მუსიკა | ცა

ქარჩხა, მუსიკა და ხელოვნური ინტელექტი


“წინმსწრაფველი თითქმის გამოგონებულია… აი, იხილეთ, სიმაღლე უდრის ტრფიალის უსასრულობას, სიგრძე - სათნოების ზესწრაფვას, C + 01, განი… დაუვიწყარ მოგონებას. შინაგანი სიმხურვალის საკითხებს თუ გადავწყვეტთ, და კიდევ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან სუბსტანციებს, ჩვენ, ცაში ავიჭრებით!” (ფილმი “შერეკილები”)


ნებისმიერი დარგისთვის ეპოქალური მოთხოვნაა პროგრესი - რაც უბრალოდ გარდაუვალია... და რაც უფრო “წინმსწრაფველია” იდეა, მით უფრო “შერეკილია” ავტორი. იცნობდეთ თორნიკე ქარჩხაძეს, ამჟამად, ნიდერლანდებიდან.

ნ.კ. - გამარჯობა, სად ხარ? როგორ ხარ? რას შვები?

თორნიკე - გამარჯობა! ნორმალურად. ახლა ნიდერლანდებში ვარ, მასტერს ვაკეთებ ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში (Royal Conservatoire The Hague), სონოლოგიის ინსტიტუტში (Institute of Sonology), ელექტრონულ/კომპიუტერული მუსიკის განხრით.

აი, რა ვიცოდი შენზე აქამდე - ფიზიკის ფაკულტეტი, სხვადასხვა პროექტი, ყველაზე ცნობილი - “პორნოპოეზია”... თანაშემოქმედება სხვა არტისტებთან… შემდეგ პაუზა, განახლება და...

ჰო, ჩემი შინაგანი მოუსვენრობის ამბავია. ვერ ვიტყვი, რომ რამე კონკრეტულ ლოგიკას მიყვება ჩემი ცხოვრება, გარდა იმისა რომ ვერ გავჩერდი ვერასდროს ვერსად... ეს კარგია თუ ცუდია, არ ვიცი. პირველადი განათლებით ფიზიკოსი ვარ. მერე მივხვდი, ფიზიკით შორს ვერ გავფრინდებოდი (2004 წლის საქართველოში, თორე ისე როგორ არა), რაღაც პერიოდი ბანკშიც ვიმუშავე, სტატისტიკური წინასწარმეტყველების მეთოდებზე.


მუსიკოსობაზე სულ ვფიქრობდი, ბავშვობიდან გულში მელოდიებს და ჰარმონიებს ვაწყობდი და წარმოვიდგენდი როგორ ვიქნებოდი ცნობილი როკ ვარსკვლავი. 90-იანები იდგა ჩემს ბავშვობაში, ბევრი რამე მიუწვდომელი იყო და რატომღაც ოჯახშიც არავის მოსვლია აზრად ჩემი მუსიკალური განათლება... (ბიჭი და თან ტექნიკური ტვინით). ერთხელ უნივერსიტეტიდან, მეგობარს ბენდის რეპეტიციაზე გავყევი და აი, მანდ “დამერხა”. რაღაც ჯადოსნური ვნახე! ოთხი ადამიანი სრულ სინქრონში და ჰარმონიაში უკრავდა... მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც, რაც მინდოდა მეკეთებინა. მეორე დღეს, წავედი და გიტარა ვიყიდე... ამას მოჰყვა “პორნოპოეზია”, “ჯგუფი-ყველა”, “ერთერთი- დირექტორი” და ბევრი სხვა პოპ, თუ კომერციული პროექტი. პაუზას რაც შეეხება, უბრალოდ საქმიანობა და ჟანრები შევცვალე. რაღაც მომენტში, მივხდი რომ რაც აქამდე მიკეთებია, აღარ მომწონდა და სულ სხვა რაღაცეების კეთება მომინდა. ეს მომენტი ხშირად დგება ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას ყოველ დილას. ასე აღმოვჩნდი კონსერვატორიაში და აკადემიურ მუსიკალურ სივრცეში.

