გაზარდა. აქამდე მშობლებს რცხვენოდათ, როდესაც აგვიანებდნენ - დამრიგებელთანაც უხერხულია და, ისედაც, რა წესია? ჯარიმის შემოღებამ კი ეს სოციალური ნორმები უცებ საბაზროდ გადააქცია. ახლა მშობელი აღარ ჩქარობდა, თუ ბოლო მომენტში სამსახურში უფროსმა რაღაც დაავალა. აღარ ჯდებოდა ტაქსიში, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იგვიანებდა. მართალია, დააგვიანებდა, მაგრამ ეს დაგვიანება უკვე სირცხვილი კი არა, სერვისი იყო - ჯარიმას იხდიდნენ, მაგრამ უღირდათ.

ყველაზე საინტერესო ასპექტი კი მაშინ აღინიშნა, როდესაც ბაღის ხელმძღვანელობა მიხვდა თავის შეცდომას და ჯარიმა გააუქმა. როგორ გგონიათ, ამ დროს დაგვიანებებმა იმატა, იკლო თუ იგივე დარჩა?


რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ჯარიმის გაუქმების შემდეგ დაგვიანებებმა კიდევ უფრო მოიმატა. საქმე იმაშია, რომ საბაზრო ურთიერთობებად გარდაქმნილი სოციალური ნორმები კიდევ კარგა ხანს რჩება საბაზროდ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, გადასახადი კი გაუქმდა, მაგრამ მშობლებს კი არ დავიწყებიათ, რომ დაგვიანება ფული ღირდა. ამიტომ, დაგვიანება კვლავინდებურად მისაღები იყო თან, ამჯერად ჯარიმის გადახდაც კი არ უწევდათ!


ეს „უფასოს“ ძალის მხოლოდ ერთი ასპექტია, რომელიც სოციალურ და საბაზრო ნორმებს შეეხება. თუმცა, „უფასოს“ კიდევ ბევრი სხვა ძალა აქვს ადამიანებზე. ამ სხვა ძალებზე, რომლებსაც ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, შემდეგ ჯერზე გეტყვით.

ავტორი: ნიკო ნერგაძე, რადიო თავისუფლება