ლიტერატურა

ნორმან როქუელის გაცოცხლებული ილუსტრაციები

"საბა"

ივნისი 10, 2020


ზაალ სამადაშვილი "კითხულობს" ნორმან როქუელის ილუსტრაციებს



"არ ვიცი ვერმონტის შტატის ერთ პატარა ქალაქში ვარ, არ ვიცი, ვაშინგტონის გარეუბანში. ცივა, ყინვა ძვალსა და რბილში ატანს. მივდივარ ქუდჩამოფხატული და პალტოს საყელოაწეული, ჯიბეში იმდენი ფულიც არ მაქვს, ყველაზე იაფფასიან კაფეში რომ შევეხეტო და ყავით სავსე ჭიქას გასათბობად შემოვაწყო დამზრალი თითები...


მუსიკის ხმა მესმის, სადღაც ჯაზს უკრავენ. ნაბიჯს ვუჩქარებ. დაუჯერებელია, მაგრამ ასეა, ხმა სადალაქოდან მოისმის. წარწერიან ვიტრინას რომ ვუსწორდები, ვრწმუნდები ამაში. ხელები შუბლთან მიმაქვს და მინას ვეყრდნობი - სადალაქოს გარდა, რომელშიც ნახშირის ღუმელი დაუნთიათ, სხვა ოთახსაც ვხედავ, უკეთ განათებულს. იქ სამი ძიაკაცი უბერავს, ერთი - კლარნეტზე, მეორე - ვიოლინოზე, მესამე - კონტრაბასზე.


უნდა შევიდე. მჯერა - კარის შეღებისას ერთს კი გამომხედავენ და ზედმეტი ათვალიერებ-ჩათვალიერების გარეშე მანიშნებენ, ჩამოჯექი სადმეო...


დაკვრას რომ მორჩებიან, ვინ იცის, იქნებ ვისკით სავსე მათარაც გამომიწოდოს რომელიმემ..."

ასეთ ფანტაზიებს აღმიძრავს ნორმან როქუელის ნახატი, რომელსაც "შაფლტონის სადალაქო" ჰქვია...

ბებია და შვილიშვილი ფილადელფიის სარკინიგზო სადგურის რესტორანში სხედან. ხელბარგი და შლაპაწამოცმული ქოლგა სკამის ფეხებთან მიუდგამთ.

საუზმის წინ თავებს ხრიან, თითებს ერთმანეთს აჭდობენ და ბუტბუტს იწყებენ ჩუმად.


მათი შემხედვარე ადამიანები რაღაცნაირად ირინდებიან, აღარც ხმამაღალი ლაპარაკი ისმის და არც სხვა რამ ხმაური.


ყველა მათკენ იწყებს ყურებას, სავარაუდოდ ყველას უჩვეულო, მივიწყებული განცდა ეუფლება, იმის მსგავსი, ბავშვობის რომელიმე ნათელი მოგონება რომ აღძრავს...


ნორმან როქუელის მორიგ ნახატს "ვკითხულობ", რომელსაც "ლოცვა მაგიდასთან" ჰქვია...


მეკობრეობას რომ გადაწყვეტენ ბიჭები, სახელებს რომ დაირქმევენ, ერთი - "ესპანეთის ზღვათა შავ მოსისხლეს", მეორე - "სისხლიან ხელს", მესამე - "ზღვათა რისხვას"...


რომ დაასკვნიან - შერვუდის ტყეში ყაჩაღობა ჯობია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობასო და ტივით მისისიპის ერთ ტყიან კუნძულზე გაიპარებიან მშობლიურ ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან...


ნავახშმევს, აწაპნილი ლორით დანაყრების შემდეგ ჰეკლბერი ფინი ჩიბუხს რომ გააკეთებს სიმინდის ტაროსგან და ერთს გემრიელად გააბოლებს...

ტომ სოიერსა და ჯო ჰარპერს ძილი რომ მოერევათ და კოცონიც მიინავლება, აი ის სურათი აქვს გაცოცხლებული ნორმან როქუელს



"პაპის ნაქონი საყვირია, ერთადერთი თეთრკანიანი მუსიკოსისა ხუთკაციან ახალორლეანულ ბენდში, რომელიც ლუიზიანას შტატის გარეთაც უკრავდა ოდესღაც - პატარა ქალაქების ხმაურიან რესტორნებში...