ანუ, ისევ მუსიკა, მხოლოდ არა იმდენად ჰორიზონტალური, რამდენადაც ვერტიკალური - ჩაღრმავებით, გაფართოებით, სიახლეების გათავისებით...

კი, სწორად აღნიშნე, ჩაღრმავება და ცოდნის შეძენა იყო მიზანი. ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც, რამდენიმე წლის წინ, რეზო კიკნაძის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა. უნდა ვაღიარო საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შემოქმედებით შემართებას კლავს, როცა ხედავ რამდენი რამე გაკეთდა, რამდენი რამე ჯერ კიდევ არ იცი და რამხელა ცოდნაა საჭირო, რომ რამე მნიშვნელოვანი და ღირებული გააკეთო. ახალი „ხელსაწყოების“ შეძენას და ჩაღრმავებას, თვალსაწიერის გაფართოება და გემოვნების შეცვლა მოჰყვა. უფრო ფართოდ დავინახე მუსიკა და ხელოვნება, მათი ადგილი თანამედროვეობაში. შეიცვალა ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებაც, ის „ჯადოქრობა“ გაქრათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვაგან გადაინაცვლა.

სამაგიეროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა საოცრებები რეალობად იქცევა, ჯადოსნობა კი - ჩვეულებრივ ფორმულებად...

მართლა ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ჩვენ თვალწინ კომპიუტერები ახალ თვისებებს იძენენ და „upgrade”-ს აკეთებენ. დღეს კომპიუტერისთვის ჩვეულებრივ ამოცანად იქცა სურათებში ნივთებისა და ადამიანების ამოცნობა, მუსიკის ჟანრის გარჩევა, ხელნაწერი ტექსტის კითხვა, ლაპარაკის გარჩევა და აზრიანი პასუხის გაცემაც კი. ეს ყველაფერი, ხელოვნური ინტელექტის საშულებით ხდება, კერძოდ ნეირონული ქსელებისა და “machine learning”-ის, რომლებიც ბოლო 10 წელია საგრძნობლად დაიხვეწა.

მომიყევი შენს წამოწყებაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში...

თბილისის კონსერვატორიიდან, 2 წლით, ჰელსინკში აღმოვჩნდი, სიბელიუსის აკადემიაში [Sibelius Academy]. ფინეთში ხელოვნურ ინტელექტის თემა ძალიან აქტუალურია, პოლიტიკა აქვთ, რომ 10-დან 1 ადამიანი მაინც უნდა იყოს ამ საქმის მცოდნე. ასე გავეცანი აკადემიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებს მუსიკაში და ხმასთან სამუშაოდ. საოცრად საინტერესო თემაა, შეიძლება ითქვას მომავალია და მთელი ახალი საექსპერიმენტო არეალია მუსიკაში, ზოგადად ხელოვნებაში. მოკლედ ამ თემით მოვიწამლე და ჩემი სწავლის და კვლევის მიზნადაც იქცა. აქ ჰააგაში, მაგისტრს სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებ - ‘ხელოვნური ინტელექტი მუსიკისა და ხმის წარმოებაში’. ჩემი მიზანია ნეირონული ქსელი გადავაქციო დამოუკიდებელ კომპოზიტორად, ვასწავლო მუსიკა/ხმა და შემდეგ, ნასწავლზე დაყრდნობით, თვითონ შექმნას ახალი მუსიკა/ხმა. კომპოზიტორიც ხომ ამას შვება... ამ სწავლის პროცესზე დაკვირვება, შერეული მასალით ექსპერიმენტირება და მცდელობა, რაც შეიძლება „კრეატიული“ გავხადო ჩემი მანქანა, ჩემი კვლევის საგანი იქნება. მინდა ვნახო, რა მუსიკას დაწერს, რა ხმას დააგენერირებს, სხვადასხვა შემთხვევაში, როცა მოვასმენინებ კლასიკას, როკს, ჰიპ-ჰოპს და ა.შ.

