ლიტერატურა

ჯემალ ქარჩხაძე - ბედნიერების მაძიებელი უფლისწული

'საბა"

მაისი 13, 2020


ქართული ზღაპრის დასაწყისი ყველამ კარგად იცით :“ იყო და არა იყო რა“, გვამცნობს ხალხური სიბრძნე, ამბავი, რომელიც მოხდა, თან არ მოხდა, ამბავი, რომელიც იყო და აღარ არის. ეს დასაწყისი ხშირად გვხვდება ლიტერატურული ზღაპრის დასაწყისადაც, როგორც სხარტი, გენიალური და ლაკონური ფორმულა, -არყოფნის მეტაფორა.


ზღაპარი, რომელიც ახლა უნდა გავიხსენოთ, ამ ფორმულით იწყება, თუმცა, როდესაც მას ბოლომდე წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ყოფნა ზმნის წარსული დროის ფორმა, უფრო კონკრეტულად კი წყვეტილის, დასრულებული წარსულის - იყო, ტექსტში არა დასრულებული მოქმედების, არამედ მარადიული აწმყოს შინაარსს იძენს.




ამ ზღაპარში ამბავი არ მთავრდება, მეორდება, მეორდება, მარადიულად მეორდება, საწყისს უბრუნდება და ყოველ ჯერზე, ხელახლა იწყება, თავიდან. სწორედ ესაა ამ ზღაპრის მთავარი მაგია, მთავარი ფორმულა, ლიტერატურა ხომ ისედაც დაუსრულებელი ამბავია. ამბავი, რომელიც უძველეს, დამღერებულ ტექსტებში დაიწყო და დღესაც მეორდება, ყოველთვის განმეორდება, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ისეთი, ამბის თხრობას და სხვისთვის გაზიარებას რომ გადაწყვეტს. 



ჯემალ ქარჩხაძეს - ამ დიდ რომანისტსა და პროზაიკოსს, ესეისტსა და პუბლიცისტს კარგად იცნობს მკითხველი, მწერალთან შეხვედრა ჯერ სკოლიდან იწყება, „იგისა“ და „მაგნოლიის ყვავილის“ შეყვარებით, „რახათ-ლუხუმი“, „ბიძაჩემი იონა“ და „სოლომონიანი“ გვაფიქრებს, შემდეგ დიდი რომანები მოდის - „ქარავანი“, „მდგმური, „განზომილება“. ამ ნაწარმოებების გვერდით არის რამდენიმე ლიტერატურული ზღაპარი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ ჟანრის კლასიკად. ზოგიერთი ზღაპარი რომელიმე რომანის ლიტერატურულ ქსოვილშია ჩართული, ზოგიც დამოუკიდებელია.


ასეთი ტექსტია „ბედნიერების მაძიებელი უფლისწული“, გილგამეშის ახალი ამბავი, ზღაპარი უფლისწულზე, რომელიც ყველაფერს მაშინ კარგავს, როცა პოულობს, რომელიც ძებნას მაშინ იწყებს, როცა თითქოსდა იპოვის, ზღაპარი, სადაც დასასრული ახალი დასაწყისია.


„ასე სდევ რაღაცას, თავად არ იცი, რას. მთელი სიცოცხლე სდევ, მაგრამ დაწევით ვერასოდეს დაეწევი, იმიტომ რომ შენ არც არა გაქვს ნამდვილი და არც არა იცი ნამდვილად. რაც შენ სიყვარული გგონია, დანამუსებული სიძულვილია, რაც შენ სიკეთე გგონია, ზღვარდადებული ბოროტებაა, რაც შენ ბედნიერება გგონია, გაყუჩებული უბედურებაა, რადგან შენ უკვდავება და ხანგრძლივი სიცოცხლე ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევია. ნამდვილი ქვეყანა, შენ რომ ცხოვრობ, ის არ არის. ნამდვილი ქვეყანა სულ სხვაგან უნდა ეძიო და, როცა მას იპოვი, ჭეშმარიტ ბედნიერებასაც მაშინ ეწევი“


- ეს მოხუცი ხელმწიფის მონოლოგიდანაა, რომელიც უფროს შვილს-მეფობას, ხოლო უმცროსს - მარადიულ გზას განუსაზღვრავს.


„შენ უნდა გაემგზავრო იმ აღთქმული ქვეყნის საძებნელად. ძნელი გზა გელის და მრავლის უმრავლესი განსაცდელი. რომელ მხარეს უნდა ეძიო, არ ვიცი. იპოვი თუ არა, არ ვიცი. რა ნიშნით უნდა იცნო, არ ვიცი. ისიც კი არ ვიცი, მართლა არის სადმე ასეთი ქვეყანა თუ არა. მაგრამ უნდა წახვიდე. უნდა წახვიდე და უნდა ეძიო, სანამ პირში სული გიდგას. ასეთია ჩემი ანდერძი და უკანასკნელი სურვილი“...


ჰოდა, უფლისწულიც მიდის, მკითხველიც მიჰყვება, ადრედასაბრუნებელ, გვიანდასაბრუნებელ და ვერდასაბრუნებელ გზას შორის უკანასკნელს ირჩევს, ძალასა და სიბრძნეს მოიპოვებს და დაკარგავს, ნატვრასა და სიყვარულზეც მოახერხებს უარის თქმას და ბოლოს, ისევ თავის ძმას დაუბრუნდება.



„ძლევის ქვეყანაში რომ ძალა დავტოვე, ძალად ვიქეც, ნატვრის ქვეყანაში რომ ნატვრა დავტოვე, ნატვრად ვიქეც, სიბრძნის ქვეყანაში რომ სიბრძნე დავტოვე, სიბრძნედ ვიქეც. ბოლოს ბედნიერების კარსაც მივადექი. რომ შევსულიყავი, ბედნიერებად ვიქცეოდი, ­მაგრამ შენთან ვეღარ დავბრუნდებოდი და ამბავს ვეღარ მოგიტანდი. ამიტომ წამოსვლა ვამჯობინე.“


მერე რა ხდება, თავად უნდა წაიკითხოთ, ამ ზღაპრის ათასგვარად გაგება შეიძლება, ათასმეერთე ინტერპრეტაცია კი ისაა, რომ ბედნიერების მაძიებელი უფლისწული მწერალია, დარდს, ძალას, სიყვარულს, სიბრძნეს, მოკლედ, ყველაფერს ერთ მთავარ მიზეზს სწირავს - დაბრუნდეს მკითხველთან და მიუტანოს ამბავი - ლიტერატურა.


ავტორი: saba.com.ge