ქოლგა თბილისი ფოტო 2021

ფოტო: F. Dilek Uyar

„ფოტოების შეგროვება სამყაროს შეგროვებას ჰგავს.“

-       სიუზენ ზონტაგი

სამყარო იცვლება, თუმცა ფოტოგრაფია ინახავს ინფორმაციას როგორც ამ ცვლილების პროცესებზე, ასევე იმაზეც, რა იყო აქამდე და რა არის ახლა. აწმყოს ამსახველი მედიუმი დიდი წარმატებით არის ვიზუალური არქივიც იმ წარსული მოვლენების, ადამიანების, ფაქტებისა და ემოციების, რომლებიც, შესაძლოა, დავიწყებას მისცემოდნენ, რომ არა ფოტოგრაფები, რომლებმაც მათი აღბეჭდვა და სამუდამოდ შემონახვა მოისურვეს.

ფოტო: Ilia Pasak

სწორედ ასეთი კადრების მასპინძელი გახდება ფოტოკვირეული „ქოლგა თბილისი ფოტო 2021", რომელიც რიგით მე-20, საიუბილეო წელს ატარებს და წინა წლის მსგავსად ახლაც, კვლავ ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს ღონისძიებებს.

„ქოლგას" ისტორია, რომელიც 2002 წელს საუნივერსიტეტო გამოფენით იწყება, ყოველ ეტაპზე სათანადოდ პასუხობდა ახალ გამოწვევას, იქნებოდა ეს ლოკალური კონკურსის საერთაშორისო კონკურსად გარდაქმნა, თუ „ქოლგა თბილისი ფოტოს" შექმნა გამოფენების ციკლით, საგანმანათლებლო პლათფორმითა და ფოტო კვირეულით.

„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ კლასიკური გამოფენების მაგივრად მუდმივად ზეიმის მაგვარი რამ შეგვექმნა."

-       ბესო ხაინდრავა

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

„ქოლგა" ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა იმ სახით, რა სახითაც დღეს არის წარმოდგენილი, თუმცა ყოველთვის ისეთივე ამბიციური იყო, როგორიც დიდი ისტორიის მქონე კონკურსს და ფესტივალს შეეფერება, გრანდიოზული გამოფენებითა და ქალაქის რესურსის სრული გამოყენებით, იქნებოდა ეს გალერეებისა თუ ალტერნატიული სივრცეების ათვისება.

სწორედ ამ ამბიციურობის შენარჩუნებით, არსებული სიტუაციის მიუხედავად, 2000-იანებში დაწყებული ფოტო-ფესტივალი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობას და როგორც ქართველ ფოტოგრაფებს აცნობს უცხოელ აუდიტორიას, ასევე, უცხოელი ფოტოგრაფების გამოცდილების გაზიარებითა და მათი ლოკალური მაყურებლისთვის გაცნობით ცდილობს, რომ განავითაროს ადგილობრივი სცენა.

ფოტო: Delphine Blast, Frank Herfort, Jadwiga Elisabeth Renee Chabot, W Mansholt, Luis Rodriguez

„2012-ში უკვე აუცილებლობა დადგა იმისა, რომ კონკურსის მასშტაბები გაზრდილიყო, რაც გამოწვეული იყო იქიდან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ყოველწლიური კონკურსების ფონზე, ყველა ის ადამიანი, რომელიც ფოტოაპარატით დადიოდა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად ჩართული იყო ამ კონკურსში და სიახლისთვის არეალის გაზრდა იყო საჭირო, შესაბამისად, ჩავრთეთ უცხოელი პარტნიორები და გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი."

-       ბესო ხაინდრავა

პანდემიურ სიტუაციაშიც კი, როცა, ერთი შეხედვით ყველა საყოველთაო ღონისძიება შესაძლებლობების გარეშე დარჩა, ციფრული სამყარო აღმოჩნდა ის ერთადერთი სივრცე, სადაც თავიდან დაიბადა ყველა ეს ღონისძიება და ახალი ფორმა მიიღო ძველმა შინაარსებმა.

ხელოვნების ეს საკმაოდ ახალი მედიუმი, რომელიც მუდმივად და სწრაფად ერგება ახალ რეალობას, კიდევ უფრო გაციფრულდა და გარემოს ავთენტური სახე მიიღო. 

