მუსიკა | ცა

შენ და მუსიკა


თუ Thee Oh Sees-ს უსმენ, მაშინ ალბათ ადვილად დავმეგობრდებით.


ყველას გვყავს ის ერთი მუსიკოსი, რომლის შემოქმედებაც იმდენად განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ, იმდენად ღრმად არის გამჯდარი ჩვენს პიროვნებაში, რომ ერთ დღეს ბოროტმა მეცნიერებმა ამ მუსიკოსზე მოგონებები რომ წაგვიშალონ, იდენტობის კრიზისი დაგვემართება და საკუთარ „მე“-ს ბოლომდე დავკარგავთ - სავარაუდოდ მაღაზიაში ნაყინის არჩევასაც კი ვეღარ შევძლებთ.


ბავშვობაში ხშირად ისმოდა კითხვა - „რეპს უსმენ თუ როკს?“. იმის მიუხედავად, რომ „რეპს“ ჩემს გარშემო თითქმის არავინ უსმენდა, ამ კითხვის მიზანი იყო ადამიანის პიროვნების დადგენა, იმის გარკვევა, თუ სად იდგა ის ცხოვრებაში და საით აპირებდა წასვლას. „რეპს უსმენ თუ როკს“ მაშინ დაახლოებით იგივეს მიშნავდა, რაც ახლა უცხო ადამიანის ფეისბუქის კედელზე შესვლა და გაზიარებული ლინკების მიხედვით მასზე წარმოდგენის შექმნას ნიშნავს.

ეს კითხვა სწორი ადგილიდან მოდის.


მუსიკას მართლაც აქვს იმის უნარი, რომ საკუთარ თავში უფრო კომფორტულად გვამყოფოს და დაგვარწმუნოს, რომ რასაც განვიცდით, სწორად განვიცდით. ეს ცხოვრების ყველა ნაწილს ეხება, დიდსაც და პატარასაც: LCD Soundsystem-ის მუსიკის წყალობით გავაცნობიერე, რომ ცხოვრებაში კარგი რაღაცები სრულდება და მათ დასრულების საშუალება უნდა მისცე (თუმცა თავად ბენდი მგონი ამას ვერ მიხვდა), MF DOOM-ის გამო კი უაზრო მულტფილმების სიყვარული ცხოვრების ოცდამეოთხე წელშიც მშვიდად გამოვიყოლე. ამ ორი მაგალითის გარდა, კიდევ არსებობს ჩემი პიროვნების პაზლის ძალიან ბევრი ნაწილი, რომელიც თავის ადგილას მუსიკის გამო ჩაჯდა. 

მუსიკას იმის უნარიც აქვს, რომ შეგვცვალოს. ზოგიერთი სიმღერა (ან თრექი, ან კომპოზიცია - თქვენ რასაც ეძახით) პატარა სარკმელს გვიხსნის ჩვენი თავების განსხვავებული, შესაძლოა, უკეთესი ვერსიებისკენ.


მაგალითად, როდესაც QUEEN ირთვება, ალბათ ყველანი გრძნობთ თავდაჯერებულობის მოზღვავებას. თუ მათ საკმარისად მოუსმენთ, შესაძლოა ოდესმე მოიკრიბოთ სიმამაცე და საბოლოოდ ჩაიცვათ ის ფერადი პერანგი, რომელიც მოგწონთ, დიდი ხანია სახლში გიდევთ და აქამდე გამბედაობა არ გყოფნიდათ, რომ ამ პერანგით გარეთ გასულიყავით. 

სწორედ ამიტომ, თუ Thee Oh Sees მართლა მოუსმინეთ და მოგეწონათ, ჩვენს შორის მეგობრობა შედგება. თუ მათი მუსიკა მოგწონთ, არის შანსი რომ ჩემი პიროვნების ის ნაწილიც მოგეწონოთ, რომელსაც მათ მუსიკას ვუკავშირებ. ცხადია, ეს მიდგომა საკმაოდ მიამიტურია - ცალკე ბლოგი შეიძლება მიეძღვნას იმ საშინელ გრძნობაზე საუბარს, როდესაც საერთო ინტერესების ადამიანს ვიცნობთ და ის ჩვენთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდება, რომ საკუთარი თავის გადაფასებასაც ვიწყებთ, თუმცა ერთნაირი მუსიკალური გემოვნება მაინც დასაწყისია.

ამის გამო მომწონს ახალი არტისტის, სიმღერის აღმოჩენა, განსაკუთრებით კი ისეთი მუსიკის პოვნა, როგორსაც მანამდე არ ვუსმენდით. რადგან ვინ იცის, იქნებ სწორედ იაპონურ მათემატიკურ როკში იმალება თქვენი პიროვნების ის ნაწილი, რომელიც ლამაზად შეგამკობთ - მას მხოლოდ პოვნა სჭირდება.



ავტორი: სანდრო გაჩეჩილაძე

ფოტო: tomlab.com