ნამდვილ მუსიკალურ თავგადასავალს ჰგავს... თუმცა, რამდენად შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლოს ადამიანის შემოქმედებითობა?

დღევანდელი მოცემულობით, კომპიუტერი „კრეატიული“ არ არის და ვერც იქნება. რაც არ უნდა დახვეწო და განავითარო ნეირონული ქსელები, მათ შეუძლიათ შეისწავლონ მხოლოდ არსებული კავშირები, თანმიმდევრობები მონაცემებში და შემდეგ ისინი გამოიყენონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, რაც არ უნდა ბევრი ამუშავო და ასწავლო, ნეირონული ქსელი ვერ დაგიწერს ისეთ მუსიკას რომელიც „მოსმენილი“ არ აქვს. შეურევს, ერთეულ ნაწილაკებამდე დაგიშლის და ახალ კომბინაციას გაგიკეთებს, მაგრამ ყველა ნაწილაკი მაინც რომელიმე მოსმენილი მუსიკიდან იქნება ნასწავლი. ამის გამო, ბევრი მუსიკოსი და ხელოვნების წარმომადგენელი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი ხელოვნებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართ.


თუმცა, აქვე მეორე აზრიც არსებობს, რომლის მიხედვით, ადამიანიც ასეა მოწყობილი - სწავლობს და არსებული მასალის საფუძველზე აკეთებს ყველაფერს... ჩვენი ტვინიც კავშირებსა და თანამიმდევრობებს სწავლობს და მათი დეტექტორია. მუსიკა და ხმაც სხვა არაფერია, თუ არა სტრუქტურა და თანმიმდევრობა... და საერთოდ, სამყაროში, სადაც დრო არსებობს, ყველაფერი თანმიმდევრობაა! ჩვენც ასე ვსწავლობთ ენას (ვისმენთ, ვიმახსოვრებთ და ვიმეორებთ სიტყვათა თანმიმდევრობებს), მუსიკას, დაკვრას (ვიმეორებთ და ვიმახსოვრებთ თითების მოძრაობის თანმიმდევრობას), მანქანის ტარებას... მოცარტი ვერ დაწერდა თავის სიმფონიებს, მანამდე უამრავი მსგავსი რამ რომ არ ყოფილიყო დაწერილი, რომ არ მოესმინა და შეესწავლა ეს მასალა. თავად სიტყვა კომპოზიციაც შეერთებას ნიშნავს [compose - შედგენა, შეხამება, დაკომპლექტება].

რამდენად მიაქცევ ყურადღებას რას მოასმენინებ? ანუ, როგორ უნდა განვუვითაროთ “ბავშვს” გემოვნება?

კიდევ კარგი, რომ მართლა ბავშვი არ არის და არავითარი ეთიკური შეზღუდვა არ მაქვს. ყველაფერი მინდა ვცადო და მოვასმენინო მუსიკაც, ქალაქის ხმაურიც და ფოთლების შრიალიც.

რა არის ამ პროექტის მიზანი და მისია? შეუძლია ამ ხელსაწყოს, რომ დააფიქსიროს ჩემი განწყობა, გააჟღეროს ჩემი ზოგადი მუსიკალური გემოვნება, ან სულაც, კიდევ უფრო ხმამაღლა - გააჟღეროს ჩემი სულიერი მდგომარეობა? შექმნას ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი?...

ამ ეტაპზე, პროექტის მიზანია გამოვიყენო ნეირონული ქსელები როგორც კრეატიული ინსტრუმენტი და ვნახო, რა გამოვა. მომავალში, როგორც უკვე ვთქვი, მოსალოდნელია ტექნოლოგია მაგ დონემდეც მივა, რომ კომპიუტერმა შინაგანი მდგომარეობა და გემოვნება ამოიცნოს და ისე შექმნას მუსიკა. იმედია, ჩემი პროექტიც, ამ გზაზე, ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება.

