ჩვენი დროის გმირი - ირაკლი ჩარკვიანი

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ავტორი: მაშო სამადაშვილი

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს

ამის მთქმელ კაცზე წერა ძალიან ძნელია.


ირაკლი ყველას უყვარს,


ირაკლის თითქმის ყველა სიმღერა იცის ყველამ, ვისაც საქართველოში უცხოვრია.


ირაკლის ხმა მუდმივად ისმის ქუჩაში, მანქანებში, ლეპტოპებში, აიპოდებსა და ტელეფონებში.


ირაკლის სიმღერები იქცა საქართველოს ყველა გარდამტეხი საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური ცვლილების ჰიმნად.


ირაკლი იყო პოეტი, მუსიკოსი, მომღერალი, აქტივისტი და მოქალაქე.

ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი საჯარო ბიბლიოთეკის შესასვლელთან

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

როცა ძალიან პატარა ვიყავი და ნიკოლაძის ქუჩაზე, რეპეტიტორთან გერმანულზე დავდიოდი, ეზოს შესასვლელში, მოხატული კედელი მხვდებოდა: ირაკლი და ამონარიდი მისი სიმღერიდან „მანგო“: 


„იშოვო ზანგო, მომეცი მანგო

მანგო ჩემია, გემრიელია.“


აღარ მახსოვს ზუსტად ისე ეწერა ტექსტი, როგორც სიმღერაშია, თუ მიახლოებით, მაგრამ მთავარი მახსოვს: ამ კედელთან ყოველი ჩავლისას ვიცოდი, ამ კორპუსში ირაკლი ჩარკვიანი - ჩვენი დროის გმირი - ცხოვრობს.


ირაკლი იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა თანამედროვე საქართველოს ისტორია და შეცვალა ის უკეთესობისკენ. 

ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული

ფოტო: გურამ წიბახაშვილი

თუმცა ირაკლის გმირობა არ უნდოდა, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობდა - ფიქრობდა, წერდა, მღეროდა და გვიბიძგებდა ამ მუდმივად ბრაზის და მღელვარების გამომწვევი ცვლილებებით სავსე ქვეყანაში, გვეფიქრა ისეთ ღირებულებებზე, როგორიც: იდეის ერთგულება, ადამიანების რწმენა და სიყვარულია.


ირაკლის მუსიკა იყო, არის და იქნება და ამის თქმა შეიძლება ობიექტურად, გადაუჭარბებლად და დაბეჯითებით.


ძალიან ხშირად, როცა ირაკლი ჩარკვიანს ვუსმენ, ვფიქრობ რა მოხდებოდა ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყო? რა მოხდებოდა სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო? ჩვენ რომ მის შესახებ შორიდან გაგვეგო? ქართულად რომ არ ემღერა?


თუმცა ამაზე ფიქრს არ ვაგრძელებ იმიტომ, რომ ირაკლის მუსიკა თავისი არსით და შინაარსით არის ქართული და ყველანაირი ურა-პატრიოტიზმის გარეშე:

საქართველო არის ირაკლი.

ირაკლი არის საქართველო.