კულტურა ლიტერატურა

ნოდარ დუმბაძის „ნაფიქრალი“

sba.com.ge

ივლისი 13, 2019

მწერალი, გარდა იმისა, რომ წიგნების ავტორია, მკითხველიცაა, ლიტერატურული პროცესის მონაწილე, შემფასებელი და აღმქმელი. შესაბამისად, ყოველთვის ძალიან საინტერესოა, რას კითხულობს შენი საყვარელი მწერალი, რას ფიქრობს ამა თუ იმ წიგნსა და ავტორზე, როგორ აფასებს ამა თუ იმ მოვლენას.



ნოდარ დუმბაძის ესეებისა და წერილების კრებული "ნაფიქრალი" სწორედ მწერლის თვალით აღქმულ ლიტერატურასა და ხელოვნებას განახებთ, მის თანამედროვეობას, კონტექტს, რომელშიც იგი თავის რომანებსა და მოთხრობებს ქმნიდა, მის ლიტერატურულ კრედოს, დამოკიდებულებას, მსოფლმხედველობას...

„აქ ყველაფერი არ არის, რაც შენ დატოვე, მაგრამ ეს შენი ნაფიქრალის ის ნაწილია, რომელიც მხოლოდ ჩვენ არა, სხვა ბევრსაც ეხმარება ცხოვრებაში. მხოლოდ ამ რწმენით, მხოლოდ ამ იმედით შევადგინე იგი.  ეს წიგნი შენი ანდერძია - ჩემთვის, ჩვენთვის და მათთვის დაწერილი." - ქეთევან დუმბაძე

გთავაზობთ ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ამონარიდს კრებულიდან „ ნაფიქრალი“

„ყველაფერი, რაც კაცობრიობას დღემდე შეუქმნია, გამოქვაბულისა და კლდის მხატვრობა იქნება ეს, ველურობის უცნაური ნიღბები, თუ რომისა და საბერძნეთის უზარმაზარი ამფითეატრები, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქმნებოდა.


ადამიანები ბავშვობიდანვე ქმნიდნენ თავისთვის ხელოვნებასაც, ლიტერატურასაც, ნაირნაირ სანახაობებსაც; ესაა, რომ, ბუნების მიერ მათთვის დაწესებული არსებობის მკაცრი რეგლამენტის გამო, ვერ ასწრებდნენ ყოველივე ამით თავის დროზე ესარგებლათ და ძალაუნებურად სიბერეში უხდებოდათ თამაში, ბავშვებისათვის განკუთვნილი გასართობებით თავის შექცევა. იქნება ამიტომაა, მოხუცებულობაში ასეთი გატაცებით და სიამოვნებით რომ მიველტვით ბავშვობას. მე ასე მგონია.“

"მომავალი თაობა, რომ დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთის დები და ძმები არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მისია შესრულებულია და უფლება გვაქვს მშვიდად წავიდეთ ამ ქვეყნიდან.“

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ქართველებს რუსთაველამდე რომ არ გვცოდნოდა, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. მაშინ არათუ ქართველი ერი, არამედ არც ქართული ენა, არც ქართული მწერლობა და არც თვით რუსთაველი არ იარსებებდა. მაშ, რაღაშია რუსთაველის დამსახურება? ან, როგორც ჯადოქარმა, მიაგნო ქართველი კაცის სულში ამ უკვდავების სათავეს, ერთ სიბრძნედ შეკრა, მარგალიტებად აკინძა, ხალხსვე დაუბრუნა თავისი გენია და მისცა სულიერი საზრდო, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე კვებავს მას.“

"ყოველ ჩემს გმირში „ღვთაებრივ ნაპერწკალს“ ვეძებ - მგრძნობიარობას, ტკივილს, უსამართლობის, სიცრუის მიმართ...“

„მე მაღელვებს პიროვნების ჩამოყალიბების, აღზრდის პრობლემა, და ყველა ჩემი გმირი, როგორც წესი, იმ ასაკისაა, როცა ადამიანს ერთ მხარზე ანგელოზი უზის, მეორეზე - ეშმაკი. ვინ გაიმარჯვებს, რომელს მიენდობა იგი?"

-ეს არის ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც, მხოლოდ მისგან უნდა მოისმინოთ...“

saba.com.ge