მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში

26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. Რამდენიმე დღის შემდეგ კი, 3, 4 და 5 მარტს, საქართველოს ყველაზე ძველი სათხილამურო კურორტის ტრასებს სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები დაიკავებენ. 

ფოტო: რეზი ყენია

Სამწუხაროდ, ტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის, როგორც ამას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ შემუშავებული პროტოკოლი მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2023 წლის FIS-ის სათხილამურო ფრისთაილის, ფრისქის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, შესაბამისად ჩვენი ქვეყანა ვალდებულია, რომ ჩემპიონატამდე, FIS-ის ფრისტაილის ყველა დისციპლინის ყველა ეტაპს უმასპინძლოს. 

ბაკურიანი 2021 წლის სეზონს მნიშვნელოვანი განახლებებით შეხვდება: კურორტს დაემატა 3 ახალი საბაგირო და რამდენიმე სასრიალო ტრასა, აშენდა შემოვლითი გზა, მოხდა ხელოვნური გათოვლიანება, განახლდა გზა კოხტამდე და მიტარბიმდე. ერთი სიტყვით, ყველაფერი მზად იყო დიდი, ბედნიერი ტურნირის ჩასატარებლად, თუმცა კორონავირუსით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ხელი შეგვიშალა ჩემპიონატზე დასწრებაში, მაგრამ ასეთი წინაღობების მიუხედავად, საქართველო მაინც ახერხებს აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას და მსოფლიო მასშტაბის ეტაპის ჩატარებას.

ფოტო: რეზი ყენია

მოდი თვითონ ბაკურიანზეც გეტყვით ორიოდე ამბავს. იცოდით, რომ სიტყვა ყურმუსაღის” წარმოშობა ბაკურიანს უკავშირდება? აი, მე ახლახანს გავიგე. ამ დაბის პირველი მოსახლეები უკრაინელები იყვნენ, რომლებიც 1816 წელს ხე-ტყის დასამუშავებლად გადმოასახლეს. 460 ოჯახი ბაკურიანის მიდამოებში რამდენიმე ადგილას განაწილდა. Როგორც ჩანს, მათ და ადგილობრივებს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს უშლიდა ენის ბარიერი, ამიტომ რა გასაკვირია, რომ იქაურებმა ყურმუსები” (ყრუ რუსები) შეარქვეს. ამ სახელწოდების ადგილი დღემდეა შემორჩენილი ბაკურიანში.

უტა არსაკიძის შემდეგ, ყველაზე ცნობილი არქიტექტორის ქმნილებაც ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე შეგხვდებათ, რა თქმა უნდა, ეიფელის ხიდზე ვამბობ, რომელიც დღემდე ფორმაშია და ზედ ის ცნობილი კუკუშკა დაიარება. ბორჯომსა და ბაკურიანს შორის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა 1901 წელს გაიყვანეს და დიდი ხნის მანძილზე, ის კურორტამდე უსაფრთხოდ და მარტივად მიღწევის ერთადერთი საშუალება იყო.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ბაკურიანის, როგორც სათხილამურო კურორტის დამაარსებლად გიორგი ნიკოლაძე შეგვიძლია მივიჩნიოთ. 1926 წელს ევროპიდან ახლად დაბრუნებული ნიკოლაძე და მისი მეგობრები პირველი ადამიანები არიან, რომლებმაც ბაკურიანში თხილამურებზე ისრიალეს. ჟურნალისტი და მკვლევარი პაატა ნაცვლიშვილის აზრით, ნიკოლაძე პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიცაა, რომელიც 1900 წლის ოლიმპიადაზე ფრანგების გუნდის მესაჭე იყო აკადემიური ნიჩბოსნობის დისციპლინაში, თუმცა ამაზე მერე მოგიყვებით, რადგან დღეს ბაკურიანზე ვსაუბრობთ.

ვინაიდან, გუდაური მხოლოდ 80-იანების ბოლოს გახდა სრულფასოვანი სათხილამურო კურორტი, ბაკურიანი იყო ზამთრის დისციპლინების წარმომადგენელი სპორტსმენების მთავარი მიმწოდებელი საბჭოთა კავშირის ნაკრებისთვის საქართველოდან, ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია და საქართვველოს ზამთრის სპორტების ნაკრებებში ახლაც ბევრი ბაკურიანელია. Ბაკურიანელია ლეგენდარული ჩემპიონი კობა წაქაძე, რომელმაც ტრამპლინიდან ხტომა შეცვალა და თავისი, არწივისებური სტილი დაამკვიდრა მთელ მსოფლიოში. ბაკურიანელი იყო ტრაგიკულად გარდაცვლილი ბობსლეისტი ნოდარ ქუმარიტაშვილი, ბაკურიანელი იყო Ninja - ჩემი მეგობარი და ერთ-ერთი საუკეთესო ფრისტაილ სნოუბორდერი საქართველოში ნუგო დიაკონაშვილი, რომელიც ბოლოს ზვავს ვერ მოერია.

ნუგო დიაკონაშვილი

რა ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ ტრადიციულ ადგილას ბრუნდება დიდი სპორტი და რა საშინლად სამწუხაროა, რომ ჩვენს გარეშე.

