მუსიკა | ცა

ნიაზ დიასამიძე - რენესანსის ადამიანი

ნიაზ დიასამიძის მსგავს ტიპებს ინგლისურად Renaissance man-ს, ანუ აღორძინების ხანის ადამიანს უწოდებენ ხოლმე. ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. უცნაური კუპაჟია - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი. თუ არ მოგისმენია, ვერ მიხვდები, ეს განსხვავებული ელემენტები ერთ მთლიანს როგორ შეიძლება ქმნიდეს. აი, კერძები რომ არის, რომელიც თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო ინგრედიენტებისგან შედგება. მერე კი გასინჯავ და... თან გემრიელია, თან კი, რაც ყველაზე უცნაურია, ნაცნობი გემო აქვს.

ის, რაც ამ ინგრედიენტებს კრავს და ერთიან სახეს აძლევს ალბათ ავთენტურობაა. ან, გნებავთ, სინაღდე. ჰო, სინაღდე უკეთესი სიტყვაა.


ჩვენი და წინა საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მუსიკალურ სცენაზე მოდაში იყო ხალხური მუსიკის გამოყენება. სრულიად განსხვავებული ჟანრების, ნიჭისა და შესაძლებლობების ბენდები თავიანთ მუსიკაში ან ფოლკ-ინსტრუმენტებს იყენებდნენ, ან კი - მელოდიებს. ზოგი ამას კარგად აკეთებდა. უმეტესობისთვის კი ფოლკი უბრალოდ ორნამენტი იყო - უგულოდ მიტყეპებული დიმპიტაური.

ბევრი ამ ხალხურ მუსიკას ზედაპირზე ეთამაშებოდა. ნიაზი კი ადგებოდა და ჩაყვინთავდა ხოლმე. ფანდურის სემპლს კი არ იღებდა MIDI ბანკიდან - თავად თლიდა და ზედ თავადვე უკრავდა.


ეს მიდგომა მისი მუსიკის ყველა ასპექტს ეტყობა ხოლმე. როდესაც ღვინოებზე მღერის, იცი, რომ „ვიკიპედიაში“ არ ამოუკითხავს. სიმღერებში დროდადრო ფრანგული ტექსტის ჩასმა სხვას შეიძლება უაზრო კუდაბზიკობად გამოსვლოდა - ნიაზი კი ამით თავის ფესვებს - ფრანგ ბებიას - მიაგებს ხოლმე პატივს. ფესვებს რახან შევეხეთ - თბილისზე სიმღერებიც სულ სხვანაირად ისმინება, როდესაც იცი, რომ მათი ავტორი დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოს შვილიშვილია და სახელიც მის საპატივცემულოდ ჰქვია.

ალბათ მაგ სინაღდემაც ითამაშა როლი ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. (აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი - ბევრად ღარიბული იქნებოდა. თუმცა, ნიაზ დიასამიძის გარეშე ჯგუფი სულ არ იარსებებდა - ის არის მისი ლოკომოტივი, სული და გული). 

90-იანების ბოლოსკენ, როდესაც „33ა“ -ს პირველი ალბომი, „თბილისი“ გამოვიდა, ჯგუფს ალტერნატიული როკის კატეგორიას მიაწერდნენ ხოლმე. რაც, ერთის მხრივ, სრულიად არასწორი იყო, რადგან ამ ჟანრთან ბენდს საერთო არაფერი ჰქონია, მეორეს მხრივ კი - ძალიანაც სწორი. „33ა“ ხომ მართლაც ერთგვარი თვითმყოფადი ალტერნატიული როკი იყო - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ნიაზის ალტერნატიულ როკერებთან მიკუთვნებას რამდენიმე ფაქტორიც უწყობდა ხელს - მარიხუანის სასხვათაშორისო ხსენება „როდესაც ბნელაში“, ან გულიანი გინება მათ მისამართით, ვინც „იპოვა, იშოვა საჭმელი, ფული, სასმელი, მაგრამ სხვა არ ახსოვს“ („ნაპირზე ქუჩები“).

მაშინ ჯგუფის სახელი უფრო მუსიკის მოყვარულებმა იცოდნენ - ვინც კონცერტებზე დადიოდა, ახალ ქართულ ბენდებს აკვირდებოდა, „მარგარიტას“ ფესტივალზე ნიაზის დაკრული ჰენდრიქსი ახსოვდა...