რისთვის კეთდება, ვინ გამოიყენებს?

ამ ეტაპზე მე გამოვიყენებ, როგორც ხელსაწყოს ჩემი კომპოზიციებისთვის და ექსპერიმენტებისთვის. გარდა ამისა დიდი იმედი მაქვს შევძლებ სხვა არტისტებიც შთავაგონო და მოვანდომო ამ სფეროში მუშაობა.


ასევე, კონსერვატორიის სამაგისტრო პროექტად, ვაპირებ ჩემმა მანქანამ “სიზმრებიც” ნახოს. ვაპირებ, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ჩავწერო ჩემი დღეები: როგორ ვლაპარაკობ, ვჭამ, ვუსმენ მუსიკას და ა.შ. ყოველ საღამოს, ჩავტვირთო ეს ფაილები ჩემს ხელსაწყოში, რომელიც ისწავლის ამ ფაილებს და ღამით, სანამ მე მეძინება, ის “სიზმრებს ნახავს”. ამ გზით, ყოველ დილით დამხვდება გენერირებული აუდიო სიზმარი. პროექტის სამუშაო სახელია “Artificial Dreamer”... ვნახოთ, რა გამოვა.

იქნებ, ერთნაირი სიზმრებიც ნახოთ... როგორი იქნებოდა გამორჩეული, ბრწყინვალე გონების მუსიკა, შედგენილი სწორედ ამ პრინციპებით? მაგალითად, იმის მიხედვით, თუ რას უსმენდა, რას ქმნიდა დევიდ ბოუი, რამდენად დაემსგავსებოდა, აქედან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიო მასალა მის შემოქმედებას?

საინტერესო კვლევის საკითხი წამოჭერი ამასობაში... ნეირონული ქსელები იძლევა საშუალებას, მსგავსი საკითხები დაისვას და გამოიკვლიოს. თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმა - დღეს რაც კეთდება მხოლოდ ინტელექტის იმიტაციაა, ამიტომაც ეძახიან “artificial intelligence”, ეს სიტყვა - “artificial” - ყალბსაც ნიშნავს თავისი შინაარსით. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ საკმაოდ განსხვავებულ შედეგებს მივიღებთ. გარდა ამისა, კიდევ ბევრი ცვლადია ადამიანის კრეატიულობაში: პირადი ცხოვრება, ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები, სოციალური გარემო და ა.შ. ჯერჯერობით ამ ცვლადების ნეირონული ქსელებისთვის სწავლება რთულად წარმომიდგენია. თუმცა, გპირდებით, აუცილებლად მოვასმენინებ დევიდ ბოუის და მის მსგავს მუსიკასაც დავაწერინებ!

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი კრეფს ასობით სხვადასხვა კომპოზიციას და აქუცმაცებს მარტივ აკორდებამდე, დგება თუ არა რაიმე საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა? მაგალითად, იმის რეგისტრირება, თუ კონკრეტულად რას “უსმენდა” ეს მოწყობილობა?

არა! აბსოლუტურად არა! ამ ლოგიკით ყველა კომპოზიტორმა უნდა აწარმოოს რეგისტრი რას უსმენს. სულ 12 ნოტია და ყველაფერი მათგან კეთდება და მუსიკოსები ერთმანეთზე ყოველთვის ზემოქმედებენ. ხელოვნური ინტელექტი ამისგან თავისუფალია, სუფთა ტექნიკურად ის არ იყენებს ფრაგმენტებს “მოსმენილი” მუსიკიდან, “სწავლობს” და შემდეგ ამ “ცოდნით” თავისით აგენერირებს. ამ ეტაპზე, მიზეზი რატომაც უნდა ვადევნოთ თვალი, თუ რას მოუსმენს ეს მოწყობილობა, ინტერესსა და ექსპერიმენტშია.

