ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაცია

თბილისში უკვე ყველაფერი აყვავდა, რაც ასაყვავებელი იყო: მზიურის ტყემალი, ჩემი მეზობელი ბუბას მუშმალა, კუს ტბის ალუბლები, ჩვენმა ბანანმაც ამოიტანა ფოთლები და მივხვდით, რომ გაზაფხული მოვიდა. დაცხა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთაში ჯერ კიდევ ზამთარია და შეჯიბრი შეჯიბრზე ტარდება. გვიან დაწყებული სეზონის გამო, ყველაფრის მოკლე პერიოდში ჩატევა გახდა საჭირო. ბაკურიანის ციკლს დავამთავრებთ თქვენთვის ავთო ჯიბლაძის და ბაკურიანის სპორტული სკოლების გაერთიანების გაცნობით, რომლებიც მთის სიყვარულს ახალგაზრდა თაობებს გადასცემენ.

წინა ბლოგებშიც ვთქვით, რომ საქართველო ჩემპიონია საკუთარი რესურსის არგამოყენებაში: ზღვა გვაქვს და ზედ ტრანსპორტი არ დადის, ცურვაც ყველამ არ იცის, ვინც ზღვის ნაპირას ცხოვრობს, მთა გვაქვს და მთაშიც არავინ დადის, თხილამურზე სრიალიც მოსახლეობის 0,6%-ს შეუძლია. საბედნიეროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, როგორიც ავთო ჯიბლაძე და მისი კოლეგები არიან, რომლებიც ცდილობენ, რომ ბავშვები მოერგონ იმ გარემოს, რომელსაც მათი ქვეყანა სთავაზობს. დანარჩენს ავთანდილი მოგიყვებათ:

დასაწყისი

2018 წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ზამთრის შეკრება უნდა გაევლოთ ბაკურიანში. შერჩეულები იყვნენ იმ რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები, სადაც თხილამურებისგან შედარებით შორს არიან. ვმასპინძლობდით კახელ ბავშვებს, იმერლებს, მოსწავლეებს ჯავახეთიდან, სამეგრელოდან და სხვა. ხსენებული პროგრამის მასპინძლობისთვის შეიქმნა „ბაკურიანის ფიზიკური კლუბების ასოციაცია”, სადაც 9 სპორტული სკოლა გაერთიანდა. განათლების სამინისტროს პროგრამის დასრულების შემდეგ, იმით შეგულიანებულებმა, რომ ძალიან კარგი გამოხმაურება მივიღეთ, ჩემპიონატი ჩავატარეთ სლალომში მოსწავლეებს შორის. საუკეთესო შედეგის პატრონები კი საქართველოს ჩემპიონატის ეტაპზე გავუშვით სვანეთში. ასე ჩამოყალიბდა „თბილისის სათხილამურო ნაკრები”, რომელიც აერთიანებს 9 სპორტსკოლას და 2018 წლის შემდეგ რეგულარულად გამოდის საქართველოს ჩემპიონატებზე."

რას ვასწავლით, როგორ ვასწავლით

„საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია, რომ სპორტსკოლაში ბავშვებს მხოლოდ მთიდან თხილამურით დაშვებას ვასწავლით. სინამდვილეში ჩვენი საქმე ბევრად უფრო კომპლექსურია:"

ჩვენი მიზანია, რომ ბავშვმა მთა გაიცნოს და შეიყვაროს ნებისმიერ სეზონზე, იცოდეს კარვის გაშლა, ცეცხლის დანთება და ჩაქრობა, უსაფრთხოების ნორმები, პირველადი დახმარების გაწევა.

ზამთრის დისციპლინებს რაც შეეხება, alpine skiing-ის გარდა, აქ სწავლობენ სკი ტურს, ფრი რაიდის საწყისებს, საზვავე სიტუაციებში კოორდინაციას და უსაფრთხოებას. სასწავლო პროცესში ჩვენს მასწავლებლებთან ერთად ჩართულები არიან პროფესიონალი გიდები, მოთხილამურეები და ალპინისტები. ჩვენ მიერ გამოშვებულ კურსს კი უკვე იმის საბაზისო ცოდნა და უნარები აქვს, რომ პატარა ასაკობრივ ჯგუფებს ასწავლოს."

