მუსიკა | ცა

მატარებელი - ცივილიზაციის ესთეტიკური გმირი

გონებაში მითივით ჩარჩენილი მოგონობებიდან ერთ-ერთი ლუმიერების მოკლემეტრაჟანი ფილმით - “მატარებლის ჩამოსვლა” - მაყურებლებში გამოწვეული რეაქციის წარმოსახვაა.


მსმენია, რომ შეშინებული დამსწრე საზოგადოება პანიკამ მოიცვა , რადგან მაყურებელმა კინოს სასწაულის პირველად ნახვისას სცენის პროექციიდან მომავალი ლოკომოტივი რეალურ საფრთხედ აღიქვა (სინამდვილეში ეს სიმართლენარევი ლეგენდაა , თუმცა ნუ განვსჯით).


ეს ამაყად მომავალი შეუჩერებელი ელმავალი სახეა პროგრესის... გაოცებული ხალხი კი სიახლის შიშით შეპყრობილი დღევანდელობა. აგერ უკვე 2 საუკუნეზე მეტია რკინიგზის ხაზები მედგრად მიიკვლევენ გზას დედამიწის მიუღწეველ სივრცეებში და მომავალ თაობას ცივილიზაციის ინდუსტრიული განვითარების გარდაუვლობას ახსენებენ.


პროგრესი შეუჩერებელი ლოკომოტივის მესაჭეა.


მატარებლის ჰიროიკული სახე მუსიკალური ისტორიის გარდამავალი ეტაპების პირველ გვერდებსაც ამშვენებს. ლუიჯი რუსოლოს 1913 წლის “ხმაურის ფუტურისტული მანიფესტი" - The Art of Noises სავსეა შიდა წვის ძრავთა გუგუნით. ლიანდაგებზე რკინის ხახუნის პულსაცია მუსიკოსებს გაბატონებული ხელოვნების დამხობის მოწოდებას მანტრასავით უმეორებს:


“ყველა ჩვენგანს მოგვწონდა და გვსიამოვნებდა დიდი ოსტატების ჰარმონიები. ახლა ჩვენ მოგვბეზრდა, ახლა ჩვენ მეტ სიამოვნებას ვიღებთ მატარებლის , მანქანებისა და ახალი მექანიზმების ხმამაღალი წარმოსახვითი ტონებისაგან. 

ტრადიციულ მოცემულობებთან ფუტურისტების პროვოკაციული დაპირისპირება სწორედ მუზეუმებისთვის განკუთვნილი ხელოვნების დომინაციით აიხსნებოდა.


ქვანახშირისა და საწვავის კვამლში გახვეული რიგითი ადამიანები არ იყვნენ ბურჟუაზიული კომპოზიციის აბსტრაქტული გმირები, მათზე არავინ წერდა , ქარხნებიდან გამომავალი ხმებით გაყრუებულ ქალაქებში მცხოვრები კომპოზიტორები ისევ და ისევ კლასიკურ რომანტიკულ სიმფონიებს თხზავდნენ და ამით ხელოვნებას უკარგავდნენ რეალობის ნაწარმოებში ასახვის პერსპექტივას.


მართალია ფუტურისტების ბრძოლა სისტემასთან ტრიუმფით არ დასრულებულა, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს მუსიკის ჩარჩოს მიღმა აღქმაში.


პირველი ხმაურის მანიფესტის გამოქვეყნებიდან სამი ათეული წლის შემდეგ , დიდი ხნის წინ დაძრულმა ელმავალმა კიდევ ერთხელ გამოამტვრია გაბატონებული ხელოვნების ჩარჩოები და 1948 წლის 5 ოქტომბერს საფრანგეთის რადიოს ეთერში გადაიცა კონკრეტული მუსიკის პირველი თეიფ ნაწარმოები “რკინიგზის ეტიუდი”.


პიერ შეფერის ეს კომპოზიცია პარიზის სადგურში ჩაწერილი ხმების მუსიკალური აღქმისა და მანიპულაციის საბოლოო შედეგი იყო. ამ ნაწარმოებით კომპოზიტორი შეეცადა ამოეტრიალებინა კლასიკური მუსიკის კომპოზიციური გაგება და აბსტრაქტული ცნებების კომპოზიციად ქცევის ნაცვლად აქცენტი კონკრეტული აუდიო მოვლენების მუსიკალურობის აღქმაზე გააკეთა. 

3 წუთიანმა ნაწარმოებმა პირველად აჩვენა, რომ მუსიკა მხოლოდ ტონალური ან თუნდაც არატონალური კანონების კრებული კი არა, სამყაროში გაფანტული სიხშირეების ყურისდაგდების მცდელობაა . 

თუ ჩვენ ყურსა და გონებას მეტ პასუხისმგებლობას მოვთხოვთ,  დავინახავთ და მოვისმენთ რომ ელმავლის მიერ გამოცემული გაბმული სიგნალი უბრალოდ საყოფაცხოვრებო ხმაური კი არა თანამედროვე მუსიკალური სამყაროს მიერ ნამღერი პროგრესის ჰიმნია.

WDR ელექტრონული მუსიკის სტუდია, 1966

სწორედ ეს მოვლენა გახდა 50 იანი წლების დიდი მუსიკალური გარდაქმნებისთვის ბიძგის მიმცემი და სულ მცირე ხანში მსოფლიომ ელექტრონული მუსიკის სტუდიები და შიგნით დაწყებული ლაბორატორიული აუდიო კვლევები მიიღო. პარიზისა და კიოლნის ელექტრონული მუსიკის სტუდიებს მალე  ნიუ-იორკი, ტოკიო და მთელი ცივილიზებული სამყარო შეუერთდა.

Isao Tomita საკუთარ სტუდიაში, ტოკიოში

მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობის და კრიტიკისა დღევანდელი მუსიკალური ეპოქის ღირებული ნაწილი გარკვეულწილად სწორედ მათი ძალისხმევის შედეგია.


ასე რომ, მზად ვიყოთ. მნიშვნელოვანი ეპოქების გზაგასაყარზე შეიძლება პროგრესისაკენ მიმავალმა ლოკომოტივმა ისევ გაანგრიოს დღევანდელობით შებოჭილი მომავლის კარი და ვიმედოვნოთ რომ ჩვენ ამ მატარებლის მგზავრები ვიქნებით.


ავტორი: ქუჯი დავითულიანი