ონლაინ გამოფენები - ნათია ბუკიას რეკომენდაცია



მას შემდეგ, რაც ხელოვნების ნიმუშების ნახვა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, მათი ვირტუალურად დათვალიერების მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გალერეებიც და ხელოვნების სხვადასხვა ინსტიტუციებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სხვადასხვა ფორმით გახადონ ხელოვნება ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. რაც სოციალური დისტანციი საჭიროება გაჩნდა ყველა აქტივობა, რომელიც გალერეას ჰქონდა დაგეგმილი, გაუქმდა, პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი მოთხოვნილება ხელოვნებასთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვირტუალურ სივრცეშია შესაძლებელი და შესაბამისად, ყველა რესურსს ვიყენებ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნილება დავიკმაყოფილო, იქნება ეს დოკუმენტური ფილმები ხელოვანებაზე, მათთან ინტერვიუები, თუ ვიდეოარტის ყურება და სხვადასხვა გალერეების ონლაინ “ვიუინგ რუმებში” რეალურად არსებული თუ წარმოსახვითი გამოფენების თვალიერება.





აქ გაგიზიარებთ რამდენიმე გამოფენას და რესურსს, რომელიც ვთვლი, ხელოვნებასთან ფიზიკური სიახლოვის დეფიციტს ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ. დავიწყებ ქართველი ხელოვანების ნამუშევრებით, რომლებიც ვირტუალურ სამყაროშია ხელმისაწვდომი.



Electric Forest - ანნა კ.ე. და ფლორიან მაიზენბერგი



ანნა კ.ე.-სა და ფლორიან მაიზენბერგის საერთო გამოფენა Electric Forest სიმონ სუბალის გალერეაში მარტის დასაწყისში გაიხსნა და გახსნიდან რამდენიმე დღეში პანდემიის გამო დაიკეტა. ახლა საშუალება გაქვთ გამოფენის 3D ვერსია ნახოთ გალერეის ვებსაიტზე, რომელიც ფიზიკური გამოფენის ძალიან კარგი ვირტუალური ვერსიაა და მე პირადად მადლობელიც კი ვარ ამ სიტუაციის, რომ ამ გამოფენის ნახვის საშუალება მომცა თუნდაც ვირტუალურად (ნიუ-იორკში მას ნამდვილად ვერ ვნახავდი).


ჩემმა საყვარელმა ხელოვანებმა პატარა ვირტუალური “სათამაშოც’”კი გააკეთეს სპეციალურად ვებსაიტისთვის და ამასაც გამოფენასთან ერთად ნახავთ.


ასევე შესაძლებელია ვირტუალურ სივრცეში ანნა კ.ე.-ს განუხორციელებელი სოლო გამოფენის "ბარბარა თამში" ნახვა, რომელიც მის ბერლინის გალერეაში, ბერლინის გალერეების ვიქენდის დროს,  მაისის დასაწყისში უნდა გახსნილიყო და სამწუხაროდ, გაუქმდა.


რაც შეეხება ზოგადად გალერეების არსებული გამოფენების 3D ფორმატში გადატანას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალური გახდა ახალი რეალობის პირობებში და ბევრი გალერეა იყენებს ვებსაიტ artland.com-ის ხელსაწყოს. ამ სივრცეში ბევრი კარგი გალერეის არსებული გამოფენის ნახვა შეგიძლიათ ვირტუალურად.


მე თვითონ ყველაზე მეტად ვიდეოარტს ვეძებ ინტერნეტ სივრცეში სანახავად, რადგან ყველაზე სრულყოფილი ამ ტიპის ხელოვნების ნახვის გამოცდილებაა.



კუნსტჰალე თბილისი გვთავაზობს ორი თანამედროვე ხელოვანის ვიდეოხელოვნებას: ანდრო ერაძის All Hand Bury the Dead-სა და ბასიმ მაგდის New Acid-ს. ორივე ნამუშევარი ბუნების თემას ეხება და ჩემთვის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ასე ბუნებასთან შეხება თითქოს არასდროს დამჭირვებია. როგორც ესთეტიკა, ასევე ტემპი და თემები, რომლებსაც ნამუშევრები წამოჭრის, იდეალურად მიესადაგება იმ გრძნობებს, რომლებსაც ამ პერიოდში განვიცდი.




