კულტურა

მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმებში - ურიგოდ

ყველას თავისი მუზეუმი აქვს

მაისი 18, 2020

ყოველწლიურად მუზეუმის მსოფლიო დღე დიდი ზეიმით აღინიშნება, თუმცა წელს, 18 მაისს სრულიად განსხვავებულად ვხვდებით.


ტრადიციულად, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმების შესასვლელებთან გრძელი რიგები იქნებოდა, ზრდასრულები ახლადგახსნილ გამოფენებს დაათვალიერებდნენ, ბავშვები სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობებით გაერთობოდნენ, ასობით პერფორმანსი გაიმართებოდა, სპეციალური შეთავაზებები იქნებოდა სამუზეუმო გამოცემებსა და სუვენირებზე, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეების დიდი ნაწილი დაკეტილია, ზოგი კი ნელ-ნელა, ახალი წესების დაცვით იხსნება.


მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო თვითიზოლაციაშია, ის უმნიშვენლოვანესი კავშირი რაც მუზეუმსა და დამთვალიერებელს შორის არსებობს და მასპინძელს სიცოცხლეს სძენს, სტუმარს კი შთაგონებით და ახალი ცოდნით ავსებს, არ შეწყვეტილა, მეტიც კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.



იზოლაციის სხვადასხვა ეტაპზე მსოფლიოს მუზეუმებმა ძალიან დიდი მოცულობის საგანმანათლებლო მასალა გაასაჯაროვა, რომელმაც უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა სახლში ყოფნა და შეუნარჩუნა კავშირი იმ სამყაროსთან, რომელშიც რამდენიმე თვის წინ ვცხოვრობდით. 


იმ ათეულობით შთამბეჭდავი თავგადასავლიდან, რომელიც ინტერნეტში იძებნება, რამდენიმეს გაგაცნობთ:


The Met Museum



თუ ქვემოთ მითითებულ ბმულს მიჰყვებით, The Met Museum-ში დაცულ ხელოვნებისა და არქიტექტურის კოლექციებს სრულიად ახლებური ფორმით გაიცნობთ და კულტურის იმერსიულად შეცნობის გზას გაივლით. 



Rijksmuseum



ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი ამსტერდამიდან Rijksmueum დეტალურად ნაჩვენები საგამოფენო დარბაზებით ექპოზიციების ციფრულად დათვალიერების სრულყოფილ შესაძლებლობას გვაძლევს, თუმცა აქვე თანდართულია ცალკეული ექსპონატების ფოტოებიც. მეტი იხილეთ ამ ბმულზე: 


Fondazione Prada


Fondazione Prada-მ ვებ-გვერდი და სოციალური მედიის არხები იდეების ლაბორატორიად აქცია და დამთვალიერებელს ძალიან მრავალფეროვანი ფორმატებით მოყოლილი არაერთი ამბავი დაახვედრა: დაიწყო არქივის აღმოჩენა და იმ იდენტობის გააზრება, რომელზეც ის დგას; ახლადგახსნილი გამოფენები ვირტუალური ტურებით ჩაანაცვლა, ხელმისაწვდომი გახადა პოდკასტები, რომლებიც სახელოვნებო პროცესებს ასახავს.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა შემეცნებითი მასალა შეგიძლიათ იპოვოთ აქ: 

Fondation BEYELER არაერთ ონლაინ გამოფენასთან ერთად წარმოადგენს საუბრებს ისეთ თანამედროვე არტისტებთან, როგორებიც არიან მარინა აბრამოვიჩი, გეორგ ბაზელიცი, ფრანც ვესტი და სხვ. სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტ სივრცეში ცალკეული მუზეუმების მიერ შექმნილი არაერთი მიმზიდველი პლატფორმა გვხვდება, ყველაზე უნიკალური, მასშტაბური და მრავალფეროვანი, ალბათ მაინც ეს მისამართია: www.artsandculture.google.com

აქ მსოფლიოს მუზეუმებიდან ციფრული ტურები, ცალკეული ექსპონატების ფოტოები, 360 ვიდეოებია თავმოყრილი. ერთმანეთის გვერდით თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფრიდა კალოს, კლოდ მონეს და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები, აღმოაჩინოთ ათობით მუზეუმის ონლაინ კოლექციები ნიუ იორკის MOMA-დან -ოსლოს ედუარდ მუნკის მუზეუმამდე, ვერსალის სასახლიდან - ვენის Albertina-მდე.


და მაინც, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, რაც ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ La Galleria degli Uffizi-ია. ონლაინ ტურების დათვალიერების გარდა აქ ნახავთ დეტალურად დაცულ ცალკეულ ექსპონატებს, რომლებზეც ძალიან ბევრი გსმენიათ და იპოვით ბევრ თქვენთვის უცნობ ხელოვნების ნიმუშსაც.


იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნებას, გარდა შემეცნებისა, ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების დანიშნულებაც აქვს, გიზიარებთ რამდენიმე ინსტაგრამ გვერდს, რომლის დათვალიერებაც ყოველდღიურად ბედნიერებას მოგიტანთ: Leopold Museum, Tate, The ALBERTINA Museum.



მეტიც, ამ კვირის განმავლობაში შეგიძლიათ დაესწროთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვირტუალურ ფესტივალსაც.


ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალი


საქართველოს ეროვნული მუზეუმი



მსოფლიოს მუზეუმების კვალდაკვალ, დამთვალიერებელს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მათ არაერთ ვირტუალურ ტურზე ეპატიჟება. 16 მუზეუმში დაცული კოლექციები: საქართველოს არქეოლოგია, აღმოსავლური კოლექციები, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი და სხვ.



თუ ყველა ტურს ქრონოლოგიური სიზუსტით ნახავთ, უძველესი დროიდან დღემდე ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე ძალიან დიდ ცოდნას მიიღებთ.


ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ვიზიტს დაგეგმავთ, ვფიქრობ, თავგადასავლების პოვნა, სახლიდანაც შეიძლება, ამიტომ მოიმარჯვეთ თქვენი ლეპტოპები და სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!


ავტორი: მაშო სამადაშვილი

ფოტო: ტამი ბარნოვი