გია ყანჩელი | მეორე სიმფონია

ავტორი: კახა თოლორდავა

1973 წელს, ლუიჯი ნონო, სახელგანთქმული იტალიელი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა, თბილისიც მოინახულა, მერე კი რამდენიმე ხანი დაჰყო კომპოზიტორთა ერთ-ერთ დასასვენებელ სახლში. მისი იქ ყოფნისას, სოლომონ ვოლკოვმა, საბჭოთა-ამერკიელმა მუსიკისმცოდნემ, იმ პერიოდის საბჭოთა კომპოზიტორების ნაწარმოებების ჩანაწერები მოასმენინა მას, მათ შორის გია ყანჩელის მეორე სიმფონიაც. იმავე წლის აგვისტოში, იტალიური გაზეთის  -  L’Unita-ს პირველი აგვისტოს ნომერში დაიბჭდა მისი ინტერვიუც, რომელშიც მან ასეთი რამ თქვა ყანჩელის ამ სიმფონიაზე: 


„ყანჩელი წარმოადგენს ისეთ მუსიკალურ კონცეფციას, რომელსაც ჩვენთან დინამიკურ სტატიკას უწოდებენ. მას არაფერი საერთო არ აქვს ევროპული მუსიკის ორკესტრულ და სიმფონიურ განვითარებასთან. ის ეფუძნება მისივე ქვეყნის თვითმყოფად სიმღერებს და ბგერითი შრეების, ტემბრული დრამატურგიის, თუ მელოდიური ხაზების დინამიკის ხერხების მოხმარების მეშვეობით ვითარდება. ეს ყველაფერი ყანჩელის ძალიან დიდ მუსიკალურ ნიჭზე მიუთითებს და საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე მას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.“  


ამ დროისთვის ყანჩელის მეორე სიმფონიის პრემიერიდან უკვე სამი წელი იყო გასული - ის 1970 წლის 31 ოქტომბერს შედგა თბილისში, და როგორც ეს პირველი სიმფონიის შემთხვევაში მოხდა,  ამ ნაწარმოებმაც დიდი შეხლა-შემოხლა გამოიწვია საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე.  ზოგი გამომსვლელი იმასაც აღნიშნავდა, რომ ამ ნაწარმოებს უფლებაც კი არ ჰქონდა სიმფონიად რომ ყოფილიყო მოხსენიებული, შესაბამისად, სტერეოტიპების მარწუხებში მოქცეული ოპონენტები, ვერც იმას შეიგრძნობდნენ ამ სიმფონიაში, რაც ასე ადვილად და ბუნებრივად აღიქვა ლუიჯი ნონომ, რომელმაც სავარაუდოდ ბუნდოვნად იცოდა იმის შესახებ, რაც იმ დროს ხდებოდა საბჭოთა მუსიკალურ სცენაზე. 

პირველ და მეორე სიმფონიას სამი წელი აშორებს ერთმანეთს. ყანჩელი ყოველთვის ნელა მუშაობდა და მისი ნაწარმოებების ატმოსფერულ ფაქტურას ეს თითქოს ყოველთვის ეტყობა ხოლმე. მან ბევრი დრო დაახარჯა 1968 წელს, ფოლკლორისტ კახი როსებაშვილის მიერ შედგენილ ქართული გალობის იმერულ-გურული კილოს ჩანაწერებს და მოგვიანებით აღნიშნა კიდეც, რომ სიმფონიაზე მუშაობისას ის სწორედ ამ ჩანაწერებს ეყრდნობოდა: 


„მეორე სიმფონიაზე მუშაობის დაწყების სტიმული ძველმა ქართულმა საგალობლებმა მომცეს - თქვა მან. ეს მრავალხმიანი, ზედმიწევნით ნელტემპიანი საგალობლები აღბეჭდილია განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, სიმძლავრითა და თავდაჭერილობით... საინტერესოა მათი მელოდიური მონახაზიც. განვითარებას საფეხურეობრივი სვლები განსაზღვრავენ და ასე იქმნება მშვიდი გაწონასწორებულობის შეგრძნება... შევეცადე, რომ ძველი კილოების სული და განუმეორებელი ატმოსფერო ორკერსტრის მეშვეობით გადმომეცა, სიმფონიური მუსიკის რთულ, და დღესდღეობით მართლა რომ პრობლემატური ჟანრის ფარგლებში."