„ფოტოგრაფების გაცნობის, მათი ნამუშევრების შეფასებისა და ემოციური კავშირის დამყარებისათვის საუკეთესო გზა ყოველთვის მათი ნამუშევრების ფიზიკურად - გამოფენაზე დათვალიერება იყო, თუმცა 2020 წელს ყველასთვის მოულოდნელად, შევეჩეხეთ იმ რეალობას, რომელიც ყველასათვის წარმოუდგენელი იყო და ძალიან მოკლე დროში დაგვჭირდა სრულიად ციფრულ რეალობაში გადაგვეწყო მთელი ფოტოკვირეული.


ნამდვილად რთული გამოწვევა იყო, თუმცა გალერისტებისა და კურატორებისათვის ონლაინ გამოფენას აქვს გარკვეული ფუნდამენტური სარგებელი: ის გთავაზობთ ისეთ შესაძლებლობებს, რასაც ფიზიკური გამოფენა ვერ გაწვდება. თუკი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუდმივად ვფიქრობთ ტრანსპორტირებაზე, დაზღვევაზე, დიდი ფორმატისა და მაღალი ხარისხის ბეჭდვაზე, რაც ხშირად ფინანსური კუთხით ზღუდავდა გამოფენის მასშტაბებს, ვირტუალურ სივრცეში აბსოლუტურად თავისუფალი ხდები შეზღუდვებისგან."

-       ნინო-ანა სამხარაძე

ფოტო: ნიკა ფაილოძე

ეს ცვლილება მუდმივია და სწორედ ამ ცვლილებების პარალელურად 7 მაისს ფოტოკვიული „ქოლგა თბილისი ფოტო 2021"-ის ფარგლებში ონლაინ რეჟიმში გაიმართება „ქოლგა ფოტო დაჯილდოვება" და გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:

o  დოკუმენტური სერია

o  რეპორტაჟი

o  კონცეპტუალური ფოტო პროექტი

o  ერთი კადრი

o  მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი

წელს საპრიზო ფონდი 18000 ლარს შეადგენს, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 4500-4500 ლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულებს 3000, ხოლო მობილური ფოტოს ნომინაციაში გამარჯვებულს - 1500 ლარი.

ფოტო: გიორგი ზათიაშვილი

„ქოლგა", ასევე, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, რომელთა სარეგისტრაციო ფორმაც მალე გაიხსნება მსურველებისთვის.

ფოტოგრაფია, როგორც ენა: ფოტოდან წიგნამდე - ამერიკული კოლექტივის, „გამოსახულების ნაკადისოთხდღიანი ვირტუალური ვორქშოფი, რომელიც ფოტოწიგნის შექმნის საფუძვლებს შეეხება.


პოლაროიდის ემულსიიდან ბეჭდვის ხელოვნება - ანალოგური ტექნიკის გამოყენებით ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს ჩვენ მიერ შექმნილ ფოტოებთან ემოციური და ფიზიკური კავშირის დაბრუნებას.


ფოტო ამბის რედაქტირება ხოსე სარმენტო მატოსთან ერთად - ხოსე სარმენტო მატოსი სტუდენტებთან ერთად იმუშავებს უკვე გადაღებული ან მიმდინარე ფოტო პროექტების რედაქტირებაზე. ხოსე, როგორც ფოტოდოკუმენტალისტი და ლექტორი, მთელ თავის გამოცდილებას ვორქშოპის მთავარ მიზანს მოახმარს, რაც გულისხმობს ამბის თხრობის და ვიზუალური ნარატივის ფოტოების სახით ორგანიზების უნარის გაუმჯობესებას, ამ პროცესის ყველა ეტაპის გათვალისწინებით.


ვიზუალური თხრობის ვორკშოპი - ირლანდიური ვიზუალური თხრობის პლატფორმა FemLens.


Artist Talk: იევგენი როპელი - გერმანელი ფოტოჟურნალისტი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ფრილანსერობა იძლევა 21-ე საუკუნეში - როგორ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო მედიასთან.

ფოტო: Edoardo Agresti

ფოტო: Muhammad Amdad Hossain, Viet Van Tran, Alain Schroeder, Bill Schwab, Luis Rodriguez , F. Dilek Uyar, Mohammad Mohsenifar

გამოფენებმა და დაჯილდოვებებმაც ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, შეიძლება, დროებით, შეიძლება არც, მაგრამ ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ „ქოლგა“ აქ და ახლა იყნებს ყველა შესაძლებლობას, რათა შესაბამისად გააგრძელოს ეპოქალური ისტორია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში და 2021 წელს „ქოლგა" უკვე მე-20 ფესტივალს მასპინძლობს.

ავტორი: ქეთო შურღაია