საყვირი კარგად არის შენახული, თუმცა რამდენიმე ადგილას ნაკაწრი ემჩნევა. თითოეულის ისტორია იცის ბიჭუნამ, პაპა უყვებოდა, მთვრალების მიერ ატეხილი რომელი დავიდარაბის სახსოვარი იყო მოკლე - განივი ან გრძივი ხაზი ინტრუმენტის ვერცხლისფერ, ერთ დროს ლაპლაპა ტანზე...


ნოტების კითხვასთან ერთად ბერიკაცმა ისიც ასწავლა შვილიშვილს, როგორ უნდა ისუნთქოს დაკვრის დროს. სავარძელში ასე ჯდომა კი დაუშალა ერთი-ორჯერ, მაგრამ მერე თავი დაანება, უთხრა, გინდა ყირაზე დადექი, ოღონდ სასურველი ხმა გამოაცემინე საყვირსო...


გულმოდგინედ ბერავს ლოყებს წითური, ფერადწინდებიანი ბუთხუზა, ცდილობს სწორად დააჭიროს თითი ღილაკებს. იმ დღეზე ოცნებობს, როცა დიზი გილესპივით დაუკრავს და მარტო ერთი მსმენელი კი არ ეყოლება ნახატებიანი სავარძლის ქვეშ მოკალათებული ლეკვის სახით, არამედ ბევრი და კარგი ჯაზის დამფასებელი - ბაბუასავით..."


კვლავ ნორმან როქუელის ნახატი - "მეცადინეობა საყვირის დაკვრაში"



"გამოდგეს თუ არა ფეხი სახლიდან, ძაღლი იქვე, პარმაღზე შეეგებათ. სხვა დროს, სარწეველა სავარძელთან მიწოლილი, თვალს თუ გააყოლებდა პატრონებს, ახლა კი ხტოდა და წკმუტუნებდა, ხან ერთს ეგლასუნებოდა წვივებზე, ხან მეორეს. იმდენი იწკავწკავა, იმდენი იბზრიალა, რომ საწადელს მიაღწია, უფლება მოიპოვა "პიკაპის" საბარგულზე შემხტარიყო...


საბარგულზე მოთავსდა ბიჭიც, ჩემოდანი და წიგნები კაბინაში დაუწყო მამას. შარვალი ასვლის დროს გაემურა, საბურავს გაუხახუნა ტოტი ალბათ...

საათნახევარი იჯაყჯაყეს დანიშნულების ადგილამდე. სისხამ დილით კი გამოემგზავრნენ, მაგრამ მაინც დასცხათ, ოღრო-ჩოღრო შარაგზა შიშველ გორაკებს შორის მიიკლაკნებოდა და ახლად ამოწვერილ მზის სხივებს ვერაფერი ეღობებოდა წინ...


ავტოსადგურამდე რომ მიაღწიეს, შენობის შორიახლოს ჩრდილიანი ადგილი მოძებნეს და ჩრდილოეთისაკენ მიმავალი ავტობუსის მოლოდინში "პიკაპის" საფეხურზე ჩამოსხდნენ. ძაღლი ბიჭს მიუცუცქდა და თავი მუხლზე დაადო. მამამ სიგარეტს მოუკიდა, წელში მოიხარა, ცოტა არ იყოს დაღალა საჭესთან გამართულმა ჯდომამ. ბიჭმა კისერი წაიგრძელა და იქითკენ დაიწყო ყურება, საიდანაც დიდი, ყვითელზოლიანი, სავარაუდოდ "ფორდის" მარკის ავტობუსი უნდა გამოჩენილიყო...


სასწავლად მიემგზავრება. შესაძლოა სწორედ იმ პატარა ქალაქის კოლეჯში, სადაც სამი ათეული წლის წინ მათი შტატის ყველაზე სახელოვანი მკვიდრი, მთელ დუნიაზე ცნობილი მწერალი სწავლობდა...


ოდესმე თვითონაც თუ დაწერს ავტობიოგრაფიულთან მიახლოებულ რომანს, ალბათ მოყვება რამეს თავის პაპასა და მამაზე, რომლებიც იმ მწერლის წინამორბედებისგან განსხვავებით პოლკოვნიკები არ იყვნენ, მშვიდობიან საქმიანობას ეწეოდნენ. ერთს სამჭედლო ჰქონდა, სადაც ნალებს, ნიჩბის პირებს და ფორნის ბორბლების სალტეებს ამზადებდა, მეორე კი, საკუთარი ხელით ავტოსახელოსნოდ გადაკეთებულ მამისეულ სამჭედლოში ძრავებს, სიჩქარის კოლოფებს და აკუმულატორებს დასტრიალებდა გამთენიიდან დაღამებამდე..."