მისივე თქმით, ქართულ მრავალხმიანობაში მისთვის ყველაზე მომხიბვლელი, მათში ჩადებული საიდუმლოებით მოცული ის სული იყო, რომლის „ჩავლებაც“ მას არ ძალუძდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ უცხო მასალაზე მუშაობისას, ის მასალის „მოსინჯვას“ კი არა, არამედ „ათვისებას“ ცდილობდა. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ  მეორე სიმფონიაში ის სრულიად განსაკუთრებულ რამეს შეეჭიდა, კერძოდ კი იმას, რომ შეექმნა ეპიზოდები, რომელიც გუნდივით გაიჟღერებდა და საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ სიტყვა მთავარი არაა, როგორც ამას მისი უფროსი კოლეგები ამტიცებდნენ, რომლებიც მუსიკის მომავალს მუსიკის სიტყვასთან შერწყმაში ხედავდნენ.  

მთელი მეორე სიმფონია სიმფონია თითქოს სრულყოფილი ფორმის დაძაბული ძებნის პროცესია ყოველგვარი მკაცრი სისტემის მიღმა. იმის მიუხედავად, რომ სამოციანებიდან დაწყებული და ოთხმოციანების დასაწყისამდე ყანჩელი მხოლოდ სიმფონიებს ქმნიდა, „ჟანრის სისუფთავე“ მას არასდროს იზიდავდა, უფრო, ის, რომ ბოლომდე გამოეხატა მუსიკაში ყველაფერი იმ დროის შესაბამისად, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. ალბათ ამიტომაცაა მისი სიმფონიები, მეორეს ჩათვლით, ასეთი თვითკმარი საკუთარი ნიშის ძებნის პროცესში და როგორც კომპორზიტორი ხშირად აღნიშნავდა ხოლმე, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენად უბრალო, ან რთული იქნებოდა ის, რასაც აკეთებდა. მისთვის მთავარი ის კი არ იყო, თუ როგორი „საკომპოზიციო ენით“ იწერებოდა მუსიკა, არამედ ის, რომ ნაწარმოების ფორმა, დრამატურგია და თხრობის მანერა არ დამსგავსებოდა ყველაფერ იმას, რაც მანამდე არსებობდა, მანამდე კი, და ეს ყანჩელმა ძალიან კარგად იცოდა, სრულიად გენიალური მუსიკა არსებობდა და სწორად ეს იყო ყველაზე რთული - მას რამენაირად უნდა დაეძებნა ის ნიშა, რომელიც დაკავებული არ იყო. გენიალური ნაწარმოების პირისპირ დგომა კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად აპირებ რამის შექმნას, ნებისმიერი კომპოზიტორისათვის უდიდესი გამოწვევაა. ასე „შეაჩერა“ გია ყანჩელი ახალგაზრდობაში სტრავინსკის „კურთხეულმა გაზაფხულმა“ - მისი მოსმენის შემდეგ ის სამი თვის განმავლობაში ვერ ეკარებოდა ინსტრუმენტს; იგივე ემართებოდა ვერდის და მოცარტის რეკვიემების და ბახის სი-მინორულ მესაზე, უკვე მოგვიანებით კი შნიტკეს კონცერტზე ალტისა და ორკესტრისათვის.  „ხოლო, საიდან ჩნდება ის უტიფრობა, რომ ყველაფერ ამის შემდეგ ჯდები და რაღაცის წერას იწყებ, აი, ამის გაგება მე არ მძალუძს“ - ამბობდა ის.  ეს „უტიფრობა,“ მადლობა ღერთს, მას ჰქონდა. მისი სიმფონიური მუსიკის სმენისას ბევრს ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ის თავიდანვე მიზანმიმართულად ცდილობდა სიმფონიამდე მიმავალი გზების დაძებნას, თუმცა ეს ასე არაა, ამას თავად კომპოზიტორიც აღიარებდა და  ხშირად იმეორებდა, რომ „სიმფონიურ გზაზე“ ფეხის შედგმისთვის ჯანსუღ კახიძის, შოტაკოვიჩის მუსიკით გატაცებას და სიმფონიური ორკესტრის ამოუწურავ შესაძლებლობებს უმადლოდა. და, ალბათ, კიდევ, ანტონ ვებერნს, რომლის მუსიკასაც მან პირველად სამოციანებში მოუსმინა და მიხვდა, რომ ტემბრალურ დრამატურგიას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მუსიკალურ ენას და ფორმას. ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ თუ მან მოახერხა დაუფლებოდა გაორკესტრების ხელოვნებას და ტემბრები ცოხალი ადამიანებივით იქცნენ მისთვის, ეს სწორედ ვებერნის დამსახურება იყო და   ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო მისთვის.      

