ლიტერატურა კულტურა

ჯინსიანი პროფესორი ბერეტით

საბა

აგვისტო 01, 2019

თუ შეიძლება ადამიანი მუსიკას შეადარო, ის მოცარტის ჰანგი იყო - ლაღი, თავისუფალი, ჰარმონიული და სრულყოფილი; ალბათ, ზუსტად ისეთი, როგორსაც დედამისი წარმოიდგენდა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გააჩინა  ანდა ისეთი, როგორზეც დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგარი მამამისი იოცნებებდა.


1935 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ვახუშტი კოტეტიშვილი - ცნობილი მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, აკადემიკოსი და ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანი, რომელიც ოდესმე მინახავს. მისი ბავშვობის შესახებ არაჩვეულებრივი ავტობიოგრაფიული წიგნიდან - ,,ჩემი წუთისოფელი“ - გაიგებთ, ცნობებს მის შესახებ ენციკლოპედიებსა და ვიკიპედიებშიც იპოვით, მე კი მხოლოდ იმას გიამბობთ, რაც საკუთარი თვალით ვნახე და ყურით მოვისმინე მისი ცხოვრების იმ ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ხშირად ვსტუმრობდი მის ფართო, ძველი ხის ავეჯით გაწყობილ ოთახს, სადაც კედლებზე ჩუბჩიკას  პეიზაჟები ეკიდა, საწერი მაგიდის გვერდით ვახუშტის სასუნთქი აპარატი იდგა, მის პირდაპირ კი - ჩემი საყვარელი სარწეველა სავარძელი.


წიგნების კარადის ვიტრინაში მისი ახალგაზრდობის ფოტო იდო, რომელიც აშკარად ამხელდა მის „ავთანდილისებურ გარეგნობას“ - ეს სიტყვები თავის ყოფილ ლექტორს უთქვამს ერთხელ ვახუშტისთვის და მასაც კარგად ახსოვდა, როგორც ყველა ის საქებარი სიტყვა, რომლებიც კი ოდესმე მის შესახებ თქმულა. უყვარდა ადამიანების მონუსხვა და ყურადღების ცენტრში ყოფნა, არასდროს დაუშვებდა, რომ ვინმეს მისი ხიბლისგან თავი დაეძვრინა. ჩვენც, მისი პოეტური თარგმანის მასტერკლასების (როგორც მისი მეუღლე მზეო ამბობდა, „სმასტერკლასების“, რადგან ვახუშტის ინიციატივით, ხშირად ჩვენი სესიები ალკოჰოლის თანხლებით მიმდინარეობდა) მონაწილეებიც, დამწყები მთარგმნელები, გულისფანცქალით ველოდით იმ დღეებს, როდესაც მისი საუბრების მოსმენა შეგვეძლო და როცა მისი ქარიზმით გაბრუებულები ისეთ თავგადასავლებში აღმოვჩნდებოდით ხოლმე, როგორიც მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანების ხვედრი იყო და გვეგონა, რომ ასეთი რამ ჩვენ თავს არასოდეს გადაგვხდებოდა.


არასოდეს მინახავს ვინმე, უფრო ხარბად ჩაჭიდებული ცხოვრების ყველა სიამეს. „დილით რომ მთებში დავბოდიალობდი, საღამოს ზღვაში ვბანაობდი,“ - ამ ერთი წინადადებით აღგვიწერა თავისი მჩქეფარე ახალგაზრდობა. დიდხანს შეეძლო ლაპარაკი ბუნებაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე, საჭმელსა და სასმელზე, მისი დროის ცნობილ ლამაზმანებზე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პოეზია ათრობდა. ვერ იტანდა მსახიობების მანერული, დაყენებული ხმით, ყალბი ემოციებით წაკითხულ ლექსებს და თავად კითხულობდა ისე, როგორც ვერავინ დედამიწის ზურგზე. მხოლოდ ინტონაციით, ხმის ვიბრაციით მიგახვედრებდათ, რომელი იყო ლექსის მთავარი სტრიქონები, სად ჩადო ქვეტექსტი ავტორმა, რომელ მხატვრულ მიგნებას უნდა დაეხორკლა თქვენი სხეული და თარგმანშიც, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, ლექსის ეს იდეალური შეგრძნება ეხმარებოდა.  

ვახუშტი კოტეტიშვილი და მეუღლე.

ცნობილი ლექსის „რამ დამაბერა“ ავტორი ივანე წიკლაური რაღაც მიზეზით ვერ დასწრებია იმ ფოლკლორულ საღამოს, რომელზეც მისი შემოქმედება წარადგინეს, ავტორის ნაცვლად ეს ლექსი ვახუშტის წაუკითხავს და ერთიანად მოუნუსხავს ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოება. თურმე ბატონი ივანე მერე აღნიშნავდა, რომ მის შედევრს გაუმართლა, რადგან   ხალხმა იგი ვახუშტის ხმით შეიყვარა.