ასევე ანდრო ერაძის ვიდეო, რომელიც ხელოვან ჯესი დარლინგის კურირებით 24 ერთწუთიან ვიდეოს შორის შეირჩა, ნაჩვენები იქნება საერთაშორისო მოკლე ფილმების ონლაინ ფესტივალ Oberhausen-ზე 14 მაისს.




ეს პროექტი კოლაბორაციაა ონლაინ პლატფორმასთან - The One Minutes. სანამ ხელოვნების ნიმუშების ფიზიკურად ნახვის შესაძლებლობა არ გაქვთ, პლატფორმის ინსტაგრამზე ყოველდღე შეგიძლიათ ერთწუთიანი ვიდეონამუშევრების ნახვა, რომლებსაც სიმბოლურად მედიტაციურ ნამუშევრებს ეძახიან. აქაც ნამუშევრები კურირებულია და თემების მიხედვით იდება.


David Zwirner



გალერეა “დავიდ ზვირნერმა” რამდენიმე სივრცე შექმნა ხელოვნების ვირტუალურად სანახავად. გარდა თავისი გემოფენების ონლაინ “ვიუინგ რუმებისა”, მასაც აქვს ვიდეოხელოვნების განყოფილება გალერეის ინსტაგრამზე, სადაც ბოლოს ხელოვან ჯორდან ვოლფსონის 2009 წლის ვიდეო - Con Leche გაზიარდა, რომელიც ბევრ აქტუალურ თემას აერთიანებს, როგორებიცაა იდენტობა, ტექნოლოგია, მეხსიერება და სიკვდილი.


ტექსტები, რომლებიც ვიდეოშია, ინტერნეტიდან არის ამოკრებილი და ამ პერიოდში, როდესაც ყველანაირ ინფორმაციაზე წვდომა და ურთიერთობებიც კი ამ სივრციდან მოდის, მათი მოსმენა კიდევ მეტად გვაფიქრებს ჩვენს დღევანდელობაზე.



ეს პლატფორმა, სადაც ვიდეოა განთავსებული (http://ubu.com), მეც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი ხელოვანის დამსახურებით და უამრავ ძალიან საინტერესო მასალას გვთავაზობს, ამიტომ გირჩევთ კარგად ნახოთ. აქ დევს ბევრი სხვა კარგი ვიდეოხელოვნებაც. 


ასევე ახალი ტენდენციაა, რომ დიდი გალერეები უქმნიან ონლაინ სივრცეს დამწყებ გალერეებს მათზე მეტი წვდომისთვის. დევიდ ზვირნერის გალერეამ გააკეთა პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა ქალაქის ნარჩევ, უფრო დამწყებ გალერეებს აძლევს ადგილს ერთარტისტიანი ონლაინ შოუებისთვის და რომლის უკვე მესამე გამოცემა ლოს-ანჯელესის გალერეებს აერთიანებს. გალერეების ძალიან კარგი სელექციაა და ნამდვილად ღირს ნახვად.




რა თქმა უნდა, დღეს ვირტუალურ სივრცეში კიდევ უფრო ბევრი საინტერესო გამოფენის და ხელოვნების ნახვის შესაძლებლობაა. ვიცით, რომ ბევრმა მუზეუმმა თავიანთი კოლექციები ვირტუალურად ხელმისაწვდომი გახადა. მე აქ მხოლოდ ის გამოფენები, ნამუშევრები და ონლაინ პლატფორმები ჩამოვთვალე, რომლებიც ამ ბოლო დროს ვნახე ან რომელთა ნახვასაც ახლო მომავალში ვგეგმავ. იმედი მაქვს, თქვენთვისაც ისეთი საინტერესო და ინსპირაციული იქნება მათი ნახვა, როგორიც ჩემთვის იყო.



ავტორი: Hammock magazine

ფოტო: ნაკანიმამასახლისი / Nakanimamasakhlisi