ტექნოლოგია სიახლეები

როგორ შეიქმნა თიბისის მობაილბანკის ეკომეგობრული კამპანია

აპრილი 24, 2025

22 აპრილს, დედამიწის დღეს, თიბისი ეკოლოგიური ინიციატივით აღნიშნავს. კომპანია „ტენესთან“ თანამშრომლობით, გადამუშავებული მასალებისგან, როგორიცაა, გამოყენებული პლასტმასა და დაზიანებული USB კაბელები, მობილური ტელეფონის ეკომეგობრული საკიდები შეიქმნა.

პროექტი თიბისის მრავალწლიანი ეკოლოგიური ინიციატივების გაგრძელებაა. კამპანიის მიზანი იყო ერთგული მომხმარებლებისთვის პრაქტიკული, თანამედროვე ტენდენციებთან შესაბამისი და ამავდროულად, გარემოსთვის სასარგებლო საჩუქრის შექმნა. საკიდებისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო PLA პლასტმასა და მეორადი TPU, რომლებიც არ აზიანებენ გარემოს.


პროექტის ფარგლებში, გადამუშავდა დაზიანებული USB კაბელები. დიზაინი სპეციალურად პროექტთან დაკავშირებით შეიქმნა, რაც რამდენიმე სახეობის გადამუშავებულ ნედლეულს მოიცავდა: მეორად პარკებს, კაბელების რბილ იზოლაციას, ბოთლის თავსახურებს და სხვა. აღსანიშნავია, რომ მთელი წარმოების პროცესი მზის ენერგიაზე განხორციელდა. დეტალებზე თიბისის ციფრული ბანკის მარკეტინგის ლიდი სალი დადიანი და „ტენეს“ დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი გვესაუბრნენ.

როგორ გაჩნდა იდეა და რა არის ამ კამპანიის მიზანი?

სალი დადიანი, თიბისი: გვინდოდა, რომ ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის და გარემოსთვის გაგვეკეთებინა საჩუქარი. „ტენესთან“ კოლაბორაცია იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ თვითონ ისედაც ეკომეგობრული საწარმო აქვთ და რადგან ეკომეგობრულობა და მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა ჩვენი ბრენდისთვის, ძალიან საინტერესო კოლაბორაცია გამოგვივიდა. 


გვინდოდა, რომ საჩუქარი ყოფილიყო პრაქტიკული და მობაილბანკთან ასოცირებული. საკიდებს ხშირად ვხედავდით სხვადასხვა საინტერესო მედიაში, ბევრ ადამიანს რეალობაშიც ჰქონდა მსგავსი. ამავდროულად, ტრენდი არის პერსონალიზაცია და charm-ები, ჩანთებზე, ფეხსაცმელებზე და აქსესუარებზე. გადავწყვიტეთ, ამ აქტუალურ ტრენდს ეკომეგობრული გზებით გამოვხმაურებოდით და ვფიქრობთ, რომ მისია შესრულებულია.

რამდენად მნიშვნელოვანია თიბისისთვის ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც გარემოზე ზრუნვას ითვალისწინებს?

გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისი არაერთი წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ყოველთვის გვახარებს ეკომეგობრულ პროექტებზე მუშაობა, ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების ან სხვადასხვა ტიპის აქტივაცია, რომელიც გვეხმარება ჩვენი წვლილი შევიტანოთ დედამიწაზე ზრუნვაში.

როგორი იყო სამუშაო პროცესი?

სანდრო ლილუაშვილი, „ტენე“: ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ მდგრადი იქნებოდა, არამედ გარემოსთვისაც უვნებელი. თავიდან განვიხილავდით თოკის ვარიანტს, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე სრულიად სხვა მიდგომა შემეთავაზებინა.


ელექტრონული ნარჩენები, განსაკუთრებით USB კაბელები, უზარმაზარ ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის. ჩვენთან რეგულარულად ტარდება აქციები, რომელთა დროსაც მომხმარებლები მეორად კაბელებს აბარებენ. ეს უფუნქციო ელექტრონული ნარჩენებია, რომლებსაც ახალი სიცოცხლე შეიძლება მიეცეს.

ამიტომ გადავწყვიტეთ, USB კაბელები სასარგებლო პროდუქტად გარდაგვექმნა. ვინაიდან ჩაბარებული კაბელები ცალკე აღებული საკმარისად გრძელი არ იყო, დავიწყეთ სხვადასხვა ზომის კაბელების კომბინირება. აღსანიშნავია, რომ მთელი წარმოების პროცესი მზის ენერგიაზე დავაფუძნეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოს დამატებით არ ვაზიანებთ.

განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ პროექტზე სამაჩაბლოდან დევნილები მუშაობდნენ, რაც მათ ეკონომიკურ გაძლიერებასაც უწყობს ხელს.

აქსესუარების დასამზადებლად, დაახლოებით, 2250 მეტრამდე კაბელი გამოვიყენეთ და 3 ტონაზე მეტი CO-ს გამოფრქვევისგან დავზოგეთ გარემო. ეს ციფრები სიმბოლურია, მაგრამ პროექტის არსი ისაა, რომ შესაძლებელია ელექტრონული ნარჩენების ტრანსფორმაცია სასარგებლო პროდუქტებად ეკოლოგიურად მდგრადი გზით.