საუკეთესო რამ, რაც კი ვახუშტი კოტეტიშვილმა მასწავლა, არის ის, რომ თუ ერთი სიტყვა მაინც არ მოგწონს ლექსში, უნდა იცოდე, მისი თარგმნა დასრულებული არაა. მისი პროფესიული თავმოყვარეობა ასგზის აღემატებოდა მისსავე პატივმოყვარეობას - მხოლოდ სრულყოფილ შედეგს აღიარებდა.

ერთხელ მირჩია, რომ მემარხულა. გამიკვირდა, რადგან დიდი რელიგიურობით თითქოს არ გამოირჩეოდა. გაკვირვება შემატყო და რილკეს თარგმნის ისტორია მიამბო: როდესაც ეს სამუშაო შემიკვეთეს, დავფრთხი, გერმანულიც კი არ ვიცოდი და რილკეს სახელიც მაშინებდა, მაგრამ რაკიღა მხოლოდ რუსული თარგმანიდან პწკარედების გაკეთებას მთხოვდნენ, მაინც მოვკიდე ხელი; ამ დროს დიდმარხვაც დადგა და გადავწყვიტე, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მემარხულა. შიმშილმა თითქოს ტვინი გამიხსნა, არა მარტო რილკე გავლექსე, არამედ გერმანულის სწავლაც დავიწყე, რომ დედნის ნიუანსებს უკეთ ჩავწვდომოდი; მას მერე „რილკეს გერმანული“ ვიცი, მართალია, გერმანელს ვერ გავაგებინებ, რომ კოვზი მომაწოდოს, მაგრამ მაღალ მატერიებზე დაველაპარაკებიო. 


ნუგზარ შატაიძე და ვახუშტი კოტეტიშვილი. ჯემალ კასრაძის ფოტო

როდესაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მისი, როგორც სპარსული პოეზიის მთარგმნელის, სახელი ქუხდა. ყველა მოელოდა შემოქმედებით იწილობიწილოს მოვყვებოდი და ასე გავიდოდი იოლას, იხსენებდა ვახუშტი, მაგრამ მათემატიკური სიზუსტით, სულ ფორმულებად ჩამოვუწერე აუდიტორიას ჰაფეზის სალექსო საზომის ასობით ვარიაციაო.

სწორედ ეს სრულყოფილებისაკენ სწრაფვა აიძულებდა, ფეხი აეთრია საკუთარი ლექსების კრებულის გამოცემაზე. სულ ორჯერ მინახავს ავტორის ასეთი ღელვა - პირველად, როდესაც სამოცდაათ წელს გადაცილებული ვახუშტი კოტეტიშვილი ,,ქვიშის საათს“ გამოსცემდა და მეორედ, როდესაც ოთხმოც წელს გადაცილებული მედეა ზაალიშვილი ,,ცაში გამოკიდებულ სახლს“. საქვეყნოდ აღიარებული მთარგმნელები დებიუტანტებივით ფორიაქობდნენ, როცა ორიგინალური შემოქმედება უნდა გამოეტანათ საზოგადოების სამსჯავროზე.

სამაგიეროდ, თარგმნილი პოეზიის კრებულს, ,,აღმოსავლურ-დასავლურ დივანს“, დიდი სიამაყით წააწერა ყდაზე საკუთარი სახელი და ხშირად იმეორებდა, ამით მკითხველს მთარგმნელების მიჩუმათებული შრომის დაფასება ვასწავლეო. 


მის ნიჭიერებასთან ერთად შესაშური იყო მისი პიროვნული თავისუფლება. ყვებოდა, როგორ იდგა თავისი გადამწვარი სახლის წინ და როგორ გრძნობდა უხინჯო სიმსუბუქეს, როგორ გაიმართა მხრებში წარსულისა და მოვალეობის ტვირთჩამოხსნილი და ამ ამბავს ომახიანად მოაყოლა რილკეს სტრიქონი: ,,და სიღატაკე არის დიდი შუქი სულისა“.


