მუსიკა 1918-1921 წლების საქართველოდან

სამწლიანი დამოუკიდებლობისას განსხვავებულ ელფერს იძენს და ცოცხლდება ქართული კულტურული სცენა. გემოვნებათა ღია და თავისუფალი თანაარსებობა საქართველოს, გასაკუთრებით კი, თბილისის განუყოფელი ნაწილი ხდება. მხატვრობა, თეატრი, ოპერა, კინემატოგრაფია თუ მუსიკა შთაგონების ქარცეცხლში ეხვევა, რის შედეგადაც იქმნება ქართული ავანგარდული მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ნამუშევრები. სამხატვრო და სალიტერატურო ექსპერიმენტალურ მიღწევებს, ცხადია, არ ჩამორჩება სამუსიკო ხელოვნების განვითარება.

1. ზაქარია ფალიაშვილი - აბესალომ და ეთერი ending

2. მელიტონ ბალანჩივაძე - გოჩას არია (თამარ ცბიერი)

3. დავით გამრეკელი - ბარიტონი აბდულ არაბის არია I

4. დავით გამრეკელი ბარიტონი - აბდულ არაბის არია II თქმულება შოთა რუსთაველზე

5. მარო თარხნიშვილი - ურმული

6. ნიკო სულხანიშვილი - ღმერთო ძლიერო

7. ვალერიან ქაშაკაშვილი - ვარსკვლავიანსა ღამეს (არაყიშვილი)

8. ნიკო სულხანიშვილი - ღმერთო ღმერთო

9. ნიკო სულხანიშვილი - გუთნური

10. ნადეჟდა ცომაია - ივერიის მთებზე (არაყიშვილი)

11. ვიქტორ დოლიძე - საქოს და სიკო კუპლეტები "ჯანაია"

12. ვანო სარაჯიშვილი - ისევ შენ და ისევ შენ

13. ვანო სარაჯიშვილი - მხოლოდ შენ ერთს

14. ქეთო და კოტე - ერთხელ ვიხილე

15. საქართველოს ყოფილი ჰიმნი "დიდება"

საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი

ახალი ეპოქის ქართველ მუსიკოსებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა შეესრულებინათ: დავიწყებისგან ეხსნათ ქართული გალობა და სიმღერა, აეთვისებინათ ევროპული მუსიკის იმდროინდელი მიღწევები და ამ გამოცდილების საფუძველზე შეექმნათ ეროვნული პროფესიული მუსიკა, რომელიც დაეფუძნებოდა ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს, ამავე დროს კი შეითავსებდა მსოფლიოს მუსიკალური ხელოვნების მიღწევებს. 

კოტე ფოცხვერაშვილი

ქართველმა მუსიკოსებმა დასახულ მიზანს წარმატებით გაართვეს თავი. სულ მცირე დროში დამოუკიდებელ საქართველოში გამოიკვეთა ქართული მუსიკის განვითარების გზები, აღსრულდა მრავალი თაობის სურვილი ქართული ეროვნული ოპერის შექმნისა, აღორძინდა ტრადიციული გალობა და მრავალხმიანი სიმღერა, გაჩნდა როგორც მოდერნისტული ექსპერიმენტული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშები და აღმოცენდა მსუბუქი საესტრადო მიმართულებები. ასევე, ქართულ მუსიკას საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობაც გაუჩნდა.

სცენა მელიტონ ბალანჩივაძის სპექტაკლიდან "დარეჯან ცბიერი"

მუსიკალური სფეროს განახლებული სიცოცხლე განაპირობა სამშობლოში დაბრუნებულმა მრავალმა პროფესიონალმა, რომელთა უმრავლესობას უმაღლესი მუსიკალური განათლება რუსეთისა და ევროპის კონსერვატორიებში ჰქონდათ მიღებული. მათ რიცხვში დგანან დიდი კლასიკოსები - დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ნიკო სულხანიშვილი, ვანო სარაჯიშვილი და სხვები.

დიმიტრი არაყიშვილი

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე სამუსიკო სასწავლებელი კონსერვატორიად გადაკეთდა და შეიქმნა პირველი ევროპული ტიპის ქართულენოვანი მუსიკალური სკოლა. ასევე, 1918 წელს ქუთაისში მუსიკალურ სასწავლებელს აარსებს მელიტონ ბალანჩივაძე. ამ დროის ნაციონალიზმის საკითხის წინ წამოწევის მიზნით ყალიბდება ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია - „ქართული სამუსიკო და საქველმოქმედო საზოგადოება“, რომლის სურვილსაც ქართული ხალხური სიმღერების გადარჩენა, სამუსიკო სასწავლებლების დაარსება, ეროვნული ოპერების დადგმა, რუსული კონსერვატორიის გაქართულება და რაც მთავარია, ქართული მუსიკის განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენდა.

თბილისის კონსერვატორია

დამოუკიდებლობის წლებში განსაკუთრებით განვითარდა საოპერო ხელოვნება. 1918 წელს, ქართველ მომღერალ-მუსიკოსთა კავშირის თაოსნობით, თბილისის სცენაზე წარმოადგინეს პირველი ქართული ოპერა „ქრისტინე“.

საოპერო ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული - „თქმულება შოთა რუსთაველზე “ , „აბესალომ და ეთერი “ და კომიკური ოპერა - „ქეთო და კოტე “, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პოპულარობით ქართული მუსიკის ყველა სხვა დიდი მასშტაბის ნაწარმოებს გადააჭარბა. დაიდგა პირველი ქართული ბალეტებიც: „ბახუსის დღესასწაული“ და „სიყვარულის ნექტარი“, რომელთა ავტორი იყო პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი - თამარ ვახვახიშვილი. ასევე, 1920 წელს საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრში იმღერა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ტენორმა - მიხეილ ნანობაშვილმა (მიშელ დარიალმა). 

ქართული მუსიკის ისტორიაში 1918-21 წლები უთუოდ გამორჩეული და აღმავლობითი ხასიათისაა. ეს პერიოდი მნიშვნელოვანია, როგორც პოპულარული მუსიკის ჟანრისთვის, ასევე გალობისა და ხალხური მუსიკისთვისაც.

მელიტონ ბალანჩივაძე

აქ აუცილებლად სახსენებელია, მოხეტიალე მუსიკოსი - ილიკო ქურხული, რომელსაც ჩანგის გაუმჯობესებისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა. ილიკო 1916 წელს რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. მან სიმღერითა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფელი, 3000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. 

-საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით,

მის შესახებ ბულგარეთში დადებითი რეცენზიით 660-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა.

ექვსი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის ქალაქებში და

ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა.

ერთ ხანს პარიზშიც ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მოხეტიალე მუსიკოსი ბავშვთა

სწავლა-განათლებისათვის ფულს აგროვებდა და

შემოწირულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა.-

ილიკო ქურხული

1918-21 წლების ქართულ მუსიკაზე საუბრისას, შეუძლებელია არ გვახსენდეს ჰიმნი „დიდება“, რომელიც კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა შექმნა და თავისუფალი საქართველოს მუსიკალურ სიმბოლოდ იქცა - „პირველი რესპუბლიკის ჰიმნის მეორე სიცოცხლე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, 1990 წლის 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, „დიდება“ საქართველოს ეროვნულ ჰიმნად გამოაცხადა და ასეთად დარჩა 2004 წლამდე, ვიდრე იგი „თავისუფლებამ“ არ შეცვალა“.

ავტორი: მარი ყალაბეგაშვილი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა