მუსიკა | ცა

ცოტა რამ „მეიდან ჯაზ ფესტივალის“ შესახებ

“Jazz washes away the dust of everyday life.” – Miles Davis

თბილისში ჯაზის მოყვარულები კარგად იცნობენ „ჯაზ კაფე ზინგერს". ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და ყოველთვის კმაყოფილი ვბრუნდები. გარემო არის მყუდრო და მუსიკოსები ერთი-მეორეზე უკეთესები. 


სიამოვნებით ვაკვირდები ხოლმე, როგორ უსმენენ ერთმანეთს, როგორ წამოიყვირებენ ან აღფრთოვანებულები როგორ უკრავენ ტაშს ერთმანეთის დაკრულ მაგარ ფრაზაზე.


ამ წლების განმავლობაში ჩემს თვალწინ გაიზარდნენ და დაიხვეწნენ ახალგაზრდა მუსიკოსები. გამზარდეს მეც, როგორც მსმენელი, რადგან მათი ყოველი მოსმენა ჩემთვის ახალი აღმოჩენაა.


აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს „ზინგერის ჯაზის ფონდი“, რომელში შესული თანხაც ხმარდება ნიჭიერ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.


2017 წლიდან სწორედ ზინგერში ტარდება ყოველწლიური მეიდან ჯაზ ფესტივალი, რომელიც ზინგერის აბორიგენ ჯაზმენებს აერთიანებს.


იმედი მაქვს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ თავად მოისმინოთ და შეაფასოთ ისინი, რადგან მუსიკაზე საუბარი არაფერია, მისი მოსმენის გარეშე. 



სანდრო კვაჭაძე, ჯგუფი „AuditoriumA“:


AuditoriumA“ 2014 წელს შეიქმნა და არის მრავალჟანრიანი. ვუკრავთ, როგორც თანამედროვე ჯაზს, ისე ქართულ კინომუსიკას. ბოლო კომპოზიცია რაც დავწერე, ემბიენთ მუსიკაა როკის ელემენტებით.


ეს ფესტივალი, ისევე როგორც ზოგადად ჯაზ კაფე ზინგერი, არის საქართველოს ჯაზის კულტურისა და სცენის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი გზა. ის ფაქტი რომ ამდენი ახალგაზრდა მაგარი ჯაზმენი გვყავს, ნაწილობრივ ამ ადგილის დამსახურებაა და მისი არსებობა ქართველ მსმენელს ჯაზს კიდევ უფრო აყვარებს"

ზუკა სიმონიშვილი :


„ზინგერი ჩვენთვის სახლია. ყოველ დღე ცოცხალი მუსიკა, კვირაში შვიდივე დღე გამორჩეულია. ხშირად ვანაცვლებთ ერთმანეთს მუსიკოსები, იქმნება საინტერესო კოლაბორაციები, რაც საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ მუსიკალური ენა. ეს ყველაფერი არჩილ ახვლედიანმა დაიწყო. მან პირველად მოძრაობის თეატრში დააწესა ჯემ სეიშენის დღე და ყოველ სამშაბათს ნებისმიერ მუსიკოსს შეეძლო დაეკრა, რამაც დიდი როლი ითამაშა უამრავი ახალგაზრდის, მათ შორის ჩემს განვითარებაზე.“

მიყვარს ფესტივალები, სადაც არა მხოლოდ უკვე კარგად ცნობილ და საყვარელ შემსრულებლებს ვუსმენ, არამედ ვეცნობი ახალ, ნიჭიერ შემოქმედებს და სადაც ყოველი დღე მთავრდება „ჯემ სესიით’’.

რეზო კიკნაძე:


ეს ადგილი გახდა მთავარი სარბიელი ახალგაზრდა და ძველგაზრდა ჯაზ მუსიკოსებისთვის.

იმდენი საინტერესო ჯაზის დამკვრელი ახალგაზრდაა, რომ 7 დღე არც კი ყოფნის კაცს ყოველდღიური მუშაობისთვის. რეგულარული მუშაობა კი ჯაზმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ უკრავ და არ შეგეშლება, არ დაიბნევი და არ შეგეშინდება... როცა შეგეშინდება, აი, მაშინ მონახავ იმ მდგომარეობას, როცა ყველაზე კარგად უკრავ. ამას უნდა მიაღწიო მუსიკალური ყოველდღიურობით და ზუსტად ეს ხდება ზინგერში."

რამდენიც არ უნდა იმეცადინო კლასში, ჯაზი მაინც არის ცხოვრება. 

ეს მშვენიერი სამ დღიანი ფესტივალი კი დამთავრდა, მაგრამ ზინგერში ნებისმიერ საღამოს დაგხვდებათ ცხელ-ცხელი ჯაზი!  


ავტორი: 21 century schizoid man