ვახუშტისთან ურთიერთობის კიდევ ერთი ბედნიერება იმ ადამიანებთან შეხვედრა იყო, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ. ყველაზე ხშირად თენგიზ მირზაშვილი შემოივლიდა ხოლმე, რომელსაც ჩვენ ,,ბატონ ჩუბჩიკას“ ვეძახდით. მუდამ მოულოდნელად მოდიოდა და სხვაზე არასოდეს არაფერზე ლაპარაკობდა, გარდა ლიტერატურისა, რომელშიც არცთუ საუკეთესოდ ერკვეოდა. ბატონი ვახუშტი მოთმინებით სავსე და ცოტა არ იყოს ირონიული ღიმილით უგდებდა ყურს და ლამის ხელშესახებად ვგრძნობდი მათ უზარმაზარ, გამოუთქმელ და გამოუხატავ ურთიერთსიყვარულს. ვახუშტი სულ აქილიკებდა ჩუბჩიკას ისევე, როგორც ჩუბჩიკა - ვახუშტის, მაგრამ ერთხელაც ვახუშტიმ თქვა, ჩუბჩიკა ნამდვილი ანგელოზიაო და იმ ერთხელ ისე სერიოზულად თქვა, ათას ქილიკს რომ გადაწონიდა. 


ვახუშტი კოტეტიშვილის ავტოგრაფი

ერთხელ ბატონი ვახუშტი და მე ხალხური პოეზიის კრებულს ვარედაქტირებდით, როცა თამაზ ჩხენკელი ესტუმრა შვილთან ერთად. ბატონი თამაზი, როგორც ჩანს, უკვე ჯანმრთელობაშერყეული იყო, რადგან ამ სტუმრობის შემდეგ მალე გარდაიცვალა, მაგრამ  ბიჭურად შემართულ მის შავმაისურიან სხეულს ავადმყოფობასა და ხნოვანებას მაინც ვერ შეატყობდით. ადრეც ვიცოდი, რომ ვახუშტი მის მიმართ უჩვეულო მოწიწებასა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, მაგრამ იმდღევანდელმა შეხვედრამ მეც ამ დამოკიდებულების თანამონაწილედ მაქცია. მართლაც, თამაზ ჩხენკელის ღირსებით აღსავსე და, ამავდროულად, უაღრესად კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გულგრილს ვერავის დატოვებდა.


ვახუშტი კოტეტიშვილი და ანა კორძაია სამადაშვილი პრემია საბას დაჯილდოებაზე

 წლების განმავლობაში თვეში ერთხელ მაინც იკრიბებოდნენ თურმე ვახუშტი კოტეტიშვილი, თამაზ ჩხენკელი, ბაჩანა ბრეგვაძე და კიდევ ერთი ცნობილი მთარგმნელი, რომლის გვარიც, სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს, და ერთმანეთს თავიანთ ახალ თარგმანებს უკითხავდნენ, სამომავლო გეგმებს უზიარებდნენ. ისეთი დამუხტული ვბრუნდებოდი სახლში, იგონებდა ვახუშტი, რომ იმ საღამოს რამეს  აუცილებლად ვქმნიდი, რამე კარგსა და გამორჩეულსო.


ვინც არ უნდა მოსულიყო სტუმრად ბატონ ვახუშტისთან, ის ჩვენი სტუმარიც იყო, კეთილი უნდა ენება და იმ ათი-თხუთმეტი ახალგაზრდის საზოგადოება აეტანა, რომლებიც ფეხის მოცვლას არ აპირებდნენ. მხოლოდ ერთადერთხელ, ბიძინა კვერნაძის სტუმრობისას, აგვიკრეს გუდა-ნაბადი, რადგან მასპინძელიცა და სტუმარიც რაღაც განსაკუთრებულად აღფრთოვანებული ჩანდნენ.


ვახუშტი კოტეტიშვილი - პრემია საბა

ვახუშტი კოტეტიშვილი თავის სენაკში შეკეტილი გიორგი მთაწმინდელი არ ყოფილა, ის არტისტი იყო, სახალხო კაცი, მის გვერდით ყველა ადამიანი განსაკუთრებულად გრძნობდა თავს და ყველას უნდოდა, ეს შეგრძნება კიდევ არაერთხელ განეცადა. თვითონაც მზად იყო აბსოლუტურად ყველასთვის, მინისტრით დაწყებული კურიერი ბიჭით დამთავრებული, ეწილადა თავისი გონებამახვილობა, მჭევრმეტყველება და ჭინჭარივით მსუსხავი იუმორი.


ნატვრისმაგვარი

ასე მგონია, ალბათ ძალიან დასწყდებოდა გული, რომ 2008 წლის ომმა წაართვა მისი ბოლო დიდი სანახაობა - იმ ქვეყნად გაცილება. ვახუშტი კოტეტიშვილის ცხედარს თურმე უფრო ნაკლები ადამიანი აცილებდა, ვიდრე ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობდა მის ვრცელ, ძველი ხის ავეჯითა და ჩუბჩიკას პეიზაჟებით მორთულ, დაუვიწყარ ოთახს. ვერც მე გავაცილე, ვინ წარმოიდგენდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მოწყვეტილი დასავლეთი საქართველოდან ჩამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა.




ანი კოპალიანი


გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".


#საბკულტურა