ასე იზრდებიან თაობები, რომლებმაც იციან და უყვართ მთა, ზამთარში თუ ზაფხულში. 

ფედერაცია თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტრუქტორ ორგანიზაცია სკი ზენიტთან", რომელიც ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების გადამზადებასა და სერტიფიცირებაზე."

რა სარგებლობა მოაქვს სპორტულ სკოლას

„შეიძლება, ადამიანს ეგონოს, რომ სპორტსკოლის გამოშვებული მოსწავლეები აუცილებლად მოთხილამურეები უნდა გამოვიდნენ. არა და, ასე არაა. სპორტულ სკოლაში ბავშვი სწავლობს დისციპლინას, სამთო საქმეს და სპორტის ანა-ბანას, რაც მას ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად მოერგოს გარემოს და თავისი თავი იპოვოს ნებისმიერ იმ დისციპლინაში, რომელსაც სამთო-სათხილამურო სფერო მოიცავს."

აღსაზრდელები თითქმის ყველა დიდ ტურნირში არიან მოხალისეებად ჩართული, რაც საქართველოში ტარდება. მიზანი შეჯიბრის სტრუქტურის შიგნიდან გაცნობაა. ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სქი კროსის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპზეც მრავალი მოხალისით ვიყავით წარმოდგენილი. 


რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, სპორულ სკოლაში ახალგაზრდა ადამიანი სცილდება კომპიუტერს, მონიტორს, ინტერნეტს და ბუნებრივ გარემოში ახდენს აქტიურ რელაქსაციას, რაც ჩვენს ეპოქაში, რომელიც სრულად გაჯეტიზებულია, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა ბავშვის სწორი განვითარებისთვის.”

შიშები და ფასები

„სპორტული სკოლა კომერციული ორგანიზაციაა, ამიტომ მისი მესვეურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღსაზრდელებმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ. მოსწავლეების კმაყოფილებაზეა დამოკიდებული მათი ბიზნესის წარმატება მომავალში. ფასებს რაც შეეხება, სპორტული სკოლა არ არის ლაქშერი. სპორტულ სკოლაში ბავშვის გაშვება ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ცალკე დასვენება, რადგან სპორტულ სკოლას აქვს თავისი ტარიფები საბაგიროზე, აქვს თავისი აღჭურვილობა, სახლი და სხვა. უკვე ვახსენე, რომ ამ ყველაფრის გარდა, ის არაფორმალური განათლება, სოციალიზაცია და სამეგობრო წრე, რასაც ბავშვი შეკრების დროს იძენს, უბრალოდ შეუფასებელია."

სურვილები

„ვისურვებდი, რომ ყველა იმ სოფელში, სადაც თოვლი მოდის და იდება, იდგას ბუგელები, იგივე ჩოჩიალები, რათა ბავშვებმა თხილამურის ანა-ბანა გაიცნონ. 


კიდევ, იმას ვისურვებდი, რომ სპორტული სკოლები ინტეგრირდეს საშუალო სკოლის პროგრამასთან. ავსტრიასა და შვეიცარიაში თხილამურები არის სასკოლო პროგრამის ნაწილი. მოსწავლე დილით ჯერ სრიალებს და შემდეგ მიდის სკოლაში, შედეგს ყოველ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ვხედავთ. ვისურვებდი, რომ იგივე გვენახა ბაკურიანში, მესტიაში, ყაზბეგის რაიონში. ჩვენი ორგანიზაცია მზადაა, რომ ჩაერთოს სპორტის სამინისტროსთან, სათხილამურო ფედერაციასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად და მსგავსი რეფორმების ორგანიზებაში მიიღოს მონაწილეობა. შედეგი ჩვენთანაც თვალსაჩინო იქნება - მივიღებთ ჯანსაღ თაობას და სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიური სახეობებისთვის, თავისთავად განვითარდება მთლიანად სფეროც."

ბაკურიანის ფიზკულტურული კლუბების ასოციაცია 2022 წელს მრავალ აქტივობას აპირებს. დაგეგმილი აქვთ მრავალი ლოკალური შეჯიბრი. Ჩვენ კი შეგვიძლია რომ ვუგულშემატკივროთ, გვიყვარდეს მთა და გავუშვათ ბავშვები სპორტსკოლებში.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ფოტოები: რეზი ყენია