და მეორე - ვის ეკუთვნის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მუსიკის საავტორო უფლებები?

ესეც საინტერესო კითხვაა და ამაზეც ცალსახა პასუხი არ არსებობს. ალბათ ხელსაწყოს ავტორს, დასაწყისისთვის მაინც და მერე ვნახოთ, მომეწონება თუ არა!

წარმატების შენებური ფორმულა...

წარმატება ფარდობითი ცნებაა, მაგრამ, თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, მაინც სიჯიუტემ განაპირობა ალბათ... არც ძალიან ნიჭიერი ვარ, არც ძალიან ენერგიული, მუშაობაზე და დროის მართვაზეც ბევრი შენიშვნა მაქვს საკუთარ თავთან, პოზიტივი ზომიერად, სინათლე - გააჩნია დღე-ღამის რეჟიმს. მოკლედ სიჯიუტეა ჩემი წარმატების ფორმულაც, საიდუმლოც და გასაღებიც. რამე თუ მინდა და მაინტერესებს არ ვეშვები, ათასჯერ რომ დავეცე, ავდგები და მაინც იგივეს გავაკეთებ.

შენ, როგორც არტისტს, რაში დაგეხმარება მსგავსი ხელსაწყო?

ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, მეზარება მუსიკის წერა და იმიტომ ვაკეთებ, რომ წამოვწვე და თვითონ დაწეროს... მთლად ასეც არ იქნება, მაგრამ მე ამ პროექტს როგორც ერთ დიდ კომპოზიციას, თავის თავში ბევრის შემცველ და მრავალფეროვან ნაწარმოებს, ისე აღვიქვამ.

ერთი შეხედვით, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ქვეცნობიერ ინტელექტთან დაკავშირების ერთგვარ ინსტრუმენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ...

როგორც ვთქვი, ნეირონული ქსელები ადამიანის ინტელექტის მხოლოდ იმიტაციაა, თუმცა დაკვირვებას იმაზე თუ როგორ მუშაობს ნეირონული ქსელები ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენს ინტელექტზე.

რაც არ უნდა ხელოვნური იყოს, მაინც ადამიანურის ანარეკლია.

ანარეკლია და თან საკმაოდ უსახური, ჯერჯერობით... თუმცა, მჯერა, მალე გაგვისწრებენ და მერე დაიწყება კარგი ცხოვრება, მოგვივლიან ისე, როგორც შინაურ ცხოველებს ვუვლით ჩვენ.

1-ებს და 0-ებს შეიძლება გაუჩნდეთ ფანები? ჩინეთში უკვე არსებობს მსგავსი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვარსკვლავები მილიონობით მიმდევარით, რას გაიგებ რა მოსწონთ...

თბილისში ხომ გვყავდა ჰაცუნე მიკუ [ვოკალოიდი იაპონიიდან] სტუმრად, ვმუშაობდი მაგ დროს SOU ფესტივალზე და პირადად გავიცანი, ძლიან საყვარელი “გოგოა”. უამრავი ფანი ჰყავს ჰაცუნეს და გასაგებიცაა. მომავალში უფრო და უფრო მეტს ვნახავთ მსგავსს, კომპიუტერის გადაღებულ ფილმებსაც და დაწერილ წიგნებსაც.

რა პოტენციალი გვაქვს და რა გვჭირდება ამ პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისთვის?

რა გვჭირდება რომ პოტენციალი გამოვიყენოთ? ალბათ, ქვეყნის ეკონომიკას, ცხოვრების დონეს და ცოტა განათლებას უნდა ეშველოს და თავისით ეშველება ხელოვნებას. თორემ, გემოვნებას, ნიჭს და „დრაივს“ არ ვუჩივით, ნიჭიერი ხალხი ვართ!

“ხო გითხარი, გაფრინდებიანთქო!”

ავტორი: ნინო კაკიაშვილი