მუსიკა | ცა

იონასა და პეტრეს სინემინი

თებერვალი 01, 2024

მუსიკოს გია ქარჩხაძეს ჩვენში იცნობენ, როგორც ჯგუფ

Soft Eject-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მომღერალსა და სიმღერების ავტორს. მან ასევე დააარსა „ქარჩხაძის გამომცემლობა“, რომელიც მნიშვნელოვან მხატვრულ ლიტერატურას სტამბავს. ამჯერად კი გია შორტის, ანუ მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორად და სცენარისტად მოგვევლინა, რომელიც მისი ერთსიმღერიანი სინგლის, Jonah & Peter (A Swinging Song)-ის მიხედვითაა გადაღებული.

გიას ეს ახალი, ექსპერიმენტული ნამუშევარი არაა კლასიკური მოკლემეტრაჟიანი ფილმი, არც კლასიკური მუსიკალური ვიდეო, ანუ კლიპია. მასში არაა წინა პლანზე მუსიკა, რაც კლიპისთვისაა დამახასიათებელი და არც გამოსახულებაა წინა პლანზე, როგორც ეს მოკლემეტრაჟიან ფილმშია. ანუ არც ერთი მეორეს ილუსტრაცია არ გახლავთ. „იონა და პეტრეს“ კლასიკური სიუჟეტი არა აქვს და ასოციაციებზეა აგებული. ამ ნამუშევარში მუსიკა და გამოსახულება უფრო სინთეზურია, ვიდრე კლიპში ან მოკლემეტრაჟიან ფილმში. ამ ექსპერიმენტთან დაკავშირებით გია ქარჩხაძე ამბობს:

„მუსიკისა და კინოს ამ ნაზავს დავარქვი სახელი – სინემინი. ასეთ შემთხვევაში როგორც მუსიკაზე, ისე გამოსახულებაზე, თანაბარი აქცენტია გაკეთებული და სინთეზური ვარიანტი გამოვიდა. ამაზე დიდხანს ვფიქრობდი. ეს ნამუშევარი სხვადასხვა ფესტივალზე მინდა დავტესტო. მომავალში მინიმუმ კიდევ ერთ სინემინის გადაღებას ვაპირებ, სადაც გამოსახულება და სიმღერა ასევე სინთეზური იქნება. ძალიან მომწონს ეს ფორმა და ამ სტილში მინდა გავაგრძელო მუშაობა“.

სინემინიში „იონა და პეტრე“ გადმოცემულია ორი მეგობარი ბიჭუნას – იონასა და პეტრეს ამბავი, რომლებიც თამაშობენ, მდინარეში სათამაშო ნავს აცურებენ, ფრანს უშვებენ... მალე მათ ცნობიერებაში თანატოლი გოგონა შემოდის, რომელსაც თამაშის დროს გაიცნობენ. ფილმში ჩართულია შესანიშნავი ანიმაცია: იონა და პეტრე გოგონას გამოშვებულ საპნის ბუშტებს ეკვრიან და სხვადასხვა მხარეს მიფრინავენ. ბოლოსკენ კი მეგობრები – უკვე ზრდასრული ახალგაზრდა კაცები (ჯგუფ On The Road-ის მუსიკოსები), კადრში ბრუნდებიან, დაღლილები და შელახულები. იონა და პეტრე საუბარს იწყებენ მუსიკოსთან და ეს საუბარი ლექსადაა გადმოცემული (ამ მცირე ლექსის ავტორიც გია ქარჩხაძეა). მათ ისტორიებს კი სკოლაში ბავშვებს მასწავლებელი უყვება, რომელსაც თავად გია ქარჩხაძე ასახიერებს.

