კულტურა

კადრი მობილური ტელეფონიდან - ქოლგა თბილისი ფოტო 2021

მობილური ფოტოს ნომინაცია სწორედ ამ მარტივ, თითქოს შეუმჩნეველ, მაგრამ ფოტოგრაფიის მეშვეობით მუდმივად დამახსოვრებულ მომენტებზე გვიყვება.

აპრილი 27, 2021

„დღეს ყველა ფოტოგრაფია და სწორედ ეს არის ფოტოგრაფიაში შესანიშნავი.“

-       მარტინ პარი

ფოტოგრაფია, რომელიც თავდაპირველად შეიძლება ითქვას, ელიტური ხელოვნების მედიუმი იყო, ექსკლუზიურობის დანგრევის შემდეგ საყოველთაო შემოქმედებით პროცესად იქცა ციფრულ ეპოქაში. დღეს თითქმის ყველას კამერა უჭირავს ხელში მობილურის სახით, რომლითაც ნებისმიერი მომენტის დაფიქსირებაა შესაძლებელი, საქმე იმაშია, რამდენად ვუზიარებთ ამ მომენტებს სხვებს, რა გვგონია მნიშვნელოვანი და რა - უმნიშვნელო.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მობილური ფოტოს ნომინაცია სწორედ ამ მარტივ, თითქოს შეუმჩნეველ, მაგრამ ფოტოგრაფიის მეშვეობით მუდმივად დამახსოვრებულ მომენტებზე გვიყვება - დეტალები, რუტინა, სწორი წამი და შემთხვევითი შეხვედრები.

ფოტო: ირმა მჭედლიშვილი

„ფოტო შარშან ამ დროს, კოვიდის კარანტინის დროს გადავიღე.

იმ პერიოდში რადიკალურად შეიცვალა სამყარო, ჩვენი ყოველდღიურობა და შინაგანი მდგომარეობა.

რამოდენიმე თვის მანძილზე პანდემიის მსოფლიო ეპიცენტეში აღმოვჩნდით. ცოტა ხნის წინ სიცოცხლით სავსე და რეგის მუსიკით გაჯერებული ფლეტბუში, ბრუკლინის ნაწილი, სადაც მე და ჩემი ოჯახი იმ დროს ვცხოვრობდით, მგლოვიარე და უკაცრიელ ადგილს დაემსგავსა. ყოველ ხუთ-ათ წუთში სასწრაფოს სირენების ხმა თავზარდამცემიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა....

მერე მოვიდა მაისი და პირველად გაზაფხულის მოსვლა ჩემი აბაზანის ფანჯარაში დავინახე. ზედა სარკმელში ლურჯი ცა და ქვედაში ახლადაყვავებული ხის სიმწვანეა არეკლილი.

"Blue in Green" მაილს დევისის ძალიან ლამაზი და სევდიანი თემაა, რომელიც ფოტოზე ასახულ სიცოცხლით სავსე ფერებს ნაკლებად, მაგრამ იმ პერიოდში განცდილ სიმძიმეს ძალიან უხდებოდა."

ფოტო: კიტა ცხომარია

„ამ ადგილს თითქმის ყოველდღიურად გავდივარ, ჩემი მშობლების სახლის გზაზეა და, ალბათ, ამ ხედის ასობით ფოტო მაინც მაქვს გადაღებული. აქ ხან პლედებს გაფენენ ახალგაზდები და პიკნიკს აწყობენ, ხან ტრაილერები ჩამოდგებიან და ამერიკიდან ჩამოსულ მანქანებს ცლიან. ამ დღესაც ჩემი

მშობლების სახლისკენ მივდიოდი , მაგრამ ვიცოდი, მხოლოდ ოდნავ გაღებული კარიდან უნდა დავლაპარაკებოდი, რადგან კოვიდის გამო იზოლაციაში იყვნენ. იმ დღეს ეს ხედი ასე გამოიყურებოდა და გადავღე."

ფოტო: ანი დავარაშვილი

ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობ. მულტიმედიური გამოფენის, “Leonardo - Opera Omnia” მზადების პროცესში, საგამოფენო სივრცეში საიდუმლო სერობის” ორიგინალური ზომის რეპროდუქციის ინსტალაციისას ტექნიკურმა პერსონალმა, თითქოს ლეონარდოს გავლენით, ანარეკლივით გაიმეორა ნამუშევარზე ასახული მოძრაობები. ასე შეიქმნა “Lunch Before Supper”."

ფოტო: დავით სარქისოვი

„ამ შაბათ დილას ვიდექი ხიდზე და ვაკვირდებოდი თევზაობის პროცესს, იდეალურ სიჩუმეს არაფერი არ არღვევდა, ათობით მეთევზე თითქოს დროსთან ერთად იყო გაჩერებული, მშვიდ გარემოს ავსებდა პასტელის თბილი ტონები, მე კი არაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ აღმებეჭდა ეს მომენტი."

ფოტო: დათო ქორიძე

„ეს ფოტო ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ბერლინში გადავიღე, ზუსტად ამ დღეს დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევავ ბავარიის მხარეს, მუზეუმშიც იმიტომ შევედი, რომ გარეთ ბანერზე დიდი ნიღაბი ეხატა ჯერ კიდე მაშინ, როცა ყველა პირბადით არ დადიოდა. დიდი ისტორია არ აქვს ამ ფოტოს, უბრალოდ ჩემთვის სიმბოლოებითაა სავსე, როგორც რელიგიური, ასევე სოციალური."

ფოტო: ზუკა კოტრიკაძე

„თუ ფოტოგრაფია გაინტერესებთ, უფრო კი ქუჩის ფოტოგრაფია და ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გასაკუთრებით კი მეტროთი მგზავრობა ყოველთვის საინტერესოა პატარ-პატარა აღმოჩენებითა და დაკვირვებებით.

ფოტო მეტროსადგურ წერეთელზე არის გადაღებული. ესკალატორზე შევნიშნე ეს ქალბატონი, მაშინვე მივუახლოვდი და შესაფერის დროს გადავიღე. მობილური ფოტოგრაფიის მთავარი პლიუსიც ხომ ის არის, რომ კამერა მუდმივად თან გვაქვს და სასურველ კადრებსაც უმალვე აღვბეჭდთ."

ავტორი: ქეთო შურღაია