ედუფინი

სარგებელი - სესხის ღირებულება

edufin

თებერვალი 28, 2020

სარგებელი წარმოადგენს სესხის ღირებულებას - თანხას, რომელსაც დამატებით ვიხდით ნასესხები ფულის დაბრუნებისას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიხდით სესხის გამოყენების საფასურს. როდესაც სარგებელს გამოვსახავთ, როგორც სესხის ძირითადი თანხის პროცენტულ წილს - ვიღებთ საპროცენტო განაკვეთს. დღეს, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთი ეკისრება ნებისმიერ სესხს და ის სესხის სხვადასხვა ტიპისთვის განსხვავებული იქნება. თუმცა, იყო დრო, როდესაც სესხზე სარგებლის დაკისრება აკრძალული იყო ან, სულ მცირე, აღიარებულ სოციალურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა. 

ტერმინი „მევახშეობა“, რომელსაც დღესაც მკვეთრად გამოხატული უარყოფითი კონოტაცია გააჩნია, სწორედ იმ პერიოდიდან მოდის - ზედმეტად დიდ სარგებელს, რომელსაც სესხის გაცემისთვის იღებდნენ, საქართველოში ვახში ეწოდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და დღეს სარგებლის დაკისრება ფინანსური ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. ქვეყნებში, სადაც არსებობს ე.წ. მევახშეობის კანონები, მომხმარებელთა დაცვის მიზნით დაწესებულია ზედა ზღვარი საპროცენტო განაკვეთზე. ასეთი ზედა ზღვარი მოქმედებს საქართველოშიც. 

მაშ რა არის სარგებლის დაკისრების საფუძველი - რა გვაძლევს უფლებას დავაკისროთ მსესხებელს საპროცენტო განაკვეთის გადახდა?

პირველ რიგში, ეს არის ე.წ. ალტერნატიული დანახარჯი (opportunity cost) - ფულის გასესხების შემთხვევაში კრედიტორი კარგავს შესაძლებლობას გამოიყენოს ეს ფული მოგების მისაღებად (მაგალითად, ჩადოს საკუთარ ბიზნესში) და სარგებელი ამ დანახარჯის კომპენსირებას წარმოადგენს. ეს მიდგომა მოდის მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ეკონომისტის, ჟაკ ტურგოსგან, რომლის მიხედვითაც, კაპიტალისტს შეუძლია ფული ან გაასესხოს, ან იყიდოს მიწა, რომელიც მუდმივად მისცემს ყოველწლიურ შემოსავალს. სწორედ ამ შემოსავლის კომპენსირებას ემსახურება დაკისრებული სარგებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სესხის დაუბრუნებლობის (ე.წ. დეფოლტის) რისკი - ალბათობა იმისა, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მსესხებელი ვერ/არ დააბრუნებს აღებულ სესხს. რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო მაღალია ხოლმე ეს რისკი და საპროცენტო განაკვეთიც იზრდება. მეორე მხრივ, თუ სესხის ამღები სანაცვლოდ გირაოს უზრუნველყოფს - კრედიტორის რისკი და მასთან ერთად დაკისრებული საპროცენტო განაკვეთიც მცირდება.

სარგებლის არსებობს კიდევ იმითაც შეიძლება ავხსნათ, რომ ჩვენ დღევანდელი მოხმარება გვირჩევნია ხვალინდელს. სესხის გაცემისას დღევანდელი მოხმარება მცირდება და, შესაბამისად, გვჭირდება შესაბამისი ანაზღაურება.


გასათვალისწინებელი ისიცაა, რომ დღევანდელ ეკონომიკაში ინფლაცია ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს და, ამდენად, საპროცენტო განაკვეთი ინფლაციის გამო დაკარგული მსყიდველობითი უნარის კომპენსირებასაც უნდა ახდენდეს. 

ბოლო ფაქტორი ასევე მიზეზია იმისა, თუ რატომ განვასხვავებთ ე.წ. რეალურ და ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც კრედიტორს ვუხდით ლარებში არ ითვალისწინებს ინფლაციას და მას ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. ამ განაკვეთს, როგორც წესი, სესხის აღებამდე ვათანხმებთ ხოლმე. მეორე მხრივ, სესხის დაფარვის დროისთვის, ინფლაციის გამო ლარის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია და როდესაც საპროცენტო განაკვეთის დათვლაში ამ გარემოებასაც ვითვალისწინებთ - მივიღებთ რეალურ საპროცენტო განაკვეთს. 

საბოლოო ჯამში საპროცენტო განაკვეთი დღევანდელი ეკონომიკური სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ის არის ეკონომიკის მდგომარეობის მაჩვენებელი, მისი მეშვეობით ცენტრალური ბანკები მართავენ ინფლაციას, ხოლო მსესხებლები და გამსესხებლები ერთმანეთისთვის ურთიერთსასარგებლო გარიგებებში შედიან. 


ავტორი: გიორგი ბაქრაძე