სინემინის ერთ-ერთი არც თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ქარია. ჩანს, როგორ არხევს მაღალი ხეების ტოტებს მუსიკასთან ჰარმონიაში. ანიმაციურ ნაწილში საპნის ბუშტებზე მიკრულ ბიჭუნებსაც სხვადასხვა მხარეს სწორედ ქარი გააქროლებს. თითქოს ქარის მოძრაობა დროის გასვლას განასახიერებს: ზოგჯერ ნაზი და მსუბუქია, ზოგჯერ კი ამბის გმირებს მყისიერი ზრდის და მკვეთრი ცვლილებისკენ უბიძგებს და მიუძღვის. მთელ სინემინის ფონად თბილი ჰაერის ქროლა გასდევს, მსუბუქი სევდით სავსე. მაყურებელი ფიქრობს საკუთარ გამოცდილებაზე, ბავშვობაზე, იმაზე, რომ ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული, რომ ჩვენი ბავშვობა თბილ ნიავს აყოლებულ საქანელაზე ქანაობას ჰგავს. ბავშვობას დიდობა და იმედგაცრუება ცვლის, ჩვენ კი სწორედ ის განსაცდელები გვაყალიბებს, რასაც ცხოვრება გვთავაზობს. როგორც იდეა, ისე მხატვრული გადაწყვეტა მრავალმხრივი და მეტად შთამბეჭდავია. თანაც, სინემინი დასასრულის განცდას არ ტოვებს: პირიქით, სევდის და ხალისის თანაარსებობას შეგვახსენებს, დაღლილ მგზავრებს მსუბუქად გვარწევს და კიდევ უფრო განამტკიცებს იმ აზრს, რომ ყოველგვარი გამოცდილება საინტერესო და ღირებულია.

სინემინი მაყურებლის/მსმენელისთვის პატარა, მწვანე სავანეა, ხეებით შემოჯარული, პირველქმნილი ჰარმონია, სადაც მუსიკას უკრავენ და გველოდებიან, როგორც უძღებ შვილებს. ჩვენ ყველას გვიშვებენ დიდ დინებაში, ხშირად პატარა ნავით, და სჯერათ, რომ შევძლებთ ნათელის ბნელისგან გარჩევას, მშვიდ, გონიერ ცურვას. ჩვენს ფიქრებს, სიტყვებს ხშირად გზა ერევა, იფანტება, თუმცა, ჰაერში გაშვებული ფრანივით მაინც შეგვიძლია, თოკით მოვზიდოთ, ვმართოთ. ხშირად არჩევანის წინაშე ვართ, უკან მივბრუნდეთ თუ გავბედოთ და ნაპრალს გადავახტეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენს დაღლილ მზერას წვიმა დანამავს, ნახატს წაშლის და ახლიდან დაწყების საშუალებას მოგვცემს. ამას ხანდახან საკუთარი გამოცდილება გვასწავლის, ზოგჯერ კი კეთილი აღმზრდელი. ის გვიხსნის, რომ არჩევანი ჩვენზეა და რომ იმ ტვირთს, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ, მეგობრებთან სიახლოვე ამსუბუქებს; მართლა ამსუბუქებს, საპნის ბუშტივით.

„იონასა და პეტრეში“ ბუნების კადრები ძირითადად ქვიშხეთშია გადაღებული, სკოლის კი – თბილისში. ოპერატორები არიან გოგა დევდარიანი და გია ვაწაძე. გოგა დევდარიანი კინოოპერატორია და ავტორსაც უნდოდა, რომ ფილმის თვალით ყოფილიყო დანახული ყველაფერი და არა მუსიკალური ვიდეოს, ანუ კლიპის ტრადიციებში. სინემინის მხატვრები არიან ნინო ზვამბაია და ანი ქაჯაია. ხოლო ანიმატორი კი ნათია ნიკოლაშვილი გახლავთ.

ახლა გიას სიმღერის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ სინემინის. Jonah & Peter (A Swinging Song) ნამდვილი, გულწრფელი ფოლკია, რომელიც თითქოს შუასაუკუნეების მიღმიდან ისმის. ეს მშვიდი, ჰაეროვანი, კარგად დავარგებული, მელოდიური და ცნობიერების სიღრმიდან წამოსული სიმღერაა. გიას მუსიკალური ჯადოქრობა, რა თქმა უნდა, სინემინიზეც აისახა. მისასალმებელია, რომ ამჯერად გია ქარჩხაძე ახალ ამპლუაში ვიხილეთ და ის წარმოგვიდგა, როგორც ექსპერიმენტატორი კინორეჟისორი. შეიძლება ითქვას, რომ „იონა და პეტრე“ მისი სადებიუტო ნამუშევარია. ვფიქრობ, ის ერთნაირად ფასეული და მისაგებებელი იქნება ყველა აუდიტორიისთვის: ოჯახებისთვის, სხვადასხვა თაობისთვის. ის ასევე წარმოადგენს საგანმანათლებლო რესურსს და საინტერესოა კრიტიკისთვის, კონკურსების და ფესტივალებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ გიას ამ ახალ წამოწყებას და მის სინემინებს. ვიდეო კი „იუტუბის“ ოფიციალურ არხ VEVO-ზეა განთავსებული.

ავტორი : ლაშა გაბუნია