ნატალია ზეიფასი თავის წიგნში ყანჩელის შემოქმედებაზე აღნიშნავს, რომ გარკვეული თვალსაზრისით, მეორე სიმფონია პირველის გაგრძელებაცაა და მისი ანტიპოდიც. მისი აზრით, მეორე სიმფონია ბევრადაა დავალებული იმისგან, რასაც ყანჩელმა პირველი სიმფონიის Largo-ში მიაგნო და ამატებს - „თუმცა მეორეში მსოფლშეგრძნება სულ სხვანაირია.“ ეს საკმაოდ ზუსტი დაკვირვებაა, საკმარისია სულ რამოდენიმე წუთი “გაატარო” მეორე სიმფონიის საწყის, „მოლივლივე“ ტაქტებში, რომ ამაში დარწმუნდე, მაგრამ ის „მსოფლშეგრძნება,“ რაზეც ზეიფასი საუბრობს არავითარ შემთხვევაში არაა წინა ნაწარმოებში მიგნებული ელემენტების უბრალო „გადამღერება.“ მართალია, როგორც წესი ყანჩელი არასდროს უტოვებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს არც თავის წინა სიმფონიებს და არც კინოს თუ თეატრის მუსიკას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუსიკალური სახეები უბრალოდ მეორდება მომდევნო ნაწარმოებებში. პირიქით, ყოველ ჯერზე ის სხვა კუთხით ხედავს მათი მოხმარების შესაძლებლობებს და სწორად ამგვარად ქმნის ახალ აკუსტიკურ რეალობას. ყოველ ჯერზე ის თითქოს ადგება გზას, რომელიც არ იცის, თუ სად მიიყვანს, მაგრამ ეს სწორედ ეს გზა ქმნის მომდევნო მოვლენების „წინათგრძნობის“ შეგრძნებას, სრული სურათი კი თანდათან ეწყობა. მეორე სიმფონიის საწყისი, სიღრმისეულად ვოკალური ინტონაციები ის სახეებია, რომლებსაც უნარი შესწევთ სამსახური გაუწიონ ყველაფერ იმ დანარჩენს, რაც სიმფონიაში უნდა განვითარდეს, განსაკუთრებით კი კულმინაციებს, რომლებიც ყანჩელთან ხშირად მოულოდნელი და უცნაური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობითაა განლაგებული. „სიმფონია უზარმაზარი სულიერი ძალის დუღილით იწყება, რომელიც ცდილობს იმ ჭურჭლის დამსხვრევას, რომელსიც ისაა მოქცეული. - წერდა ალფრედ შნიტკე, - ამგვარად იქმნება უსასრულო სამყაროს სურათი. ძველი ქართული სამხმოვანება სწორად ამ კონტექსტში ცოცხლდება. შასაძლებელია, ეს (ქართველი) ხალხის ისტორიაა, ან ფიქრი ადამინის ბედზე, ან სულაც სამყაროს სურათი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეგრძნება, რომელიც კონკრეტიზაციას არ ექვემდებარება, მე ძალიან ღირებულად მეჩვენება.“  

მეორე სიმფონიას ტრადიციული წყობა აქვს: ნელი-ჩქარი-ნელი და თითოეული ეპიზოდი მკაფიო, ყანჩელისმიერი სიჩუმითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ის იმ თვითმფრინავივითაა, რომელსაც მზიანი ამინდიდან ძლიერ „ტურბულენტურ ზონაში“ უწევს შესვლა, იქედან კი კვლავ უღრუბლო ცაში. მოგვიანებით ყანჩელის შემოქმედებაში კიდევ ბევრი ამგვარი „ტურბულენტური ზონები“ გაჩნდება (ამაზე უფრო დაწვრილებით შემდგომ ტექსტებში გვექნება საუბარი), თითოეული მათგანი მთლიანის აღქმის პროცესის და არა გააზრების მცდელობას ემსახურება და ამ დროს, ყველაფერი ის, რის ჩავლებასაც  კომპოზიტორი ცდილობს, ნაწარმოების ფორმის კონტურების დალანდვაა, ვინაიდან, როგორც სტრავინსკი ამბობდა - ნებისმიერი კომპოზიტორის შემთხვევაში, ფორმა ყველაფერია. მეორე სიმფონიის „ტურბულენტური ზონიდან,“ რომელსაც, ყველაფერთან ერთად, სტრავინსკის „ლანდიც“ აედევნება, ნაწარმოები კვლავ საგალობელს უბრუნდება, რომელიც ამ დროისთვის თითქოს უკვე მყარად ფეხმოკიდებულია ნაწარმოების მთელ ქსოვილში. მას სხვადსხვა ინსტრუმნტული ჯგუფები იტაცებენ, ერთმანეთს უზიარებენ და ასეთი ორკესტრული ფერების და ნიუანსების თანხლებით სიმფონია ისეთი უბრალო, ლამაზი და სუნთქვისშემკვრელი თემით სრულდება, რომ სრულიად შეუძლებელია არ წამოიძახო:  ჰო, ეს მოგზაურობა ნამდვილად ღირდა ამად!  ყანჩელის შემთხვევში მუდამ ასე ხდება ხოლმე...