ორი წლის შემდეგ კი, როდესაც „33ა“-ს მეორე ალბომი, „იჩქარე ნელა“ გამოვიდა, მათი სახელი ყველას პირზე ეკერა. „ნოეს კიდობანი“, რომელსაც ყველა „მე ვზივარ ნავში-ს“ სახელით იცნობს, ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ჰიტია. თუმცა, ეგ ალბომი სავსე იყო დასამახსოვრებელი სიმღერებით. აი, მახსოვს, ჩემმა დეიდაშვილმა, რომელიც მაშინ ათიოდე წლის იქნებოდა, სახლში „რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა“ წაიღიღინა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც დედამისმა „ზეგარდმო არსნი სულითა“ გააგრძელა. „ვა, დედა, შენც გიყვარს ნიაზ დიასამიძეო?“ - კითხა. „ვეფხისტყაოსნამდე“ „ჰე, ღმერთო“ იცოდა.

მას შემდეგ 33ა და ნიაზ დიასამიძეს ყოველთვის აქტუალურ მუსიკოსებად რჩებიან. შეიძლება რამდენიმე წელი ალბომი არ გამოუშვან, მაგრამ ან კინოსთვის დაწერენ საუნდტრეკს, ან კი რამე საინტერესო ქავერს გააკეთებენ - მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიცია ხომ იდეაში მათ სულაც არ ეკუთვნით - ბორის გუგეშაშვილის სიმღერაა, სადაც რაჭის ერთ-ერთი საჭმელი დაწესებულებაა აღწერილი. თუმცა, ყირამალას დუქნის შესახებ რაჭის გარეთ მცხოვრებმა ხალხმა სწორედ ნიაზისგან გაიგო („ბეჩა ყირამალა“). 

 „33ა“-ს კონცერტი ყოველთვის გადავსებულია ხოლმე ხალხით და, ამ ხალხს მხოლოდ ძველი ჰიტების მოსმენა კი არ უნდა. ჯგუფის მუსიკა მხოლოდ - „აი, ბავშვობას მახსენებს“ და „როგორ მიყვარდა“ არ არის. არა, ეგეცაა, მაგრამ, მაგასთან ერთად ახალ სიმღერებსაც იმავენაირად ითხოვენ. მათი ბოლო ალბომის, 2017 წლის „ქართულში“ შემავალ სიმღერებს „იუტუბზე“ ასობით ათასი მოსმენა აქვთ. 2010-იანი წლების საუკეთესო ქართული სიმღერების ნებისმიერი ჩამონათვალი კი „დრომალეს“ გარეშე არასრული იქნებოდა.

ერთადერთი პრეტენზია, რომელიც „33ა-ს“ მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს, ისეთ რამეს შეეხება, რაც არც ჯგუფის ბრალია ყოფილა და არც მათზე ყოფილა რამენაირად დამოკიდებული. ბენდის წარმატებამ შემდეგ უამრავი ეპიგონი შვა. მარტო მე ათზე მეტი ჯგუფი თუ შემსრულებელი ვიცი, ვინც შთაგონებას ძირითადად 33ა-ს მუსიკიდან იღებდნენ - ქალაქური ესთეტიკა, რეგეისა და როკის და ფოლკის ნაზავი, ნიაზისნაირი ხმა, ქარი და წვიმა და ნიავი... რამდენიმე წელი ქართული მუსიკალური სცენა თითქმის მთლიანად ამისგან შედგებოდა. მძიმე რამდენიმე წელი იყო...

თუმცა, მიმბაძველებმა კიდევ უფრო კარგად აჩვენეს, თუ რა მაღალი დონის ჯგუფია „33ა“. იმიტომ, რომ თურმე მსგავსი მუსიკის, ტექსტისა და ხმის დაყენება საერთოდ არ გაახლოებს ორიგინალთან. იმიტომ რომ, მთავარი სულ სხვა რამეებია. სინაღდე. სიყვარული. საქმის ცოდნა. და, როგორც ნიაზის საყვარელი გალაქტიონი იტყოდა „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!“

ავტორი: ნიკო ნერგაძე