სკი კროსის ჩემპიონატის ეტაპის დასკვნითი დღე განსაკუთრებული იქნება, რადგან შერეული გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს ესტაფეტის პრინციპით. გუნდებში 2-2 გოგო-ბიჭი იქნება და ესტაფეტის წესების შესაბამისად, სანამ ერთი არ გადაკვეთს ფინიშს, მეორე გუნდელი სტარტს ვერ აიღებს.

Fis-ის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების მასპინძლობით ქართულ საორგანიზაციო მხარეს უგროვდება გამოცდილება და ექსპერტიზა, რაც 2023 წელს მთავარი ტურნირის ორგანიზებისთვის გამოადგება და, რაც სულ მთავარია, 2025 წელს საქართველომ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უნდა უმასპინძლოს, რაც შესაძლოა ჩვენთან მთავარი ოლიმპიადის ჩატარების წინაპირობაც გახდეს. Შეგახსენებთ, რომ 2005 წელს ბაკურიანი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა. როგორც ხვდებით, ეს უფლება ვერ მოიპოვა.

ეკა გაბაშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: უკვე 13 წელია საქართველოს შიდა ეტაპებს ვმასპინძლობთ სხვადასხვა კურორტზე. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე გახდა შესაძლებელი საერთაშორისო შეჯიბრის ორგანიზება. წარმატება ამ საქმეში მიიღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ, მხოლოდ თავდადებული შრომის შედეგად, რასაც მსოფლიო სათხილამურო რუკაზე საპატიო ადგილის დაკავება მოჰყვება. Ჩვენი მიზანია, სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში. გვინდა, რომ ყოველი მესამე ბავშვი სრიალებდეს თხილამურზე ან სნოუბორდზე. ვფიქრობ, ჯერ არ გვაქვს გააზრებული რამხელა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს სრულიად ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებას, თუმცა გარწმუნებთ, რომ შედეგი იქნება გრანდიოზული.”

საქართველო მოსრიალეთა პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დაბალ ადგილზეა ევროპის მთიან ქვეყნებთან შედარებით. დღევანდელი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 25000 ადამიანი სრიალებს, რაც მოსახელობის 0,63 პროცენტია. დიახ მეგობებო, ეს არის ის რეალური მაჩვენებელი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება იმ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს.

Რატომ არის საჭირო, რომ განვითარდეს სამთო სათხილამურო სპორტები?


პირველ რიგში იმიტომ, რომ ესაა ბავშვის ჯანმრთელობის კარგი წინაპირობა. Მეორე რიგში იმიტომ, რომ განვითარებულ სპორტს მოჰყვება მნიშვნელოვანი ტურნირები ქვეყანაში, ტურნირებს მოჰყვება უფასო რეკლამა საერთაშორისო მედიაში, რეკლამას მოჰყვება ტურიზმი და ეკონომიკის ამუშავება, ეკონომიკის ამუშავებას კი მოჰყვება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, ანუ გამდიდრება, რაც ჩვენ ასე გვჭირდება და ჯერჯერობით მისი მიღწევის მხოლოდ მარტივ გზებს ვეძებთ მესიების საშუალებით, რაც წარუმატებლად მთავრდება.

მისასალმებელია სათხილამურო ფედერაციის მონდომება და მიზანი: ყოველი მესამე ბავშვი თხილამურზე, რაც თუ შესრულდა, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე ბავშვიც აღარ იშიმშილებს და ყველა მათგანს ძვირადღირებული სათხილამურო აღჭურვილობაც ექნება. 

კობა წაქაძეს ვკითხე, ფრისტაილის ელემენტები როდის გამოჩნდა სათხილამურო სპორტებში-თქვა. ჩემპიონი დაფიქრდა და მითხრა, საბჭოთა კავშირში სპორტში ნებისმიერი წესიდან გადახვევა და თვითნებობა მკაცრად ისჯებოდა, ამიტომ მსგავს დისციპლინაზე სპორტსმენი ვერც იფიქრებდა, რადგან ეს შეიძლებოდა სამუდამო დისკვალიფიკაციად დასჯდომოდა. თანაც, მსგავსი თავისუფალი სტილის სრიალისთვის არც თხილამური გვიწყობდა ხელს, არც სამაგრი და არც ფეხსაცმელი, ევროპაში კი ფრისტაილის ელემენტები 1972 წლიდან მახსოვს”-ო.

კობა წაქაძე

კობა წაქაძემ შეზღუდვების მიუხედავად მოახერხა და სტანდარტები დაანგრია: აფრინდა არწივისებურად და ძალიან შორს გადაფრინდა. Შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო კობა წაქაძის თავისუფლების მანიფესტი. ასე შეცვალა სამუდამოდ ტრამპლინიდან ხტომა თავისუფლების მოყვარულმა ბაკურიანელმა.

თებერვალი-მარტში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპების, ფრისტაილში, მთავარი სპონსორი ტრადიციულად სილქნეტი” გახლავთ, ჩვენ კი ამ სიამოვნების ტელევიზორში ყურებას უნდა დავჯერდეთ.

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი