მუსიკა | ცა

კორი ჰენრი და “The Funk Apostles”

კორი ჰენრი და მისი ბენდი მეორედ ჩამოდიან საქართველოში და 18 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს გახსნიან.

ივლისი 04, 2019

კორი ალექსანდრ ჰენრი, იგივე - კორი ჰენრი, ის შემთხვევაა, როცა ორს რომ ორი მიუმატო ოთხზე მეტია! რაც არ უნდა მარტივ მამრავლებად დაშალო მისი მუსიკა, რჩება რაღაც, რაც ყოველთვის იწვევს მეტობას. ამ რაღაცას ზოგჯერ ქარიზმას, დინამიურობას, “ნონ-სტოპ” ვირტუოზობას, ან უბრალოდ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, “ჯიგრობას” მიაწერენ...

კორი ჰენრი და მისი ბენდი “The Funk Apostles” მეორედ ჩამოდიან საქართველოში და 18 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს გახსნიან


მუსიკოსი დედის გავლენით, კორი ჰენრიმ დაკვრა ორი წლიდან დაიწყო. ოთხი წლის იყო, ეკლესიის ერთადერთ ორღანზე რვა კომპოზიცია რომ შეასრულა. მაშინ ჰკითხეს, როცა გაიზრდები, სად გირჩევნია რომ უკრავდე, ეკლესიაში, თუ მსოფლიოს გარშემოო... კორიმ მსოფლიო აირჩია! ექვსი წლის ასაკში კი, ჰარლემის ლეგენდარულ თეატრ “აპოლო”-ში მისი დებიუტი შედგა.


არავინ მეუბნებოდა რა უნდა დამეკრა. უბრალოდ, ჩემ გარშემო, ძალიან ბევრი მუსიკა იყო. გამიმართლა, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოვხვდი. დედა ბევრ ინსტრუმენტზე უკრავდა და მისი დამსახურებაა, რომ იმ დროის საუკეთესო გოსპელ-შემსრულებლებთან მიწევდა ურთიერთობა. მაშინ ბევრს ვუსმენდი... როცა ბევრს უსმენ, ხვდები როგორ იქმენა მუსიკა და მერე შენც შეგიძლია დაუკრა ყველაფერი რაც მოგესურვება... შენი საუკეთესო მასწავლებელი ისევ შენი ყურია!

ბრუკლინელ კორის, ძირითადად, Snarky Puppy-ის ოჯახის წევრად იცნობდნენ. ამ ინსტრუმენტალურ, ჯაზ-პოპ ორკესტრს, ჟურნალი “Rolling Stone” “ჩვენი დროის, პლანეტის ყველაზე მრავალფეროვან ბენდად” აღიარებდა. 2012 წლიდან, ამ ოჯახთან ერთად, ორი-სამი გრემიც დაიმსახურა... მანამდე კი, 19 წლიდან, მოგზაურობდა და უკრავდა ისეთ დიდ სახელებთან, როგორიცაა კენი გარეტი, სპრინგსტინი, The Roots, P. Diddy, იოლანდა ადამსი. პარალელურად კი, თავის სოლო ალბომებით იმკვიდრებდა მოწინავე რიგებს ჯაზ ჩარტებში. უწოდებენ მაესტროს, მის მუსიკალურ ქარიზმას 200 კილოგრამიან ორღანს თუ ატოლებენ... და იმასაც ამბობენ, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია “ჰამონდის” ორღანით სახარების [gospel] გადმოცემა, მხოლოდ კორია.



მისი პირველი ალბომი “First Steps” [2014წ.] საუკეთესო ჯაზ ალბომებს შორის მოწინავე რიგებში მოხვდა, ისვე როგორც მეორე ალბომი - The Revival [2016], რომელმაც საუკეთესო გოსპელებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი.


2018-ში გამოუშვა პირველი სადებიუტო სინგლი “Trade It All” და ამავე წელს, გამოვიდა The Funk Apostles-თან ერთად ჩაწერილი სადებიუტო ალბომი “Art of Love” [2018]. ახალ ალბომში, კორი ერთგვარ გამოწვევასაც იღებს და ითავსებს ფრონტმანი/ვოკალისტის პოზიციას. მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ორღანისტად აღიარებას, მისი, როგორც გამორჩეული მომღერლისა და კომპოზიტორის აღმოჩენაც მოჰყვება. თავისივე ხელით შეკოწიწებულ ბენდთან ერთად ისე მოურევს ბლუზის, სოულის, R&B-ის, Afrobeat-ის, Gospel-ისა და ჯაზის კოქტეილს, რომ ჟანრებს შორის საზღვრებსაც წაშლის, თავბრუსაც დაგახვევს და ყველანაირ მოლოდინს თავდაყირა დააყენებს.

რაც შეეხება, ვოკალისტობას... არასდროს მიაჩნდა, რომ საკმარისად კარგი ხმა ჰქონდა, ამიტომ ეკლესიის კდელებს მიღმა არც არასდროს მღეროდა. თუმცა, თანდათან შეეწყო, ან იქნებ მოიწონა კიდეც საკუთარი ჟღერადობა და ისიც ერთგვარ ინსტრუმენტად გამოიყენა.

“ადამიანის ხმა ძალიან მძლავრია... როცა ვმღერი, თითქოს, უფრო ახლოს ვურთიერთობ ხალხთან, ორღანზე დაკვრისგან განსხვავებით. ამ დროს, შემიძლია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი გზავნილის გადაცემა ჩემივე სიტყვებით. ყოველ საღამოს, ასეთი გამოსვლა საკმაოდ დიდი გამოწვევაა, მაგრამ მე მზად ვარ...”

თუ მის კლავიშებს ოსკარ პიტერსონს და ჰერბი ჰენკოკს ადარებენ, მისი ვოკალი სულ სხვა მუსიკალურ იდენტობას ამჟღავნებს... თითქოს სინთეზში მოჰყავს ყველაფერი, დაწყებული მარვინ გეიდან, გაგრძელებული სტივი ვანდერითა და პრინცით.

ყველა გავლენა რაც კი მიგრძვნია, ამ ალბომში იგრძნობა... ჩვენი ბენდის სახელში ფიგურირებს სიტყვა ‘ფანკი’, თუმცა მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ბენდი მუსიკალურად ნებისმიერ ჟანრზე უფრო დიდია!

კორი ჰენრიმ ბენდის წევრები რამდენიმეწლიანი ტურნეების მანძილზე შეკრიბა. თითოეული მათგანი სრულუფლებიანი ვარსკვლავია თავის სფეროში... გიტარისტი - ადამ აგატი, კორისთან ერთად სიმღერებსაც რომ წერს, ისეთ არტისტებთან ერთად მუშაობდა, როგორიცაა Booker T. Jones და Ludacris; ბასისტი შარეი რიდი - პატი ლაბელთან, არეტა, ფრანკლინთან, ჩაკა ხანთან... დრამერი ტარონ ლოკეტი (Snarky Puppy-დან) უკრავდა ერიკა ბადუსთან და მონტელ ჯორდანთან, კლავიში - ნიკ სემრადის “დამსაქმებლებში”, სხვა სახელებთან ერთად, ლორინ ჰილიც იკითხება... ბექვოკალისტებიდან, დენის სტაუდმაირი ალიშა ქისთან მღეროდა, ხოლო ტიფანი სტივენსონი - ჯესი ჯეისთან, ერიკა კემბელთან, კანიე ვესტთან...

ალბომი “Art Of Love” ფაქტიურად, ერთ-ერთი ცოცხალი შესრულების ჩანაწერია. შესაბამისად, ბენდის ცოცხალი შოუების განუმეორებლ ენერგიასაც იტევს და 70-ების თბილ ანალოგურ მუხტსაც. ამ ალბომშივე ჩანს კორის არა მარტო იმპროვიზაციული, არამედ კომპოზიტორული და პროდიუსერული ნიჭიც, დახვეწილი არანჟირებითა და ასაკვიატებელი “ჰუკებით”. ბენდი მინიმალური რეპეტიციებით მუშაობდა. კორის თქმით, ორ-წლიანი არსებობის მანძილზე, მხოლოდ სამი რეპეტიცია ჰქონდათ. ალბომში, რამდენიმე ტრეკი საერთოდაც პირველად დაიკრა, იქვე და იმ მომენტში!


კიდევ, ეს ალბომი, ერთი ვრცელი სწავლებაა სიყვარულზე: რას ნიშნავს, რას მოითხოვს, რა აძლებინებს... “Trade It All”-ში კორი გულახდილ ანგარიშს გვაბარებს, თუ რა მსხვერპლს გაიღებდა საყვარელი ადამიანისთვის, რბილი და მგრძონიარე “Just A Word” რომანტიული თავგადასავლებისთვის განგაწყობს ხოლო, ჰარმონიულ-ელეგანტური “Our Affairs”-ში ისეთ კითხვასაც დასვამს, რაზეც პასუხი, აბა, ვინ უნდა იცოდეს?.. ამ ალბომშივეა ერთგვარი თანაგრძნობის ჰიმნი - “Find A Way” და სასიყვარული წერილი თავად მუსიკისადმი - “Give Me A Sign”...

ალბომი შედარებით პოლიტიკურ ნოტაზე სრულდება სიმღერით “Free”, რომელიც ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სიტყვებით “we gonna fight, live or die for our rights, everywhere.”

ფოტო: commons.wikipedia.org

მინდა ვაკეთო მუსიკა, რომელიც მართლა რაღაცას ნიშნავს... ვფიქრობ 60-ებისა და 70-ების მუსიკის ოქროს ხანაზე, და თუ დააკვირდები იმ დროის წამყვან შემსრულებლებს, როგორიცაა კურტის მეიფილდი და სტივი ვანდერი, ისინიც მღეროდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მათ გარშემო იმდენად შემოქმდებითად, რომ მოქმედების სურვილს უღვიძებდნენ ხალხს. ისინი იყენებდნენ მუსიკას იმისთვის, რომ ხმა მიეწვდინათ მსოფლიოსთვის, რომ გამოეწვიათ ცვლილებები, ცვლილებები უკეთესი ცხოვრებისთვის. მეც იგივე მინდა.

და კიდევ ერთი, რამდენიც არ უნდა უსმინო, შეისწავლო, იკითხო კორიზე, ცოცხალი შესრულების დროს, ის მაინც ყველაფერს სულ სხვანაირად მოგიყვება... თვითონაც რომ არასდროს წარმოუდგენია - ისე... და იქნებ სწორედ ამაშია ის, ყველაზე დიდი მეტობა?!

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი | ფოტო - კორი ჰენრის არქივები


ბილეთები: www.tkt.ge/blackseajazz