ნორმან როქუელი - სასწავლებლად გამგზავრება

სახელოსნო აგურის ხუთსართულიანი სახლის განაპირა სადარბაზოს სარდაფში აქვს მოწყობილი მოხუც მეწაღეს. სახლი დიდი, ძალიან დიდი ქალაქის ღარიბულ კვარტალში დგას. მისი ბინადრები ახალ ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ ყიდულობენ, როცა ძველების შეკეთება - გადაბრეცილი ქუსლების, გახვრეტილი ძირების შეცვლა და დამსკდარი ზედაპირის ამოკემსვა შეუძლებელი ხდება. ამიტომაა რომ მის ნახევრადბნელ, ერთთავად არეულ-დარეულ, ალაგ-ალაგ ლინოლეუმამოგლეჯილ ოთახს მომსვლელი არ აკლდება...

 

ბერიკაცს ლაპარაკი უყვარს, ამბების მოყოლა. უმეტესად იმ ხალხს იხსენებს, ვისაც ხშირად უსარგებლია მისი ოსტატობით (ჯღანად ქცეული ფეხსაცმლისთვის პეწის დაბრუნებით) და მერე დიდი წარმატებისთვის მიუღწევია ცხოვრებაში...

 

ყველაზე უფრო ორ ადამიანთან ნაცნობობით ამაყობს. ერთი ოფიციანტი ყოფილა, რომელიც იმდენს და ისეთი სისწრაფით დაქროდა დიდი რესტორნის ხალხით გადავსებულ მაგიდებს შორის, რომ სქელლანჩიანი ფეხსაცმელიც კი ვერ უძლებდა სამ-ოთხ თვეზე მეტ ხანს. მეორეც ბევრს დადიოდა თურმე. კალათბურთელივით მაღალ და გრძელხელებიან ბიჭს როდის ეძინა, ვერ დაადგენდი, რადგან დღისით, თავის ოთახში გამოკეტილი თავაუღებლად წერდა, ასობით და ათასობით სიტყვით ავსებდა სქელ რვეულებს, ღამ-ღამობით კი, კილომეტრებს ფარავდა დიდი ქალაქის ბნელ და განათებულ ქუჩებში აბორიალებული...

 

პირველი მომღერალი გამხდარა, ლამის ფრენკ სინატრასავით სახელოვანი, მეორე - მწერალი, ამერიკის ისეთივე აღმწერი, როგორც მარკ ტვენი და უილიამ ფოლკნერი...

 

ბავშვებიც არაერთხელ ყოფილან სახელოსნოს სტუმრები, ზოგი მშობელს მოჰყოლია, ზოგიც უფროსებს გამოუგზავნიათ. მათი პატარა, ცხვირებგადაქლეტილი სანდლებიც შეუკეთებია, მაგრამ თითისტოლა გოგონას შემოეღოს კარი თოჯინის ფეხსაცმლის გაკერვის თხოვნით - ასეთი რამ არ მომხდარა...


ბერიკაცმა იცის რომ ბავშვებს ყველაფრის თამაშად ქცევა უყვართ და არ აყოვნებს - მარჯვენა ხელით დიდის ამბით იღებს პაწაწინა ფეხსაცმელს, მარცხენა თავთან მიაქვს და იცხადებს, უჰ, უჰ, როგორ გარღვეულა, როგორ დაუღია პირი, ნეტავ რას წამოედო ეგ ცელქი თოჯინაო და უმალვე ამატებს, ისე გავკერავთ, ახალს აჯობოსო...

 

გოგონას სჯერა, რომ მართლა ასე იქნება, ეს ბაბუა ხომ ზღაპრის პერსონაჟ კეთილ ჯადოქარს ჰგავს თეთრი ულვაშითა და თბილი, გულში ჩამწვდომი ხმით, მერე რა რომ წვეტიანი ქუდი არ ახურავს და ვარსკვლავებიანი მანტია არ აცვია...

 

ვინ იცის, იქნებ საზეიმო კაბაში გამოწყობილი ეს გოგონაც, იმ ორი ახალგაზრდის მსგავსად, დღეს რომ მოწიფული მამაკაცები არიან, ცნობილი ქალი გახდეს, ისეთი ცნობილი, როგორიც ის მსახიობია, ერთ ფილმში დიდ საიუველირო მაღაზიასთან ყავას რომ სვამს დილაობით სევდიანი მელოდიის თანხლებით...


ნორმან როქუელი - მეწაღე აკვირდება თოჯინის ფეხსაცმელს

ავტორი: saba.com.ge